ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

 საფარ-ბეგის ქცევის ანალიზი

   საფარ-ბეგი ა. წერეთლის „გამზრდელის“ ანტიგმირია – „მორდუობის გამტეხი და ჩვეულების გადამდეგი“. მისი შეცოდება, სათქმელად საძნელო და უპატიებელი, მოკლედ ასე ფორმულირდება: მან შებილწა ის, რაც ადამიანებს „რჯულზე უფრო უმტკიცესად“ მიაჩნიათ – ხელყო ძუძუმტის მეუღლის ღირსება, შებღალა მასპინძლის ოჯახის სიწმინდე, დაარღვია მამაპაპური ადათი.

თავად საფარ-ბეგი საკუთარი ქცევის მოტივაციას ამგვარად ხსნის: „შემაცდინა თვით ეშმაკმა და დამრია ცოდვის ხელი!.. რა მოხდა რეალურად? რამ უბიძგა ამ სამარცხვინო საქციელისკენ ადამიანს, რომელსაც საზოგადოება უდრეკ, უშიშარ, ღირსეულ ვაჟკაცად თვლიდა და პატივს სცემდა?

შევეცადე, საფარ-ბეგის სულიერი დრამა ავსტრიელი მეცნიერის, ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის ჭრილში გამეაზრებინა. ცნობილია, რომ მან შეძლო, აღმოეჩინა ადამიანის ურთულესი სულიერი სამყაროს უღრმესი პლასტები. მისი თვალთახედვით, პიროვნებაში გამოიყოფა სამი სტრუქტურული ელემენტი: იდი (მოქმედებს იმპულსურად, რათა დაიკმაყოფილოს სიამოვნება), ეგო (აკმაყოფილებს იდის იმპულსებს არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე), სუპერეგო (ვითარდება სოციალურად არასასურველი ქცევის აკრძალვის საფუძველზე).

შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება ავბედით ეპიზოდამდე იცნობდა მხოლოდ საფარ-ბეგის ეგოსა და სუპერეგოს, რადგან მას შესწევდა ძალა, დაეთრგუნა და ეკონტროლებინა საკუთარი იგი. ფროიდის აზრით, ჩახშობილი ემოციები არ კვდებიან. ისინი შიგნიდან აგრძელებენ ზემოქმედებას ადამიანზე და ელოდებიან საბაბს, რათა წარმოჩინდნენ. ეს საბედისწერო ჟამიც დადგა.

გავიხსენოთ კონტექსტური შინაარსი: საფარ-ბეგი ძუძუმტის ფაცხაში გასაჭირმა მიიყვანა: მან ინალიფას ლურჯი ლაფშა უნდა მოიპაროს და ამით დაუმტკიცოს ზია-ხანუმს (და საკუთარ თავსაც), რომ ღირსია სიყვარულისა. მაგრამ მას არ შეუძლია, შეასრულოს ესოდენ რთული დავალება. ცხენის მოსაპარავად ძიძიშვილი მიდის, საფარ-ბეგი კი მასპინძლის ფაცხაში რჩება. რა გამოდის? ჩანს, რომ ბათუ მასზე ღირსეული ვაჟკაცია – მოყვასისთვის თავდადებული, უანგარო და შეუპოვარი. სავარაუდოდ, საფარ-ბეგის ეგო დაუკმაყოფილებელია – მან ხომ ვერაფერი დაამტკიცა… უფრო მეტიც, შექმნილი სიტუაცია მკაფიოდ გამოკვეთს ბათუს ღირსებებს საფარ-ბეგის უღირსი ქცევის ფონზე. დავაკონკრეტოთ: იმ ბნელი ღამით ბათუ მეგობრის დასახმარებლად გაემგზავრა, ნაბადში გახვეული ძუძუმტე კი თბილ კერასთან დატოვა. მაშ, ვინ არის რეალურად საფარ-ბეგი? – ძიძიშვილის ზურგს ამოფარებული ლაჩარი, რომელიც ნარის გლეჯას სხვისი ხელით ამჯობინებს; ეგოისტი, რომელიც სხვისი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას არაფრად მიიჩნევს; მატყუარა, რომელიც სხვის მიერ შესრულებული დავალებით სატრფოს წინაშე თავის მოწონებას აპირებს.

ბათუ, საფარ-ბეგთან შედარებით, კიდევ ერთ უდიდეს უპირატესობას ფლობს – მას გვერდს უმშვენებს ადამიანი, რომლის სიყვარულიც ამქვეყნად სასუფევლის ნეტარებას აგრძნობინებს. რა შეგვიძლია, ვთქვათ ზია-ხანუმისა და საფარ-ბეგის ურთიერთობაზე? არის კი ეს სიყვარული სულიერი ამაღლების, უფალთან მიახლების გზა? რა თქმა უნდა, არა! ზია-ხანუმს არ შეუძლია სიყვარული. იგი ერთი ეგოისტი, დაუნდობელი და პატივმოყვარე ქალია, რომელიც მიჩვეულია ადამიანების ბედით თამაშს, მავანთა გრძნობებით მანიპულირებას. მას არ ძალუძს, გააბედნიეროს, სულიერად აამაღლოს და გააკეთილშობილოს საფარ-ბეგი.

ნაბადში გახვეული, ცეცხლის პირას გამოსაშუშებლად მარტო დარჩენილი საფარ-ბეგი შეუძლებელია, ვერ აცნობიერებდეს შექმნილი სიტუაციის ქვეტექსტურ შინაარსს; არ აწვალებდეს უკმარისობის, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდა. ის ხომ ამბიციური ადამიანია… ფროიდის აზრით, პიროვნების სწორედ ასეთი სულიერი მდგომარეობა (შინაგანი წინააღმდეგობრიობა, შფოთვა, ეჭვები, უკმარისობის შეგრძნება) წარმოშობს ძლიერ სექსუალურ ენერგიას, აგრესიულ სექსუალურ იმპულსებს, იწვევს დაუოკებელ ლტოლვას, აღვიძებს იდის და უბიძგებს მას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა, სოციალურად და მორალურად მისაღებია თუ არა ის, რაც სურს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯინი ბოთლიდან გამოშვებულია… შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ საფარ-ბეგი ძალადობს ნაზიბროლაზე, რითაც, ერთი მხრივ, იკმაყოფილებს იმპულსურად წარმოშობილ სექსუალურ ლტოლვას, განიმუხტება უარყოფითი, აგრესიული სექსუალური ენერგიისგან და, მეორე მხრივ, თავისუფლდება არასრულფასოვნების კომპლექსისგან, დაბალი თვითშეფასებისგან. ძალადობს, რათა „დაამტკიცოს“ საკუთარი უპირატესობა ბათუსთან შედარებით; „დაამტკიცოს“ ის, რისი დამტკიცებაც რეალურად ვერ მოახერხა.

მაგრამ რა ხდება, როცა ვნებები ცხრება, იდი ითრგუნება, ძლიერდება ეგო (რაციონალიზმი) და სუპერეგო (ფასეულობათა სისტემა)? ჩვენ ვხედავთ ბათუს მიერ მხილებულ საფარ-ბეგს – იგი „შემკრთალი და დარცხვენილი“, გამშრალი, ფერდაკარგული და გაქვავებულია. სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს და სულიერი ტანჯვის შესამსუბუქებლად სასიკვდილო ტყვიას ნატრობს, მაგრამ საბოლოოდ სიცოცხლემისჯილის უმძიმეს ხვედრს სჯერდება.

ვფიქრობ, ასე წარმოჩინდება საფარ-ბეგის შინაგან სამყაროში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესები, მისი სულიერი დრამა ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზის თეორიის თვალთახედვით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ზიგმუნდ ფროიდი-https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/zigmund-phroidi-kultura.pdf;

2.ფსიქოანალიზი- https://ka.wikipedia.org/wiki/

3.“ქართული ენა და ლიტერატურა“-XIკლასის სახელმძღვანელო, „სწავლანი“,თბ.,2012წ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი