შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ოკუპაციის ლაქა

ლიტერატურის მოყვარულებს   გვიფიქრია, გვისაუბრია, ალბათ, ცხარედ გვიკამათია კიდეც კარგი ლიტერატურის ხიბლზე.  ბევრი არგუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რა ,,გვაიძულებს“  გატაცებით ვიკითხოთ ერთსა და იმავე თემებზე სხვადასხვა ავტორის ტექსტები.  რატომაა, რომ ნიჭიერი ავტორები ახერხებენ წერონ იმ თემაზე, რაზეც   გენიოსებად აღიარებული ავტორები წერდნენ,  თუმცა  ახალი ავტორების   ნაწარმოებებსაც   სულმოუთქმელად ჩავიკითხავთ და  ახალ საფიქრალსაც გავიჩენთ  კარგად ნაცნობ თემებზე.   ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება, მაგრამ ახალი შტრიხებით მდიდრდება, ჩვენი წარმოსახვითი ლიტერატურული  გალერეა ახალი პერსონაჟებით ივსება,  ვიხიბლებით ახლადაღმოჩენილი   ტექსტებით, მოქნილი, ფრთიანი ფრაზებით.

რუტა სეპეტისი ამერიკაში დაბადებული  ლიტვური (თუ ლიეტუვური?!) წარმომავლობის მწერალი ქალია, რომელიც შესაშურად  ახერხებს,    კიდევ ერთხელ შეგვიკრას სუნთქვა და წაგვაკითხოს მისი რომანი  ,,რუხ ჩრდილებს შორის“, მძიმე  ისტორიებით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით,  მოხდენილი ფრაზებით  ისევ დაგვაფიქროს    საბჭოთა ოკუპაციასა  და კომუნისტური მმართველობის სასტიკ ბუნებაზე.   ჩვენ ის ხალხი ვართ,   კოჯორში იუნკრები რომ დაგვიხოცეს და მარო მაყაშვილი მოგვიკლეს, შორაპანში ვაგონში გამომწყვდეული ხალხი დაგვიხვრიტეს, სტალინის ქართველობის გამო,  პატრიოტული გრძნობებით გულანთებული ახალგაზრდები მტკვარში გადაგვიყარეს,  მოცეკვავე გოგონები ნიჩბებით აგვიჩეხეს, საბჭოთა ოკუპაციის გადმონაშთი რუსული ოკუპაცია დღესაც მავთულხლართებით  მოიწევს და  ახალგაზრდებს გვაცლის ხელიდან.  კომუნისტურ დიქტატურას შეწირული მილიონობით ადამიანი იმსახურებს, რომ ისინი გვახსოვდეს,  ლიტერატურა კი ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, თან რომ გვახსენებს და გვაფიქრებს კიდეც.     ამ თემაზე    ევროპელი თუ ამერიკელი ავტორებისგან განსხვავებით   საბჭოური სივრცის  ავტორებს  უმეტესწილად  რეალობის თითქმის სარკისებური ასახვა ახასიათებთ. მათი  პერსონაჟები  პრაქტიკულად რეალური  ადამიანები  არიან,   ვცნობთ ზოგიერთი მათგანის   პროტოტიპებს ისტორიის სახელმძღვანელოებიდან და დოკუმენტური წყაროებიდან. ამბები, რომლებიც მათშია აღწერილი ჩვენთვის ნაცნობია. საშუალო თაობის ადამიანებს  გვახსოვს, როგორ შემოიპარებოდა ხოლმე ჩვენს   ბავშვურ ცხოვრებაში მშობლების, ბებია-ბაბუების, სხვა ახლობელი ადამიანების წრეში  გახსენებული ამბები გადასახლებულ, დახვრეტილ, დაპატიმრებულ ადამიანებზე, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მათ ,,რაღაც“  ისეთი თქვეს, რაც არ უნდა ეთქვთ.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოგვეცა  კანონიერი და უსაფრთხო საშუალება გაგვეგო ის, რასაც  მანამდე არაფორმალურად ვეცნობოდით.  მილიონობით ტირაჟით დაიბეჭდა  საბჭოთა წლებში ხელიდან ხელში ,,სამიზდატით“ გამოცემული ნაწარმოებები, გაიხსნა არქივები, გამოჩნდა დოკუმენტური კინო-ფოტო მასალა,  თითქოსდა ყველაფერი ითქვა, ვერდიქტიც დადგა – კომუნისტური პარტია აიკრძალა,  საქართველოს გასაბჭოებას საბჭოთა ოკუპაცია დაერქვა, მაგრამ  ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოო წერტილი მაინც ვერ დასვა. დამოუკიდებლობას ყველასათვის ცნობილი ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა, დავდექით ჯერ კიდევ გადაუჭრელი უამრავი პრობლემის (ეკონომიკური, ტერიტორიული,  პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული …..)   პირისპირ.   უფროსი  და საშუალო თაობის ნაწილში კომუნისტურმა  ნოსტალგიამაც იჩინა თავი.  საინტერესო ფენომენია,  ათწლეულების წინ ოფიციალური დაწესებულებები (მათ შორის სკოლა), ,,ბედნიერ“ საბჭოთა ცხოვრებას უწევდა პროპაგანდას,  არაფორმალურ გარემოში კი ანტისაბჭოთა აზრების მოსმენა შეიძლებოდა. ახლა რაღაცნაირად შებრუნებული ვითარება შეგვექმნა, ოფიციალურად დაგმობილ კომუნისტურ მმართველობას არაფორმალურად ბევრი მოტრფიალე ჰყავს შემორჩენილი,  საბედნიეროდ, მათ მოსაზრებებს  სიტყვის და გამოხატვის  თავისუფლება იცავს და ციხეებსა და გადასახლებებში არავინ მიერეკება.

ცნობილი გამონათქვამის თანახმად   ერთი ადამიანის სიკვდილი  ტრაგედიაა, მილიონების კი სტატისტიკა. კომუნისტურ რეჟიმს შეწირული მილიონები ისტორიის ფოლიანტებში ჩაკარგულ სტატისტიკად რომ არ იქცეს,  კარგი იქნება, თუ ბავშვებს წავაკითხებთ ისეთ წიგნებს, სადაც ამ უდანაშაულო მილიონებს სახელები ერქმევათ და  თავისი ტრაგედია ექნებათ.   15 წლის ლიტველი გოგოს გმირული ბრძოლის ისტორია (სხვა მთავარ პერსონაჟებთან ერთად) თინეიჯერებისთვის  გასაგები და მისაღები თხრობის სტილით, წერის  განსაკუთრებული მანერით, რეალისტური  პერსონაჟებით და დასამახსოვრებელი  ფრაზებით,  გვეუბნება, რამდენად ამაზრზენია რეჟიმი, რომელიც  მომავალს უნგრევს უნიჭიერეს გოგოს, გაუსაძლის პირობებში დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად  ბინძური ვაგონით მიერეკება გაურკვეველი მიმართულებით, აიძულებს, ჩაებღაუჭოს ყოვლად წარმოუდგენელ იმედს, რომ მის მიერ  ცნობილი მხატვრის, მუნკის სტილში შექმნილი ნახატები ხელიდან ხელში გადავა და მიაღწევს სადღაც  გადასახლებულ მამას. ამ წიგნში ბევრია გაცილებით შემაძრწუნებელი სცენა, მაგრამ მინდა ის მომენტი გამოვყო, ტყეში სამუშაოდ გასული ბავშვები მკვდარ ბუს რომ  იპოვიან, რომელიც НКВД-ს ჯალათების  შიშით ქურთუკში დამალული მოაქვთ ქოხში და ,,დიდებულ“ ვახშამს მოიწყობენ.

დაბოლოს,   Liberteens-ის სერიით გამოცემული ამ  წიგნით   თინეიჯერები   კოშმარულ ამბებს გაეცნობიან, მაგრამ რუტა სეპეტისის ოსტატობის წყალობით    ადამიანში   ღირსების, თავისუფლების სიყვარულის, ერთგულების, ოჯახის წევრებისადმი თუ უცხო ადამიანებისადმი  თავდადების ღრმად ჩამჯდარ უნარებს აღმოაჩენენ.   სიცოცხლისათვის ძლიერი ადამიანები ამქვეყნიურ ჯოჯოხეთშიც იბრძვიან,  ციმბირის მიკარგულ ტაიგაში ობლად დარჩენილ ჩვენს მთავარ გმირს თავზე დამტყდარი და მის თვალწინ მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიების  მიუხედავად სიცოცხლე სწყურია, რადგანაც  სურს მოესწროს ძმის გაზრდას,  ისევ ნახოს მშობლიური ლიტვა, იურთიერთოს საყვარელ ადამიანებებთან,  შეიგრძნოს მისი სახლის ფანჯარასთან ნიავის მიტანილი შროშანების სურნელი. თუმცა სიყვარულთან ერთად მას სიძულვილიც აძლებინებს, ამ საშინელი წლების განმავლობაში გოგო   მეგობრის სიტყვებს იხსენებდა : ,,ნუ შეშინდები, ნურაფერს მისცემ მათ, ლინა, თვით შენს შიშსაც კი“.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი