სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

 მედიაწიგნიერება  ისტორიის გაკვეთილზე

  ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაში პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციათა შორის მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების კულტურის განვითარებას, რადგან რეალურ ცხოვრებაში არსებული მედიაინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, მათი ეფექტიანად და მიზანმიმართულად გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას, მოზარდთა ინდივიდუალური შესაძლებლობების რეალიზებას მრავალფეროვანი ინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ტრადიციულ სასწავლო ტექსტებთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა ისეთი  მედიარესურსების  გამოყენება, როგორიცაა – ხმოვან-ვერბალური ინფორმაცია, აუდიო-ვიზუალური საშუალებები, პლაკატი, კარიკატურა, სურათი და სხვა. „მედია ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია, რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა. სწორედ ამიტომ აუცილებელია, მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი ფორმის მედიარესურსების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება, გამოყენება და შექმნა, მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება, ინფორმაციის „გაფილტვრა“ და მიღებული ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება“ (ესგ). აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესში მნიშვნელოვანია არა მარტო მედია ინფორმაციის გაფილტვრა-ანალიზი, არამედ მიღებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება და მათ შესახებ საკუთარი ინტერპრეტაციის ვიზუალურად გამოვლენა, მედია სამყაროში სწორი ორიენტაცია და სწორი დასკვნების გამოტანა.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება შესაძლებელია ნებისმიერ საგანსა და სასწავლო პროცესთან. დღევანდელი ტექნოლოგიური ბუმის პირობებში და რეალურ ცხოვრებაში ჩვენი მოსწავლეები ყოველდღიურად ეცნობიან მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას. ინფორმაციის დიდი ნაწილი მათ მიერ შინაარსობრივად სწორად ვერ აღიქმება და  მედიაგზავნილები,  ე.წ.  მესიჯები მოსწავლეთა  ყურადღების მიღმა რჩება.  მოსწავლეების მიერ მხოლოდ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება  არ ნიშნავს მათ ჩართვას მედიაწიგნიერების განათლებაში. მედიაწიგნიერების აქტივობები განსხვავდება სასწავლო პროცესში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციისაგან. მედიაწიგნიერების სწავლებაში მთავარია კვლევა და მოსწავლეების ანალიტიკური აზროვნება. ამ მხრივ სწავლება იწყება კურიკულუმის მიზნების განხილვითა და მოსწავლეთა საჭიროების კვლევით. მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირების გზების ანალიზისას გასათვალისწინებელია ინფორმაციის არა პასიური აღქმა-ანალიზი, არამედ მონაწილეობითი მედიაწიგნიერების კულტურის განვითარება, რომელიც  მედიაპროდუქტის კრიტიკულ ანალიზთან ერთად მოიაზრებს მის შექმნასაც, კეთებით სწავლებას, რაც ბევრად პროდუქტულია და სწავლებისადმი ეფექტურ-კონსტუქტივისტულ მიდგომას გულისხმობს.

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ისტორიის და საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებისას  თითქმის ყოველ საგაკვეთილო პროცესშია შესაძლებელი, რადგან მიმდინარე საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ  მედიასაშუალებები უამრავ ინფორმაციას გვაწვდის და არჩევანის ფართო შესაძლებლობას იძლევა. მედიაწიგნიერება და მედიარესურსების ანალიზი გათვალისწინებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის საგამოცდო ტესტებშიც. პლაკატებისა და კარიკატურების ანალიზს  მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ეროვნულ სასწავლო გეგმაშიც. ეს საკითხები პროგრამულად მეათე კლასის კურიკულუმითა გათვალისწინებული.

მედიარესურსების კრიტიკული ანალიზით მოსწავლეთა დაინტერესებისათვის პედაგოგიურ პრაქტიკაში რამდენიმე სტრატეგია გამოვიყენე, რომლებშიც გავითვალისწინე როგორც მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და შემოქმედებითი ინტერპრეტაცია, ისე საავტორო მედიარესურსის შექმნა. ჩემი გამოცდილებიდან მსურს გაგიზიაროთ მეათე კლასში ჩატარებული მედიაწიგნიერებასთნ ინტეგრირებული ისტორიის გაკვეთილი, რომელშიც  გამოყენებულმა მედიაწიგნიერების სტრატეგიებმა ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ გარემოში მედიაგზავნილების სწორად გააზრებას, მათ დეკოდირებასა და რეპრეზენტაციას, მედიარესურსის ვიზუალური ხატის იდენტიფიცირებას და პირადი მოსაზრებების ინტერპრეტაციის საფუძველზე საკუთარი მედიაპოსტერის შექმნას.

გაკვეთილის თემიდან გამომდინარე წინასწარ შევარჩიე სასწავლო პროგრამის, გაკვეთილის მიზნისა და მოსწავლეთა ასაკისათვის შესაბამისი მედიარესურსები, რომლებიც, ერთი მხრივ,  მათთვის საინტერესო და აქტუალური იყო, მეორე მხრივ, ხელი შეუწყო საგაკვეთილო პროცესში  მოსწავლეთა აქტიურად ჩართვასა და დისკუსიაში მონაწილეობას.

   გაკვეთილის თემა: მედიარესურსები (პოსტერი, კარიკატურა, ვიდეო) როგორც                                                   ისტორიული ეპოქის ასახვის ფორმა.

გაკვეთილის მიზანი:  გაკვეთილის აქტივობებში მონაწილეობით მოსწავლეები შეძლებენ :

  • გააანალიზონ ისტორიული მოვლენის შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციები, კრიტიკულად შეაფასონ და ჩამოაყალიბონ   საკუთარი შეხედულებები  ისტორიული ფაქტის მიმართ;
  • გამოთქვან მოსაზრებები მედიარესურსის შინაარსისა და მისი სანდოობის შესახებ, განსაზღვრონ წყაროს შექმნის მიზანი, დრო და ადგილი, რეალურად შეაფასონ მათი ზეგავლენა საზოგადოებაზე, იმსჯელონ ეპოქის შესაბამისი ფასეულობების, ღირებულებებისა და შესაძლებლობების შესახებ;
  • საკუთარი ინტერპრეტაციით შექმნან საავტორო მედიარესურსი – პოსტერი, რის საფუძველზეც განუვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.

აქტივობა 1. შეკითხვები ცოდნის გასააქტიურებლად. მოსწავლეთა ყურადღების მობილიზებისათვის გაკვეთილი დავიწყე მინი-საუბრით თანამედროვე ეპოქაში მედიაწიგნიერების მნიშვნელობისა და შესაძლებლობების  შესახებ, ხოლო იმის გასაგებად თუ რომელი მედიასაშუალებებით  ეცნობიან ინფორმაციას და რა იციან მედიაწიგნიერების შესახებ, დავუსვი შეკითხვები:

  • რომელი მედიასაშუალებებიდან ვეცნობით თანამედროვე ეპოქაში მნიშვნელოვან ინფორმაციას?
  • როგორ ფიქრობთ, რამდენად სანდოა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოებისათვის?
  • მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია  მხოლოდ ფაქტებს მოგვითხრობს თუ ადამიანების მოსაზრებებსაც გვამცნობს?
  • როგორ შეიძლება მედიაინფორმაციის სანდოობის გადამოწმება და მისი იდენტიფიცირება რეალობასთან?
  • რა მიზანს ემსახურება მედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ვისთვისაა შექმნილი და როგორი გზავნილია მასში გათვალისწინებული?
  • რა კავშირი აქვს მედიასაშუალებებს ისტორიულ მოვლენებთან, ფაქტებთან და  როგორ ვიყენებთ მათ ისტორიის შესასწავლად?
  • როგორ გავლენას ახდენს მედიაწიგნიერება საზოგადოებაზე – დადებითს თუ უარყოფითს და რატომ?

დასმულ შეკითხვებზე მოსწავლეებმა უპასუხეს ინდივიდუალურად, ზოგიერთ შემთხვევაში ცოდნის გაღრმავებისა და ინფორმაციის სრულად მიღებისათვის   დავუსვი დამატებითი შეკითხვებიც. ამ აქტივობისას  შევეცადე, მოსწავლეებთან ერთად ყურადღება გამემახვილებინა მედიასაშუალებებისა და მედიარესურსების მრავალფეროვნებაზე,  მედიაინფორმაციის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცნობიერებასთან უშუალო კავშირზე.

აქტივობა 2. მოსწავლეთა პროვოცირება საინფორმაციო ვიდეო-რგოლის ჩვენებით. აქტივობის წინ მოსწავლეებს ჩავუტარე ინსტრუქტაჟი საჩვენებელი აუდიო-ვიზუალური მასალის კონტექსტსა და მოსალოდნელ სამუშაოსთან დაკავშირებით. ვიდეო-რგოლი მიეძღვნა საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებულ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  უახლეს საერთაშორისო პოლიტიკასა და მის პოლიტიკურ შეხედულებებს. მოსწავლეებს ვთხოვე, ყურადღებით დაკვირვებოდნენ და კარგად გაეაზრებინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (რისი თქმა სურდათ ამ ვიდეო-მასალის ჩვენებით მის ავტორებს).  მოსწავლეებმა ნახეს 29 წუთიანი ვიდეორესურსი, რომელშიც ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა რუსეთის მშვიდობისმოყვარე პოლიტიკასა და სხვა  ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის  შესახებ –  https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs ).

ვიდეო-რგოლის  ჩვენების შემდეგ კლასი დავყავი სამუშაო ჯგუფებად და გადავეცი დავალების ფურცლები (N1) ვიდეოფილმის განხილვასთან დაკავშირებით. დავალება დაბეჭდილი იყო T-დიაგრამის სახით, რომლის ერთ მხარეს შეკითხვები ეწერა, მეორე მხარეს კი მოსწავლეებს მოკლედ  უნდა გამოეთქვათ საკუთარი ვარაუდები და გამოევლინათ ვიდეოს მთავარი გზავნილი (მესიჯი). დავალების შესრულებაზე  მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ მოსწავლეებმა ჯგუფებში შეასრულეს დავალება აუდიო-მასალის დეკოდირებასთან დაკავშირებით. (დავალების შეკითხვები შინაარსობრივად ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს : 1. ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული ვიდეოფილმის ავტორი?; 2. რა მიზნითაა შექმნილი ვიდეოფილმი და რომელი აუდიტორიისათვის?; 3. რომელი მთავარი მესიჯი გაჟღერდა ვიდეოში?; 4. წყარო პირველადია თუ მეორადი?; 5. რამდენად შეეფერება მოცემული მესიჯი ცხოვრებისეულ რეალობას?; 6. როგორი განცდა დაეუფლათ ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ და როგორია მათი  დამოკიდებულება აღნიშნულ მესიჯთან დაკავშირებით?; 7. როდის შეიქმნა  ვიდეო და რამდენად რეალურია მასში ასახული ფაქტები?; 8. რამდენად სანდოა მოცემული ინფორმაცია და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?; 9. ინფორმაციის გადმოცემის როგორი ფორმაა გამოყენებული ვიდეორგოლში?).

    აქტივობა 3. მოსაზრებების რეპრეზენტაცია.  დავალებების შესრულებასთნ დაკავშირებული მოსაზრებების რეპრეზენტაციისათვის მოსწავლეებისაგან ავირჩიეთ ორი ასისტენტი, რომლებიც ორგანიზებულად წარმართავდნენ დისკუსიას და მოსაზრებების განხილვას დავალების კითხვების შესაბამისად. სადისკუსიოდ მოსწავლეებმა განიხილეს საპირისპირო მოსაზრებებიც. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • რა შთაბეჭდილებები დაგიტოვათ ვიდეორესურსმა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია და საიდან შეიტყვეთ?
  • ვიდეორგოლის მესიჯმა ვის შეიძლება მოუტანოს სარგებელი, ან მიაყენოს ზიანი?

მოსწავლეთა მოსაზრებების რეპრეზენტაციისას ფაქტობრივად ვასრულებდი ფასილიტატორის როლს და ფლიპჩარტზე ვაფიქსირებდი ყველაზე მნიშვნელოვან მოსაზრებებს, ხოლო საჭირო შემთხვევაში ვერთვებოდი დისკუსიაშიც. რეპრეზენტაციის შემდეგ შევაჯამეთ მოსწავლეთა გამოთქმული მოსაზრებები და გამოვყავით მათ შორის მნიშვნელოვანი.

აქტივობა  4. მოსწავლეებთან ერთად გაკვეთილის თემისა და მიზნის განსაზღვრა.  ზემოთ აღნიშნული აქტივობებიდან გამომდინარე მოსწავლეებთან ერთად განვსაზღვრეთ გაკვეთილის თემა და გაკვეთილის მიზანი, რომელსაც მივაღწევდით გაკვეთილის საშუალებით. ასევე წინასწარ მივაწოდე ინფორმაცია მოსალოდნელი აქტივობებისა და მათი შეფასების კრიტერიუმების შესახებ.

  აქტივობა 5. კარიკატურის ანალიზი (დეკოდირება). ამ აქტივობაში მოსწავლეებს შევთავაზე ვიდეოფილმისაგან შინაარსობრივად განსხვავებული კონტექსტის მქონე რუსეთში შექმნილი ვლადიმირ პუტინის კარიკატურის („ვიზუალურ ხატის“) განხილვა და ავუხსენი მისი დეკოდირებისათვის შესასრულებელი სამუშაოს არსი. მოსწავლეებმა ჯერ ჯგუფებში განიხილეს კარიკატურა, რომელშიც ვლადიმირ პუტინი ვიდეორგოლისაგან  განსხვავებულ პოზიციაშია გამოსახული და საკუთარ ქვეყანაში მედიის უფლებების შემზღუდველად გვევლინება. მოსწავლეებს გადავეცი შეკითხვების ფურცელი (N2) კარიკატურაზე მუშაობისათვის. (შეკითხვები გამოისახა ეკრანის სლაიდზეც, მასწავლებლის საპრეზენტაციო სლაიდებზე ვიზუალურად ასახული იყო ყველა დავალება და საინფორმაციო მედიარესურსი). შეკითხვების გააზრების შემდეგ მოსწავლეებმა თანამიმდევრულად  იმსჯელეს  კარიკატურის ანალიზზე, მის დანიშნულებასა და ვიზუალურ მხარეზე კარიკატურის დეკოდირების კომპონენტების მიხედვით.

 

 კარიკატურის დეკოდირების  კომპონენტები:  (სამუშაო ფურცელი N 2)

  • ავტორი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის ავტორი?
  • მიზანი – რა მიზნით და ვისთვისაა შექმნილი კარიკატურა?
  • ეკონომიკური საფუძველი – ვინ შეიძლება იყოს აღნიშნული კარიკატურის დამკვეთი?

ვის მოუტანს ზიანს ან  სარგებელს  შექმნილი კარიკატურა?

  • გავლენა – რით არის მნიშვნელოვანი ეს კარიკატურა საზოგადოებისათვის?
  • პოზიცია – რას ფიქრობენ აღნიშნული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ვლადიმირ პუტინის პოლიტიკაზე  მედიის მიმართ?
  • შინაარსი –  რამდენად რეალურად ასახავს კარიკატურის ვიზუალური მხარე და                                        გზავნილი   რუსეთში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას?
  • ტექნიკა –    რამდენად კარგად არის შერჩეული კარიკატურის ვიზუალური მხარე?                         
  • ინტერპრეტაცია-კიდევ რის დამატება შეიძლებოდა კარიკატურაზე შინაარსობრივად?
  • კონტექსტი – როდის არის წყარო შექმნილი და რამდენად აქტუალურია?
  • სანდოობა – რამდენად სანდოა აღნიშნული წყარო და როგორ შეიძლება მისი გადამოწმება?

აქტივობა 6. შესრულებული აქტივობების სინთეზი. მოსწავლეთა მიერ წარმოთქმულ მოსაზრებათა სინთეზის საფუძველზე ერთმანეთს შევადარეთ ორივე აქტივობის შინაარსობრივი მხარე ( I -პუტინი, როგორც მშვიდობის დამცველი და II- პუტინი, როგორც მედიის უფლებების შემზღუდველი). პროექტორის საშუალებით ინფორმციის  მრავალფეროვნებისათვის მოსწავლეებს ვაჩვენე ვლადიმირ პუტინის სხვა კარიკატურები და მედიარესურსები – პლაკატები, სურათები და ცნობილ ადამიანთა მოსაზრებები პუტინის შესახებ (მაგ., პუტინი მართავს მედვედევთან ერთად სახელმწიფოს საჭეს; პუტინს ხელზე უკეთია „გაზპრომის“ მანიშნებელი, ხოლო თავის სიძლიერესა და ნებას შეკრული მუშტით გამოხატავს; პუტინის სურათი ტრამპთან ერთად ჰელსინკის თათბირზე; პუტინის პლაკატი, რომელშიც გამოსახულია ახალგაზრდა თაყვანისმცემლებთან ერთად). ამ აქტივობით მოსწავლეთა ყურადღება გავამახვილე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკასთან დაკავშირებულ მოსაზრებათა მრავალფეროვნებაზე, იმაზე, რომ  პუტინის პოლიტიკას მოწინააღმდეგებთან ერთად ჰყავს მომხრეებიც. შევეცადე,  მოსწავლეებს ყველა ტიპის მედიაინფორმაცია საკუთარი ხედვის ღირებულ წყაროდ განეხილათ. მოსწავლეებთან ერთად მივედით დასკვნამდე, რომ ინფორმაციის სანდოობისა და სწორი თვალთახედვის შემუშავებისათვის აუცილებელია სხვადასხვა მედიასაშულებისა და საინფორმაციო წყაროს შედარება და სწორი ანალიზი, როგორც დადებითი ისე უარყოფითი თვალსაზრისით. მოსწავლეებს სლაიდების სახით წარვუდგინე არა მხოლოდ პუტინის, არამედ სხვადასხვა პოლიტიკურ მოღვაწეთა შესახებ არსებული კარიკატურებიც (მრავალფეროვანი წარმოსახვისა და მათი მიზანმიმართულად გამოყენების შესაძლებლობების გააზრებისათვის). ყურადღება გავამახვილე იმაზეც, რომ მედიაწიგნიერების ძირითადი დანიშნულებაა, საინფორმაციო გზავნილების ანალიზისას საზოგადოებას გაუწიოს დახმარება სწორი დასკვნებისა და თვალთახედვის შემუშავება-რეპრეზენტაციაში. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე იმ ფაქტზე, რომ მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების გამოყენება მნიშვნელოვანია კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნებისათვის, მათი გამოყენება ისტორიის გარდა შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო აქტივობებისას და ცხოვრებისეული მოვლენებისადმი საკუთარი თვალთახედვის შემუშავებისას.

აქტივობა 7. პოსტერის შექმნა. ამ აქტივობით მოსწავლეებს  საშუალება მივეცი კარიკატურის მიმართ წარმოდგენილი მოსაზრებების საფუძველზე შეექმნათ საკუთარი მედიარესურსი -„პოსტერი“, რომელშიც სასურველ ვიზუალურ გამოსახულებასთან ერთად აისახებოდა მათ მიერ შემუშავებული კონკრეტული მედიაგზავნილი. ჯგუფებში სამუშაოდ გადავეცი ფლიპჩარტები, მარკერები, წინასწარ შერჩეული კარიკატურები და ფოტოები. მოსწავლეებმა ჯგუფებში 10 წუთიანი თანამშრომლობით  შეიმუშავეს პოსტერები, რომლებშიც საკუთარი მოსაზრებებით მხარი დაუჭირეს ან გააკრიტიკეს პუტინის ე.წ. „მშვიდობისმოყვარე და დემოკრატიული  პოლიტიკა“.

საკუთარი მოსაზრებების  პოსტერებში გამოსახატავად       სამუშაო ჯგუფებმა  გაითვალისწინეს შემდეგი კომპონენტები – მიზანი, აუდიტორია, გამოხატვის ფორმა, გზავნილისა და მათ მიერ შემუშავებული ტექსტის  შინაარსი (სამუშაო ფურცელი N3). წინასწარ ავუხსენი, რომ აქტივობის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ასევე  მნიშვნელოვანი იყო ფოტოებისა და ტექსტის კონტექსტის შესაბამისობა, ვიზუალური გამოსახულება და სივრცეში განლაგება.

აქტივობა 8. გამოფენა-პრეზენტაცია.  მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯგუფებში შექმნილი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს პოსტერის ვიზუალურ მხარესა და მთავარ გზავნილზე, რომელშიც დაფიქსირდა საკითხის მიმართ მათი დამოკიდებულება. პოსტერების პრეზენტაციისას ყურადღება გავამახვილეთ თითოეული ნამუშევრის ღირებულებით მხარეზე და მთავარ მედიაგზავნილზე, ტექსტისა და ფოტოს შესაბამისობაზე. რის შემდეგაც  ცოდნის განმტკიცებისა და თემის უკეთ გააზრებისათვის საშინაო დავალებად განვსაზღვრეთ :

  • შექმნან ელექტრონული ან ხელით ნახატი პოსტერი საინტერესო და აქტუალური გზავნილით (თემასთან დაკავშირებით);
  • ან წარმოადგინონ რომელიმე მედიარესურსის დეკოდირება გაკვეთილზე გამოყენებული  კომპონენტების საშუალებით.

   აქტივობა 9. შეფასება და უკუკავშირი. გაკვეთილის დასასრულს შევაჯამეთ და შევაფასეთ მოსწავლეთა აქტივობები სამქულიანი განმსაზღვრელი შეფასებით წინასწარ შემუშავებული რუბრიკების შესაბამისად (1.არგუმენტირებული მსჯელობა, 2.მედიარესურსთან ინტერპრეტაციის  შესაბამისობა, 3.შემოქმედებითობა და მედიარესურსის დეკოდირების  ორიგინალურობა, 4.ჯგუფური პრეზენტაცია). გაკვეთილის მსვლელობისას საუკეთესო მოსაზრებებს ვაფასებდი განმავითარებელი შეფასებით.

მოსწავლეებმა თვითონაც შეაფასეს საკუთარი პოსტერები, ყურადღება გაამახვილეს მათ შინაარსობრივ, ვიზუალურ მხარესა და ორიგინალობაზე.  გაკვეთილის ბოლოს უკუკავშირისა და რეფლექსიისათვის ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე: 1.რა მოეწონათ გაკვეთილის მსვლელობისას  ყველაზე მეტად?; 2.რა არ მოეწონათ, ან გაუჭირდათ შესრულება?; 3. რა უნდა გავითვალისწინოთ  მომავალში?       

აღნიშნული გაკვეთილი შემოქმედებითად წარიმართა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დაგეგმილ აქტივობებში. გაკვეთილზე გამოყენებულმა მედიარესურსებმა მოსწავლეები საკმაოდ დააინტერესა. გამოთქვეს მოსაზრებები მედიარესურსების გაფილტვრა-დეკოდირების პროცესში. საინტერესო იყო მათი დამოკიდებულება  ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებული სხვადასხვა რესურსის  შეპირისპირება-შედარებასთან დაკავშირებით. ასისტენტებთან ერთად შევეცადეთ მაქსიმალურად გამოგვევლინა  მოსწავლეთა დამოკიდებულება მედია-რესურსების მიმართ. ისინი განსაკუთრებული ინტერესით ჩაერთვნენ კარიკატურის დეკოდირებასა და საკუთარი მოსაზრებებით ანალოგიური მედიარესურსის – პოსტერის შექმნაში, რაც  მონაწილეობითი  მედიაწიგნიერების ფორმაა. პოსტერების შექმნით მოსწავლეებმა სრულად გამოავლინეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობები. საავტორო პოსტერებზე მუშაობამ დამანახვა, რომ მოსწავლეებმა  გაიაზრეს მედიაწიგნიერებისა და მედიარესურსების არსი, გაიაზრეს ისეთი სიტყვების მნიშვნელობა, როგორიცაა – დეკოდირება, რეპრეზენტაცია, მედიაგზავნილი, ვიზუალური ხატი, პოსტერი და სხვა.

ჩემ მიერ ჩატარებული,  მედიაწიგნიერებასთან ინტეგრირებული,  გაკვეთილი ვფიქრობ, პროფესიულ დახმარებას გაუწევს ჩემს კოლეგებს სასწავლო პროცესში მედიარესურსების მიზანმიმართულად გამოყენებაში, რადგან კეთებით სწავლება და  მედიაწიგნიერებით განათლება  მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის, დამოუკიდებელი და გააზრებული არჩევანის უნარის მქონე მოქალაქეების აღზრდისათვის.

გამოყენებული რესურსები:

  1. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004წ;
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024წწ);
  3. მედიაწიგნიერების ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის, 2018წ;
  4. მედიაწიგნიერება, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2014წ;
  5. ისტორიის სახელმძღვანელო მეათეკლასელთათვის, ბაკურ სულაკაურის გამომც.2012წ;
  6. ვიდეორგოლი: https://palitranews.ge/video/vladimer-putini-sagareo-politikashi-ruseti-skhva-kveqnebis-shida-sakmeebshi-chaurevlobis-printsips-itsavs

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი