ერთი მწიკვი სიმართლე

ეს ყველა ისე სწრაფად მოჰხდა, ისე სწრაფად, რომ კაცი ძლივს მოასწრებდა თვალს….

ალექსანდრე ყაზბეგი

1.

ლუბა

შავლეგი, კაცო?! დედამისის გაზრდილი ვარ, ძუძუ არ უწოვებია, თორემ სანამ თავისი პატარები შეესეოდნენ, გულში ვყავდი ჩახუტებული. მერე მე დავტრიალებდი იმის პაწაწინა გოგო-ბიჭს.

ეტყობა ასეა მოწყობილი – რაც თვალს ახარებს, დიდი ხანი ვერ რჩება, ყოველი წამი დათვლილი აქვს ზევიდან. როცა დრო მოაწევს, დაუძახებენ და… ხან ტრაღიკული შემთხვევა ჰქვია ამას, ხან – ჩაქცევა და ინფარქტი.

ანევრიზმა, არა? – რა და რა სახელებს არ გამოიგონებენ დალოცვილები, შიში რომ შეაწმინდონ, გული დაიმშვიდონ, მეზობელ-ნათესავებში ილაპარაკონ თამამად: `განგებას ვერ წაუხვალ, რაც შევძელით ეგ იყო, ცდა ჩვენ არ დაგვიკლია და წამალი, უფალთან მართლები ვართო~. ეგება ასეც იყოს, მაგრამ მკვდარზე საბრალო მე მაინც ის ჭირისუფალი მგონია, თავის მართლებას რომ მოჰყვება.

სამოცდაათისა იქნებოდა, ნამდვილად. ბოლო წლებმა მოტეხა, თორემ სულ ჯანზე იყო, ჩამოწოწილს ვერ ნახავდი. სოფლის ავ-კარგზე ყური ჰქონდა მიგდებული და სხვისიც სტკიოდა, სხვისიც უხაროდა. მახსოვს, მომდურავები ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი კაცები მტერსაც ხელად იჩენენ და არც უშინდებიან.

 

ჯავარა

სულ ტყუილად გგონიათ, რომ ვინმეს წინაშე უკადრისი და ცოდვიანი ჩამედინოს რაიმე. მერე რა – იარაღი ვის არ სჭერია ხელში, ოდითგან იარაღში იჯდა ნახევარი ქვეყანა. მიწისა და მამაპაპეული საგანძურის დასაცავად ვარდები და დაფნის რტოები აღარ კმაროდა – არც უწინ, არც ახლა. გულიანი გაბრძოლება, თავდაცვა და შემოტევა იყო ჩვენი გამოსავალი. ამ ბოლო დროს დაიწყეს მშვიდობის ქადაგება, მთელი სამყარო ფეხზე დადგა, ესაო და, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ თავიდან, ისაო და, ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთო. ნეტა მაცოდინა, როდიდან დავჭკვიანდით?! რაც გვიცხოვრია, ომით გვიცხოვრია, იმ ტაძრებსაც ომით ვიცავდით, თორემ, მე შენ გეტყვი, რომელი ერთი შერჩებოდა აქამდე. თავი კი მოგვაქვს, მაგრამ ერთი ისტორიაშიც ჩაიხედეთ, რა მსხვერპლის ფასად შემოგვინახავს თუნდაც ერთი იმათგანი…

გავწამდი, ჩემო ბატონო, ჭორებს მიყრიან, არამზადებისა და ხელიდან წასულების დასასჯელად დაგეშა ბიჭებიო. ყოველთვის ვამბობდი (ჯანდაბას ჩემი თავი!), მხოლოდ სამშობლოს მოწოდებაზე გამოვალთქვა გარეთ, სხვა დროს ხმას არ ამოვიღებ, თითქოს არც ვყოფილვარ-მეთქი. საკეთებლის მეტი რა მქონდა – წინ ისეთი წიგნები მედო, დაწყებული და მისამთავრებელი, ზოგიერთი (გადაჭარბების გარეშე) მთელ ევროპაში სახელს გამითქვამდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მენატრებოდა კიდეც ჩაჯდომა და მხოლოდ ჩემს ფიქრებში ხეტიალი. ცოდვის კითხვა იყო, ქარიშხლიანი და შინაარსიანი ცხოვრება დაუწერელი დამრჩენოდა. ბევრს შევესწარი, ბევრიც სხვებისგან ვისწავლე ამხანობაში, წესით, კარგი ამბები უნდა გამომსვლოდა. ვინ გაცალა…

არა, ჩემკენ ნუ გამოიშვირეთ თითი, ბედოვლათებო! ვინც გამოიშვირა, აღარ დადგომია ხეირი. ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს ცხოვრებაში: უწყინარი კაცი არ უნდა გამოიწვიო, თორემ რაც სალახანასთან გაგივა, წესიერი არ შეგარჩენს და სანანებლად გაგიხდის საქმეს. აჰ, აჰ, როგორ ვიზოგავდი თავს, მეგობრებსაც ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ რომ მაქეზებდნენ, ახლა შენი ჯერია, გამოწვევა უნდა მიიღო, სულერთია – დედიკოს ბიჭის იქნება თუ უკანასკნელი ხულიგნისო. პასუხს ყველა იმსახურებს. მერე ეამაყებათ კიდეც, ყურადღების ღირსად რომ ჩათვლი და დააფასებ. თავსაც შეგაკლავენ ულაპარაკოდ…

მაგრამ თქვენ ნუ გგონიათ, ამ ცხოვრებით მეცხოვროს ოდესმე, ან ვინმე გამეწიროს, ვინმე არ დამეზოგოს. დამიზნებული ამიცდენია შეგნებულად და ამის მოწმეებიც მყავს. დემაგოგიას მოეშვით, ძალიან გთხოვთ! სულ შემთხვევით მოხდა. აქეთა ნაპირზე ჩვენ ვიყავით, სანგრებში ისხდნენ ბიჭები, სამი დღე ლუკმაპური არ ეჭამათ. სამშობლოს გასაჭირი, თორემ ამხელა გზაზე რა რჯიდა ინტელიგენციისა და ნაღები საზოგადოების შვილებს, დე ძესიტში გაზრდილები აკობებში რომ ეყარნენ დღედაღამ; იქით გაურკვეველი ხალხი იდგა, ვინაც დროშებითა და ბელადის სურათებით იბრძვის ყოველთვის, უფრო სწორად, ჯერ შაოსან დედებს მიუშვებს წინ, შეეცოდებათო, და ამათ ამოფარებული, მხდალივით მოაყოლებს ტყვიას. უნამუსობის ბატალიონი! ღირსნი იყვნენ, დაუფიქრებლად მიგვეშვა ჯერი, დედაწულიანად გაიჟლიტებოდნენ ჭკუამცდარები, მაგრამ აქაც დავინდე ჩემი მოყვასი და სნაიპერს ვუთხარი: ერთი გადახედე იქაურობას, ვინც საეჭვო ნახო, ტყვია არ დაგენანოს-თქო. იმანაც, სულელმა, ყველაზე ახოვანი ვინც იყო, ის გამოიჭირა და შუბლში დააჭედა პირდაპირ. არადა, როგორც შემდეგ მითხრეს, სლუჩაინი ტიპი ყოფილა, ხელოვანი კაცი. ბიჭები იხოცებიანო და გამოქანდა უაზროდ, უიარაღოდ. თვითონაც არ იცოდა, სად ამოყო თავი. ვერც გაიგო, ისე გათავდა…

 

ზიკო

რაც თავი მახსოვს, სულ სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ არასდროს გვისაუბრია სკოლის შესახებ. ჯერ ერთი, თვითონაც ერიდებოდა სამსახურის ამბების ოჯახში შემოტანას, შვილიშვილებისთვის მოყოლას და მეორეც: მე, რაც სხვისგან მესმოდა, ისიც მყოფნიდა სოფლის სკოლის დირექტორზე, რომელიც დილაუთენია გადის (ბებიაჩემი ჭიშკრამდე მისდევდა წამლებით ხელში, დალევა არ დაგავიწყდესო) და შინ გვიან ბრუნდება. ხისტი, პრინციპულია და, ხმებს თუ დავუჯერებთ, მექალთანეც.

ეს უკანასკნელი არასდროს უღიარებია, უფრო პირიქით – თავს არიდებდა და რასაც შევსწრებივარ, ხუმრობითაც არ უნდოდა თავისი თავგადასავლების გახსენება. სამაგიეროდ, ერთხელ, შუქი რომ არ მოვიდა (არც გაგვკვირვებია) და ყველანი ლამფას შემოვუსხედით……

სახლს ვაშენებდი, მეგონა ყველაფერი მოვიმარაგეო. მასალები მოვზიდე, სხვებიც მეხმარებოდნენ, მარტო რას გავხდებოდი, გზადაგზა მემატებოდა საზრუნავი და მოსატან-წასაღები, მაგრამ როგორღაც ავუდიოდი, საშველიც გამოჩნდებოდა ხოლმე, ხელსაც ვიღაც წამაშველებდაო. საქმესაც შეეტყო – წინ მიიწევდაო. ერთხელ, ვდგავარ ამოყვანილ კედლებთან, გავცქერი ოთხივე კუთხეს და ფიქრში მაქვს, დღე-დღეზე იატაკი უნდა დავაგო, ოთახებსაც მოვხაზავ და ცოლ-შვილს შემოვიყვან-თქო. ის დროა, ერთიანად რომ გაუჭირდა ყველას. მასწავლებლებს რა უნდა გვქონოდა – რაც გვქონდა, აღარ გვიჩერდებოდა ხელში. ამ დროს კი ისე იმედიანად, გულიანად ვარ, ფონს გავედი, აჩხერილი კარკასი სახლს დაემსგავსა და… თურმე რაც ფიცარი მაქვს, ოდნავადაც ვერ გაწვდება იატაკს! სულ ოდნავ! საიდან გინდა მოიტანო, ვის გინდა თხოვო. ვისთანაც მიმესვლებოდა, შეწუხებული მყავს ყველა: ზოგმა ისე გამიმართა ხელი, ზოგმა მადროვა და მერე გავუსტუმრე, რაც ჯამაგირი მქონდა, ისედაც ამ სახლს ვახმარდი. თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ იტყვიან, იმ დღეში ჩავვარდი. მოკვდი თუ გინდა! ან სად გინდა იშოვო, ან რა უნდა ქნა, მეტი რომ იშოვო და ამ ხელმოჭერილი ყოფიდან გააღწიო. რას იზამ, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. რაზეც ოცნებობდი და დღე-დღეზე ასრულებული გეგონა, ისე დაგშორებია, ისე ერთიანად წამოუკრეფია საგნები, უკვე იმ ფიცრებსაც ვერ ამჩნევ, მოხდენილად რომ ეწყო და მხოლოდ იმისთვის გყოფნიდა, იატაკის დაგება რომ დაგეწყო. დაგეწყო და მეტი არაფერი. უკვე ვერაფერს ვამჩნევდიო, ყველაფერი ჩამმწარდა და ყველაფრის ხალისი დამეკარგაო, – ჰყვებოდა ბაბუაჩემი, – ხელები ავიფარე სახეზე და უღონობისგან ავტირდიო. ამას შევაფარე თავი, სასოწარკვეთისგან ამან მიხსნაო.

 

მერაბი

თუკი ინებებ, გამოგვყევიო. არა, ტყუილს ვამბობ, ჩემს არჩევანზე არ ყოფილა ეგა. ახლავე ადექი და გამოგვყევიო, უფრო ეგ იყო, მაგან რაც მითხრა. რა უნდა მექნა, ფეხზემდგომელამ ავისხ-ჩავიცვი ყველაფერი და სანამ კართან დაყუდებულ ვილისამდე ვუწევდი, კინაღამ ჩემი დამემართა: სად და ვისთან მივყავართ ამ თარს დღეს დაბადებულებს და ქვეყნის ამომგდებებს-მეთქი. შიში კი შემიჯდა კანში, მაგრამ სირცხვილის უფრო მეშინოდა გონია. ჩემი ხნის კაცს, ორმოცს ვინც გადასცილდება, ნაჭამი აქვს ყველა შიში და მძღნერი, ამიტომ სახლში რომ მოადგებიან, თავის თავზე აღარ ნაღვლობს, შვილებზე უფრო ეფიქრება, იმათი ბედი და მომავალი უფრო უჭერს ყელში. თავი ისე დავიჭირე, ჩემებისკენ არც კი გამიხედავს, თითქოს არ არსებობს, სულიც არ უდგიათო. არადა სულ იმის ფიქრში ვიყავი, ვინმემ მათი ყოფნა არ დაიხვიოს ხელზე და რაც ვიცი და რაც არ ვიცი, რაც მინდა და რაც შემიძლია, ყველაფერი მაკისრებინოს ამ მუხთალ დროებაში-თქო. არ იკისრებ და გამოჩნდება მკისრებელი, შენ კი სირცხვილს სირცხვილად გაჭმევდნენ და არც შენს შვილებს დაადგებოდათ კარგი დღე. ვისთანაც ჩავჯექი და სადაც მივდიოდით, ჩაჯდომიდან ორ წუთში ვიცოდი მე, არც ერთი გამკვირვებია და არც მეორე. აბა, ბიჭო, ცენტრიდან რომ მოდიან დაგეშილები და დავალება ხელში უჭირავთ, შენ გკითხავენ ახლა, ვისთან რანაირი გონორით და პახოდკით მივიდნენ. გზის მაჩვენებლად ვჭირდებოდი მე მაგათ, ჩემზეც კი სმენოდათ ერთი-ორი, ყურმოკრული სიტყვა, მაგრამ ჩემი რჩევა არც მანამდე და არც მერე არ დაჭირვებია იმ კამანდას… მრჩევლები თვითონ იყვნენ, ახალმოყვანილ მეთაურს გეწი-გეწ, მიყოლებით ანიშვნინებდნენ გამგებლებს, გუბერნატორებს, მილიციის უფროსებს, პროკურორებს, ორი თავი უნდა გქონოდა, მაგათ ნებას წინ გადადგომოდი.

2.

ზიკო

– შენოდენა ვიქნებოდიო, – დინჯად ყვებოდა, აუჩქარებლად, თითქოს პაუზებს შორის წლებს ტოვებდა, – როცა ყველაზე სუსხიანი ტკივილი ვიგრძენი პირველად. ტკივილი კვდომის განცდაზე არანაკლებია, ზოგჯერ ერთი მშვიდი სიკვდილიც განატრებინოს იქნება. გამჩენს ეხვეწები, გამათავე, რას მაწვალებ, მომასვენე ამ საცოდაობისგანო.

სოფელში, არ ვიცი რაღაზე და რანაირად, სამხედრო მანქანით რუსი სალდათები იყვნენ მოსული. ვერ გეტყვი, იყვნენ თუ უბრალოდ ჩვენს სოფელზე გადიოდა მოჭრილი გზა და აქედან არჩიეს წასვლა. მე მხოლოდ ის მახსოვს, შინდისფერი ბედაური რომ მება საბალახოზე, ამ ჯარისკაცების დანახვაზე თოკი ავხსენი და მანქანას გამოვენთე.

გაჭენება უნდა, თორე ყველა ცხენი ისედაც თოხარიკია. ჰაერს ტალღებად მივშხეფავდი, ლაგამიდან ხელი მისხლტებოდა, გაოფლილ ცხენზე სრიალებდა უნაგირი, რუსები მანქანის უკანა კოფოდან მისტვენდნენ და მახელებდნენ. შესახვევთან ცხენი მოსრიალდა უცები შემობრუნებისგან, სადავე ვერ შევიმაგრე და უნაგირს მოვწყდი.

გაფრენაზე მეტად დახეთქება მახსოვს. მუხლით დავემხე გაღორღილ მიწაზე. სისხლმა ტანსაცმლიდან გამოატანა, ტკივილმა წამართვა გონება. გამოფხიზლებულს თავი მკვდარი მეგონა. თვალში კარგახანს ვერ გამოვიხედე. ყურში ჯერაც ჩამესმოდა აუტანელი წუილი. დაგლეჯილი სახე მეფხანებოდა, უმორჩილოდ მითამაშებდა ნატკენი მუხლის კუნთიო.

 

ჯავარა

ვიღაცები მეტყვიან, შებრალება არ იციო… მომიგონეს ყველაფერი! ყმაწვილობიდან, ციხიდან, ქუჩიდან ამ თხზვითა და ჭორხაბარებით ვცხოვრობ. დაეტიონ თავიანთ ქერქში, ოღონდ მე წერა მაცალონ, ვიღაცებივით ტყუილ მემუარებს კი არა, ნაღდ წიგნს დავწერ. ერთს და ნაღდს, სადაც დაწვრილებით ვიტყვი, რაც გადამხდა, შეულამაზებლად; კარგს კარგად მოვყვები, ავს – როგორც სინამდვილეში იყო. თუ ცოდვა მქონდა, ჩემმა ხალხმა განსაჯოს, იმ ცოდვებსაც არ მოვერიდები – უცოდველი არავინაა, გენაცვალე, და ერთხელაც ყველას მოუწევს თავისი წილი გოგირდის შეჭამანდი, ცოტაც – კუპრი და წუმწუმა.

ოღონდ კი ის ერთი, ისა… იმას კი არ ვნანობ და არც ოდესმე დამავიწყდება, პირიქით, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, ცოცხალი როგორ გადამირჩა ღრჯო მოხუცი, როგორც ამბობდნენ, სოფლის სკოლის დირექტორი. მაგის სახე ახლაც თვალწინ მიდგას…

 

ლუბა

შენ პატარა იქნებოდი მაშინ – ნაშუადღევი იყო. მანქანა არ ჭაჭანებდა და ფეხით გამოვუყევი. ვიფიქრე ცუდ დღეს გაჩენილმა, ერთი-ორი გროში რომ მაქვს გადანახული, რა შავ ქვად მინდა, ისეთი სუნი ტრიალებს, ოხრად დაგვირჩენენ-მეთქი ყველაფერს, დილაუთენია ავდექი და ქალაქისკენ დავეშურე. ჩემს ბედად, ბაზარშიც არ იყო ხალვათობა – რაგინდარა საქონელი არგამად, შეღავათში იყიდებოდა. რასაც გავწვდი, მოვხვეტე და ტომარაში გამოვახვიე. თავიდან კი მემძიმა, ხელები დამაწყდა, დამეღალა, მაგრამ არ შევიმჩნიე ათას გაჭირვებაგამოვლილმა. მერე კიდევ ისაა,

სხვამ არ უნდა შეგნიშნოს მოტეხილი და დაუძლურებული რომ ხარ, თორემ გაიხარებს უეჭველად, სახეზე თუ არ შეეტყო, გულში ჩაეღიმება, იტყვის, ამასაც მოსწევია მიქელ-გაბრიელიო.

როგორც იქნა მოვაღწიე მოსახვევამდე. სიცივისგან დაკბენილი გაჩერებას არც ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მანქანამ გამიჩერა, ვიღაცამ გადმოყო თავი და, – დედი, სკოლის დირექტორი ხომ აქ ცხოვრობსო, – მკითხა. ზრდილობიანი ჩანდა. იმან კი დამაეჭვა, სამხედრო ფორმა რომ ეცვათ, თუმცა ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ვუთხარი სადაც ცხოვრობდა პატივცემული დირექტორი. იმ გზაზე მივდივართ და ბარემ წაგიყოლებთო, – დამიძახეს და რომ ჩავჯექი, სიგარეტისა და კაცების სუნით გამთბარ მანქანაში უარესად მომეკვეთა ფეხი დაღლილობისგან.

მერე ჩამომსვეს, თვითონ უკან შებრუნდნენ და დირექტორის ჭიშკართან ატეხეს სიგნალი. ცნობისმოყვარეობამ მძლია რატომღაც – არ ვარ ისე სეირსა და ტაშ-ფანდურს მიყურადებული – გამოღებული ჭიშკარი მივატოვე, ტომარაც მივჩურთე სადღაც, ხეს ავეფარე და ახლო რომ მივიწიე… სამნი იდგნენ, ეწეოდნენ და ჩაბნელებული მანქანიდან გადმოსულები სულ სხვანაირები ჩანდნენ. უფრო საშიშები. ბნელში და სიცივეში გაზრდილებს ჰგავდნენ. ამის ახსნას ნუ მომთხოვ ახლა: როგორც გაიგე ისეთია, უშუქო, უჭრაქო, უნათელო…

სიგნალზე რომ არავინ გამოიხედა, ისევ აპიპინდა მანქანა, ამათაც ხმა შეაშველეს, ხან ერთმა დაიძახა, მეორემაც არ დააკლო ხმა. როდის-როდის გამოჩნდა მასპინძელი, მძიმე ნაბიჯით მოუყვებოდა ეზოს, უკან არც მიუხედავს, თითქოს გაგდებულმა თუ გაბრაზებულმა მოიხურა კარიო.

 

3.

მერაბი

შესახვევთან ოდნავ შეანელა და შეუხვია მკვეთრად. შესახვევიდან ჭიშკრამდე ორასოთხმოცი ნაბიჯია. სულ ზეპირად ვიცი ყველა ნაბიჯი, იმდენჯერ ვყოფილვარ. აქაურ ხრეშს და კენჭებს სახელებით ვცნობ, მაგრამ ჯობია ხალხს არ ვიცნობდე, ისეთ დღეში და ისეთ საქმეში ვარ ახლა. კიდე კაი, ღმერთს მადლობა, შესახვევთან აყვანილმა, ძაძაგახუნებულმა და ტვირთისგან მისავათებულმა ქალმა არ მკიდა თვალი. ის მომენტია, თავი რომ უნდა მოიკლა კაცმა, მაგრამ ვერც ამას შვრები, თავის მართლებაც და თავმოყვარეობაც ერთი მიწისგანაა მოზელილი – სიცოცხლე რომ გიყვარს და არ გეთმობა, ე მაგისგან.

– ა, ეგ არის და თუ არ გჭირდებით… ან მე რაში გჭირდებით… – უკანა სკამზე, ფანჯარასთან მივიყუჟე. სირცხვილი დორბლად მდიოდა, ფაფანაჭამი ბავშვივით, სიბრაზისა და უმწეობისგან მაცახცახებდა.

ჯავარას ჩემკენ არც გამოუხედავს, ვილისიდან ჩავიდა და ჭიშკარს მიადგა.

 

ლუბა

სტუმრებმაც მიიწიეს ჭიშკრისკენ, სალამი თქვეს.

ერთი, ეტყობა, უფროსი იყო მაგათი, ხმამაღლა ლაპარაკობდა, რიხიანად: შენა ხარ დირექტორიო? – შავლეგმა თავი დაუკრა.

– გეცოდინება, ძიაკაცო, გუშინ გადმოვლახეთ მდინარე, ბევრი ბიჭი დაგვეკარგა შეტაკებაში, დაჭრილებიც გვყავს. ქალაქიდან გვეუბნებიან, ყველა შტაბი სავსეაო…

– ჰო…

– არ შეგაწუხებდით, მაგრამ, აი, კაცურად, ღამის გასათევი ადგილი არა გვაქვს და თქვენკენ მოგვასწავლეს, სკოლის დირექტორიაო…

– დიახ, სკოლის დირექტორი ვარ.

– აგაშენა ღმერთმა! დირექტორი რომ ხარ, გასაღებიც გექნება უეჭველად, ჩვენც ამისთვისა ვართ მოსულები. გაგვიხარდებოდა, თუ შეირბენდი და გამოგვიტანდი…

 

ჯავარა

საღამო იყო, სახლში რომ მივადექით და შორიდანვე შეეტყო ნაბიჯებზე – ნერვიულობდა. სულმთლად გაფართოებული თვალები გაურბოდა სადღაც. კაცურად ვთხოვე: ამხელა გზა გამოიარეს ბიჭებმა, ზოგი დაჭრილია, ბევრიც – დახოცილი, ძლივს ვაკავებ დანარჩენებს, მარადიორობა რომ არ დაიწყონ სოფელში. ღამის გასათევი არა გვაქვს და სანამ ეს უძინარი და მოშიებული მასა დარევია აქაურობას, გააღე ეგ შენი სკოლის კარები, ცოტა ხანს დავრჩებით და მალე ჩაგაბარებთ-მეთქი. წინდაწინ ვიცოდი, უარს მოხევდა. “არ შემიძლია, სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლიო” – თავი რომ გადაიქნია, ეგრევე ქამრისკენ წავიღე ხელი.

 

ლუბა

შავლეგი მახსოვს გაფითრებული: მკვდრისფერი ედო სახეზე, ხელის მარჯვენა მტევანი უკანკალებდა და ვიფიქრე, დამთავრდა ყველაფერი, დამთავრდა სიცოცხლე-მეთქი, მაგრამ მანქანიდან ვიღაც გამოვარდა, მეოთხე, ღმუილით, ხვეწნით, – არ ესროლო, არ მოკლა, მაგის გაზრდილი ვარო, მუხლებში ჩაუვარდა უფროსს. იმას ბებუთი ეჭირა ხელში შემართული, იგინებოდა და შავლეგისკენ იწევდა, ამის დედაც და რჯულიც, ამის სკოლაც და ოჯახიც, როგორ მაკადრა, უარი როგორ გამიბედაო…

იმ დღეს ნახევრად ჩამოიქცა ბაბუაშენი, ახლა კიდე – ანევრიზმაო!

…ვაი, რას მოვესწარი! ეს რა გავიგონე, კაცო… რა ოხერ დღეზე გამაჩინე, დედა მარიამ, ამდენ გაშავებულ, გაქვავებულ ვაჟკაცს რისთვის მაყურებინე!..

კომენტარები

comments