პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ ვააზროვნოთ მოსწავლეები   კუბის მეთოდის  დახმარებით

ისტორია არის ის საგანი , რომელიც მოსწავლეებს აინტერესებთ, თუმცა მათთან ყველა საკითხი  გაანალიზებული და ადვილად აღქმადი უნდა გავხადოთ, რათა არ შენელდეს მოტივაცია.  მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის. სწავლის პროცესის ხალისიან წარმართვაში  ხელს გვიშლის არაეფექტური სახელმძღვანელოები, სადაც ნებისმიერი საკითხი ან მწირი ან კიდევ ფაქტობრივი მასალის სიუხვეზეა გათვლილი, ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს სხვადასხვა მეთოდისა თუ სტრატეგიის გამოყენებით,  საინტერესო და ეფექტური გაკვეთილების დაგეგმვა.

დღეს მინდა გაგიზიაროთ  ერთი წარმატებული  გაკვეთილი საინტერესო  მეთოდის გამოყენებით,  ამ მეთოდს „ კუბის მეთოდი“ ჰქვია.  „კუბის მეთოდი“  გათვლილია იმ მოსწავლეებისათვის, რომელთაც ძალიან მოსწონთ  კეთებით სწავლა. იგი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად , რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის და  ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზრონვო უნარების განვითარებაზე , როგორიცაა ანალიზი , სინთეზი და შეფასება. თუ კუბის მეთოდს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი აზროვნების დონიდან შესაბამისი აქტივობების განხორციელების შემდეგ იძენენ მაღალ სააზროვნო უნარებს.

რაც შეეხება ტერმინს  – „კუბის მეთოდი“ შემდეგში მდგომარეობს, მასწავლებელი იყენებს კუბის ფორმის კუბიკებს, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კუბის ფორმის ყუთიდან დამზადდეს,  ( კუბის ზომა უნდა იტევდეს თაბახის ფურცელს ) მისი ექვსი გვერდი  კი საინტერესო დავალებებისთვისაა განკუთვნილი. მასწავლებელი მოსწავლეებს ჯგუფებში ურიგებს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით შედგენილ კითხვებს. იგი წარმოადგენს სხვადასხვა სააზროვნო უნარების კლასიფიკაციას, ბლუმის მიხედვით აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. მასწავლებლის მიერ სწორად დასმული შეკითხვები, რომელიც ბლუმის ტაქსონომიის ცალკეული დონის შესაფერისია, იწვევს მოსწავლეებში აზროვნების სწავლას.  კონკრეტული კითხვები კი კონკრეტულ აქტივობებთანაა დაკავშირებული, ცალკეული სწორად დაგეგმილი აქტივობა მოსწავლეს მოტივირებულს ხდის და იგი იწყებს აზროვნებას იმაზე, რაც ყველაზე მეტად მისაღებია მისთვის. ბლუმის ტაქსონომიის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ მასწავლებელი უნდა იყოს ექსპერტი შეკითხვების დასმისას, კითხვები უნდა იყოს შერჩეული ისე, რომ მოსწავლეებს თავადაც დაებადოთ კითხვები და ბოლომდე ჩაეძიონ საკითხებს. ცალკეულ მეთოდს თუ აზროვნების საფეხურს დიდი სიფრთხილე სჭირდება განსაკუთრებით მაშინ, თუ გვინდა რაიმე სასიკეთოდ შევცვალოთ და არა მივიღოთ ის შედეგი, რომელსაც თვალს ვარიდებთ.

გთავაზობთ ჩემი პრაქტიკიდან მაგალითს, რომელიც კუბის მეთოდის გამოყენებით დავგეგმე თემის –  წინა აზიის რეგიონის გავლის შემდეგ , აღნიშნული მეთოდი არის ეფექტური საშუალება შემაჯამებელი სამუშაოს შესასრულებლად.

საგანი:  ისტორია

სწავლების საფეხური/კლასი:   საბაზო, VII კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა:  18

გაკვეთილის თემა:  წინა აზიის რეგიონი ( ხეთები, ფინიკია, ისრაელი)

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები;
  • განსაზღვროს პიროვნების როლის მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიაში;
  •  მოახდინოს ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;
  •  შეძლოს თვალსაჩინოებების გამოყენება და მისი მნიშვნელობის განსაზღვრა;
  • მოახდინოს ვიზუალური მასალის აღქმა, საკუთარი დასკვნების გაკეთება, კრიტიკული ანალიზი;
  • თანამშრომლობა.
  • სივრცეში ორიენტირება;
  • წინარე ცოდნის გააქტიურება;
  • ტრანსფერული უნარების გამოვლენა;
  • ცხრილებზე მუშაობის უნარ –ჩვევის გამოვლენა.

მუშაობის ფორმა : ჯგუფური

რესურსები: ფერადი თაბახის ფურცლები , კუბის ფორმის კუბიკები, მარკერი, წებო, მაკრატელი, ინტერნეტ რესურსები ვიზუალური მასალის სახით მოცემული.

დრო: 45 წუთი

შეფასება:  განმსაზღვრელი, განმავითარებელი შეფასება, ჯგუფური მუშაობის და პრეზენტაციის შეფასების ცხრილები.

 

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ისტ.VII. 2. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს სხვადასხვა ქვეყნის, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარისა და  გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობა რუკაზე.

ისტ.VII.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში არსებული სახელმწიფოს მმართველობის ფორმები.

ისტ.  VII 4.  მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს პოლიტიკური მოღვაწის მნიშვნელობაზე ქვეყნის ისტორიაში.

 

 

მეთოდი : კუბის მეთოდი

 

თემის შეჯამების და გაანალიზების მიზნით კლასს შევთავაზე  ჯგუფური მუშაობის ფორმა კუბის მეთოდის გამოყენებით. კლასი წინასწარ დაყოფილია თანაბარი რაოდენობის  მოსწავლისაგან შემდგარ 3 ჯგუფად,  ჯგუფებში დავარიგე  ბარათზე წინასწარ გამზადებული დავალებები, თითო ჯგუფს ეძლევა ექვსი ტიპის დავალება სხვადასხვა სააზროვნო უნარზე გათვლილი, რომელიც ეფუძნება ბლუმის ტაქსონომიას. დავალებები ფერად ბარათებზეა განთავსებული, მოსწავლეს ევალება იმავე ფერის ფურცელზე დაწეროს პასუხი და ისე განათავსოს კუბის გვერდზე. ამგვარი ქმედება მასწავლებელს საშუალებას აძლევს თვალი ადევნოს მოსწავლის მიერ გაანალიზებულ პასუხს, რაც სწორი შეფასების საწინდარია. აგრეთვე ნამუშევარი ვიზუალურად ეფექტურად გამოიყურება.   ჯგუფში მოსწავლეები ინაწილებენ დავალებას და იწყებენ მუშაობას.  იყენებენ სახელმძღვანელოს მასალას და მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ფლობენ ინტერნეტში მუშაობის უნარ –ჩვევას, საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს უზიარებენ . თითოეული ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას.   ჯგუფები სვამენ  შეკითხვებს და აანალიზებენ საკითხს  სიღრმისეულად.  დავალებები შემდეგნაირად გამოიყურება:

I ჯგუფი  ( ხეთების სამეფო)

  1. ჩამოთვალე, რა მიღწევების გამო დაიმკვიდრეს ხეთებმა ადგილი ისტორიაში.
  2. რა საქმიანობას მისდევდნენ ხეთები, ახსენი რატომ?
  3. მოიყვანეთ არგუმენტები, რა იყო ხეთების სამეფოს მართვის თავისებურება?
  4. გააანალიზე, რატომ იყო საბეჭდავებზე გამოსახული რელიგიური და არა ყოფითი სცენები?
  5. შეადარე ერთმანეთს ხეთური და სვანური სახლები. იმსჯელე მათ შორის მსგავსება- განსხვავებაზე.
  6. შეაფასე პირველი სახმელეთო იმპერიის მიღწევები და ადგილი ისტორიაში.

 

II ჯგუფი ( ფინიკია)

  1. ჩამოთვალე ფინიკიური ქალაქ სახელმწიფოები.
  2. აღნიშნე კონტურულ რუკაზე ფინიკიის ქალაქ– სახელმწიფოები
  3. დაახასიათე ფინიკიის საზოგადოებრივი წყობა.
  4. ახსენი, რა მიზანს ისახავდა ფინიკია, როცა ხმელთაშუა ზღვისპირეთში აარსებდა ქალაქ– სახელმწიფოებს.
  5. მოიყვანე არგუმენტები, რამდენად სწორი იყო ფინიკიის მმართველების მიერ გატარებული ღონისძიებები სხვა ხალხების მიმართ?
  6. შეაფასე ფინიკიური ქალაქ-სახელმწიფოების პოლიტიკური ნაბიჯები სხვადასხვა სფეროში.

 

III ჯგუფი ( ისრაელი)

 

  1. ჩამოთვალეთ ისრაელის სახელმწიფოს დაარსების წინაპირობები.
  2. დაახასიათე ისრაელის გეოგრაფიული მდებარეობა და შეავსე კონტურული რუკა.
  3. ახსენი, რა მიზანს ისახავდნენ ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ შექმნილი ებრაული სამეფოები და მათი დედაქალაქები.
  4. მოიყვანეთ არგუმენტები, ისრაელის სახელმწიფომ რა როლი შეასრულა მთელი მსოფლიოს გაერთიანების საქმეში?
  5. შეაფასე ებრაელთა სახელმწიფოს  და მათი მმართველების ნაბიჯები მსოფლიო კეთილდღეობის საქმეში.
  6. გააანალიზე, რატომ ასწავლიდნენ ებრაელები მომავალ ვაჭრებს დიპლომატიასა და თავდაცვით ხელოვნებას.

 

ამგვარი მეთოდის გამოყენებით  საგაკვეთილო პროცესი არის შედეგზე ორიენტირებული და ხალისიანი. ჯგუფური მუშაობის ფორმა კი მორგებულია მოსწავლის მაქსიმალურ ჩართვაზე საგაკვეთილო პროცესში. მუშაობის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ქმნიან რესურსს , რომელიც ცაკლეული ქვეყნის  ისტორიას განასახიერებს . მასწავლებელი პრეზენტაციის შემდეგ ახდენს არასწორი წარმოდგენების რევიზიას , მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება. მეთოდი აქტუალური და წარმატებულია ყველა შესაძლებლობის მოსწავლისათვის, რაც პირდაპირ კავშირშია  ეროვნული სასწავლო გეგმის  საგნობრივი სტანდარტის მოთხოვნებთან.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა( 2011– 2016) მოქმედი რედაქცია
  2. მეძმარიაშვილი ე.მ. პაპაშვილი, რ. დაუშვილი, თ. პაპასქირი, ლ. გიორგობიანი ისტორია 7 კლასი, გამომცემლობა „ კლიო“ 2018

 

  1. ჯანაშია ნ. ნ. იმედაძე, ს. გორგოძე, განვითარებისა და სწავლების თეორიები, დამხმარე სახელმძღვანელო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011 წელი.
  2. ჯანაშია ს. მ. რატიანი, თ. ბერძენიშვილი, შ. საძაგლიშვილი, როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, თბილისი 2007 წელი.
  1. გორგოძე ს. მ. ბოჭორიშვილი, ნ. ჭიაბრიშვილი , ქ. ჭიაბრიშვილი, გ. გახელაძე „ ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი 2010 წელი.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი