შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

კომლექსური  შემოქმედებითი  ხასიათის დავალებების პრაქტიკული ასპექტები

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება უპირველეს მიზნად ისახავს საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლისთვის საჭირო უნარების განვითარებას, რომელთა მიღწევისთვის მნიშვნელოვანია:

  • მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება; აღმოჩენებისა და სიახლის ძიების მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება; დროსა და სივრცეში ორიენტირებისთვის, ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაციისა და კანონზომიერებების დადგენისთვის საჭირო სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარება.

მასწავლებლისთვის შრომატევადია მათ შესრულებაზე მიმართული დავალებების შერჩევა, საჭიროების მიხედვით იდენტიფიცირება და მოსწავლის შესაძლებლობაზე მორგება, რადგან სხვა მრავალი ამოცანაც აქვს გადასაჭრელი. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს შემოქმედებითი ხასიათის კომპლექსური ტიპის დავალებები, რომლებიც მრავალმხრივად განუვითარებს მოსწავლეებს ცოდნასა და უნარებს და ისინი ეფექტურად შეძლებენ:

  • მასალის კრიტიკულად გაანალიზებას, დროსა და სივრცეში ორიენტირებას,  ფაქტებსა და მოვლენებს შორის  სათანადო კანონზომიერებების დადგენას და  კვლევითი ხასიათის სამუშაოს შესრულებას.

 

რატომ კომლპექსური შემოქმედებითი ხასიათის დავალებები? კომპლექსური   შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ძირითადად პრობლემური ხასიათის დავალებებია, პრობლემური შეკითხვები და სიტუაციებია, რომელთა განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ისინი თავის თავში მოიცავენ მრავალრიცხოვან  სწორ პასუხებს. სწორედ ასეთ დავალებებს აწყდება ადამიანი მასალის ანალიზისას, მოვლენათა ინტერპრეტაციისას და  კვლევა-ძიებისას. უფრო მეტიც, მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სწავლების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტის დროსაც არ არსებობს  ერთი, კონკრეტულად რომელიმე სწორი მიმართულება და  ხშირად ეს   სწორი პასუხების მთელი ჯაჭვია.  და  რომელს მივანიჭოთ უპირატესობა? რადგან ყველაფერი მაინც აზროვნებაზე და სააზროვნო პროცესების ხარისხზე გადის. ამიტომ ეფექტურია, მოსწავლეებისათვის ისეთი დავალებების შერჩევა, რომლებიც მათ აზროვნების ხარისხს გაზრდის, კომპელქსური შემოქმედებითი დავალებები  კი ამ  მიმართულებით  ეფექტურ შედეგებს იძლევა.

 

შინაარსის მიხედვით კომპლექსური შემოქმედებითი დავალებები იყოფა:

  • შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის დავალებებად;
  • ლოგიკურ ამოცანებად;
  • დავალებებად, რომლებიც არასტანდარტულ მიდგომებს მოითხოვენ.

 

მათ შესასრულებლად საჭირო მეთოდები შეირჩევა შემოქმედებითი დავალებების მიზნისა და სირთულის მიხედვით (რომელთა შორის მოსწავლეთა შემოქმედებითი სამუშაოს ორგანიზებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს).

როგორ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა მოსწავლეთა კომლექსური შემოქმედებითი ხასიათის უნარები, მათი საქმიანობა? სპეციალური მეთოდები მათი დიაგნოსტიკისა და შეფასებებისთვის არ არსებობს, მაგრამ მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მრავალფეროვანი მეთოდური ინსტრუმენტები მოსწავლეთა დონის  განსაზღვრისთვის. მათ შორის:

  1. რეპროდუქციული ცოდნის შემოწმების მეთოდები;
  2. ინფორმაციის გაგებისა და აღქმის შემოწმების მეთოდები;
  3. ანალიზის (კონტექსტის წაკითხვის, ლოგიკური დასკვნების გამოტანის), სინთეზის (ესეის დაწერა, გეგმის შედგენა და ა.შ.) და  შეფასებების  გაკეთების (მასალის ლოგიკური აგება, ინფორმაციის მნიშვნელობის განსაზღვრა და სხვ.) შემოწმების მეთოდები.

 

ამის შემდეგ, პრაქტიკული  დავალებების ეტაპზე, მასწავლებელს ზუსტად ექნება განსაზღვრული,  რას და როგორ  შეუმოწმებს მოსწავლეს. მაგალითად, შემეცნებითი, კვლევითი ხასიათის,  რეპროდუქტიული დავალებების დროს, ასევე ლოგიკური ამოცანების ეტაპზე (ისტორიული თემა, თხზულება, პროექტის შედგენა/განხორციელება, სავარჯიშოები, ტესტის წერა) მასწავლებელი  შეამოწმებს მიზნის მიღწევისთვის საჭირო  შემდეგ ცოდნასა და უნარებს:

  1. ქრონოლოგიის ცოდნასა  და უნარებს:  ა) მნიშვნელოვანი მოვლენების თარიღების ცოდნა; ბ) წლის შესაბამისობა  საუკუნესთან, მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის ჩვენებას;
  2. ფაქტების ცოდნას: ა) ადგილისა და გარემოების დასახელება; ბ) მონაწილეთა ჩამოთვლა; გ) შედეგების განსაზღვრა;  დ) სახელმწიფოთა საზღვრებისა და ისტორიულ-გეოგრაფიული ნომენკლატურის ცოდნა; ე) კულტურისა და მეცნიერების მიღწევათა ცოდნა;
  3. ანალიზის უნარის: ა) ისტორიული ფაქტების შედარება  და მოვლენათა განზოგადების უნარი; ბ)  ისტორიული მოვლენებიდან და ფაქტებიდან არსებითი, დამახასიათებელი ნიშნების გამოყოფა; გ) ისტორიული მოვლენების კლასიფიცირება წინასწარ განსაზღვრული ნიშნის მიხედვით; დ) ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების შედარება;
  4. ცნებებისა და ტერმინების ცოდნას;
  5. მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას;
  6. ისტორიულ წყაროსთან მუშაობის ცოდნასა და უნარებს შეამოწმებს: ა) ავტორის, მისი სანდოობისა და წყაროს შედგენის  დროის დადგენის მიხედვით;  ) პირველადი და მეორადი წყაროს გამოყოფის მიხედვით; გ) ძირითადი შინაარსისა და იდეის ფორმირებით;  დ) საჭირო ინფორმაციის პოვნით; ე) რამდენიმე წყაროს შედარებით; ვ) ისტორიულ რუკასთან მუშაობის უნარით; ზ) წყაროს ტიპის დადგენის ცოდნითა და უნარით.
  7. ტესტური ტიპის დავალებებისას შეამოწმებს ბაზისური, მიმდინარე და საკონტროლო ტესტების შესრულების ხარისხს:

ა) ბაზისური ტესტები – რომელთა მთავარი ამოცანაა განამტკიცოს მოსწავლეთა მიერ ძირითადი ცნებებისა და ტერმინების, ისტორიული ფაქტების, თარიღებისა და ისტორიული პერსონალიების ცოდნა;

ბ) მიმდინარე ტესტები – რომელთა საშუალებით ხდება მიმდინარე ცოდნისა და უნარების კოტროლი ცალკეული გაკვეთილისა თუ თემის ფარგლებში;

გ) შემაჯამებელი ტესტი – რომელიც მიუთითებს არამარტო მოსწავლის მიერ ათვისებული ცოდნის დონეზე, არამედ მასწავლებელს აცნობენ, რა ტიპის, რომელ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა მოსწავლეს და რატომ.

რაც შეეხება სხვადასხვა ხასიათის არასტანდარტული ისტორიული დავალებების შემოწმებას  – ასეთი დავალებები მეტწილად ევრისტიული ხასიათისაა, შესაბამისად, მათი შეფასებების დროსაც მსგავსი მიდგომებია საჭირო. ამ მიმართულებით შესაძლებელია გამოიყოს რამდენიმე ჯგუფი:

  1. ტექსტები, რომლებიც შეიცავენ არასწორ, არაზუსტ ინფორმაციას, ისინი მოსწავლეებისაგან მოითხოვენ საკმაოდ მოცულობითი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას უჩვეულო, ნებისმიერ დაუგეგმავ სიტუაციაში;
  2. შემოქმედებითი დავალებები, რომელთა გადაწყვეტისთვის საჭიროა მრავალფეროვანი ფორმები (დღიურიები,  წერილები, მემუარები..), რომლებსაც მოსწავლეები შეადგენენ აუდიტორიასთან წარსადგენად;
  3. ისტორიული ამოცანები, კროსვორდები, რომელთაც მოსწავლეები დამოუკიდებლად შეადგენენ (ისინი მათგან მოითხოვენ ფართო განზოგადებასა და მსჯელობას);
  4. რეცენზიის დაწერა ისტორიულ ნაწარმოებზე, კინოფილმზე, შემეცნებითი ხასიათის თამაშზე და სხვ;
  5. გზამკვლევების შედგენა (მაგალითად, საექსკურსიო ცენტრებისთვის) და ა.შ.

შემოქმედებითი ხასიათის ყველა ეს დავალება ააქტიურებს არამარტო კოგნიტურ, არამედ კომუნიკაციურ უნარებს და ამით იზრდება ინფორმაციის დამოუკიდებლად და შემოქმედებითი გზით გადაწყვეტის უნარები.

შედეგების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია როდესაც კომლექსური, შემოქმედებითი ხასიათის დავალებების დიფერენცირება. ამ დროს ძირითადად გამოიყოფა სამი ტიპის დავალებები:

I  დონის დავალებები:  რეპროდუქტიული დავალებებია, რომლებიც  საჭიროებენ  მოსწავლისთვის მასწავლებლის მხარდაჭერას. მაგალითი ამ ტიპი ამ დონის დავალებისთვის: „ისტორია“, IX, „ქართული სამეფო-სამთავროების ჩამოყალიბება VIII-IX სს-ში“:

  • დაახასიათეთ ქართული სამეფო-სამთავრეობის გეოგრაფიული მდებარეობა და ბუნებრივი პირობები;
  • დაახასიათეთ სამეფო-სამთავროების ეკონომიკური მდგომარეობა;
  • დაახასიათეთ პოლიტიკური განვითარების თავისებურებები;
  • დაასახელე, რა მდგომარეობის გამოყენებას ვერ ახერხებდნენ იმ მხარის მთავრები, დიდებულები და მოსახლეობა?

II  დონის დავალებები  – როდესაც მოსწავლეები უკვე ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარებს, შეუძლიათ შედეგების ფორმულირება, თუმცა შესაძლებელია დასჭირდეთ მასწავლებლის დახმარებაც. მაგალითად:

  • შეისწავლეთ და შეადარეთ ორი ნებისმიერი სამთავროს გეოგრაფიული მდებარეობა (ტაო-კლარჯეთის, კახეთ-ჰერეთის.. აფხაზთა და კახეთის…);
  • გააკეთეთ დასკვნა, რა უპირატესობას ფლობდა თითოეული მათგანი სხვებთან შედარებით?!
  • შეადარეთ ნებისმიერი სამთავროს ეკონომიკური განვითარება, გააკეთეთ დასკვნა სამეურნეო-ეკონომიკური განვითარების შესახებ, რა უპირატესობას ფლობდა სხვასთან შედარებით, დაასახელეთ ეკონომიკური დაწინაურების ან დაცემის მიზეზები;
  • შეადარეთ ერთმანეთს დასახელებული სამთავროების პოლიტიკური სტრუქტურა და ა.შ.

III დონის დავალებები  – მოსწავლეები ფლობენ შედარების, ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების ანალიზის უნარს, ამყარებენ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ შედეგები.  მაგალითად:

  • ამოირჩიე ორი ნებისმიერი სამთავრო და შეადარე ეკონომიკური განვითარების მხრივ, გააკეთე დასკვნები;
  • შეადარე ორი ნებისმიერი სამთავროს პოლიტიკური სტრუქტურა და გააკეთეთ დასკვნები (მაგალითად, კახეთისა და აფხაზეთის);
  • დაასახელე, როგორ მოხდა, რომ კახეთის სამთავროს სათავეში აღმოჩნდნენ ქორესპისკოსები, მაშინ, როდესაც სხვაგან გვხვდება „მთავარი“?
  • რა მსგავსება-განსხვავებაა ამ სამთავროებისა და ერთიანი საქართველოს მმართველობის წესს შორის? რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან?
  • შენ რომ ამ მხარის მთავარი ყოფილიყავი, რას და როგორ გააკეთებდი?
  • რას ურჩევდი აქაურ დიდებულებს? და ა.შ.

კომლექსური  შემოქმედებითი ხასიათის დავალებები ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას, ინტერესს, უბიძგებენ მას სააზროვნოდ და საოცნებოდ, და ხელს უწყობენ მოსწავლესა და სწავლის  შედეგების  გაზრდისკენ მიმართული სასწავლო პროცესის ჩამოყალიბებას, კრიტიკული და შემოქმედებითი კომპეტენციების ჩამოყალიბებას. მათი გამოყენება პრაქტიკულ  საქმიანობაში  მისასალმებელი და ეფექტურია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი