შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რატომ უნდა წავუკითხოთ ბავშვებს  ზღაპრები

 

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი, ვისაც ურთიერთობა აქვს ბავშვებთან, გაიზიარებს აზრს იმის შესახებ, რომ ნებისმიერ პატარას, განურჩევლად ასაკისა, ძალიან უყვარს ზღაპრების მოსმენა. როგორც წესი, მათი პირველი საყვარელი წიგნი სწორედ ზღაპრების წიგნია. როგორი სისწრაფითაც არ უნდა ვითარდებოდეს საზოგადოება, როგორც არ უნდა შეიცვალოს ღირებულებები, განწყობები, შეხედულებები აღზრდაზე, ბავშვობის წარმოდგენა ზღაპრების გარეშე შეუძლებელია.

     რატომ არის მნიშვნელოვანი ზღაპარი ბავშვისთვის და რას აძლევს ის მას:

  • ზღაპარი საუკეთესო აღმზრდელი და მასწავლებელია ბავშვისთვის. ზღაპრის გმირების ისტორიები, მათი ქცევები, მათი მოქმედების შედეგები, სირთულეები და ხერხები რთული სიტუაციებიდან გამოსასვლელად ხშირად კარგ გაკვეთილებად იქცევა პატარისთვის იმაში გასარკვევად, თუ როგორ იცხოვროს და როგორ იურთიერთობოს ადამიანებთან. ზღაპრის დახმარებით ბავშვს უყალიბდება ზოგადი წარმოდგენა რეალობაზე, იღებს საწყის ცოდნას ცხოვრებაზე;
  • ზღაპრები, განსაკუთრებით წაკითხულის ერთობლივად განხილვის, გააზრების და გაანალიზების შემთხვევაში წარმოსახვის, ფანტაზიის, მეხსიერების, ლოგიკური აზროვნების განვითარების და ბავშვში ლექსიკური მარაგის გამდიდრების კარგ საშუალებას იძლევა;
  • ეცნობა რა ზღაპრის სიუჟეტს, პერსონაჟების ცხოვრებას, ბავშვი ვითარდება ემოციურად, სწავლობს თანაგანცდას – უხარია და წუხს ზღაპრის გმირებთან ერთად, ეძებს გამოსავალს პრობლემური სიტუაციიდან. ასე რომ, ზღაპრის კითხვა ბავშვისთვის უბრალოდ დასვენება კი არ არის, არამედ მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა;
  • ზღაპარი ხშირად ბავშვში ხასიათის ამა თუ იმ თვისების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება. მისი გავლენით პატარა შეიძლება გახდეს უფრო თამამი, გამბედავი, ყურადღებიანი, გულისხმიერი, კეთილი, მზრუნველი;
  • როგორც წესი, ზღაპრის კითხვისას ბავშვი გაუცნობიერებლად საკუთარ თავს ზღაპრის გმირთან აიგივებს, ამიტომ, აღმზრდელობითი შინაარსის მქონე ზღაპრების კითხვა სერიოზულ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ფორმირებაზე. ჩვეულებრივ, ის ბევრად უკეთეს და სწრაფ შედეგს იძლევა, ვიდრე ბავშვისთვის მომაბეზრებელი უფროსის აღმზრდელობითი, ჭკუისდამრიგებლური საუბრები, რომლებიც ძალიან ღლის მას და ხშირად არც კი ისმენს;
  • ზღაპრები ბავშვებში გარკვეულ ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაშიც დიდ როლს თამაშობს. მათი საშუალებით ბავშვი ადვილად სწავლობს ისეთ ცნებებში გარკვევას, როგორიცაა: სიკეთე და ბოროტება, თანაგრძნობა და გულგრილობა, გულუხვობა და სიძუნწე და ა. შ. ზღაპარი ეს არის იძულების გარეშე სწავლების ძალიან კარგი და უძლიერესი ხერხი, რადგანაც ბავშვისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია მასში, როგორც წესი, გასაგები და მისაწვდომი ფორმით არის წარმოდგენილი;
  • ზღაპარი იმდენად ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის ცნობიერებაზე, რომ ის შეიძლება ბავშვთან დაკავშირებული მთელი რიგი ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარების კარგი საშუალება აღმოჩნდეს საკორექციო მუშაობის პროცესში. “ზღაპართერაპია“ გვეხმარება ვასწავლოთ ბავშვს ძლიერ ემოციებთან, შიშებთან, წყენასთან გამკლავება და თანატოლებთან ურთიერთობის მოგვარება;
  • ზღაპრებს აქვთ უძლიერესი ენერგეტიკა და დიდ გავლენას ახდენენ პატარებზე; ამდენად, ძილის წინ ზღაპრის კითხვა ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვის დასამშვიდებლად, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად და ძილისთვის მოსამზადებლად.

იმისათვის, რომ ზღაპრების საშუალებით ზემოაღნიშნულ შედეგებს მივაღწიოთ, საჭიროა რიგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • ზღაპრების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი. მართალია, ზღაპარი ნებისმიერი ასაკის, მათ შორის მუცლადმყოფ ბავშვსაც კი შეიძლება წავუკითხოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, თუ რას და როგორ წავუკითხავთ პატარას. ბავშვისთვის განკუთვნილი პირველი ზღაპრები უნდა იყოს მარტივი და მოკლე, აზრი ადვილად დასაჭერი, სიტყვები უბრალო და გასაგები, ერთი და იგივე ფრაზები ხშირად უნდა მეორდებოდეს; ეს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვს ზღაპრის სიუჟეტის აღქმასა და გაგებაში. გავითვალისწინოთ, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის განკუთვნილ ზღაპრებში პერსონაჟები მისთვის ნაცნობი ცხოველები, ბავშვები და მოზრდილები უნდა იყვნენ. სკოლამდელი პერიოდის (3-დან 6 წლამდე) ბავშვებს უფრო მეტი ესმით და ზღაპრებიც მათთვის უფრო რთული უნდა იყოს. თუმცა, ზღაპრის შერჩევის კრიტერიუმები ამ პერიოდში თითქმის უცვლელი რჩება – გასაგები სიუჟეტი, ბავშვისთვის ნაცნობი პერსონაჟები, მარტივი სიტყვები და სიტყვათწარმონაქმნები. გამონაკლისს წარმოადგენს ის, რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპრები ჭკუის სასწავლებელი და გარკვეული მორალის შემცველი უნდა იყოს, ის უნდა აიძულებდეს პატარას იაზროვნოს, გააანალიზოს მოსმენილი. კარგი იქნება, თუ წაკითხვის შემდეგ ვისაუბრებთ ბავშვთან იმის შესახებ, როგორ გაიგო მან ზღაპარი და რა შეკითხვები გაუჩნდა. აუცილებლად ვუპასუხოთ მის ყველა შეკითხვას და მივაქციოთ ყურადღება ყველაფერ იმას, რაც მას აინტერესებს. ამ ასაკის ბავშვებისთვის ზღაპრები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად კარგად არის მათში ნაჩვენები პერსონაჟების გრძნობები და განცდები. გავითვალისწინოთ, რომ ამ პერიოდში ზღაპრების დახმარებით პატარა ეცნობა ადამიანთა გრძნობად სამყაროს, ზღაპრული პერსონაჟების მაგალითზე აკვირდება, როგორ ყალიბდება დამოკიდებულებები რეალურ სამყაროში. უმცროსკლასელებს უკვე შეუძლიათ ზღაპრების კითხვა დამოუკიდებლად. მათთვის საინტერესოა ისეთი საბავშვო ზღაპრები, რომლებშიც მთავარი გმირები მათ საკუთარ თავს ახსენებენ. ამ ასაკში ბავშვი ცდილობს საკუთარ თავზე მოირგოს ზღაპრის პერსონაჟების სახეები და იფანტაზიოროს თავგადასავლებსა და მოგზაურობებზე;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხმის ტონს, ინტონაციას, იმას, თუ რამდენად იქნება დატვირთული კითხვის პროცესი ადეკვატური ემოციებით. პატარებს მოსწონთ, როცა ვუკითხავთ ნელა, ღიღინით, გამომხატველობითი მოძრაობების (ჟესტიკულაცია, მიმიკა, პოზა) თანხლებით, რადგანაც ყოველივე ეს ეხმარება მათ ნათლად წარმოიდგინონ ზღაპრის ყველა პერსონაჟი. ჩვენი მთავარი ამოცანა კითხვის პროცესში უნდა იყოს ბავშვის დაინტერესება კითხვით და წიგნისადმი სიყვარულის ჩამოყალიბება მასში;
  • ბავშვებისთვის ზღაპრების შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ზღაპრების წიგნსაც, მასში ჭარბად უნდა იყოს მრავალფეროვანი, ნათელი, ფერადი ილუსტრაციები;
  • ბავშვის ასაკთან ერთად ზღაპრის შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ მისი ხასიათის თავისებურებები და ტემპერამენტი. ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის ნამდვილად არ იქნება შესაფერისი ზღაპრები სწრაფი, აქტიური, დინამიკური სიუჟეტით; იმისათვის, რომ ასეთი ბავშვი ზღაპრის მოსმენის ან კითხვის პროცესში არ გახდეს უმართავი, შევარჩიოთ უფრო მშვიდი ზღაპარი. თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა, შეიძლება ზოგიერთმა ზღაპარმა ის ცრემლებამდე და ისტერიკებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ, ასეთი ბავშვისთვის ზღაპარი ისე შევარჩიოთ, რომ მისთვის საინტერესო იყოს და არც შეაშინოს;
  • როდესაც ბავშვს ზღაპარს ვუკითხავთ, აუცილებლად თვალყური ვადევნოთ მის რეაქციებს. მათზე დაკვირვებით ჩვენ ადვილად მივხვდებით მოეწონა მას ზღაპარი თუ არა, რა ემოცია გამოიწვია მასში მოსმენილმა;
  • თუ ბავშვს პრობლემები აქვს ძილთან დაკავშირებით, უპირატესობა მივანიჭოთ მშვიდ ზღაპრებს კარგი დასასრულით, ისეთებს, რომლებიც პოზიტიურ განწყობას შეუქმნის პატარას;
  • ზღაპრის კითხვა ბავშვებისთვის ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება გადავაქციოთ ერთგვარ გასართობ თამაშად – წავუკითხოთ მათ უკვე ცნობილი ზღაპარი, დასრულებამდე გავჩერდეთ და შევთავაზოთ მოიფიქრონ მოვლენების შემდგომი განვითარება. ეს მეთოდი, რომელიც აქტიურად გამოიყენება „ზღაპართერაპიაში“, კარგი საშუალებაა ბავშვის პრობლემების და თავისებურებების გამოსავლენად;
  • რაც შეეხება „საშიშ“ ზღაპრებს, ის ყველაფრის მიუხედავად საჭირო და სასარგელოც კია ბავშვისთვის. თუ პატარას ყოველდღიურად ისეთ ზღაპრებს წავუკითხავთ, სადაც აღწერილია კეთილშობილი პერსონაჟების მშვიდობიანი თანაარსებობა, ის შეიძლება ისე გაიზარდოს, რომ სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს ცხოვრებისეულ რეალობასთან შესახვედრად. თუმცა, „საშიში“ ზღაპრების შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და შიშის ის დოზა, რომელიც შეიძლება მისთვის ასატანი და უსაფრთხო აღმოჩნდეს. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებს მთელი სერიოზულობით სჯერათ, რომ ჯადოქრობა არსებობს, ჯადოქრები კი ჩვენს შორის ცხოვრობენ. ამასთან დაკავშირებით, რეალობისა და გამოგონილის აღრევის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ჯადოსნური და „საშიში“ ზღაპრების  კითხვა ბავშვისთვის უმჯობესია დავიწყოთ დაახლოებით 6 წლიდან;
  • იმისათვის, რომ ზღაპარს სათანადო ეფექტი ჰქონდეს, საჭიროა მისი არა მხოლოდ წაკითხვა, არამედ განხილვაც, განსაკუთრებით ეს „საშიში“ ზღაპრის წაკითხვის შემდეგ არის საჭირო. ასეთი ზღაპრების წაკითხვა ან მოყოლა კომენტარების გარეშე ნიშნავს „საშიში თემის“ ღიად, დაუსრულებლად დატოვებას. ფაქტობრივად ჩვენ ბავშვს თავის განცდებთან მარტო ვტოვებთ. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ წაკითხულის განხილვის შემთხვევაში, საჭირო იქნება მივცეთ ბავშვს საკუთარი ემოციების, შეხედულებების, აზრების გამოხატვის საშუალება. შეიძლება განხილული იქნეს პერსონაჟების ქცევა, მათი თვისებები – რატომ მოიქცა პერსონაჟი ასე, რამ მიგვიყვანა სიუჟეტის ასეთ განვითარებამდე. ასევე შეიძლება სიუჟეტის თემაზე ფანტაზიორობა – რა მოხდებოდა, თუ ზღაპრის გმირი სხვაგვარად მოიქცეოდა. ზღაპრები შეიძლება თავადაც შევთხზათ, მოვიფიქროთ განსაკუთრებული სიუჟეტი, საფუძვლად ავიღოთ სიტუაცია ბავშვის ცხოვრებიდან, ზღაპრის გმირი არაორაზროვნად უნდა ჰგავდეს მას. ზღაპარი კი, უპირველეს ყოვლისა, გასაგები უნდა იყოს ბავშვისთვის;
  • ბავშვისთვის ზღაპრის წაკითხვისას გავითვალისწინოთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა – ნებისმიერი ზღაპარი, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, აუცილებლად კარგად უნდა მთავრდებოდეს, სიკეთე უნდა იმარჯვებდეს ბოროტებაზე, ბავშვებს უყვართ ზღაპრები ბედნიერი დასასრულით;
  • იმისათვის, რომ გავიგოთ, შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული ზღაპარი იმ ბავშვს, ვისთვისაც მის წაკითხვას ვაპირებთ, ჯერ თავად ჩვენ წავიკითხოთ ის, ამასთან, შევხედოთ მას ბავშვის თვალით. თუ წაკითხულში რაიმე ბავშვის ასაკისათვის ან მისი პიროვნული თავისებურებებისათვის შეუფერებლად მოგვეჩვენება, აჯობებს გადავდოთ ის იმ დროისთვის, როცა ბავშვს ასაკი მოემატება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა მომავალში მას წიგნის სამყაროსკენ მიმავალ გზას გაუხსნის. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ  ზღაპრების კითხვა ბავშვს მომავალში კარგ ადამიანად ჩამოაყალიბებს. ზღაპრებში ჩადებულია საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცხოვრებისეული სიბრძნე. ბავშვისთვის წასაკითხი ზღაპრის სწორად შერჩევა და მისი გასაგები ენით და სწორად წაკითხვა ამ სიბრძნის ბავშვებამდე მიტანის საშუალებას მოგვცემს.

 

ქეთევან ოსიაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი