ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

გაქცეული პატარძლის ფანტომი მასწავლებლის სულში

ბოლო დროს ვფიქრობ, რომ გაქცევა ადამიანურ სისუსტეებს (თუ სიძლიერეებს?) შორის ერთ-ერთია… მარტოობის გადაფარვაა ალბათ ყველაფერი ის, რასაც გარშემო ვიქმნით და რაშიც ვმონაწილეობთ, რადგან გონიერი და ცნობიერი ადამიანი მარტოა მუდამ…

მასწავლებლის გაქცევა? ეს ხომ წარმოუდგენელია? მაგრამ კოლეგებს მინდა ვკითხო: ვინაა თქვენ შორის ისეთი, ვისაც ერთხელ მაინც გაკვეთილი არ შეუწყვეტია და საკლასო ოთახი არ დაუტოვებია? ან კლასის დამრიგებლობაზე უარი არ უთქვამს? ან არ უფიქრია მაინც? ან რომელიმე კლასში თავისი საგნის გაძღოლა არ გართულებია და არ უფიქრია წასვლაზე? თუ ასეთები ხართ ჩვენს მრავალათასიან არმიაში, ჩემთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, გამოცდილების გაზიარება და თქვენეული მეთოდების გააზრება.

ალბათ მავანი მეტყვის: რა გაქცევა? რის გაქცევა? მასწავლებელი მართლა ჯულია რობერტსის გმირი (მხატვრული ფილმი „გაქცეული პატარძალი“) მეგი კარპენტერი ხომ არ არის, რომ სიახლის ეშინოდეს და ფობიამ მარადიული გაქცევების მსხვერპლად აქციოს?

რა ასოციაციურ კავშირშია ქორწინების ფობია მასწავლებლობასთან? მოგეხსენებათ, ლიტერატურის მასწავლებლებს სიმბოლოებით აზროვნება განსაკუთრებით გვიყვარს. სიტყვა „ქორწინებამ“ თანამედროვე ქართულში მიიღო ოჯახის შექმნის, სულიერი და ხორციელი კავშირის მნიშვნელობა, თორემ ძველ ქართულში ეს სიტყვა მხოლოდ სულიერი კავშირის გამომხატველი იყო. ჩვენს სასიქადულო ჰაგიოგრაფიულ ძეგლებში, მაგალითად, გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ საქორწინო კრებული ეწოდება დაყუდებულ მამათა ჯგუფს, ხოლო წმინდა მამა საბას მიერ იშხნის ეკლესიის აღდგენა-ამოქმედება მოიხსენიება, როგორც  საბას იშხანზე ქორწინება. ასევე ბიბლიურად ქრისტეს სასძლოდ, ანუ ცოლად მოიხსენიება მორწმუნე ქალი. ასე მიმართავს შუშანიკ დედოფალს ჯოჯიკი: „სძალო და მჴევალო ქრისტჱსო“…

ე.წ. „გაქცეული მასწავლებლის“ სინდრომზე როცა ვფიქრობდი, პირველად მეგი კარპენტერი გამახსენდა, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს, რისა ეშინოდა თანაცხოვრების დაწყებისას, ის გარბოდა, თუმცა ბოლოს მაინც ადამიანურ გრძნობებს შორის უპირველესმა – სიყვარულმა საკუთარი ფეხით მიიყვანა ერთობლივი უღლის მიმღებლობამდე. ფილმის სათქმელიც ალბათ ეს არის, რომ გაქცევა არ არსებობს. პლანეტიდან და საკუთარი ფსიქოდან ვერსად გავიქცევით და ყველა პრობლემა თუ ტკივილი, რომელიც გაქცევას გვაიძულებს, იქ მიგვაქვს, სადაც გაქცევისას გვექაჩება ილუზია, რომ სივრცის შეცვლით პრობლემას დავძლევთ. აქვე მახსენდება ჯონ აპდაიკის 1960 წელს გამოცემული რომანი „ბაჭია, გაიქეცი“ („Rabbit, Run”), სადაც მთავარი გმირი, 26 წლის ჰარი ენგსტრომი (მეტსახელად ბაჭია) გარბის საკუთარი ოჯახიდან მძიმე სინამდვილის აუტანლობის გამო. ბაჭიამ ორი თვე იცხოვრა მეძავთან, ცოდვით დაეცა, უძღები შვილის გზა თავისებურად გამოიარა, მაგრამ მალევე იძულებული გახდა საკუთარ თავს და ოჯახს დაბრუნებოდა. თუმცა ალეგორიულად მისი გაქცევის ცოდვამ იმსხვერპლა ბაჭიას უმცროსი შვილი, რომლის მიტოვებაც მამამ დედის მუცელშივე სცადა. რომანი იმდენად რეალისტური და ჰუმანისტური სულისკვეთებისა იყო, რომ აპდაიკმა მასზე 30 წელი იმუშავა და ტეტრალოგიად აქცია, შემდეგ ტომებს კი ასეთი სახელები ერქვა: „ბაჭია ბრუნდება“, „ბაჭია გამდიდრდა“ და “ბაჭია ისვენებს“. ეს ტეტრალოგია, თვით სათაურების შიფრ-კოდებითაც კი, მთელი თავისი სიღრმითა და შინაარსით დაგვაფიქრებს გაქცევის არსსა და პრობლემის ანატომიაზე.

მასწავლებლის გაქცევაც მძიმე პასუხისმგებლობებისგან ისეთივე უნუგეშო და უაზრო მცდელობაა, როგორიც ჰარი ენგსტრომის გაქცევა იყო, რომელსაც მძიმე განსაცდელი და მსხვერპლიც მოჰყვა.

სულ ახლახან გამოვიდა რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი“, სადაც მსახიობმა ია შუღლიაშვილმა ოჯახიდან გაქცეული ქალის საინტერესო სახე შექმნა. ფილმმა რამდენიმე საერთაშორისო პრიზიც დაიმსახურა, მაგრამ ჩვენთვის ის მთავარი იდეური აქცენტის გათვალისწინებითაა საინტერესო. „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა“, – შექსპირის 66-ე სონეტის განწყობას რომელი მოწიფული ადამიანი არ შეუპყრია ცხოვრებაში ერთხელ მაინც? თუმცა გაქცევების მსოფლიო გამოცდილება ამას გვასწავლის, რომ გაქცევა გამოსავალი არ გახლავთ, ხოლო გაქცეული მასწავლებელი უდავოდ სამუდამო სინდისის ქენჯნისთვის არის განწირული.

მახსენდება დედაჩემის გაქცევა სკოლიდან გასული საუკუნის ავადსახსენებელი 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს, როცა თვეობით და წლობით მასწავლებლებს ხელფასებსაც არ უხდიდა შევარდნაძის რეჟიმი, რომელმაც სრულ კოლაფსამდე და ყველა ინსტიტუციის მსხვრევამდე მიიყვანა ქვეყანა. დედა 50-ს გადაცილებული იყო და იფიქრა, რომ სკოლიდან წამოსვლის დრო დადგა მისთვის. მხოლოდ ერთი სასწავლო წელი გაძლო სკოლის გარეშე, მასწავლებლობის მონატრებამ მთლიანად დაიპყრო მისი არსება, მოუთმენლად ელოდა ახალ სასწავლო წელს, რომ სკოლაში დაბრუნებულიყო. დაბრუნდა კიდეც. ამბობდა, მზად ვარ უხელფასოდ ვიმუშაო, უბრალოდ სკოლის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმომიდგენიაო.

მართალია, თანამედროვე მასწავლებლის არც სახელფსო ანაზღაურება და არც სასწავლო გარემო არ შეედრება გასული საუკუნის 90-იანი წლების კოშმარს, მაგრამ ჩვენც უამრავი დაუძლეველი პრობლემა გვაქვს. კერძო და საჯარო სკოლებს შორის დიდი ზღვარია. სადაც არის კარგი დაფინანსება, იქ სწავლა-სწავლების ხარისხიც ბევრად მაღალია, თუმცა ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის საჯარო სკოლის სეგმენტის  განვითარებაში თუნდაც რიგითი მასწავლებლის პოზიციიდან მონაწილეობა საპატიო მისია მგონია და ნურავინ ჩამითვლის პათეტიკად ამ სიტყვებს. ფაქტია, ყოველგვარ კარიერას მასწავლებლობა ვარჩიე, თორემ თვითრეალიზაციის სხვა გზა ყოველთვის ყველასთვის არსებობს. სკოლის განვითარების დინამიკა უაღრესად საინტერესო პროცესი მგონია და სწორედ ეს არის ის მთავარი მაგნიტი, რაც ჩვენ გვიზიდავს და პროფესიაზე უარის თქმის ვარიანტს გამორიცხავს.

უამრავი პრაქტიკული მაგალითი გვაქვს ჩვენი სასკოლო ყოველდღიურობიდან, როცა ყველაფრით დაღლილ მასწავლებელს თვალი გაქცევისკენ უჭირავს, მაგრამ  ყოველთვის გვტოვებს ჩვენი სულიერი შვილების – მოსწავლეების სიყვარული და მათი საჭიროებები, ამაგი, რომელსაც მათ აღზრდაში ვდებთ, ბავშვების საპასუხო სიყვარული და პატივისცემა, ასევე საკუთარი საქვეყნო მისიის გააზრება.

თანამედროვე ცივილიზაციამ უკვე მოიტანა ის გაგება, რომ მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო პროფესიები და ადამიანები არ არსებობენ, გააჩნია ჩვენ რა მისიას დავაკისრებთ საკუთარ თავს. უკვე დგება ერა, როცა სისტემის ოპტიმიზაცია მოხდება არა ზევიდან ქვედა ვერტიკალისკენ, ხელისუფლებიდან საკლასო ოთახამდე, არამედ – ქვემოდან ზემოთ, სწავლა-სწავლების ყველა აქტორიდან (მოსწავლე-მასწავლებელი-მშობელი) ზევით, ხელისუფლებისკენ. ყველა სიგნალი, რომელიც ხელისუფლებას უნდა მიეწოდოს, ჩვენი მისანიშნებელია. დროა, ყველამ იზრუნოს საკუთარი საქმიანობის თვითრეფლექსირებაზე, პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი დაძლევის გზების ძიებაზე. საამისოდ ტარდება პედაგოგიური პრაქტიკისა და სკოლის საჭიროებების კვლევები და უამრავი სხვა სასკოლო-საგანმანათელბლო აქტივობა. საამისოდაა აუცილებელი მოსწავლეთა და მასწავლებელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, რათა მათ უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები.

ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმში ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორის, პროფესორისა და პოეტის, ცირა ბარბაქაძის ინიციატივით ტარდება ლექციების სერია განათლების მეტაფორებზე, სადაც ცირამ მეც მიმიწვია და გასულ 8 აპრილს ვისაუბრეთ სწავლა-სწავლების პროცესის თანმდევ მეტაფორებზე. მოსწავლეებმა, კოლეგებმა და სტუმრებმა ბევრი საგულისხმო თვალსაზრისი გამოთქვეს, ხოლო მთავარი მეტაფორა, რომლითაც, ჩემი აზრით, თანამედროვე სასკოლო განათლება აღიწერება, არის „ალმოდებული კოშკიდან ბავშვების გამოპარება“, რაც მასწავლებლის გამოწვევაზე მიგვანიშნებს და გულისხმობს რთულ მოცემულობაში მოზარდების სულების გადარჩენას. მასწავლებელს უწევს, რომ „ცეცხლმოკიდებული კოშკიდან“ „გამოაპაროს“ უვნებელი ბავშვები ისე, რომ მათ არ გააგებინოს, რომ „შენობა იწვის“. ეს ჯერომ სელინჯერის უკვდავი რომანის გმირის, ჰოლდენ კოლფილდის, მისიაც არის, რომ იყოს „დამჭერი“ (The Catcher), „კლდიდან გადავარდნისას“ ხელის შემშველებელი, ანუ სულების გადამრჩენი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჰოლდენს მხოლოდ მოზარდების სულებზე უწევს ფიქრი, ხოლო მასწავლებელს, ამასთან ერთად, გონებრივი (კოგნიტური) განვითარებაც და ხარისხიანი განათლების გადაცემაც ევალება.

რთულია თანამედროვე მასწავლებლის მისია. მწირი რესურსები. დაბალი ანაზღაურება. პროფესიული წინსვლის დამღლელი და ხანგრძლივი ლაბირინთები. კლასების მართვის დაუძლეველი სირთულეები. ცოდნის გადაცემის ახალი მეთოდების ძიება, რადგან თანამედროვე მოსწავლეს მოძველებული, ტრადიციული მიდგომები უკვე აღარ აინტერესებს. მაგრამ ყველაფერს წონის მოსწავლეთა დამოკიდებულება. ამას წინათ მორიგ საკლასო პრობლემაზე საუბრისას ჩემი სადამრიგებლო კლასის მოსწავლემ მითხრა (და სხვებიც დაეთანხმნენ): „მაკა მასწავლებელო, ჩვენი მარიტა თქვენ ხართ, მხოლოდ სიყვარულს გვთავაზობთ, ჩვენ კი ტალახს გესვრითო…“ ასეთი წამებისთვის ნებისმიერი წამების ატანა ღირს… ასევე არასდროს მავიწყდება წლების წინ კერძო სკოლის მოსწავლის ნათქვამი სიტყვები: „როცა ხელში ქართულის წიგნს ვიღებ ან ტექსტებს ვკითხულობ, პირველად თქვენს სახეს ვხედავო…“.

საბას და მარიამს იმედებს ვერ გავუცრუებ, რაც უნდა „ჭირი მომკერძონ“… მათით შთაგონებული ყოველთვის ვეცდები მარიტაც ვიყო და მფარველი ანგელოზიც… ამაზე დიდებული ჩემს ცხოვრებაში არაფერი ყოფილა და არაფერი იქნება… ამიტომ გაქცევა არ არსებობს! მე მარადის მათთან ვრჩები მთელი არსებით, სულით, გულით, გონებით, ყველა შესაძლებლობით და ზოგ რამეში საკუთარი უმწეობითაც… ისინი ხომ ზოგჯერ ასეთსაც მიღებენ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი