პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

გმირობის ანატომია

ისტორიკოსის პროფესია სულაც არ არის აუცილებელი საქართველოს ისტორიაში (თანამედროვეობაშიც!) გმირობის გასაოცარი მაგალითების მოსაძიებლად, თუმცა ამ თემაზე სტატიის დაწერა უცხოელი ქალბატონის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველმა ბიოგრაფიულმა რომანმა მაფიქრებინა. „ირენა სენდლერის ბავშვები“ – ასე ჰქვია ანა მეშკოვსკას წიგნს, რომელშიც მწერალმა თავი მოუყარა ამ განსაცვიფრებელი პოლონელი ქალისა და მისი თანამედროვეების მოგონებებს. თუ ასოციაციით „შინდლერის სია“ გაგახსენდათ, გეტყვით, რომ გამოიცანით. ცნობილი ოსკარ შინდლერის მსგავსად, ირენა სენდლერიც ნაცისტური რეჟიმის მიერ სასიკვდილოდ განწირული ადამიანების გადასარჩენად იბრძოდა. თუმცა ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში მან შინდლერზე გაცილებით მეტი – 2500-ზე მეტი – ებრაელის (უმეტესად – ბავშვების) გადარჩენა მოახერხა.

„რა მიგაჩნიათ გმირობად?“ – ეს კითხვა სხვადასხვა ინტერპრეტაციით ხშირად დაგვისვამს, მასზე გვიპასუხია კიდეც, მგონი, მათი გაერთიანებაც და დაახლოებით ასეთი პასუხის გაცემაც სავსებით ლოგიკურია: სხვა ადამიანების გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვა ან საფრთხეში ჩაგდება. თუმცა ანა მეშკოვსკას წიგნის კითხვისას არაერთხელ აღმოვაჩინე, რომ თავგანწირვის და სიმამაცის სისტემატური გამოვლინება არ კმარა ამ ადამიანის გმირობის აღსაწერად.

საგაკვეთილო პროცესში გმირობის შესახებ ხშირად დამისვამს სადისკუსიო კითხვები ჩემი მოსწავლეებისთვის, არაერთი საინტერესო ასპექტიც განგვიხილავს. მაგალითად, გახდებოდა ესა თუ ის ადამიანი გმირი, ის კონკრეტული ბრძოლა საერთოდ რომ არ მომხდარიყო? იქნებ სიმამაცესთან ერთად ადამიანს გმირად საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნაც აქცევს? რატომ არის, რომ ბრძოლებში დაღუპული უამრავი უშიშარი ადამიანიდან გმირის სახელი ერთეულების ხვედრია? იქნებ გმირობას, სულ ცოტათი მაინც, გამართლებაც სჭირდება? ისიც საინტერესოა, რომ გმირად აღიარებისთვის უმეტესად რაციონალური, გონივრული მოქმედება და წარმატებაა აუცილებელი, თუმცა ზოგჯერ მარცხით დასრულებულ თავგანწირულ მოქმედებასაც ერგება ხოლმე ისტორიის დაფნის გვირგვინი.

ომი, კაცობრიობის ყველაზე საშინელი „გამოგონება“, გმირობის გამოსავლენად ყველაზე შესაფერისი ასპარეზია. მეორე მსოფლიო ომი ექვსი უსასტიკესი წლის განმავლობაში ადამიანებს, თავიანთი ხასიათიდან, შეხედულებებიდან და თვისებებიდან გამომდინარე, მოქმედების ფართო არჩევანს აძლევდა – საშინელი ავკაცობიდან უბადლო გმირობამდე. ერთიც და მეორეც ძალიან ბევრი იყო, ომის დამთავრებიდან ათწლეულების განმავლობაში ეძებდნენ და პოულობდნენ გმირებსაც და არაკაცებსაც. უამრავი (რიცხვის დაახლოებით მითითებაც კი შეუძლებელია) ადამიანი, თავისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დამსახურებულ აღიარებას ვერ ეღირსა. მათი საბრძოლო ასპარეზი ფრონტის ავანსცენა არ ყოფილა: პარტიზანები, მტრის ზურგში გადასროლილი მზვერავები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დივერსიებით მებრძოლები… მათი დიდი ნაწილი სამუდამოდ დარჩა ისტორიის გმირთა გალერეის მიღმა, მხოლოდ მცირე ნაწილს გაუმართლა და მათ შესახებ მოგვიანებით გაიგეს.

ირენა სენდლერიც წლების განმავლობაში კონსპირაციის პირობებში იბრძოდა სხვების გადასარჩენად. სასტიკი ნაცისტური რეჟიმისთვის პასიური წინააღმდეგობის გაწევაც დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, რეჟიმის წინააღმდეგ წასვლას, სასიკვდილოდ განწირული ადამიანების გადასარჩენად ბრძოლის წამოწყებას მართლაც უდიდესი სიმამაცე და ჰუმანიზმით სავსე გული სჭირდებოდა. თუმცა ირენა სენდლერის გაბედული საქმიანობის წარმატებისთვის უფრო მეტი იყო საჭირო, ვიდრე სიმამაცე, ჰუმანიზმი, გონიერება და, თქვენ წარმოიდგინეთ, იღბალიც კი, რომელმაც ის რამდენჯერმე აშკარა სიკვდილს გადაარჩინა. მისი მოღვაწეობა უამრავი პლასტისგან შედგებოდა, ის იმდენი ნიუანსის გათვალისწინებას ახერხებდა, რომ წაკითხულის დაჯერება გიჭირს კიდეც. ომის წლებში ირენა სენდლერი გერმანელების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ვარშავის გეტოდან წინასწარ შემუშავებული გონებამახვილური ხერხებით ებრაელ ბავშვებს აპარებდა და მათთვის ახალ, უსაფრთხო ოჯახებს პოულობდა, ომის შემდეგ კი გადარჩენილ ბავშვებთან ინტენსიური კავშირი ჰქონდა, ეხმარებოდა მათ პრობლემების მოგვარებაში. მათთან კონტაქტს სრულწლოვან ასაკშიც აგრძელებდა. ირენა სენდლერის ომის შემდგომი საქმიანობა არანაკლებ დროს, ძალისხმევას, ენერგიას მოითხოვდა და, სიკვდილის რისკის გამოკლებით, უამრავ პრობლემას უქმნიდა ქალს.

როგორც ხვდებით, ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია და სტატიის დაწერის სურვილი გამიჩინა ირენა სენდლერის ისეთმა თვისებებმა, რომლებსაც გმირობასთან უშუალო კავშირი თითქოს არ აქვს, მაგრამ ამ პოლონელმა ქალბატონმა ეს თვისებებიც გმირობად აქცია და წარმატებასაც მათი წყალობით მიაღწია. ეს ადამიანი საოცარი ორგანიზატორული უნარით იყო დაჯილდოებული. დაუნდობელ ბრძოლაში, როცა ერთი შეცდომაც შესაძლოა უკანასკნელი გამომდგარიყო, მან შეძლო გაბედული, პატიოსანი ადამიანების პოვნა, რომლებიც ღირსეულად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს. მათგან ირენამ ერთგვარი ქსელი შექმნა, რომელიც უფრო დიდი ქსელის – ჟეგოტას ნაწილს წარმოადგენდა. კონსპირაციისთვის ეს ადამიანები, იშვიათი გამონაკლისის გარეშე, ერთმანეთს არ იცნობდნენ. გეტოდან ბავშვების გამოპარება რისკიანი საქმის მხოლოდ დასაწყისი იყო. ბავშვების საბოლოოდ გადასარჩენად აუცილებელი იყო უსაფრთხო ადგილის მოძიება, ისეთი ოჯახების პოვნა, რომლებიც მათ იშვილებდნენ და რეალურ საფრთხეს არ მოერიდებოდნენ. ირენა უშეცდომოდ პოულობდა ასეთ ოჯახებს, გაშვილებული ბავშვების მდგომარეობას სისტემატურად აკონტროლებდა და ექსტრემალურ სიტუაციებში მათ სხვა ოჯახებში გადაყვანასაც ახეხებდა. ამავე დროს ყველა გაშვილებულ ბავშვზე საბუთებს ქმნიდა. ეს დოკუმენტები აუცილებელი იქნებოდა ომის შემდეგ გადარჩენილი ბავშვების იდენტიფიკაციისთვის, თუმცა ომის წლებში უდიდეს საფრთხეს წარმოადგენდა. ნაცისტური სამსახურების ხელში მათი მოხვედრა უამრავ სიცოცხლეს გაანადგურებდა: გაშვილებული ბავშვების, ირენა სენდლერის თანამოაზრეების, ბავშვების შემფარებელ ოჯახებსაც მძიმე ხვედრი ელოდათ.

გასაოცარია ამ ქალის ფსიქოლოგიური სიმტკიცე და ადამიანების დარწმუნების უნარი. სულიერი წონასწორობის შენარჩუნება მას არა მარტო ომის საშინელ წლებში, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში უხდებოდა. იყო შემთხვევები, როცა მას მხოლოდ რამდენიმე წუთი ჰქონდა იმისთვის, რომ მშობელი დაერწმუნებინა, ბავშვი მისთვის გადაეცა. მშობლების უმეტესობა გეტოშიც არ კარგავდა შვილების გადარჩენის იმედს, გამოუვალ მდგომარეობაშიც კი ებღაუჭებოდა იმედს, რომ ყველაფერი მაინც კარგად დასრულდებოდა და შვილებთან განშორება არ უნდოდათ. წლების შემდეგ ირენა თავად აღიარებდა, რომ მათ ადგილას ის თავის შვილებს უცხო ადამიანს არ ანდობდა!!! სულიერი სიმტკიცე მაშინაც კი არ დაუკარგავს, როცა გადარჩენილმა ბავშვებმა (რამდენიმე მოზრდილმაც) ომის შემდეგ სასტიკი საყვედურით მიმართეს, რა უფლებით შეცვალა მათი ცხოვრება. ირენას ესმოდა მათი: ყველამ ვერ მოახერხა ბავშვობის  სულიერი ტკივილების მონელება და ზრდასრულ ასაკში სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიდნენ.

ბოლოს კიდევ ერთ თვისებას გამოვყოფ: შესაშური თავმდაბლობის გამო ირენა სენდლერი მშვიდად ეგუებოდა იმასაც, რომ ათწლეულების განმავლობაში მისი წარსული პრაქტიკულად მივიწყებული იყო. აღსანიშნავია, რომ დამსახურებულ აღიარებას ეს განსაცვიფრებელი ქალბატონი მხოლოდ დღეგრძელობის წყალობით მოესწრო, საუკუნეს მიღწეული საზოგადოებრივ აქტიურობას ინარჩუნებდა და გულწრფელად მიიჩნევდა, რომ გმირობა არ ჩაუდენია (!!!).

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი