ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სილვა – სახალხო ტრიბუნი

12 მარტი ქართული დემოკრატიის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია. 1919 წლის გაზაფხულის გრილ დღეს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. დამფუძნებელი კრება საქართველოს წარსულში პირველი საყოველთაო, პირდაპირი და დემოკრატიული გზით არჩეული სახალხო წარმომადგენლობითი ორგანო გახლდათ. კრება ხუთი პარტიის წევრებს აერთიანებდა. დეპუტატებს შორის იყვნენ ქალებიც და კაცებიც, ქართველებიც და არაქართველებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ქრისტიანები, მუსლიმები, ურწმუნონი. საკანონმდებლო ორგანომ თავისი მუშაობის ორი უმნიშვნელოვანესი წლის განმავლობაში უამრავი კანონი შეიმუშავა, ხელახლა გამოაცხადა საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და დაამტკიცა კავკასიის რეგიონში ამოქმედებული პირველი კონსტიტუცია.

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, არც კი ვიცნობთ ქვეყნის პარლამენტარიზმის მატიანეში თქმული პირველი სიტყვის შინაარსსა და მის ავტორს. 1919 წლის 12 მარტის სხდომა ძველმა რევოლუციონერმა და პუბლიცისტმა, სოციალ-დემოკრატთა დასის უხუცესმა ლიდერმა, ცარისტული რეჟიმის მიერ მუდმივად დევნილმა და მრავალგზის გადასახლებულმა სილვა ჯიბლაძემ გახსნა. თავის გამოსვლაში სასულიერო სემინარიის სტუდენტთა გაფიცვების მთავარმა ორგანიზატორმა არაერთ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

უპირველეს ყოვლისა, გურიის გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთმა სულისჩამდგმელმა პირველი მსოფლიო ომის შემდგომი სამყაროს პოლიტიკური ყოფა შეაფასა და ახლად დაფუძნებული რესპუბლიკის მთავარ გამოწვევაზე დასვა აქცენტი: „ინგრევა სახელმწიფოები, ისპობა, თუმცა დრომოჭმული, მაგრამ, ჯერ კიდევ ძლევა მოსილი წოდებები, ნაფოტივით იმსხვრევა ტახტები ღვთის მიერ მირონცხებულთა, რომელთა ერთი სახელი შიშის ზარს სცემდა მთელ ქვეყნიერებას. ერთი სიტყვით, ცხოვრება ვეღარ ეტევა თავის ტანში, გაფაციცებით კანს იცვლის, განახლების, გადახალისების გზაზე დგება. საზოგადოებრივ ურთიერთობათა ახალი კვანძი ისკვნება… არ კმარა მარტო დანგრევა ძველისა. საჭიროა მეფის თვითმპყრობელობის ნანგრევებზე ხალხის თვითმპყრობელობის გამაგრება, ძველს საფლავზე ახალი, მტკიცე საძირკველის დაფუძნება“. სილვა ჯიბლაძისა და სხვა დამფუძნებლებისათვის მჩაგვრელი სისტემის ნგრევა საქმის დასაწყისი გახლდათ. ისინი თავიანთ მიზნად ხალხის ძალაუფლების გამყარებასა და განმტკიცებას აცხადებდნენ. ხალხის ძალაუფლების წყარო მხოლოდ ძლიერი პარლამენტი არ უნდა ყოფილიყო. დამფუძნებელმა კრებამ ბევრი რამ გააკეთა საქართველოს ცალკეული რეგიონების ავტონომიურობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ძალაუფლების ზრდისთვის, სახალხო ინიციატივებისა თუ რეფერენდუმთა მოწვევის უფლების დაცვისა და პროფესიული თუ ეროვნული კავშირების მხარდაჭერისთვის. პარლამენტს მიღმა მოქმედი წარმომადგენლობითი ინსტიტუტების მშენებლობა სწორედ „ხალხის თვითმპყრობელობის“ იდეის დამკვიდრებას ემსახურებოდა.

მწერალ ეგნატე ნინოშვილის უერთგულეს მეგობარს პირველი საპარლამენტო გამოსვლის დროს არც პოლიტიკოსის, დეპუტატის პასუხისმგებლობაზე საუბარი დავიწყებია: „არ არის დარგი ისეთი რთული და საიდუმლოებით მოცული, როგორც პოლიტიკა და ვაი იმ ხალხს, რომლის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს არ შესწევს გამჭრიახობა, ჩაიხედონ ამ საიდუმლოების სიღრმეში და გაიკვლიონ გზა ამ იშვიათ ხელოვნების ბნელ ლაბირინთში. თითოეული ნაბიჯი მრუდეთ გადადგმული ამ სფეროში, შეიძლება გახდეს საბედისწერო ნაბიჯად მთელი ხალხისათვის“. საუბედუროდ, საქართველოს მაშინდელმა ლიდერებმა პოლიტიკის ყველა საიდუმლოს ამოხსნა და რუსეთის ახალი იმპერიის გავლენიდან ქვეყნის დახსნა ვერ მოახერხეს.

სილვა ჯიბლაძემ საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში წარმოთქმული პირველი სიტყვა იმედითა და ჩვენი ხალხის განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობაზე მკაფიო მინიშნებით დაასრულა: „ხალხი, რომელმაც მრავალ საუკუნეთა განმავლობაში დაიცვა თავისი ვინაობა, ხალხი, რომელსაც არ შეეშინდა ჩრდილოეთის სუსხიან ზამთრის, რომელმაც გამოიჩინა უნარი თვითმპყრობელობის სქელი და ცივი ყინულის ქვეშ პოლიტიკური და მოქალაქეობრივი ზრდა-განვითარებისა, ეს ხალხი არ დაიღუპება და არც დაღუპავს მოპოვებულ თავისუფლებას“. ჯიბლაძისა და მის თანამებრძოლებს სწამდათ, რომ თავისუფალი სახელმწიფოს პირობებში გაცილებით მეტი ადამიანი მოახერხებდა ძალისა და გონების მოკრებას რესპუბლიკის სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად.

ძველი ეპოქის აჩრდილებისგან გათავისუფლება, ხალხის თვითმპყრობელობის დაფუძნება, პოლიტიკური სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნისკენ სიფრთხილით მისწრაფება და მოქალაქეობრივად განვითარებული საზოგადოების იმედი განსაზღვრავდა საქართველოს დემოკრატიულად არჩეული პირველი საკანონმდებლო-წარმომადგენლობითი ორგანოს გახსნითი სიტყვის შინაარსს.

სილვა ჯიბლაძეს მხოლოდ 12 მარტს არ ჰქონია ისტორიული გამოსვლა. თანამებრძოლები ყოველთვის მას ანდობდნენ მთავარი გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცხადების პრივილეგიას. 1894 წელს დამფუძნებელი კრების მომავალმა უხუცესმა წევრმა გურიის პატარა სოფლის, ჩანჩეთის სასაფლაოზე გაამხილა „მესამე დასის“, ანტიცარისტული რევოლუციური მოძრაობის დაარსების ფაქტი. მაშინ მან საქართველოს ყოფა ალექსანდრე ყაზბეგის „ელგუჯასა“ და ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების მიხედვით ახსნა. მან რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების მიერ ადგილობრივთა მორალური დამცირება და სოციალური უსამართლობა ჩვენი თანამოქალაქეების მთავარ და უმძიმეს პრობლემებად მოიხსენია.

მხოლოდ „მესამე დასის“ დაარსებისას და დამფუძნებელი კრების გახსნით სხდომაზე არ უთქვამს სილვა ჯიბლაძეს სეფესიტყვა. მის პოლიტიკურ ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოსვლის აღმოჩენაა შესაძლებელი.

1917 წლის 27 თებერვალს პედროგრადში ამბოხებულებმა (ბოლშევიკების გამოკლებით) რუსეთის თვითმპყრობელი მეფის ტახტიდან ჩამოგდება მოახერხეს. ეს ის მეფეა, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ საქართველოს ყველა საზოგადოებრივი ფენის წარმომადგენლები (ეროვნული მოძრაობის წევრებიც და სოციალისტებიც), რუსიფიკატორული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკისა თუ სისხლიანი რეპრესიების (საზოგადო მოღვაწეთა მკვლელობიდან დაწყებული, მუშათა უბნების მრავალწლიანი, პერმანენტული რბევით, 1905 წლის მოვლენებით დასრულებული) გამო. ამბოხების გამარჯვების ამბავი საქართველოში 28 თებერვალს მენშევიკ გოგიტა ფაღავას დეპეშით შეიტყვეს: “მთავრობაძე გარდაიცვალა, მიუსამძიმრეთ (შეატყობინეთ) ნათესავებსა და ახლობლებს“. დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში ამ ამბის დაჯერება ყველას უჭირდა, ყველა ეჭვს ჰყავდა შეპყრობილი. ქართულ საზოგადოებას მთავარ კითხვაზე პასუხი 5 მარტს ნაძალადევში, თეატრის მოედანზე გამართულ მიტინგზე უნდა მოესმინა. გადაძეძგილი მოედნის შუაში აღმართულ ფიცრულზე, ყველაზე გამოცდილი რევოლუციონერი სილვა ჯიბლაძე ავიდა. საყოველთაო ზეიმის, ხანგრძლივი ოვაციების გამოსაწვევად და ეჭვების გასაფანტად მის მიერ ნათქვამი ერთადერთი სიტყვა გახდა საკმარისი: “აღსრულდა!”

ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ქართული პარლამენტარიზმის პირველი ნაბიჯი თავგანწირულმა იდეალისტმა და უბადლო სახალხო ტრიბუნმა გადადგა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი