პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როლური თამაშიდან რეალურ სიტუაციაში

ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი გაკვეთილიდან დაიწყო… ვისწავლეთ ქვეყნები და ეროვნებები, დავუკავშირეთ ენა, ქვეყანა და ეროვნება ერთმანეთს, ვითამაშეთ Kahoot. უცებ მესმის ერთ-ერთი მოსწავლის შეკითხვა: „მასწ, პასპორტებში ეროვნება იწერება? როგორია ამერიკული პასპორტი?“

„- იაპონური? – მექსიკური? – გერმანიის დროშა დავახატო პასპორტს, მასწ?“ – გადავიდნენ ბავშვები კითხვებზე…

 

მეორე გაკვეთილი დავგეგმე ისე, რომ გამეცნო მათთვის სხვადასხვა ეროვნებების დროშები, მეჩვენებინა მათი პასპორტის ნიმუშები, შეგვესწავლა სათანადო ლექსიკა, წარმოედგინათ თავი მათთვის საოცნებო ქვეყნის მოქალაქეებად და თავადაც შეექმნათ ამ ქვეყნების პასპორტები. როდესაც ეს ყველაფერი ვისწავლეთ და პასპორტების გავაკეთეთ, მომინდა ამ თემის გაგრძელება და მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი როლური თამაშით შეძლებდნენ თავიანთი საყვარელი ქვეყნების „წარმომადგენლობის“  გამოყენებას.

მომდევნო გაკვეთილი აეროპორტის თემას მივუძღვენი, ვუყურეთ ვიდეოს, ვისწავლეთ აეროპორტი წესები, როგორ გადიან მგზავრები რეგისტრაციასა და უსაფრთხოების შემოწმებას, თუ იყო საბაჟო, და ამ თემასთან დაკავშირებული ლექსიკა. იქვე გავითამაშეთ როლური თამაში – ორმა მოსწავლემ მებაჟის როლი გაითამაშა, ორი – სარეგისტრაციო მაგიდას მიუჯდა, კიდევ ორმა უსაფრთხოების ოფიცრის როლი მოირგო, კიდევ ორი „თვითმფრინავის“ გასასვლელში დადგა boarding pass-ის გასაცემად და დანარჩენი მოსწავლეები მგზავრები იყვნენ. ყველა მოქმედება ერთდროულად ვითარდებოდა – ვერ ვასწრებდი თვალ-ყურის დევნას. ბავშვები თავიანთი დამზადებული პასპორტებით სხვადასხვა ქვეყანაში „მიემგზავრებოდნენ“. ყველაზე სუსტი მოსწავლეებიც ისე იყვნენ ჩართული ამ თამაშში, ისე კარგად იყენებდნენ ყველა იმ სიტყვას თუ ფრაზას, რომლებიც ნასწავლი ჰქონდათ, რომ ბედნიერებისგან აღმომხდა: „თქვენ მე დღეს ისე გამახარეთ, რომ ნამდვილ აეროპორტში წაგიყვანთ და იქ რეალურად გაჩვენებთ, რა და როგორ ხდება“. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ყოველი დღე იწყებოდა შეკითხვით: „როდის მივდივართ აეროპორტში, მასწ?“

ბავშვებს რომ შეჰპირდები, აუცილებლად უნდა შეასრულო – ამაზე ორი აზრი არ არსებობს!

მივწერე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ფეისბუქის საშუალებით, რომ მსურდა მოსწავლეების მიყვანა სასწავლო ვიზიტით. მითხრეს დაგიკავშირდებიანო. ორი კვირა ველოდეთ პასუხს. ბოლოს მივიღე ნანატრი იმეილი – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პიარ-მენეჯერი ნანა ბარამიძე პირადად მწერდა, რომ მზად იყო ჩამოსულიყო ქუთაისის აეროპორტში ჩვენს დასახვედრად და გიდობასაც გაგვიწევდა. იმეილს ნანას სატელეფონო ზარიც იქვე მოჰყვა. შევთანხმდით დღესა და საათზე, როდის უნდა ჩამეყვანა ბავშვები აეროპორტში. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – ბავშვები გულმოდგინედ ემზადებოდნენ – უამრავ კითხვას მისვამდნენ, სიტყვებს იმეორებდნენ, თავიანთ გაკეთებულ პასპორტებს საგულდაგულოდ ინახავდნენ აეროპორტის მებაჟეებისთვის საჩვენებლად…

გამგზავრების დღეც დადგა. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოგვიყო სატრანსპორტო საშუალება, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.

სკოლიდან მე-7 კლასის დამრიგებელი თამარ ჭიპაშვილი და ჩემი მედია კლუბის “Generation Z/ახალი თაობა“ ნორჩი ჟურნალისტები და ოპერატორები გამოგვყვა სიუჟეტის გადასაღებად.

 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე ბაღდათიდან ერთი საათის  გზაა. გზაშიც ბევრი შეკითხვა და მხიარული ისტორიების გაზიარება იყო.

აეროპორტის კარებში დაგვხვდა ქაალბატონი ნანა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამსახურის მგზავრთა გადაყვანის მენეჯერი ომარ ტყეშელაშვილი, რომლებმაც ჩვენს მოსწავლეებს დაათვალიერებინეს აეროპორტი, გაატარეს რეგისტრაცია „ფიქტიური“ პასპორტებით, გაიარეს უსაფრთხოების შემოწმება. ბავშვებმა ასევე თვალი ადევნეს თვითმფრინავის აფრენას – ბევრისთვის ეს პირველი ნამდვილი თვითმფრინავი იყო მათ ცხოვრებაში.

მეხანძრე რაზმმა სახანძრო მანქანები გამოიყვანეს, რათა ბავშვებისთვის მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ MAN-ის ფირმის უახლესი მანქანების შესაძლებლობებს და საჩვენებელად სიმულაციური ხანძრის ჩაქრობისას წყლის ჭავლი გამოიყენეს. ჩემი ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა – მათი სიხარული და ემოცია კიდევ მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს ყოველთვის.

ასე გახარებულებმა დავტოვეთ აეროპორტი და ბაღდათის გზას გავუდექით. გზაში იყო უსაზღვრო ემოცია, სიხარულისა და შთაბეჭდილებების გაზიარება. მოშიებული ბავშვები  ქუთაისის მაკდონალდსში დავაპურეთ. მომსახურე პერსონალმა ისინი ბუშტებით დაასაჩუქრა.

მეორე დღეს გაკვეთილზე შთაბეჭდილებების გაზიარების დღე იყო. შთაბეჭდილებები თემების სახით გაუზიარეს ერთმანეთს.

„მასწ, კი მიწერია თემა, მაგრამ ბევრი შეცდომა მაქვს, სიტყვები არ მეყო ემოციების გამოსახატად“ – მითხრა არჩილმა.

„მეც შეცდომები მაქვს, მასწ“ – მითხრა ელენემ….

შეცდომები თუ არ დაუშვი – სწავლა შეუძლებელია. ჩემთვის მთავარია, ისე გამოხატონ აზრი, რომ მესიჯი გასაგები იყოს, გრამატიკულ შეცდომებს ყოველთვის ეშველება.

ვიცი, რომ ეს გამოცდილება ბავშვებს მომავალში გამოადგებათ და მიღებული შთაბეჭდილებები სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვებათ. მახარებს მათი სიხარული და ბედნიერების განცდა…

შემდეგი დანიშნულება – აშშ საელჩოა. თავად აშშ-ის კულტურის ატაშემ იულიუს ცაიმ მიგვიწვია.

ვიცი, ბავშვები დღეებს ითვლიან. ცოტაც დათბეს და…

გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების რამდენიმე ნაშრომებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი