შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მეგობარი გაკვეთილები: მულტიდისციპლინური მოდელის შესახებ

ინტეგრაცია, საგანთაშორისი კავშირები, გამჭოლი კომპეტენციები, სიღრმისეული სწავლა… ეს ტერმინები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა ჯერჯერობით ჭირს ზემოაღნიშნული მიმართულებების სასკოლო ცხოვრებაში ხარისხიანად დანერგვა, რადგან საგნობრივი სწავლების სტილი ყველა დისციპლინას საკუთარი შინაარსის ჩარჩოში ამწყვდევს.

როგორც ვიცით, ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია საგნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება. ფრაგმენტულად შეკავშირებული გაკვეთილებისგან (რამდენიმე საგნის მასწავლებლის მიერ ორგანიზებული საერთო გაკვეთილი) მნიშვნელოვნად განსხვავდება ხანგრძლივ ინტეგრაციაზე ორიენტირებული კურიკულუმი. უნდა აღინიშნოს, რომ ინტეგრირებული პროგრამით სწავლება საგანმანათლებლო სიახლეს წარმოადგენს და დღემდე დაკვირვებისა და დახვეწის პროცესშია.

განათლების ექსპერტები ხაზს უსვამენ სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირებისა და გამოყენების მნიშვნელობას. მათი აზრით, ახალი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში არსებულ მოთხოვნებს უნდა მიესადაგებოდეს, ანუ მოსწავლე უნდა ხედავდეს აწმყოში მისი გამოყენების საჭიროებას. ინტეგრირებული კურიკულუმი კი სწორედ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

საგანთა შორის მკაფიო კავშირების დამყარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა სიღრმისეული სწავლების ერთ-ერთ გზად მოიაზრება. გამოყოფენ რამდენიმე მოდელს: მულტიდისციპლინურს, ინტერდისციპლინურს, ინტრადისციპლინურს და ტრანსდისციპლინურს. ინტრადისციპლინურ მოდელს ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის კავშირების დასამყარებლად იყენებენ (მაგალითად მოვიყვან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სადაც კავშირები მყარდება ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას შორის). თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც. რაც შეეხება ინტერდისციპლინურ მოდელს, აქ აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე. მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს საკუთარი ხელით შეაქმნევინოს საკრავები, რის შედეგადაც იგი გამოიყენებს ხელოვნების მიმართულებისთვის დამახასიათებელ უნარებს, მათემატიკასთან დაკავშირებული გაზომვისა და სიმეტრიის საკითხების ცოდნას, ბუნებრივი და/ან ხელოვნური რესურსის სწორად შერჩევას (ბუნებისმეტყველება) და ამ გზით დაამყარებს კავშირს სხვა საგნებთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარებთან. ტრანსდიციპლინური მოდელი კი მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით იგება და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აღნიშნული მოდელით სწავლისას მოსწავლეები ყველაზე ეფექტურად ივითარებენ ცხოვრებისეულ კონტექსტთან მჭიდროდ დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და სიღრმისეულად გაიაზრებენ მიღებულ ცოდნას, რადგან საგნებს შორის მანძილი მინიმუმამდე მცირდება. ტრანსდისციპლინური მოდელის თანახმად, დისციპლინები ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენს. აქ აქცენტი დაისმის არა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებულ ცოდნებსა და უნარებზე, არამედ ცნებებსა და კონცეფციებზე, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნებისა და უნარების მოძიება-დაუფლების გზით შეისწავლიან. ზემოაღნიშნული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტული სწავლების დროს.

მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას.

მაგალითად, თუ ავიღებთ თემას „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ და მის გარშემო ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მუსიკისა და ხელოვნების დისციპლინებს გავაერთიანებთ, ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები სიტყვა „ნახელავთან“ დაკავშირებულ ტექსტებს შეისწავლიან და თავადაც შეეცდებიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, რაშიც ხელოვნების გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარ-ჩვევები, მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი სიბრტყითი და სივრცითი ფიგურების სპეციფიკა, ბუნებისმეტყველების მიმართულებით – ბუნებრივ და ხელოვნურ რესურსებთან მუშაობის გამოცდილება და მუსიკის გაკვეთილზე საკრავების შექმნის ტექნიკებზე დაკვირვება დაეხმარებათ. თითოეული თემის შესწავლისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ სასურველია საერთო შემაჯამებელი პროექტის განხორციელება, რაც ცოდნისა და უნარების თავმოყრასა და ურთიერთდაკავშირებას საგრძნობლად გააადვილებს. თემატური ინტეგრაციის ხანგრძლივობა საერთო თემების რაოდენობასა და მათი დაფარვის დროზეა დამოკიდებული.

როგორც ვხედავთ, მულტიდისციპლინური მოდელით შექმნილი სასწავლო კურიკულუმი უმეტესად ფოკუსირებულია თემატურ კავშირებზე. იგი სიღრმისეულ ცოდნას გადასცემს საგნობრივი სწავლების ფორმატში. ტრანსდისციპლინური მოდელისგან განსხვავებით, დისციპლინური ცოდნა და უნარ-ჩვევები პრიორიტეტულია. თუმცა მასწავლებელი სწავლების პროცესში აქაც ფასილიტატორის როლს ირგებს. რაც შეეხება ინტეგრაციის ხარისხს, მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით მჭიდრო ინტეგრაცია ტრანსდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მოდელებს ახასიათებს, თუმცა საგნობრივ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს მულტიდისციპლინური მოდელი ყველაზე კარგად ერგება.

წელს, საკუთარი პრაქტიკის კვლევის ფარგლებში, კოლეგებთან ერთად მულტიდისციპლინური კურიკულუმის შედგენა განვიზრახე. კვლევის ჯგუფში გავერთიანდით ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის მასწავლებლები. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ჯერ საკვანძო თემები შევარჩიეთ და საგაკვეთილო ბადეზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვა დავიწყეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ თემაზე დაყრდნობით ინდივიდუალური გეგმების დაწერა სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გაკვეთილების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესმა ინდივიდუალურ ნაშრომებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოითხოვა. როგორც ხედავთ, მხოლოდ თემის გარშემო გაერთიანება და საკუთარი დისციპლინის შინაარსზე დაყრდნობით სწავლება საკმარისი არ არის. თემატური ერთეულის თითოეული კვირის გაკვეთილები ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. როცა ეს „აღმოჩენა“ გავაკეთეთ, ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით და ე.წ. საერთო ინდიკატორებზე შეთანხმება გადავწყვიტეთ, ანუ გამოვყავით თემასთან დაკავშირებული ის საერთო დებულებები, რომლებიც სასწავლო თემას და თითოეული საგნის ინდიკატორებს ეხმიანებოდა. შემდეგ თითოეული აქტივობა მას მივუსადაგეთ და ჯაჭვის აწყობაც გაგვიადვილდა. საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ კურიკულუმის ერთ-ერთი თემის „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ საერთო კონცეფციებს:

  • ყველა ნივთს აქვს კონკრეტული დანიშნულება;
  • ადამიანი ნივთებს პირადი საჭიროების მიხედვით ქმნის;
  • ადამიანი ნივთებს ქმნის გართობის ან თვითგამოხატვის მიზნით;
  • მრავალი ნივთი მზადდება ბუნებაში არსებული რესურსით;
  • ერთი და იმავე საგნების დამზადების წესი და რესურსი დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება;
  • ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ნივთების დამზადების გამოცდილებას.

თითოეული გაკვეთილისგან მთავარი აქცენტების გამოყოფით და საგაკვეთილო ბადის (გაკვეთილების თანმიმდევრობა) გათვალისწინებით, მე და ჩემმა კოლეგებმა შევიმუშავეთ ერთგვარი ინსტრუმენტი (სქემა), რომელიც ჩვენი კვლევის მთავარ მიგნებად იქცა. სქემაში თითოეული გაკვეთილის მიზნების გადატანამ ინტეგრაციის ჯაჭვის აგება საგრძნობლად გაგვიადვილა. ზემოაღნიშნული თემის პირველი კვირა კი ასეთიიყო:

 

მომდევნო წერილში ისევ მივუბრუნდები მულტიდისციპლინური კურიკულუმის შექმნის სპეციფიკას და ერთ-ერთ თემაზე მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Drake, S. M., & Burns, R. C. (2004). Meeting standards through integrated curriculum, 6-17. Association for Supervision and Curriculum Development

https://www.ascd.org/publications/books/103011/chapters/What-Is-Integrated-Curriculum%C2%A2.aspx

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი