დისკუსია  და კრიტიკული აზროვნების განვითარება

ქართული ენისა და ლიტერატურის ეფექტური სწავლება მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, გაკვეთილი გახადოს საინტერესო, საკლასო ოთახი ყოველი მოსწავლისთვის უნდა იყოს თვითრეალიზაციის კომფორტული სივრცე, სადაც მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას თანაკლასელები მოისმენენ, დაეთანხმებიან ან არ დაეთანხმებიან.

საშუალო საფეხურის მოსწავლეებში პრობლემაზე მუშაობის, მისი გადაწყვეტის გზების ძიების, მსჯელობისა და  არგუმენტაციის, განსხვავებული თვალსაზრისის მოსმენისა და მიღების უნარის გასავითარებლად ყველაზე ხშირად მივმართავ სასწავლო დისკუსიის ფორმას, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ვატარებ, ხან მცირე სადისკუსიო ჯგუფებში, ხან კი – მთელ კლასთან.

დისკუსია ეფექტურია, თუ გამოიკვეთება პრობლემის მოგვარების არაერთი გზა, გამოსავალი, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა შესაძლებლობიდან მათთვის მისაღები, რაციონალური და ყველაზე ეფექტური გზის არგუმენტირებულად დასაბუთება.

უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელმა კლასის მზაობის გათვალისწინებით სწორად, წინასწარ შეარჩიოს სადისკუსიო თემა. კლასის ყველა მოსწავლეს  აუცილებლად უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სადისკუსიო საკითხზე, რათა მსჯელობა იყოს თანმიმდევრული და მკაფიო. რაც უფრო სიღრმისეულად იციან მოსწავლეებმა სადისკუსიო საკითხი, მით უფრო საინტერესოა პრობლემის გადაჭრის მათეული ვარიაციები. ისინი ზოგჯერ გვთავაზობენ ისეთ გამოსავალს, რომელზეც არ გვისაუბრია თემის  შესწავლის ადრეულ ეტაპზე.

რომელი რესურსები გამოვიყენოთ?

  • დისკუსიის საწყის ფაზაზე ცოდნის სისტემატიზებისათვის ეფექტურია კლასტერების გამოყენება, რაც ხელს უწყობს სადისკუსიო საკითხის კონკრეტიზებას. მოსწავლეთა მიერ აზრის გამოთქმის კვალდაკვალ მასწავლებელს შეუძლია შეავსოს კლასტერების თავისუფალი სივრცეები. მოსწავლეები ასე უკეთ ხედავენ, რომ მათი შეხედულება გათვალისწინებულია;
  • დისკუსიის სწორად წარმართვის აუცილებელი პირობაა წესებისა და დისკუსიის შეფასების რუბრიკის წინასწარი ცოდნა. მასწავლებელს შეუძლია შეიმუშაოს სტანდარტული რუბრიკა, რომელიც ამა თუ იმ საფეხურზე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მეთოდის გამოყენებისას გამოადგება. კარგი იქნება, თუ მოსწავლეებისათვის სტანდარტული წესები და შეფასების კრიტერიუმები კარგად ნაცნობი და არაერთგზის გამოყენებული იქნება;
  • მცირე ზომის ხმოვანი სიგნალი (პატარა ზომის ზარი, წკრიალა და სხვ.) გვეხმარება ზედმეტი შენიშვნის გარეშე ვმართოთ დისკუსიისას მოსწავლეების მიერ გამოყენებული დრო და ასევე ვანიშნოთ მოსწავლეს თემიდან გადახვევის შესახებ.

 

როგორ შევქმნათ მოსწავლისათვის კომფორტული ფსიქო-ემოციური გარემო?

  • მოსწავლეებმა დასაწყისშივე უნდა იცოდნენ, რომ აქვთ აზრის გამოთქმის თავისუფლება კონკრეტულ დროში;
  • დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათ მიერ გამოთქმული არცერთი მოსაზრება არ იქნება უარყოფილი, თუ არგუმენტებით იქნება გამყარებული;
  • მნიშვნელოვანია, დისკუსიის მონაწილეებმა თავად დასვან კითხვები თანაკლასელების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რათა დისკუსიის პროცესი არ იყოს მხოლოდ „ჩემი აზრის გამოთქმის“ საშუალება, არამედ გადაიქცეს დავის პირობებში საუკეთესო იდეის მიგნების პროცესად;
  • მასწავლებელმა თავი უნდა შეიკავოს საკუთარი მოსაზრების გამოთქმისაგან, რათა არ განსაზღვროს დისკუსიის მიმართულება;
  • პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, შეაფასონ დისკუსიის მსვლელობა. მასწავლებელი ასე უკეთ გაეცნობა მოსწავლეთა სურვილებსა და შენიშვნებს როგორც პროცედურასთან, ასევე შინაარსთან დაკავშირებით, რასაც გაითვალისწინებს მომდევნო გაკვეთილებზე. ასეთად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის გაკვეთილის რეფლექსია/კითხვარი.

გთავაზობთ XI კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, რომელზედაც ერთ-ერთ ძირითად აქტივობად საკლასო დისკუსია გამოვიყენე.

თემა: დისკუსია – რომელ ადათს მისდიოს პიროვნებამ, თუ ის თემის საუკეთესო შვილია?

მიზანი: მოსწავლემ შეძლოს,  მხატვრული ტექსტების პერსონაჟების ქმედების შეფასება-გააზრება; წარმოსახვითი უნარების გააქტიურება; გამოხატოს პერსონაჟთა მიმართ საკუთარი დამოკიდებულება; გააანალიზოს გარემოს/თემის როლი პიროვნების ჩამოყალიბებასა და  განვითარებაში; საკუთარი ინტერპრეტაციით წარდგეს აუდიტორიის წინაშე;  ჩამოაყალიბოს არგუმენტები საკუთარი შეხედულების დასადასტურებლად; იმუშაოს კოლაბორაციულ  გარემოში; გამართოს დისკუსია თანაკლასელებთან.

კავშირი ესგ-სთან:

ქართ. XI. 2. მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება;

ქართ. XI. 4. ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების გამოყენება საჯარო გამოსვლის მომზადების დროს;

ქართ. XI. 5. სხვადასხვა ეპოქის ტექსტის გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით;

ქართ. XI. 6. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს, როგორ გამოიყენება მხატვრული და არამხატვრული ტექსტის ელემენტები მისი ინტერპრეტაციის დროს.

 

აქტივობის აღწერა გამოყენებული მეთოდები

 

კლასის ორგანიზების ფორმა სასწავლო რესურსები დრო (წთ)
1 საორგანიზაციო საკითხები – სიის ამოკითხვა.

გაკვეთილის თემის, მიზნის, შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

წინარე ცოდნა: მოსწავლეები სწავლობენ ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას; შესწავლილი აქვთ პოემები: „ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „ბახტრიონი“; აანალიზებენ ეპოქას; შეუძლიათ დასკვნებისა და შეხედულებების ჩამოყალიბება სადისკუსიო თემის შესახებ.

  საკლასო შეფასების კრიტერიუმი (დანართი №1 სქემა №1, 2). 2წთ.
 2 მოსწავლეები სხედან ჯგუფებად. მასწავლებელი დაფაზე აკრავს ფლიპჩარტს, რომელზეც გამოსახულია სადისკუსიო საკითხი:

რომელ ადათს მისდიოს გმირმა – სტუმართმოყვარეობისა თუ სისხლის აღებისა, ვაჟკაცის პატივისცემისა თუ მკლავის მოკვეთისა?

მოსწავლეებს ურიგებს ფლიპჩარტებს გრაფიკული მაორგანიზებლებით. მასწავლებელი სთხოვს მათ, ჩამოაყალიბონ თავიანთი შეხედულება ვაჟას პოემებში განვითარებული მოვლენების მიხედვით მოცემულ საკითხზე და დაასაბუთონ იგი იმის გათვალისწინებით, რომ ვაჟას ყველა დადებითი (პროტესტის გამომხატველი) პერსონაჟი თემისკარგი“ შვილია.

ანალიზი გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენებით საკლასო ფლიპჩარტი სქემებით. სადისკუსიო საკითხი. სახელმძღვანელო – როდონაია, ნაკუდაშვილი, არაბული, ხუციშვილი, დათაშვილი ქართული ენა და ლიტერატურა. სწავლანი.2015 3 წთ.
3 მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში სადისკუსიო თემის არგუმენტირებული დასაბუთებისათვის.

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, დაასაბუთონ, რა ამოძრავებს პიროვნებას, როდესაც არ ეგუება თემის მიერ დადგენილ ამა თუ იმ წესს და რატომ არის თემი ხშირად ჩამოუყალიბებელი თავის გადაწყვეტილებებში; როგორ აგნებს ადამიანი საკუთარ თავს მტერთან ჭიდილში?

ანალიზი; შედარება-შეპირისპირება ჯგუფური ფლიპჩარტი სქემებით, მარკერები, სახელმძღვანელო 8 წთ.
4 სადისკუსიო თემის პრეზენტაცია.

მასწავლებელი აძლევს ჯგუფებს განმავითარებელ უკუკავშირს და აფასებს პრეზენტატორებს პრეზენტაციის შეფასების რუბრიკის მიხედვით.

პრეზენტაცია პრეზენტატორი ჯგუფის მხარდაჭერით ფლიპჩარტი სქემებით 12 წთ.
5 საკლასო დისკუსია

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეთა მიერ წარდგენილ მასალას.

აცნობს მოსწავლეებს  ხალხურ ბალადას „შიოლა და მთრეხელი“, რომელშიც გადმოცემულია ისტორია, როგორ იფარებს მოკლულის, შიოლა ღუდუშაურის, და მკვლელს, როგორ ვითარდება მოქმედება ტრაგიკული ისტორიის შემდეგ.

მოსწავლეებმა კლასის ფარგლებში (არა ჯგუფურად) უნდა იმსჯელონ და განიხილონ  მთავარი სადისკუსიო თემა – რატომ არ არის თემი ყოველთვის  თანმიმდევრული და როგორ მოიქცეს პიროვნება რთულ ვითარებაში?

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ და მიაგნონ გამოსავალს პიროვნებისათვის რთულ გარემოებებში; გადმოსცენ მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა უდევს საფუძვლად კონფლიქტს პიროვნებასა და თემს შორის.

მასწავლებელი აჯამებს მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ შეხედულებებს და აფასებს მათ დისკუსიის შეფასების კრიტერიუმებით.

დისკუსია საკლასო   19 წთ.
6

 

საშინაო დავალება –

ესეი: რა უწყობს ხელს საზოგადოების განვითარებას?

  საკლასო   1 წთ.

 

გაკვეთილი დავიწყე მაპროვოცირებელი შეკითხვით –  რომელ ადათს მისდიოს გმირმა – სტუმართმოყვარეობისა თუ სისხლის აღებისა, ვაჟკაცის პატივისცემისა თუ მკლავის მოკვეთისა? მოსწავლეებს შევახსენე, რომ ვაჟას პოემებში წარმოდგენილი  თემი საინტერესო და თვითმყოფადი ინსტიტუტია, თუმცა, როგორც უკვე არაერთხელ ვნახეთ, იგი სავსეა წინააღმდეგობებით. სწორედ ასეთი წინააღმდეგობების გაანალიზება გრაფიკული მაორგანიზებლებით მოსწავლეთათვის პირველი დავალება იყო. მათ შეძლეს მკაფიო და ეფექტური პრეზენტაციის მომზადება ჯგუფებში. ჩამოაყალიბეს აზრი, რომ თემში არსებობს ურთიერთგამომრიცხავი და შეუთანხმებელი წესები და ტრადიციები.

ამის შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი ხალხური ბალადა „შიოლა და მთრეხელი“, რომელშიც გადმოცემულია ისტორია, როგორ იფარებს მოკლულის, შიოლა ღუდუშაურის  და ძმის მკვლელს, როგორ ვითარდება მოქმედება ტრაგიკული ისტორიის შემდეგ. ტექსტი წარმოადგენს საინტერესო რესურსს ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში არსებული მნიშვნელოვანი იდეების გასაცნობად, რამაც გაუადვილა მოსწავლეებს მხატვრულ ტექსტებში დასმული პრობლემების აღქმა-გააზრება დისკუსიის ფორმატში. იმსჯელეს თემაზე, რა უნდა იღონოს ინდივიდმა, რომ იპოვოს რთული მდგომარეობიდან მორალურ-ზნეობრივი გამოსავალი ისე, რომ თემი დარჩეს ისეთივე მნიშვნელოვან ინსტიტუტად, როგორიც იყო ასეულობით წლის განმავლობაში.

დისკუსია წარიმართა წინასწარ განსაზღვრული წესებისა და შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით. იყო ძალიან საინტერესო და ეფექტური.

დისკუსიას, როგორც მნიშვნელოვან სასწავლო  მეთოდს,  წარმატებით იყენებენ მასწავლებლები სხვადასხვა დისციპლინების სწავლებისას, რადგან მისი მიზანი, განავითაროს მოსწავლის კრიტიკული აზროვნება, განსხვავებული აზრის მოსმენის, არგუმენტირებისა და მსჯელობის უნარები, მნიშვნელოვანია ყველა საგნის სწავლებისას.

 

 

გამოყენებული ლიტარატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი http://ncp.ge/ge/curriculum?class=33&pos1=500

ქართველი მწერლები სკოლაში; ვაჟა-ფშაველა, პოემები. II ნაწილი. თბილისი. 2001

კომენტარები

comments