ოთხშაბათი, აპრილი 17, 2024
17 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

პრაქტიკული საკლასო კვლევა

განათლების სფეროში საერთაშო­რი­სო დონეზე შესაძლებელია სხვა­­დასხვა ქვეყნის განათლების სისტე­­­­­მების, ან სისტემის კონკრეტული მახასიათებლების შედარება. ეროვ­­ნულ დონეზე ხშირად იკვლევენ გა­­ტარებული რეფორმების ეფექტუ­რობას, აფასებენ განათლების ხარისხსა და ხელმისაწვდომობას და ა.შ. ასეთივე კვლევების ჩატარე­ბა შესაძლებელია რეგიონის დონეზეც: შეგვიძლია სხვადასხვა რეგიონის შედარება სხვადასხვა ინდიკატო­რის მიხედვით და ა.შ.

 

კვლევის ჩატარება შესაძლებელია სკოლის, ან თუნდაც კლასის დონე­­ზეც. ასეთი ტიპის კვლევას პრაქ­ტიკული საკლასო კვლევა ეწოდება და მისი ჩატარება შეუძლია რო­გორც ერთ მასწავლებელს, ასევე რამდენიმეს ერთად. შესაბამისად, ასეთ კვლევას თავად პედაგოგები გეგმავენ და ახორციელებენ.

პრაქტიკული საკლასო კვლევის მიზნები

პრაქტიკული კვლევა კლასში მას­­წავლებლის მიერ გარკვეული მიზნით ინფორმაციის შეგროვებისა და შემ­­დგომი გაანალიზების პროცესია. მის უმთავრეს მიზანს, როგორც წე­­სი, მოსწავლეთა აკადემიური მოს­­წრების ამაღლება, მათი სოცია­ლუ­რი და სხვა უნარების გაუმჯო­ბესება წარმო­ად­გენს. ამ მიზნების მისაღ­წევად მას­­წავლებლებს შეუძ­­ლიათ სხვადასხვა სტრატეგიის დასახვა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენება. როგორც წესი, მათ ხშირად უწევთ სწავლების მრა­­ვალი სტრატეგიიდან ერთ-ერთის ამორ­ჩე­ვა, რომლის წარმატებაც დამოკი­­დებულია არა­­-ერთ ფაქტორზე (მოსწავლეთა რაო­­დენობაზე, საგანზე და ა.შ.) კვლევა სწორედ იმისთვის ტარდება, რომ ახალი სტრატეგია და მეთოდები მოსწავლეთა საჭი­რო­ებებს მოერგოს, გათვალის­წი­ნე­ბული იყოს მათი გამოყენების მოსა­­ლოდნელი რისკები და საფრთხეები. მასწავ­ლებ­-ლებს პრაქტიკული კვლევის საშუ­­ალებით შეუძლიათ დაადგინონ, რა მუშაობს კლასში და რა არა. პრაქ­­ტიკული კვლევა მათ საშუალებას აძლევს, სწავლების პროცესში საფუძ­­ვლიანი და დასა­­ბუთებული, ინფორ­მაციაზე დაფუძ­ნებული გადაწყ­ვე­ტი­ლებები მიიღონ.

საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება

იმისათვის, რომ კარგად ჩამო­აყა­ლი­ბოთ საკვლევი საკითხი, დაფიქ­რ­დით: რა სახის პრობლემებია ყველაზე მეტად თვალშისაცემი თქვენს კლასში? რისი გაუმჯობე­სე­ბა გინდათ? შეგიძლიათ ჩამოწე­როთ ასეთი პრობლემების/გამოწ­ვე­ვების/სუსტი მხარეების სია და შემდეგ შეარჩიოთ ყველაზე პრიო­რი­ტეტული.

კარგ საკვლევ საკითხს სამი ძირი­­თადი მახასიათებელი უნდა ჰქონ­დეს: 1. საკითხი მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენი საგნისათვის და სასწავლო პრაქტიკისათვის; 2. კვლე­­ვის შედეგებმა აუცილებლად უნდა მიგიყვანოთ კონკრეტულ ქმედე­ბამ­დე, უნდა შეცვალოთ ან შეინარ­ჩუ­ნოთ სწავლების არჩეული სტრა­ტე­გია; 3. საკვლევი საკითხი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ კვლე­­ვის განხორციელება შესაძლებელი იყოს დროის, რესურსებისა და ძა­­-ლისხმევის ოპტიმალური გამოყე­ნე­ბის თვალსაზრისით.

საკვლევი საკითხი შეიძლება აღწე­­რი­ლობითი ხასიათის იყოს, მაგა­ლი­თად: “რამდენი მოსწავლე ასრუ­­ლებს მიცემულ დავალებებს რეგუ­­ლარულად, დროულად და ხარის­ხი­ანად?” ზოგიერთი საკვლევი საკითხი შესაძლოა მიზნად ისახავდეს გან­სხვავებულ ფაქტორებს შორის დამოკიდებულებების შესწავლას. მაგალითად, “ის ბავშვები, რომლე­ბიც კლასში აქტიურობენ, იღებენ თუ არა საკონტროლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშნებს?” ხშირად მასწავ­ლებლების მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს შეკითხვას: “რა გავლენას ახდენს X ფაქტორი მოს­­წავლის აკადემიურ მიღწევაზე?” X ფაქტორი შეიძლება იყოს მეცადი­ნეობისთვის გამოყოფილი დრო, მშობლის ჩართულობა სასწავლო პროცესში და ა.შ.

კვლევის გამოყენება, როგორც აღვ­­ნიშნეთ, შესაძლებელია ამა თუ იმ სწავლების სტრატეგიის, ახალი მეთოდის გამოსაცდელად. ამ შემ­­თხვევაში, საკვლევი საკითხი შესა­­ბამისად უნდა ჩამოყალიბდეს. მაგა­­ლითად, თუ თქვენ უცხო ენის მას­­წავლებელი ხართ და ამჩნევთ, რომ ბავშვებმა გრამატიკული წესები კარგად იციან, მაგრამ უცხო ენაზე ზეპირ კომუნიკაციას ვერ ახერხე­ბენ, საკვლევი საკითხი ასე განსაზ­ღვრეთ: “როგორ შემიძლია მოსწავ­ლეებს განვუვითარო უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარჩვე­­­ვები?”, “ავითარებს თუ არა დიალო­­გების ზეპირად სწავლა უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს?”

განსჯა, განხილვა

მას შემდეგ, რაც საკვლევი საკითხი ჩამოყალიბებულია, მოაგროვეთ ინფორმაცია საკვლევი საკითხის ირგვლივ. შეგიძლიათ მოიფიქროთ სავარაუდო პასუხი/პასუხები საკვლევ შეკითხვაზე. მაგალითად, თუ თქვენი საკვლევი საკითხია: “ის ბავშვები, რომლებიც კლასში აქტი­­ურობენ, იღებენ თუ არა საკონ­ტ­როლო ნაშრომებსა და ტესტებში პასიურ ბავშვებზე უკეთეს ნიშ­ნებს?”, მოიძიეთ პროფესიული ლიტერა­ტუ­რა კლასში აქტიურობასა და ტეს­­-ტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირზე; შეეცადეთ, გაარკვიოთ, ჩატარებულა თუ არა მსგავსი კვლევა საქართველოში; ჰკითხეთ აზრი კოლეგებს და გაიზიარეთ მათი გამოცდილება.

თუ თქვენს საკვლევ ინტერესს სწავლების რომელიმე სტრატეგიის ეფექტურობის შესწავლა წარმო­ად­გენს (მაგალითად, დიალოგების დაზეპირება უცხო ენაზე ზეპირი კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გასა­­ვითარებლად), მოიძიეთ პროფე­სი­ული ლიტერატურა ამ საკითხის ირგვლივ, განიხილეთ ეს საკითხი უცხო ენის სხვა მასწავლებლებთან ერთად. შეგიძლიათ მოიძიოთ, გამოუყენებიათ თუ არა ეს მეთოდი სხვა სკოლებში, სხვა მასწავლებ­ლებს და ა.შ.

კვლევის დაგეგმვა

შეადგინეთ კვლევის გეგმა, სადაც ჩამოაყალიბებთ საკვლევ შეკითხვას და ასევე იმას, თუ როგორ აპირებთ სასურველი მონაცემების შეგროვებას. აუცილებლად დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: რამდენი დრო დასჭირ­დება მონაცემების შეგროვებას? რა ინსტრუმენტებს გამოიყენებთ კვლევის დროს? როგორ შეინახავთ მონა­ცე­მებს?

კვლევის ჩატარების არაერთი გზა არსებობს. მაგალითად, შეგიძლიათ უბრალოდ ჩაიწეროთ თქვენი მოსაზ­­რებები თითოეული გაკვეთილის შემდეგ, შეადგინოთ კითხვარები, ჩაატაროთ საკლასო დაკვირვება, ჩაიწეროთ აუდიო-მასალა და ა.შ. სანამ უშუალოდ მონაცემების მოგ­­როვებაზე გადახვალთ, აუცილებ­ლად კარგად ჩამოაყალიბეთ, რა ტიპის მონაცემები გჭირდებათ, რა სიხში­­-რით უნდა შეაგროვოთ ისინი და ა.შ.

თუ სწავლების ახალი მეთოდის, ან სტრატეგიის ეფექტურობის კვლევა გსურთ, ახალი მასალის ახსნის დროს შეგიძლიათ ერთი მეთოდი ერთ კლას­ში გამოიყენოთ, მეორეში კი ახსნა ძველი მეთოდით განაგრძოთ. ის კლასი, სადაც ახალ მეთოდს იყე­­ნებთ, ექსპერიმენტული კლასი იქნება, ხოლო ის, სადაც ძველი მეთოდით აგრძელებთ მუშაობას, საკონტ­რო­ლო კლასად დარჩება. ახალი მასალის დამუშავების შემდეგ შეადარეთ ერთმანეთს ექსპერიმენტული და საკონტროლო კლასის მოსწავლეთა მიერ მასალის ათვისების დონე და სათანადო დასკვნაც გამოიტენეთ: გაამართლა თუ არა სწავლების ახალმა მეთოდმა? უნდა გახსოვ­დეთ, რომ ექსპერიმენტულ და საკონტ­რო­ლო კლასებში მოსწავლეებს დაახლოებით ერთნაირი აკადემი­ური მოსწრება და მოტივაცია უნდა ჰქონდეთ.

ასევე შეგიძლიათ ახალი მიდგომები სხვადასხვა პერიოდში გამოიკვლი­ოთ. მაგალითად, თუ გინდათ, გამოსცა­დოთ, რამდენად ამართლებს ჯგუ­­ფური მუშაობის პრინციპი ამა თუ იმ საგანში, ეს მიდგომა ერთი თვის განმავლობაში გამოიყენეთ, მომდევ­ნო თვეში კი არა. შემდეგ შედეგები ერთმანეთს შეადარეთ.

მონაცემების შეგროვება

საკლასო კვლევის დროს მონა­ცე­მები შესაძლოა იყოს რაოდენობ­რი­ვი (მაგ. ტესტებში მიღებული ნიშნე­ბი, გამოკითხვის შედეგები) ან თვი­­სებრივი (მაგ. დიალოგები, ფოკუსჯგუფებსა თუ კლასში ჩატარე­ბუ­ლი განხილვების ჩანაწერები). შეგიძ­ლიათ კვლევა იმ მონაცემებით დაიწყოთ, რომლებიც უკვე გაქვთ: საშინაო დავალებების ნიშნები, ბავშვთა დასწრების მაჩვენებლები, საკლასო წერის ნიშნები და ა.შ. თუ დამატებითი ინფორმაცია გჭირდებათ, ისეთი მონაცემები შეარჩიეთ, რო­­მელთა შეგროვება და გაანალი­ზე­ბაც შედარებით მარტივია. მაგალითად, თუ გინდათ, დაადგინოთ, რა გავ­­ლენას ახდენს ოჯახური პირობები ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე, დაუსვით შეკითხვები მშობლებს. თუ გსურთ კლასში აქტიურობასა და ტესტებში მიღებულ ქულებს შორის კავშირის დადგენა, შეადგინეთ ბავ­­შვებზე დაკვირვების ფორმა, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ, რამდენად აქტიურად ებმებიან ისინი საკლასო განხილვებში (მოსწავლის აქტიური მონაწილეობა შეგიძლიათ გაზომოთ არა მხოლოდ იმით, თუ რა სიხშირით პასუხობს იგი დასმულ შეკითხვებს, ან თავად სვამს მათ, არამედ იმით, თუ რა ტიპის შეკითხვებს სვამს და რამდენად კარგად პასუხობს).

ზოგადად, უნდა შეეცადოთ, სხვა­­-დასხვა ტიპის მონაცემები შეაგ­როვოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ თანმიმდევრული ხართ. ეს საშუ­ალებას მოგცემთ, შედეგი სხვა­დასხვა წყაროდან გადაამოწმოთ, რაც თქვენს კვლევას მეტ სანდო­ობას შესძენს. მაგალითად, თუ გსურთ, გამოიკვლიოთ, რამდენად ეფექტური იყო სწავლების ესა თუ ის მეთოდი, შეგიძლიათ დასკვნა გამოიტანოთ საგამოცდო ნიშნებზე, გაკვეთილის განმავლობაში აქტიუ­რობაზე, დასმულ შეკითხვებზე, მოსწავლეთა ქცევაზე დაკვირვების შედეგად. ასევე საინტერესო ინ­­-ფორმაციას მიიღებთ, თუ მოსწავ­ლეებს სწავლების მეთოდის შეფა­სებას სთხოვთ.

მონაცემების გაანალიზება

მონაცემთა ანალიზის მიზანს საინ­­ტერესო ტენდენციების აღმოჩენა წარმოადგენს, მაგალითად, სწავ­ლების ახალი მეთოდის გამოყე­ნე­ბის შედეგად გაუმჯობესდა თუ არა მოსწავლეების შედეგები? არის თუ არა კავშირი სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობასა და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას შორის? მონაცემთა ანალიზის შედეგად თქვენ კვლევის დასაწყისში დასმულ შეკითხვაზე პასუხი უნდა მიიღოთ.


მოქმედება

მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული დასკვნები შესაბამისი ზომების მიღებისას გაითვალის­წი­ნეთ. გახსოვდეთ, კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები აუცილებ­ლად უნდა გამოიყენოთ პრაქტიკაში. მაგალითად, თუ სწავლების ახალი მეთოდის გამოყენება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას ზრდის, გა­­ნაგრძეთ ამ მეთოდის გამოყენება და უფრო ფართოდ დანერგეთ იგი. თუ აღმოჩნდა, რომ ესა თუ ის მეთო­­-დი არ ამართლებს და მისი დახმა­რებით ვერ აღწევთ იმ მიზანს, რომელიც დასახული გქონდათ, დაუბრუნდით ძველ მეთოდებს.

განხილვა და გაზიარება

გაუზიარეთ თქვენი დასკვნები კო­­ლეგებს. შეგიძლიათ კვლევის შედე­­გების განხილვა მოაწყოთ საგნობ­რივ კათედრებზე, სხდომებზე, მშობ­­ლებთან და ბავშვებთან. ამ ეტაპზე კარგი იქნება, თუ საკუთარ კვლევას გადახედავთ და ნახავთ, რამ იმუშავა კარგად და რამ – არა. შესაძლოა, კვლევის შედეგებიდან გამომდინა­რე, სხვა, ახალი კვლევის საჭიროებაც გაჩნდეს. კვლევის პროცესი ციკ­ლუ­რია და ყოველი ეტაპის დასრუ­ლების შემდეგ, როგორც წესი, ახალი ეტაპი იწყება.

რაც მთავარია, პრაქტიკული საკ­­ლასო კვლევის ჩატარება ძალიან ადვილია. სინამდვილეში, ამას ბევრი მასწავლებელი ყოველდ­ღი­ურად აკეთებს (მოსწავლეთა აკა­­დემიური მოსწრების შესახებ მო­­ნაცემების შეგროვება და შენახვა, მოსწავლეებზე დაკვირვება, ახალი სასწავლო მეთოდების გამოცდა). როცა ამ მოქმედებებს ორგანიზე­ბული და სტრუქტურირებული სახე აქვს, გაცილებით მეტი სასარგებ­ლო ინფორმაციის მიღება შეიძლება, რომელსაც მასწავლებელი გააანა­ლიზებს და სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად გამოიყენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი