პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როცა ენოტი ლოცულობს, სიბნელე წვება

სიტყვა მურტალი რო მძულს, სიძულვილი ეგეთი უნდა, მაგრამ თბილისურ წვიმას სხვა რა უნდა დაარქვა, აბა?! ერთი სიტყვით, ძაან მურტალი ამინდი იყო. ამ ჭაღარასა და მრავალ ჭირნახულში კარგი ამინდის დროსაც გიჭირს ფეხით გავლა ადამიანს. როგორ ამბობენ? ფეხით მოსიარულეებისთვის მეგობრული ქალაქი არ არისო. ეგეთია თბილისი – თუ მაინცდამაინც რამე კაი მანქანაზე არ ხარ ამხედრებული, არ გემეგობრება. როგორღაც, შენ შენთვის ხარ, შენი ქალაქი თავისთვისა და ცხოვრობთ ასე, მუდამ ნაჩხუბარი ცოლ-ქმარივით. ჩემს ბავშვობაში იყო ეგეთი კითხვა: „გეხები რო მეხები?“. ასე გეუბნება ზუსტად. მაცადე ცხოვრებაო, რა.

 

თავში ჭკუა მქონდა, იმ მურტალ ამინდში ზოოპარკში წასვლა რო გადავწყვიტე? არა, განა ზოოპარკის ფილოსოფიას ვემხრობი ან რამე. რა წესია ამ Youtube-ის ეპოქაში გალიაში გამომწყვდეული ცხოველის ყურება. კითხე ინტერნეტს და პასუხს კი არ დაგამადლის. სულ ნაირ-ნაირ ვიდეოებს ამოგიყრის, გინდა „ნეიშენალ ჯეოგრაფიკისას“ და გინდა „დისქავერისას“. ჰო, „ენიმალ პლანეტიც“ ხომაა კიდევ. თან, ისეთი ვიდეოები იქნება, მინდორ-ველში როგორ იქცევიან, რას ჭამენ, რა სწყინთ და რა უხარიათ. დიდი თავშესაქცევი რამაა მაგ გადაცემების ნახვა. ტელევიზორს საუკუნეში ერთხელ ვუყურებ, მაგრამ თუ ვუყურებ, მაგას ვუყურებ. მამაჩემს ბავშვობის ძმაკაცი ჰყავს, როსტომ გვარიშვილი. მაგარზე მაგარი კაცი. უწინ პოლიციის უფროსი იყო ჩაქვში. ერთ ზაფხულს სამსახურში შევუარეთ და ვთხოვე, აბა, პატიმრები მანახე-მეთქი და იცით რა მიპასუხა? მე კი განახებ, მაგრამ ცხოველები ხომ არ არიან, გისოსებში რო ათვალიეროო. აბა, შენ მოიფიქრე, მითხარი რას გადაწყვეტ და ისე მოვიქცეთო. მეთქი არ მინდა. მაშინ მივხვდი, რომ თავისუფლებაში რო არ არის, ეგეთს არც ადამიანს უნდა უყურო და არც ცხოველს. როცა გათანაბრდებით, მაშინ ადექით, უცქირეთ ერთმანეთს და იყავით. როსტომი კაცების კაცია. შვილი მოვუნათლე მერე. კი ვერ ვუწევ საკადრის ნათლიობას, მაგრამ… სხვა ამბავია ეგ.

 

არა, ისიც მესმის, რომ ამბობენ, ეგ ცხოველები რომ გაუშვა, ბუნებასთან ვეღარ შესისხლხორდებიანო, დაიხოცებიანო, რამე, რუმე. მესმის, ხისთავიანი კი არ ვარ. საერთოდაც, ბოლო დროს ვცდილობ არ ვიექსპერტო. რადგანაც ამდენი ცხოველთა უფლებების დამცველის ხელში ზოოპარკები ისევ არსებობს, ესეიგი აქვს გამართლება. თან, ეს ჩვენი ზოოპარკის დირექტორი მესიმპატიურება მაგრად. კარგი კაცი ჩანს. რამდენჯერმე მოგვიწია გამოლაპარაკება და საინტერესო რაღაცები თქვა. მაგათი ფეისბუკის გვერდიც მომწონს – კარგად აკაკუნებენ კლავიატურაზე და ეტყობათ, რომ ცხოველები უყვართ.

 

მოკლედ, იმას მივედ-მოვედები, რო გალიაში ჩასმული ცხოველების ნახვისგან თავს ვიკავებ, რითიც შემიძლია. ეს „რითიც შემიძლია“ ძალიან მაზალო სიტყვებია. არც მწვადს წვავ და არც შამფურს. ეგეც ბავშვობის ნატკენია, სხვათა შორის. იმ დამპალ დროში, ახლა რო ბნელსა და ტკბილს ვეძახით, ხშირად გკითხავდნენ ძველები და მოშავო ელემენტები: „ქურდებს პატივს სცემ?“. შენ კიდე უნდა გეპასუხა: „რითიც შემიძლია“.

 

ჰოდა, იმ მურტალ, წვიმიან ამინდში მაინც გადავწყვიტე ზოოპარკში წასვლა. ცხოველების ნაწილი ახალ ზოოპარკში გადაუყვანიათ და იქაურობა ნახევრად მიტოვებულ სოფელს დამსგავსებია. ვოლიერს აწერია ესა და ეს ცხოვრობს აქაო. შეიხედავ და, სადაა? არ არის. „თეთრი ბაირაღები“ გახსოვთ? შოშია რო ტიგრან გულოიანს უხსნის ფალსიფიცირებული საფლავი რა არის. ფაფუ, გალია ცარიელია. ჩვენ, ადამიანები ხომ ვტოვებთ კვალს იმ ადგილებში, სადაც ვიყავით. ისე ხდება, რომ ეგ კვალი უშნოა ხოლმე და იქნებ არც ღირდეს თავის გამოჩენა. აი, ჩემი სკოლის ფასადი იყო ეგეთი აჭრელებული. ბოლო ზარის წინ ბიჭები აწერდნენ თავიანთ სახელებს საღებავით. ალბათ, იმის შიშით, რომ ეგებ სხვანაირი კვალი ვეღარ დაეტოვებინათ ცხოვრებაში. ჰოდა, იმას ვამბობდი, რომ რა იქნებოდა, ამ ალაგ-ალაგ დაცარიელებულ გალიებში ცხოველებს თავიანთი სახელები დაეტოვებინათ. „აქ იყო ფოცხვერი დიეგო“, ან რამე ამის მსგავსი. როგორც ბრუკსი ტოვებს ავტოგრაფს თვითმკვლელობის წინ.

 

მსხვილი წვეთებით წვიმდა და ეს ამბავი უფრო ასევდიანებდა იქაურობას. მგონი, ჩემ გარდა არც არავინ იყო მაშინ ზოოპარკში. თუმცა, როგორ არა. ატრაქციონთან დავლანდე ახალგაზრდა ქალი, ბილეთების ჯიხურში იჯდა და არავის ელოდა. სახე მაჯაზე დაეყრდნო და ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა. მე, როცა თავს ეგრე ჩამოვდებ, კარგზე არაფერზე მეფიქრება ხოლმე. ისე, ეგეთ მურტალ ამინდში, ამდენ სევდიან ცხოველს შორის, რატომ უნდა გაგეფიქროს კარგზე.

 

და, სწორედ მაშინ, როცა ვიფიქრე, რომ ამ ქალზე მარტოსული არავინ იყო იმ მომენტში, ენოტი დავინახე. საქათმისხელა გალიაში იჯდა და შორიდან მიყურებდა. „ტირის“? – ვიფიქრე. ისიც კი არ ვიცი, ენოტებს ტირილი თუ შეუძლიათ. თან, ძალიან შორს ვიდექი, მაგრამ შორიდანაც კი კარგად ჩანდა, როგორ ბზინავდა მის თვალებში წყალი. „ტირის, ბიჭო, ტირის“ – ისტერიულად ვიმეორებდი და ნელ-ნელა იმ მღრღნელს ვემსგავსებოდი, ცოტა ხნით ადრე გაუჩერებლად და ნერვიულად რომ ურტყამდა თავის გალიას წრეებს „პრაგულკაზე“ გამოყვანილი პატიმარივით.

 

გალიას მივუახლოვდი თუ არა, ენოტი მიხვდა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, ვერსად შეიმალებოდა და იცით რა ქნა? თავი დახარა. მხოლოდ ეს შეძლო – თავის დახრა, რათა არ დავენახე და წარმოსახვაში მაინც გავექრე, წარმოედგინა, რომ იქ არ ვარ და ვერაფერს დავუშავებდი. სწრაფად გავერიდე, მაგრამ საკუთარ ვარაუდში დასარწმუნებლად, ისევ მივბრუნდი. ენოტმა ისევ იმგვარად დაიცვა თავი. იმისთვის, რომ ზუსტად მიხვდეთ, რას გრძნობდა დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, ნანახი უნდა გყავდეთ შიშისაგან გისოსზე აკრული ენოტი, რომელსაც გასაქცევი არსად აქვს და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეუძლია, თავის დახრაა. ენოტი გალიაში მარტოა. სრულიად მარტო.

 

რა აღარ ვიფიქრე. მეთქი, მოთხრობას დავწერ, რომ წყვილი ზოოპარკში დათქვამს პირველ პაემანს, ენოტი შეეცოდებათ, გაათავისუფლებენ და სადმე, ბუნებაში გაუშვებენ – ეგეც მაგათი პირველი ერთობლივი თავგადასავალი. „კარგი ერთი, თუ ძმა ხარ. ვის რა ოხრად უნდა შენი მოთხრობა“ – მოვუჭირე მუხრუჭებს. მეთქი, ზოოპარკს რად უნდა რკინის გისოსები, შუშაბანდები უნდა ჰქონდეს. გამოვიდნენ ყველანი და ვიცხოვროთ ერთად. რა ფასი აქვს ცხოვრებას რისკის გარეშე. განა ცოტა დადის ამ ქვეყანაში სამეფო კობრაზე უფრო შხამიანი და თეთრ ლომზე უფრო მტაცებელი? ჩართეთ საღამოს საინფორმაციო გამოშვება და რამდენსაც გინდათ, იმდენს ნახავთ, სულო და გულო.

 

წვიმდა და წვიმდა. ბილეთების ჯიხურში მჯდომ ქალს ორივე ხელი შემოედო თავზე, მაგრამ ის არ იყო ყველაზე მარტოსული ადამიანი დედამიწაზე. არც მე ვიყავი, იმის მიუხედავად, რომ იმ წამს სწორედ ასეთად ვგრძნობ თავს. ყველაზე მარტოსული იყო ენოტი, საქათმისხელა გალიაში გამომწყვდეული, უმეგობრო და გაუხარელი, დღედაღამ იმაზე მლოცველი, რომ მის გალიასთან არავინ მივა და თუ მაინც დაუცდება ვინმეს ფეხი და შეამჩნევს, განგების შეწევნით შეძლებს თავის დახრას, რის შემდეგაც ისეთი უკუნეთი ჩამოწვება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააქრობს მის გარშემო. ყოველ შემთხვევაში, ერთი წუთით მაინც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი