ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

შეთავსებით სპორტის მასწავლებელი

სკოლაში ყოველთვის ვინახავ გამოსაცვლელ სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს. თავისუფალი დროის გამონახვისთანავე ვიცვლი და ვუერთდები სტადიონზე მოთამაშე გოგო-ბიჭებს. სპორტის სახეობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

მანანა კაპეტივაძის სტატია „იუვე“ სიყვარულია!” გახდა ერთგვარი ინსპირაციის წყარო ამ სტატიის დასაწერად. მინდა, მოგიყვეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ერთად სტადიონზე დროის გატარება.

ცოტა უკან დავბრუნდები და გავიხსენებ ჩემი მოსწავლეობის პერიოდს. კლასელები განსაკუთრებით იმ მასწავლებლებს ვაღიარებდით, რომლებსაც სპორტი უყვარდა. მის მიმართ მეტად დადებითად ვიყავით განწყობილნი, თუ ის ჩვენთან ერთად თამაშობდა სკოლის სტადიონზე… ასეთი მასწავლებლების მიმართ მეტ პატივისცემას გამოვხატავდით  და საგანსაც მეტი მონდომებით ვსწავლობდით. მაგალითად, გეოგრაფიასა და ქიმიას. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქიმიის მასწავლებელი ქალი იყო. ფეხბურთს ვერა, მაგრამ დიდი სიხარულით გვეთამაშებოდა ფრენბურთსა და წრეში ბურთს.

სკოლა 2006 წელს დავამთავრე. მასწავლებლად მუშაობა კი 2013 წელს დავიწყე… ყოველთვის ვცდილობდი, მიმებაძა იმ  მასწავლებლებისთვის, რომლებიც სხვადასხვა გზით ახერხებდნენ ჩვენი გულის მოგებას. ერთ-ერთ მიმართულებას სპორტი წარმოადგენდა. სპორტულ აქტივობებს არ აქვს სქესი და გენდერი. მასში ჩართვა თანაბრად უხარიათ გოგონებსაც და ბიჭებსაც.  ვცდილობ, დრო გამოვნახო და გოგონები მეტად წავახალისო, მით უმეტეს, რომ მარნეულში ძალიან მნიშვნელოვანია გოგონების მხარდაჭერა. სამწუხაროდ, ფესვგადგმული გენდერული სტერეოტიპები აფერხებს მათ აქტიურ ჩართულობას.

სპორტი სასკოლო ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სწორედ მისი მეშვეობით შეგვიძლია დავაინტერესოთ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით, სწავლით, ჩამოვუყალიბოთ ურთიერთპატივისცემის, აღიარების უნარი და დავანახოთ გამარჯვების სიტკბო თუ დამარცხების სიმწარე.

სკოლაში, სადაც ახლა ვასწავლი, ხშირად „უშტატო სპორტის მასწავლებელს“ მეძახიან. როგორც წესი, მათთან თამაშისას გარკვეული იდეების განხორციელებას ვუყრი საფუძველს და ფრთებს ვასხამ  მიზნების მიღწევის შესაძლებლობებს.

გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოსწავლეთა შესაძლებლობები მხოლოდ საკლასო ოთახში მიღწეული შედეგებით ფასდება. შესაბამისად, უგულებელყოფილია საგაკვეთილო პროცესის მიღმა გამოვლენილი ნიჭი და უნარი. ეს ერთგვარი სტერეოტიპი იმდენად არის დალექილი არაცნობიერში, რომ თვითონ მოსწავლეებიც არ აქცევენ ყურადღებას. მაგალითად, ჩემი სოფლიდან არ მახსენდება რომელიმე სპორტულ სახეობაში წარმატებული ადამიანი, მიუხედავად ამ მხრივ თავიანთი უსაზღვრო შესაძლებლობებისა. სამაგიეროდ, ბევრ წარმატებულ ადამიანს შეხვდებით იმ მიმართულებით, რომელიც აქტუალური იყო მოსწავლეობისას. გარდა ზემოთ თქმულისა, სკოლებში გვყავს სუსტი ფიზიკური მონაცემების ბავშვები. მათთან თამაშის მსურველთა არარსებობის გამო ისინი არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე, რაც ერთგვარ პრობლემას წარმოადგენს და აუცილებელია გამოსავლის ძებნა.

ამაზე ბევრს ვფიქრობდი ყოველთვის და როცა ამ დასკვნამდე მივედი, იმავე დღიდან დავიწყე მუშაობა, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობები ყველა კუთხით გამომევლინა.ზემოთ უკვე ვახსენე, რომ სკოლის მოუწესრიგებელი სტადიონის აქტიური სტუმარი ვარ. თუმცა იქ ყოფნა ყველაზე სასიამოვნო პროცესია მიუხედავად იმისა, რომ თამაშის შემდეგ ყველანი მტვერში ამოსვრილი და ოფლში გაწურული ვბრუნდებით სახლში.

ჩემი მიდგომა ასეთია: ვთამაშობ და მხარს ვუჭერ გუნდს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა და დახმარება. აქვე გეტყვით, რომ არ ვარ „საუკეთესო სპორტსმენი“, თუმცა ზუსტად ეს არის სტიმული, რომ ბავშვებმა მაქსიმუმი გააკეთონ გამარჯვებისთვის. მქონია არაერთი შემთხვევა, როცა დავემატე გუნდს, რომელიც აგებდა. განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, თუმცა  ჩემი ჩართულობა გახდა ერთგვარი სტიმული და გამარჯვების წინაპირობა.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალშისაცემია სპორტთან მიმართებაში. ახალი არ იქნება თქვენთვის, თუ ვიტყვი, რომ, მაგალითად, ფეხბურთი არ მიიჩნევა გოგონების სპორტად. ამ თამაშში გოგონების ჩასართავად უდიდესი როლი ითამაშა სკოლის დირექტორმა, შორენა ხუხუამ, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა გოგონათა საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბების პროცესში. მე და ჩვენი სკოლის დირექტორი ვეხმარებით გუნდს განვითარებაში და აქტიურად ვრთავთ მათ სხვადასხვა შეჯიბრში. ამ პროცესმა გენდერული სტერეოტიპების მსხვრევას ძალიან შეუწყო ხელი.

ჩემს მცირე თავისუფალ დროს მაქსიმალურად თანაბრად ვუნაწილებ სპორტის სახეობებს. ბევრჯერ ვყოფილვარ გოგონების გუნდის წევრი ფრენბურთში და ერთად გვიზეიმია გამარჯვება და გვიფიქრია დამარცხების მიზეზებზე.

არ ვთვლი, რომ სპორტი მოსწავლეთა დაინტერესების ერთადერთი საშუალებაა. სავსებით შესაძლებელია, თქვენი მოსწავლეების შესაძლებლობები მოსინჯოთ ხელოვნებაში, ხელსაქმეში, სამსახიობო უნარებში და ა.შ. უყუროთ ერთად ფილმებს, წაიკითხოთ წიგნები ან წახვიდეთ ლაშქრობებში.

დღეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან და დროსთან. დამღლელი სამუშაო საათების შემდეგ მასწავლებლებს გვეჩქარება ოჯახებში, შინამეურნეობებში ან სხვა სამსახურებში. მიუხედავად სირთულისა, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მცირე დრო მაინც დავუთმოთ მოსწავლეებს, რათა დავინახოთ სხვა კუთხით, აღმოვაჩინოთ სხვადასხვა უნარი, ვაგრძნობინოთ ჩვენი მხარდაჭრა და გავატაროთ დრო არაფორმალურ გარემოში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი