პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა მასწავლებლისთვის დაუძლეველი წინაღობა არ არსებობს

ეს პერიოდი ყველას გვახსოვს – როდესაც სკოლაში მუშაობის დაწყება თავგანწირვად აღიქმებოდა. სკოლა ნელ-ნელა ბერდებოდა, მასწავლებლობა ახალგაზრდა თაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე არაპერსპექტიულ პროფესიად მიიჩნეოდა. და სწორედ ამ დროს, ცივ და ბნელ 1997 წელს, 19 წლის დაჩი ნანობაშვილი ქართული სასწავლებლის მასწავლებელი გახდა. მას შემდეგ ოც წელიწადზე მეტი გავიდა, დაჩი ისევ მასწავლებელია, თუმცა, ამჯერად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია და ერთ-ერთი იმათგანია, ვინც მოსწავლეებს არა მხოლოდ კონკრეტულ საგანს ასწავლის, უკეთესად აზროვნებასა და მიღებული ცოდნის სწორად გამოყენებასაც აჩვევს.

ამჟამად წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლასა და საერთაშორისო აკადემია „ლოგოსში“ ასწავლის. ერთგან პირველი კლასების მენეჯერია: აკონტროლებს პატარების სასწავლო პროცესს, კონსულტაციებს მართავს მშობლებთან, მასწავლებლებთან და ა.შ. მეორეგან მეშვიდეკლასელებს თავის ძირითად საგან მათემატიკას ასწავლის, პარალელურად კი მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტისა“ და მათემატიკის ფესტივალის დამაარსებელია.

უკვე ოცი წელიწადია, მისი ყოველი დღე და საქმიანობა ბავშვებთანაა დაკავშირებული. ამბობს, რომ ყველაზე საინტერესოები პირველკლასელები არიან. მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რადგან 19 წლისას სწორედ ყველაზე პატარები ჩააბარეს. უფრო სწორად, თვითონ ჩაიბარა, რადგან, როგორც აღიარებს, ეგონა, გამოუცდელი მასწავლებლისთვის 6 წლის ბავშვებთან ურთიერთობა და მათი სწავლება, ყველაზე ადვილი იქნებოდა. იმასაც აღიარებს, რომ შეცდა, მაგრამ არ დანებებულა: მას უკვე ერქვა მასწავლებელი, ახლა კი ნამდვილი მასწავლებელი უნდა გამხდარიყო. იხსენებს, როგორ ვარჯიშობდა სარკის წინ, როგორ უტარებდა გაკვეთილებს წარმოსახვით კლასს და ნელ-ნელა იმსახურებდა ერთ-ერთ ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენლის სახელის ტარების უფლებას.

– თავდაპირველი სირთულეების დაძლევაში ისიც დამეხმარა, რომ თავად თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა მაქვს დამთავრებული, სადაც ყოველთვის განსხვავებულად ასწავლიდნენ: დაწყებით კლასებში ნიშნებს არ გვიწერდნენ, თავად გაკვეთილებიც არასტანდარტულად გვიტარდებოდა. ამის გამო, ალტერნატიული სწავლების მეთოდის ავტორ შალვა ამონაშვილს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, მაგრამ თავისი მაინც გაჰქონდა, პირველ ექსპერიმენტულში მაინც ატარებდნენ მის მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ გაკვეთილებს. თამაშითა და გააზრებულ სწავლებაზე აგებული მაშინდელი მეთოდი სწორედ ის გახლავთ, რასაც ახლა ჩვენც ვნერგავთ და არაფორმალურ განათლებას ვუწოდებთ. ეს მეთოდი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ კლასში 42 ბავშვი ვისხედით, მაგრამ მასწავლებელი ყველასთვის იცლიდა, ყველა მოსწავლესთან ახერხებდა კომუნიკაციას. არასდროს დამავიწყდება, დაწყებითი კლასის მასწავლებელ მზია ჭყონიას მიერ ჩატარებული გაკვეთილები: მერხებს შორის ჩამოივლიდა ხოლმე, ჩვენ კი პასუხებს ყურში ვუჩურჩულებდით. ეს ბავშვის გასახსნელად საუკეთესო მეთოდია, რადგან, ამ დროს, თან მორცხვობის დაძლევაშიც ეხმარები, თანაც ეთამაშები – თითქოს თავის საიდუმლოს განდობსო. მახსოვს ნორა ტარიელაშვილის გაკვეთილებიც, რომელიც ნიშნებს კი არ გვიწერდა, არამედ, შეფასების ნიშნად, მელანში ამოვლებული რეზინის კურდღლის ანაბეჭდებს გვიტოვებდა, რაც, წლების შემდეგ, ტრენინგებზე მასწავლეს. ამ მეთოდს აქტიურად ვიყენებ, თუმცა მარკერით დასმული წერტილების სახით.

– თანამედროვე ბავშვებთანაც ჭრის, ისეთივე ეფექტიანია?

– რა თქმა უნდა, რადგან დაგროვება და შეჯიბრი ყველა ბავშვს უყვარს, ახალისებს და მოტივაციასაც უზრდის. წერტილი მხოლოდ წარმატების ნიშანი არ არის – ის შეიძლება მიიღონ ნებისმიერი აქტივობისთვის – მაშინაც, თუ ცდებიან, მაგრამ დანარჩენებს აძლევენ ხელჩასაჭიდ მინიშნებას. კვირის განმავლობაში დაგროვებულ წერტილებს კვირის ბოლოს შუაზე ვყოფთ და შესაბამის ნიშანსაც იღებენ. მაგალითად, 18 წერტილი ორი ცხრიანია, 16 – ორი რვიანი, 17- რვიანი და ცხრიანი და ა.შ. კვირის განმავლობაში 30 წერტილამდე მაინც აგროვებენ. ვინაიდან კვირის შუაში დაგროვებული 20 წერტილი მოტივაციას აგდებს, რადგან ორი ათიანი უკვე აქვთ, ახალ ეტაპზე გადამყავს და საუკეთეს სამეულში მოხვედრილებს, ბონუსის სახით, მესამე ათიანს ვუწერ.

– ეს ალბათ უფრო დამატებითი აქტივობაა, ვიდრე სწავლის ძირითადი პროცესის ნაწილი.

– ცხადია, გამუდმებით შეჯიბრისა და გასწრობანას რეჟიმში ვერ ვიქნებით, წერტილების კვირეულებს მხოლოდ პერიოდულად ვატარებ, რასაც დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან. ამ თამაშით ბავშვები წარმატების გემოს იგებენ და სხვა აქტივობაშიც უფრო ყოჩაღად ებმებიან. ამას მშობლებიც ხედავენ, რომელთა უმეტესობისთვისაც მთავარი ნიშანი ანუ შედეგია. მაგრამ, როდესაც ხედავენ, როგორ იცვლებიან მათი შვილები წერტილების კვირეულებისას, ჩემი მეთოდის მიმართ დამოკიდებულება ეცვლებათ; ხვდებიან, რომ მომავალი არაფორმალური განათლებისაა და არა დაზეპირებული პასუხების.

– როგორ ფიქრობთ, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიას უფროსი თაობის მასწავლებლებიც იყენებენ თუ მას ალღო მხოლოდ ახალგაზრდებმა აუღეთ, ვისთვისაც ტექნოლოგიებთან ურთიერთობა გაცილებით იოლი და ორგანულია?

– ამ მიმართულებით უფროსი თაობის მასწავლებლებიც აქტიურობენ, თუმცა იშვიათად, და არიან ახალგაზრდებიც, ზედმეტ თავის ტკივილს რომ ირიდებენ, თითქოს სიტყვა „არაფორმალურს“ უფრთხიანო. არადა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გააზრებულ სწავლებაზე და არა დამახსოვრებაზე ორიენტირებული მეთოდია, რომელიც გაცილებით შედეგიანია. ცხადია, დამახსოვრებისა და ზუსტი ცოდნის გარეშეც ვერ გავალთ ფონს – ფაქტები უნდა ვიცოდეთ, მაგრამ, მთავარია, ამ ცოდნას როგორ გამოვიყენებთ.

– ამ საკითხის მიმართ თავად მოსწავლეების დამოკიდებულება როგორია? მათემატიკური ფორმულების დაზეპირება ალბათ არავის უნდა.

– ბევრჯერ უკითხავთ, რატომ უნდა ვიცოდე ესა თუ ის კვადრატული განტოლება, თუ მათემატიკოსობას არ ვაპირებ და არასდროს გამომადგებაო. ვპასუხობ, რომ მართლაც არაფერში გამოადგებათ, მაგრამ იმასაც ვეუბნები, რასაც მათემატიკა რეალურად წარმოადგენს: ფორმულების ცოდნა მხოლოდ ინსტრუმენტებია, ამოსახსნელი ამოცანა კი თავად პრობლემაა. დავუშვათ, მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა ასაწყობი მაგიდის სახით, და აქვთ ინსტრუმენტები: ჩაქუჩი, სახრახნისი და ბრტყელტუჩა, მაგრამ მათი გამოყენებაც უნდა იცოდნენ. მთელი ცხოვრებაც ხომ პრობლემებისა და ამოცანების გადაჭრაზეა აგებული, ფორმულები კი მათი მოგვარების ინსტრუმენტებია. აი, ეს არის მათემატიკა, ამას განაპირობებს მათემატიკური აზროვნება, რასაც ახლა კრიტიკულ აზროვნებასაც ვუწოდებთ. კრიტიკული აზროვნება არის პრობლემის დანახვა, შეფასება, კითხვების დასმა მეტი ინფორმაციის მისაღებად და, ამის შემდეგ, სხვადასხვა ხერხებით, მისი მოგვარება. ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, მთავარია, პრობლემა დაინახონ და ზუსტად შეაფასონ, ამის შემდეგ უკვე ამოხსნის პროცესი იწყება, რომელსაც ლოგიკური აზროვნებით გაჰყვებიან და წარმატებასაც მიაღწევენ.

– იმას მაინც თუ აცნობიერებენ, რომ მათემატიკა მომავლის პროფესიათა შორის ერთ-ერთია და თუნდაც ამის გამო მაინც საჭირო საგანია?

– როგორც კი დაინახავენ, რომ ჩემ მიერ მათთვის გადაცემულ ჩაქუჩს მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედება კი არა, თუ გადმოაბრუნებ, მისი ამოღებაც შეუძლია, მაშინვე ხვდებიან, რომ ხელთ მართლაც უნივერსალური ინსტრუმენტი უპყრიათ. ამის შემდეგ მიცემულ ამოცანასაც სხვაგვრად აღიქვამენ და პრობლემასაც აგვარებენ. ანუ იყენებენ ყველა ინსტრუმენტს, რაც მანამდე მისწავლებია. ჩემთვის ეს უდიდესი მიღწევაა.

– და რა იყო ის მიღწევა, რისთვისაც ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლებს შორის დაგასახელეს?

– აპლიკაციის შევსებისას რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა საკმაოდ გამიჭირდა, მაგრამ იყო კითხვები, რომლებსაც კარგად ვუპასუხე და მოტივაციაც ამიმაღლდა, მივხვდი, რომ მართლაც ვაკეთებ რაღაცას. მიღწევად მივიჩნევ შემაჯამებლის ანალიზის ჩემეულ სისტემას. ზოგადად შემაჯამებლის ანალიზს მარტივი ფორმა აქვს: რომელმა მოსწავლემ როგორი შედეგი მიიღო, რომელ კომპონენტში გაუჭირდა და ა.შ. მე კი ექსელში შევქმენი დამოუკიდებელი ფორმა, ყველა საკითხი რამდენიმე კომპონენტად ჩავშალე და შეფასებაც ყველა კომპონენტს ცალ-ცალკე დავუწერე. შემდეგ მონაცემები შევკრიბე და მივიღე ერთიანი შედეგი, თუმცა, ამავდროულად, თვალწინ მთელი დიაგრამაც მქონდა: რომელმა მოსწავლემ როგორ შეასრულა დავალება, როგორია კლასის პროცენტული მაჩვენებელი ამა თუ იმ საკითხში. ასევე, მაქვს სახელობითი დიაგრამა, რომელიც მაჩვენებს, ვის რა ეშლება, რომელ მოსწავლესთან როგორ და რა მიმართულებით უნდა ვიმუშაო და ა.შ.

– ალბათ აღნიშნეს თქვენი გარესასკოლო აქტივობაც.

– დიახ, უკვე წლებია ვატარებ მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტსა“ და მათემატიკის ფესტივალს, რომელსაც უკვე უმასპინძლეს თბილისმა და ქუთაისმა. ბედნიერი ვარ, რომ ბავშვებს მათთვის საინტერესო ფორმით შემიძლია მათემატიკის ნამდვილი დღესასწაული შევთავაზო. „ევერესტი“ კი ჩემი უდიდესი მიღწევაა. მასში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით სკოლა ერთვება, მათ შორის, გალის რაიონის სკოლების მოსწავლეებიც. მათ საკითხებს ან ელექტრონულად ვუგზავნით ან როგორღაც ახერხებენ ჩუმად, ფარული გზებით, საზღვრის ხოხვით გადმოკვეთით ჩამოსვლას… მინახავს, როგორ წერენ საკითხებს სველები და ტალახიანები. სხვა ათასობით მოსწავლე რომ არ ვახსენოთ, მარტო მათ გამო ღირს ამ ოლიმპიადის ჩატარება…

– როგორ იქცევით, როდესაც პრობლემა თავად ბავშვია, არ არის მიმღები, აქვს პროტესტი?

– იშვიათად, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც არის – როდესაც მოსწავლეს არაფერი აინტერესებს, სრულიად სტერილურია. ასეთ დროს ჩემი მთავარი საზრუნავი  გაკვეთილზე განწყობის შექმნაა, რისთვისაც იუმორსაც ვიყენებ – ეს აუცილებელი სეგმენტია. სწორად შექმნილ განწყობას მოსდევს ინტერესის გაჩენაც. როგორც წესი, ეს ინტერესი ხანმოკლეა, ამიტომ მუდმივად უნდა აკონტროლო, ჩაუსაფრდე. თუ ერთ ხელჩასაჭიდ ფრაზას მაინც მომცემს, აუცილებლად ვაქებ და ვეუბნები, რომ პასუხთან ახლოსაა. არასწორი პასუხისას კი ვაიმედებ, რომ კონკრეტული ამოცანა ასე და ასე რომ ყოფილიყო დასმული, მაშინ მისი პასუხი სწორი იქნებოდა, მაგრამ არა ახლა. ეს მოტივაციის შესამატებელი ხრიკია, ამის გარეშე რთულ მოსწავლეს კალაპოტში ვერ მოვათავსებთ, მხოლოდ ძლიერ მოსწავლეზე ორიენტირებით კი კლასს ვერ შევკრავთ და საგნისადმი ინტერესსაც სამუდამოდ დავაკარგინებთ. ამიტომაც მომწონს დაწყებითი კლასები, რადგან ყველა მოსწავლესთან შეიძლება მათი შესაძლებლობის მაქსიმუმის მიღება. ზედა კლასებში ამის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. მხოლოდ შექებით ფონს ვერ გახვალ, რუტინული და თანმიმდევრობითი შრომაა საჭირო. რთულ მოსწავლეებთან შედეგის მიღწევა მასწავლებლისთვისაც უდიდესი მიღწევა და სიამოვნებაა. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი და ვიცი, რომ საკუთარ თავზე მომუშავე და დაუზარელი მასწავლებლისთვის დაუძლეველი წინაღობა არ არსებობს.

 – მასწავლებლობაზე არასდროს გიოცნებიათ, სკოლაში შემთხვევით მოხვდით, მაგრამ, გავიდა ოცი წელი და ისევ აქ ხართ. წლების შემდეგ, როგორია ამ პროფესიისადმი დამოკიდებულება?

– პირველი გაკვეთილის ჩატარებიდან ორიოდე თვეში მივხვდი, რომ საუკეთესო ადგილას ვიყავი და ძალიან მინდოდა აქ მუშაობა. მიზერული ხელფასის მიუხედავად, ვიცოდი, ეს საქმე უნდა მეკეთებინა. სკოლაში დარჩენას კიდევ ვაპირებ – სექტემბერი რომ ახლოვდება, ერთი სული მაქვს ხოლმე, სკოლაში როდის დავბრუნდები. პარალელურად საკუთარი შესაძლებლობის სხვაგან მოსინჯვაზეც ვფიქრობ, თუმცა განათლების სფეროს ვერ მოვშორდები – მე უკვე ვარ ამ ოჯახის წევრი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი