ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლი ფიზიკის ამოცანის ამოხსნას

 

მოგეხსენებათ, თანამედროვე გამოწვევების წინაშე მდგომ მოსწავლეს სწრაფად ცვლად გარემოსთან ადაპტაცია უწევს,  ამიტომ თუ იცის, როგორ დაიმახსოვროს, აღიქვას  და გაიაზროს და ისწავლოს,  ის რასაც ვასწავლით,  მაშინ   ის  ადვილად გაუმკლავდება ნებისმიერ ახალ ინფორმაციას.

გვპირდებიან, რომ „ახალი სკოლის მოდელი“ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს და XXI საუკუნის გამოწვევათა მისაღებად საჭირო ცოდნითა და უნარებით შეაიარაღებს“(მ. ბატიაშვილი 23 იანვარი 2019  წ)

იგულისხმება უფრო კრეატიული მიდგომების დანერგვა, სადაც მოსწავლე  თვითრეგულირებადი  მსწავლელი  იქნება, თვითონ გადაწყვეტს,  სად და რა უნდა ისწავლოს და ა.შ.    ციფრული სკოლის პროექტის მიზანი კი სწორედ სკოლიდან წამოსული ინიციატივების ხელშეწყობაა.  სკოლებში ფიზიკის სწავლების პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა მართლაც დროული და აუცილებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერ ამას შედეგი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ექნება გარკვეული საბაზისო ცოდნა,  შეძლოს ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი.

ფიზიკის სწავლების განუყოფელი ნაწილია ამოცანების ამოხსნა, ფიზიკის კანონების ცოდნა მოიცავს ამ კანონების სწორად გამოყენების უნარს ამა თუ იმ ამოცანის  ამოხსნისას.

ფიზიკის ამოცანების ამოხსნის თავი და თავია ცოდნის საფუძველზე ფიზიკური აზროვნების, ალღოსა და ზოგადი მეთოდების გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება. ეს კი თვით  ამოცანების  ამოხსნის პროცესში სისტემატური ვარჯიშითა და გამოცდილებით მიიღწევა. სხვა გზა ფიზიკის ამოცანების ამოხსნის დაუფლებისა, ფიზიკაში ჩაღრმავებისა,  არ არსებობს.

რეალობაა ის, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას უჭირს პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას ფორმულებისა და ერთეულების ადეკვატური გამოყენება. განსაკუთრებით იმ ამოცანების ამოხსნა, რომლებიც მათემატიკური აპარატის გამოყენებას მოითხოვს, უჭირთ  სხვადასხვა სიდიდეებს შორის დამოკიდებულების გრაფიკული წარმოდგენა.

სისტემური ვარჯიში  და სიბეჯითე კი, ცოტა უცხოა თანამედროვე მოსწავლისათვის.

ამ გლობალური პრობლემის მოგვარების მიზნით, მათთვის შევქმენი ვიზუალური რესურსი (იხ. დანართი), საკითხების მიხედვით  დავალაგე სქემატურად თითოეული ფიზიკური სიდიდის აღნიშვნა, ფორმულა, ფორმულაში შემავალი სიდიდეები, მათი ერთეულები SI სისტემაში.

თითოეული თემის გამეორება/შეჯამების დროს მოსწავლეებს ელექტრონულ ფორმატში ვუგზავნი თემის შესაბამის ფორმულებს და ამოცანებს, გარკვეული დროის შემდეგ (წინასწარ შეთანხმებით),  ერთობლივად განვიხილავთ და ვაანალიზებთ  შედეგებს. გამოიკვეთება ზოგადი და სპეციფიკური ხასიათის პრობლემები, ვაძლევ რეკომენდაციებს, რათა დროულად იქნას დაძლეული გამომწვევი სავარაუდო მიზეზები.

მოსწავლეები ხალისით ასრულებენ დავალებებს და შედეგიც დამაკმაყოფილებელია.

ერთ-ერთი ნიმუში : ელექტრული მოვლენები

ამ მეთოდის გამოყენების დადებითი ეფექტია ის, რომ მცირე დროში დაჩქარებულად მიმდინარეობს დასწავლისა თუ  გამეორების პროცესი, მოსწავლეები იოლად (მარტივად) ახერხებენ  ფორმულების დახმარებით  მუშაობას, თავდაპირველად როგორც ყავარჯენს /სკაფოლდინგი/ იყენებენ ფორმულებს და ხალისით პასუხობენ დასმულ შეკითხვებს, რაც უძლიერებთ მათ საკუთარი თავისადმი რწმენას, თავდაჯერებულობას, რომ მათ  ფიზიკის ამოცანების ამოხსნა შეუძლიათ. თანდათან იზრდება მოტივაცია და გარკვეული პერიოდის შემდეგ ფორმულები თავისით ,,შემოესწავლებათ“. ამავდროულად უვითარდებათ ალღო, ინტუიცია და გამოუმუშავდებათ ფიზიკის ამოცანების დამოუკიდებლად ამოხსნის უნარ-ჩვევები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა

  1. ლ.ჩიჩუა, რ. ქანთარია ფიზიკა 8 , ,,კლიო“ 2012
  2. ლ.ჩიჩუა, რ. ქანთარია ფიზიკა ამოცანებისა და ტესტების კრებული 8 , ,,კლიო“ 2012
  3. თ. ხაზარაძე – ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა . თსუ 2015წ
  4. 5. ა.შურღაია- ფიზიკა ამოცანებში . მასწავლებლის წიგნი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრი.2015წ

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი