პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

SOL – თვითორგანიზებადი სწავლა(ნაწილი პირველი)

სრულიად მოულოდნელად ხელში საინტერესო
მასალა ჩამივარდა და გადავწყვიტე, მკითხველისთვის გამეზიარებინა. საქმე ეხება თვითორგანიზებადი
სწავლის სტრატეგიებს და გაკვეთილისადმი სისტემურ მიდგომას, რომელსაც ვაინგართენის (Weingarten)
პედაგოგიური სკოლა გვთავაზობს. სტატიის პირველ ნაწილში გაგაცნობთ ზოგად ინფორმაციას
ამ მიდგომის შესახებ და მის პრინციპებს, ხოლო მომდევნო ნაწილებში – პრაქტიკულ მაგალითებს
სასკოლო ცხოვრებიდან და მეთოდებს ქართულ რეალობაში ამ მიდგომის გამოსაყენებლად.

წლების წინ გერმანელი პროფესორებისთვის
ცნობილი გახდა, რომ მოსწავლეები ცოდნის აგების მინიმუმ ხუთი და მაქსიმუმ ცხრა ფაქტორით
განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იმაზე, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია,
უკვე აღარავინ დავობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სწავლის დროს ყველა ერთმანეთისგან
განსხვავებული სქემებით აგებს ცოდნას საკუთარ თავში და იყენებს დასწავლის სხვადასხვა
სტრატეგიას.

რეალურია თუ არა, მასწავლებელმა ბიძგი
მისცეს გაკვეთილზე ისეთ პროცესებს, რომლებიც გამოიწვევს მოსწავლის მაქსიმალურ გააქტიურებას,
მოტივაციის ამაღლებას, ასწავლის მას პრობლემის გადაჭრის ეფექტური გზების ძიებას და
გაზრდის მისი დამოუკიდებლობის ხარისხს? შესაძლებელია ყოველივეს ისე დაგეგმვა, რომ სწავლის
პროცესი მოსწავლის მიერ ორგანიზებული გახდეს, პედაგოგი კი მხოლოდ დამხმარედ მოგვევლინოს?
ამ კითხვებზე პასუხს სხვადასხვა საგანმანათლებლო თეორიაში ვიპოვით, მაგრამ ამჯერად
ვსაუბრობთ საგაკვეთილო პროცესისადმი სისტემურ და კონკრეტულ მიდგომაზე, რომელსაც,
მრავალი წელია, ეფექტურად იყენებენ გერმანიის სკოლებში.

SOL (selbst organiziertes
Lernen) – თვითორგანიზებადი სწავლა – არის სასწავლო გარემო, რომელიც ახასიათებს სასწავლო
პროცესს ინდივიდუალური ტემპით. ამ მიდგომის წყალობით გაკვეთილი არა მარტო კარგ შედეგს
იძლევა, არამედ მოსწავლეებსაც აიძულებს, გააქტიურდნენ და განეწყონ მომდევნო ეტაპებზე
ცოდნის აღმოსაჩენად.

SOLგაკვეთილის ორგანიზების მოდელია, რომელსაც აქვს მეცნიერულად
დასაბუთებული საფუძვლები და მუდმივად ვითარდება; გულისხმობს მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად
სწავლის ორგანიზებას და აქვს შემდეგი მიზნები:

* სხვადასხვა მეთოდით და სწავლების
სტრატეგიის გამოყენებით მოსწავლის როგორც ინდივიდის განვითარება და მისი თვითმყოფადობის
გაძლიერება;

* სოციალური სწავლების სტრუქტურის შექმნა კოლექტიური
და ინდივიდუალური სწავლების ფაზების მიზანმიმართული გაცვლით;

* მოსწავლეთათვის პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება
(ისინი აცნობიერებენ, რომ საკუთარ განვითარებაზე თავად არიან პასუხისმგებელნი);

* მოსწავლეთათვის პრაქტიკული უნარების განვითარება/აღმოჩენა;

* პროექტული სწავლებით მოსწავლეთათვის ისეთი უნარების
განვითარება, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამ პროექტების წარმოდგენა- შეფასება
თემისა და სასწავლო პროგრამის ფარგლებში;

* სასწავლო პროგრამების ინტეგრირებით მოსწავლეთათვის
საგნობრივი კომპეტენციის ამაღლება.

აღნიშნული მიდგომა გვეხმარება იმ მოთხოვნების შესრულებაში,
რომლებსაც უყენებს საზოგადოება სკოლას. მისი მეშვეობით მოსწავლეებმა უნდა შეიძინონ
უნარები, რათა გაუმკლავდნენ გაურკვეველ და მოულოდნელ სიტუაციებს, რომლებსაც სწავლის
(და ცხოვრების) დროს აწყდებიან. ყოველივე ეს მათ უნდა შეძლონ იმ აქტივობათა შედეგად
მიღებული გამოცდილების საფუძველზე, რომლებსაც მათ მასწავლებელი სთავაზობს. ამრიგად,
მოსწავლეებს ექნებათ ცოდნა და გამოცდილება, ამოიცნონ პრობლემის არსი, შეარჩიონ მისი
მოგვარების გზა, დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება; მეტად ითანამშრომლებენ თანატოლებთან,
რაც, თავის მხრივ, სასკოლო გარემოში მათ ინტეგრაციასაც შეუწყობს ხელს.

 

SOL შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ჩვეულებრივ 45-წუთიან
გაკვეთილზე, ისე მრავალსაათიანი და მრავალკვირიანი პროექტების განხორციელების დროსაც.

მეთოდის საფუძველია სამი ნაბიჯი: 1) Gruppenpuzzle
(„ჯგუფური თავსატეხი”); 2) „სენდვიჩის პრინციპი”; 3) Advance Organizer (შედეგების
რუკა). ამ სამი ნაბიჯით მიიღწევა საბოლოო შედეგი და იქმნება გარემო, რომელშიც მოსწავლეები
თავად აგებენ ცოდნას, გეგმავენ და ორგანიზებას უწევენ სასწავლო პროცესს.

 

1. Gruppenpuzzle („ჯგუფური
თავსატეხი”)
პროცესის დასაწყისია. მასწავლებელმა
შეიძლება წარმოიდგინოს, რომ მოსწავლეების სახით ხელთ აქვს ფაზლის სხვადასხვა ნაწილი,
რომელთა სწორად შეერთების შემთხვევაში საერთო სურათს მიიღებს. ის კარგად უნდა იცნობდეს
ბავშვების ინდივიდუალურ თავისებურებებს, რადგან პროცესის საწყის ეტაპზე ამას გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს. მასწავლებელმა უნდა დააჯგუფოს მოსწავლეები არა ერთნაირი შესაძლებლობების,
არამედ მსგავსი ტემპერამენტისა და ხასიათის თავისებურებათა მიხედვით, რათა მათ მიეცეთ
საშუალება, იმუშაონ ერთად და მიხვდნენ ჯგუფური მუშაობის არსს. ამ ეტაპზე პროცესს მოსწავლეები
წარმართავენ. მუშაობის პრინციპი არ გულისხმობს შეჯიბრებითობას. დავალება მთელი კლასისთვის
საერთოა; ის იყოფა და ჯგუფების მიხედვით ნაწილდება. საწყის ეტაპზე აუცილებელია იმის
ახსნა, რომ წარმატება ყველა ჯგუფის მიერ დავალების პასუხისმგებლობით შესრულებაზეა დამოკიდებული.
ეს არის ჯაჭვური რეაქცია – თუ ზოგიერთი მოსწავლე გულგრილად მოეკიდა დავალებას, ფაზლი
ვერ აეწყობა. შედეგი მხოლოდ ყველა ჯგუფის კარგი მუშაობით მიიღწევა.

2. „სენდვიჩის პრინციპი” წარმოადგენს მეორე ეტაპს, რომლის საშუალებითაც
შესაძლებელია კოლექტიური სწავლების ფაზის გაცვლა ინდივიდუალურ სწავლებაზე სათანადო
ფორმებისა და მეთოდების შერჩევით. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და, ამასთანავე, ინტენსიური
შინაარსობრივი ახსნა გვთავაზობს „სწავლას გაცვლითი სწავლის” საშუალებით. მოსწავლის
პოზიციიდან ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ძველ გამოცდილებას ცვლის ახალ ცოდნაზე და ფენებად
ალაგებს გონებაში. ამ ეტაპზე მოსწავლეები იძენენ, უპირველესად, ექსპერტების სტატუსს
და გამოსცდიან საკუთარ თავს როგორც „პატარა სწავლულები”. პედაგოგის პოზიციიდან ამის
გაგება ასე შეიძლება: შენ ყველაზე უკეთ სწავლობ მაშინ, როდესაც ასწავლი, უცვლი შენს
ცოდნას სხვას და იღებ უკუკავშირს. მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება, გამოვიდნენ ტრადიციული
ჩარჩოებიდან და გახდნენ არა დირექტიული დამრიგებლები, არამედ მრჩევლები.

3. Advance Organizer ( წარმატების სანიშნი) გულისხმობს დასკვნით ეტაპზე მოსწავლეთა
მიერ შედეგების რუკის შედგენას და მათთვის ვიზუალიზაციის მეშვეობით განვლილი გზისა
და შეძენილი კომპეტენციების შესახებ ინფორმაციის შეხსენებას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,
ცხადია, რომ თუ SOL მიდგომა სასკოლო მასშტაბით განხორციელდა, ის დიდ გავლენას მაოხდენს
არა მხოლოდ მოსწავლეებზე, არამედ სასკოლო კულტურაზეც. მთელი ეს პროცესი შეიძლება შემდეგნაირად
წარმოვიდგინოთ:





















 

როგორც სქემიდან ჩანს, მიდგომის წარმატების
საწინდარი ჯანსაღი სასკოლო კულტურა და მოსწავლისადმი მაღალი მოლოდინია. სხვაგვარად
ის ვერ გამოიღებს ისეთ დადებით ეფექტს, რომელიც მთელ სკოლაზე მოახდენს გავლენას, რადგან
მიდგომა მთლიანად ჯგუფური მუშაობის (როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების) პრინციპს
ეფუძნება. დადებითი ეფექტი განსაკუთრებით აშკარაა პროექტული სწავლების დროს, როდესაც
მოსწავლეებს უფრო მეტად აქვთ ჯგუფური მუშაობის შესაძლებლობა. როგორ უნდა გამოვიყენოთ
ის საკლასო ოთახში, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას, ამის შესახებ სტატიის
მომდევნო ნაწილში გესაუბრებით. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი