ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

საშინაო დავალების ინსტრუქციები, ანუ „არვიცირადავწეროს“ წინააღმდეგ

საშინაო დავალებები ჩვენს სასკოლო პრაქტიკაში ყოველდღიური რუტინის შემადგენელია. თითქმის ყველა საგნის მასწავლებელი, როგორც წესი, მოსწავლეს აძლევს ყოველდღიურ საშინაო დავალებას, წერილობით შესასრულებელს.

ყოველდღიური საშინაო წერითი დავალებები, უმეტესწილად, დიფერენცირებული არ არის, მოსწავლე არჩევანს არ აკეთებს თავისი შესაძლებლობების ან ინტერესების გათვალისწინებით.

კლასს ეძლევა ერთი დავალება, ყველა მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს ის.

 

აქ ჩნდება რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა:

1.ყველა მოსწავლე აკეთებს დავალებას?

2.ყველა მოსწავლე ხარისხიანად ასრულებს მოცემულ დავალებას?

3.მოსწავლეები ინტერესით ასრულებენ დავალებას?

4.მოსწავლეებს გააზრებული აქვთ დავალების მიზანი?იციან, რატომ უნდა შეასრულონ დავალება? ხვდებიან, რა უნარების გაუმჯობესებაში ეხმარება დავალება?

5.იმის მიუხედავადაც კი, თუ დავალება მათ მოსაწყენი ეჩვენებათ, ცდილობენ შესრულებას „შემეცნების ხათრით“?

6.ყველა მოსწავლე შეძლებს მოცემული საყოველთაო დავალების შესრულებას? (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ინდივიდუალური დავალება არ იგულისხმება).

ჩემი გამოცდილებით, ექვსივე კითხვაზე ყველაზე გულწრფელი და ამომწურავი პასუხია – არა. ან – უფრო ხშირად – არა.

გამოდის, კლასში ყოველთვის არიან მოსწავლეები, რომლებიც საშინაო დავალებას არ/ვერ ასრულებენ, ასრულებენ უხარისხოდ ( მოვალეობის მოხდის მიზნით, პატივისცემით, ხათრით, იწერენ სხვისგან სასჯელის თავიდან არიდებისთვის…), ინტერესისა და მოტივაციის გარეშე, მოსწავლეები, რომლებსაც არ აქვთ გააზრებული საშინაო დავალების მნიშვნელობა ან არ აღიქვამენ დავალებებს სერიოზულად.

ბევრს ვფიქრობ და ვკითხულობ სხვადასხვა სტრატეგიებსა და ინსტრუქციებზე, მოფიქრებულსა და წაკითხულსა ყოველდღიურ პრაქტიკაში ვნერგავ, აქედან რაღაცები „მუშაობს“, რაღაცები – ნაკლებად.

ამ წერილში  მოსწავლეებისთვის შეთავაზებული მოდიფიცირებული დავალებები და ინსტრუქციები მინდა გაგიზიაროთ, რასაც „უმუშავია“.

„იმუშავა“ – ნიშნავს:

მოსწავლეს აუმაღლდა დავალების შესრულების მოტივაცია ( ეს უკვე „სანახევრო გამარჯვებაა“);

მოსწავლემ დაიწყო დავალების შესრულება, მოტანა(!) და გაზიარება(მოზარდებს, რომლებიც არ არიან დარწმუნებულნი საკუთარ  შესაძლებლობებში, უჭირთ სხვებისთვის მოსაზრებების გაზიარება);

მოსწავლემ შედარებით გაიუმჯობესა წერითი მეტყველება, კითხვისა და წაკითხულის გააზრების უნარი.

ინდივიდუალური მიდგომა

„მოლაპარაკება მხარეებს შორის“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ორ პიროვნებას შორის მოლაპარაკებამდე უნდა დავიყვანოთ. არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, ვისთვისაც ერთი და საყოველთაო ინსტრუქციაც საკმარისია. დაფაზე დაწერილს ჩაინიშნავენ, მეორე დღისთვის შეასრულებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უნარი არ და ვერ გამოუმუშავდათ სათანადოდ. დავალებების არშემსრულებელი მოსწავლეების უმეტესობა ასეთია – არ მახსოვდა, არ მეწერა რა უნდა გამეკეთებინა, არ ვიცოდი, დავალება თუ მქონდა, არაფერი მოგიციათ…ყველა ამ მიზეზს ერთი ხელის მოსმით აჩანაგებს პირადი კონტაქტი. სთხოვეთ მოსწავლეს, შეყოვნდეს გაკვეთილის შემდეგ, შეათანხმეთ მასთან დამატებითი შეხვედრის დრო, უთხარით, რომ ბევრ დროს არ წაართმევთ. პატივისცემით განმსჭვალული მოპყრობა რადიკალურად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნისადმი. ორმხრივი პირადი შეთანხმება კი დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ადამიანს. პირადად შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ იმ მოსწავლეებისგან, ვისაც მაინცდამაინც არ შეუწუხებია თავი დავალებების შესრულებით, მიმიღია სათანადოდ შესრულებული დავალება.

ინდივიდუალური დავალება

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ, პროფესიონალ მოცურავეს, წყალბურთელს, წყალში მხტომელს და სერფერს მოგცეს დავალება – 100 მეტრი დისტანციის გაცურვა თავისუფალი სტილით. თუ თქვენ მასწავლებლობასთან ერთად პროფესიონალი მოცურავეც არ ხართ, ცხადია, ყველაზე ბოლო მიხვალთ ფინიშის ხაზამდე. რა უსამართლობაა!

დაახლოებით ასე ვიქცევით ჩვენც, როდესაც მთელ კლასს, რომელშიც სულ მცირე, ორი ათეული ინდივიდია, საერთო და საყოველთაო დავალებას ვაძლევთ. ყოველთვის თუ არა, ზოგჯერ მაინც უნდა მივცეთ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალება და თუ ამას მოსწავლე შინაარსის ზედმიწევნით გადმოცემის ან პარაფრაზირების დროს ვერ ახერხებს, არა უშავს. გააკეთოს ის და ისე, როგორც შეუძლია.

ერთ მოსწავლესთან ასეთი შეთანხმება მაქვს – წერითი დავალებების შესრულება მისთვის ჯერჯერობით დაუძლეველი გამოწვევაა. დარწმუნებულია, რომ ვერ წერს.

შევთანხმდით – ყოველ დღე ერთი თვის განმავლობაში ის წაიკითხავს 10 გვერდს. მან შეარჩია წიგნი, პერიოდულად ვინტერესდები, ახერხებს თუ არა პირობის შესრულებას. მარწმუნებს, რომ კითხულობს. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ ჩვენ დავსხდებით და ის წაკითხულის შესახებ დამელაპარაკება. მერე კი დაწერს 10 წინადადებას, სადაც თავის გამოცდილებას გაუზიარებს მკითხველს. შედეგად – ცუდად შესრულებული, გადაწერილი ან ვერშესრულებული საშინაო წერითი დავალების ნაცვლად მოსწავლე ყოველდღიურად გაიწაფება კითხვაში, გაიმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, საბოლოოდ, აუცილებლად დაწერს 10 წინადადებას და სულ მცირე, იმაში მაინც დარწმუნდება, რომ წერა შეუძლია.

დავუშვათ, რომ მართლა მოსაწყენია, დავუშვათ, რომ მართლა ვერ გაიგეს

ჩვენ გვაქვს ილუზია ( ან ძალიან გვინდა, ასე იყოს), რომ კლასში ნათქვამი ყოველი წინადადება ერთხელ და სამუდამოდ აღიბეჭდება მოსწავლეების გონებაში და „ცხოვლად სულს დააჩნდება“. ხშირად გამკვირვებია, როდესაც მოსწავლეებისგან ისეთი კითხვები მიმიღია, რაზეც, ჩემი აზრით, ამომწურავად და საფუძვლიანად მქონდა ნასაუბრები. გამოდის, ან არ ისმენდა, ან მოისმინა და ვერ გაიგო, ან მოისმინა და სასწრაფოდ დაივიწყა, ან…ან…ათასი მიზეზი.

ხომ ვიცით, რამდენი საფიქრალი, „საზრუნავი“ ( ბრჭყალებშიც და ბრჭყალებს გარეშეც) და საქმე აქვთ მოზარდებს სკოლის მიღმა.

აქვთ!

თითქოს, ტრივიალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ მართლა მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ მათ სხვა უამრავი და უფრო საინტერესო საკეთებლები აქვთ, ვიდრე ჩვენი გაკვეთილები და საშინაო დავალებების შესრულებაა.

ცუდი ნიშნების დაწერა, საშემოდგომოებით დამუქრება, უცოდინრობისა და უვიცობის პერსპექტივა და სხვა ამგვარი „გარე მოტივატორები“, შეიძლება, ჭრიდეს კიდევ ზოგ შემთხვევაში, მაგრამ გამართულ პედაგოგიურ სტრატეგიას ვერ ვუწოდებთ ამ გზას.

მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე მორგებული წერითი დავალება, მკაფიო, ნათელი, გასაგებად ჩამოყალიბებული, მარტივი ინსტრუქცია – შესრულების გარანტია თუ არა, შეუსრულებლობის პრევენცია მაინცაა.

თუ მოსწავლემ მოიმიზეზა, რომ „ვერ გაიგო, რა უნდა დაეწერა“ ან „ არ იცოდა, რაზე უნდა დაეწერა“, შეგვიძლია ინდივიდუალური შეხვედრა დავუნიშნოთ, კიდევ ერთხელ ავუხსნათ, დავრწმუნდეთ, რომ გასაგებია დავალება ( გაამეორებინეთ, რა აქვს გასაკეთებელი და აახსნევინეთ თავად, როგორ უნდა შეასრულოს დავალება) და დავუთქვათ ჩაბარების თარიღი.

მე მესმის, რომ ერთი მასწავლებლის ენერგია, მონდომება, დრო, შესაძლებლობები ვერ ეყოფა ყოველდღიურად ამ სტილით მუშაობას და სამწუხაროდ, ეს შეუძლებელიცაა, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით ამ სტრატეგიების გამოყენება ნამდვილად შეცვლის ატმოსფეროს. ნაცადი და გამართლებული ხერხია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი