შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ტომ! პასუხი არ არის! რა დაემართა ამ ბიჭს? ტომ!

ჩემს შვილებს მარკ ტვენის ტომ სოიერის კითხვა დავუწყე. ბავშვობის საყვარელი წიგნი თავიდან გაცოცხლდა და მეც ინტერესით ჩავერთე თავგადასავალში. გულიანად ვიცინით ტომის ონავრობებზე და ახალი კითხვებიც ჩნდება. რა იცოდნენ მანამდე ბიჭის შესახებ, რომელსაც შეუძლია ყველა სიტუაციიდან თავი მოხერხებულად დაიძვრინოს? სანამ კითხვას დავიწყებდით იცოდნენ, რომ ტომი ცელქი ბიჭი იყო, მოხუც დეიდასთან ცხოვრობდა და მისგან არაფერ სასიკეთოს მოლოდინი არ უნდა გქონოდა.

ერთობლივი კითხვისას საინტერესო აღმოჩნდა მათზე დაკვირვება, მათი გულწრფელი  ემოციებისა და დამაფიქრებელი შეკითხვების მოსმენა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ტომ სოიერის გულმხურვალე გულშემატკივარი ვიყავი, მის ათასგვარ ოინებს ვგულშემატკივრობდი და არასოდეს მომწონდა დეიდა პოლის ახირებული სადამსჯელო ღონისძიებები, რომელსაც ტომის მიმართ ატარებდა, ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად გამეპროტესტებინა ბიჭის აღზრდის არასწორი მეთოდი და ამ ყველაფერს მაინც გარდაუვალ აუცილებლობად ვიღებდი.

ჩემი შვილების პირველი პროტესტი კი სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია. რატომ სჯის დეიდა პოლი ტომს ასე ხშირად და რატომ არ ცდილობს სხვანაირად მოაგვაროს ეს პრობლემა, იკითხეს მათ. და ყველა იმ ეპიზოდის წაკითხვისას, სადაც  ტომის გაწკეპვლაზე ან დასჯაზეა საუბარი, თვალები უფართოვდებათ და თავიანთ აზრებს მიზიარებენ იმის შესახებ, რომ ეს არასწორია. ბავშვების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების პირუთვნელი შემფასებლები ბავშვები არიან, ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოვისმენთ მათ აზრებს და დავაცდით საკუთარი შეხედულებების გამოხატვას და ვასწავლით საკუთარი პიროვნული თავისუფლების ფასს.

ზუსტად იმ დღეებში ბავშვებზე უამრავი ამბავი გვესმოდა. წარმოუდგენელი იყო, გვერდი აგევლო ამ ამბებისთვის და თვალს მოფარებოდი, სადღაც შეყუჟულიყავი… თითქოს, ფეისბუქის მოწესრიგებულ ველში ჩაწყობილი ახალი ამბების ვაზნებიდან შენკენ ტყვიები მოქროდნენ. ზოგჯერ, ვერც პათეტიკას ავუვლით გვერდს და ვერც გულწრფელ სინანულს, სასოწარკვეთას, გაბრაზებას და ათასგვარ ემოციას, როცა ბავშვების შესახებ ამ ტრაგიკულ ამბებს კითხულობ და ხვდები, რომ ვერაფერს ცვლი და ვერც ვერაფერს შეცვლი.

სულ მალე კი, როცა შენი პატარა გოგონა  4 წლის ხდება და  დაბადების დღისთვის ემზადები; გეგმავ, როგორ დაგეგმო  კიდევ ერთი სიხარულისა და ბედნიერების მომტანი  დღე შენი შვილისთვის, რომელიც ვარდისფერთმიან თოჯინებზე, ვარდისფერ თმებზე და საკარნავალო კაბებზე გიჟდება და მთელი ეს სიხარული შენც გავსებს, ისევ აწყდები ახალ ამბავს პატარა, ოთხი წლის გოგოზე, რომელიც იმ ქალაქში ცხოვრობდა, სადაც შენ და ის ცემისგან მოგკლეს. სხვანაირად, უფრო შეფარულად და ლმობიერად ამ ამბავზე ვერ იტყვი.   უმკაცრესი განაჩენივით ისმის ოთხი წლის გოგონას ამბავი. შემდეგ, ფოტოსაც გადააწყდებით ისევ ამ ფეისბუქის მოწესრიგებულ ველში და ხედავ, სახეზე დალურჯებების კვალია, თვალებში სხივჩამქრალი მზერა და შემგუებლური, ბედს დამორჩილებული გამოხედვა…

და, ისევ სასოწარკვეთა, რომ ჩვენ ამას ვერ შევცვლით, ვინც ყოველდღიურად საკუთარი ცხოვრების შეცვლის სასოწარკვეთილ ფერხულში ვართ ჩაბმულები; ისინი, ვინც საკუთარი შვილების განათლებით, ჯანმრთელობის საკითხებით და სამომავლო პერსპექტივებით ვართ დაკავებული; ისინი, ვინც ტელევიზორს არ ვუყურებთ, რადგან ვთვლით რომ იქ მოთხრობილი კოშმარული ამბები, ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენს და მძიმე  კვალს ტოვებს, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენს შვილებთან  ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე და ა.შ. ისინი, ვინც მანქანაშიც კი, მგზავრობის დროს შვილებს ვუკითხავთ, დროს არ ვაცდენთ. ყველას შეგვეხო ეს ამბავი და შეგვაშფოთა, შეგვაზანზარა და შეგვარყია, თუმცა დროებით. ცხოვრება, ისევ ჩვეულებრივად გრძელდება და ასეთი ამბებიც გვავიწყდება.

მანამდე, კი 13 წლის ბიჭს ეძებდნენ, რომელიც საკუთარი ველოსიპედით ჯართის საძებნელად წავიდა. დიდხანს ეძებეს ეს პატარა ბიჭი, ეძებს, ეძებეს და ალბათ ფიქრობდნენ, სად წავიდა, სად დაიკარგაო, რა დაემართა იმ ბიჭსო, მაგრამ როცა იპოვეს, ცოცხალი აღარ იყო. მიწამ მოიყოლა. ჯართის საძიებლად წასული ცამეტი წლის ბიჭის ცხოვრება ასე შემზარავად დასრულდა. ამ ამბავმა, კიდევ ერთხელ მაღვიძარას სიგნალივით შეგვახსენა, რა მდგომარეობაში ცხოვრობენ ბავშვები ჩვენს ქვეყანაში და როგორ კლავს მათ სიღარიბე და უთანასწორობა. რომ, ამ პრობლემებით დახუნძლულ ქვეყანაში, პირველი სამიზნე – ბავშვია და ყველა მისი სისუსტით და მიუსაფრობით სარგებლობს და ამ უსამართლობას პირველები ისინი ეწირებიან.

„დედა, რატომ არ უნდოდათ სხვა დედებს ჰეკლბერთან ემეგობრათ  მათ შვილებს? ან რატომ არავინ აიძულებდა ჰეკლბერს სკოლაში ან ეკლესიაში ევლო?“ – გაიმეორა ჩემმა უფროსმა  შვილმა წინადადება კითხვით ფორმაში.

– იმიტომ, რომ ღარიბია. იმიტომ, რომ არ ჰყავს ოჯახი, რომელიც მასზე იზრუნებს. ხომ ხედავ, ზამთარში ცარიელ კასრებში სძინავს, ჩამოძონძილი შარვალი აცვია და ფეხები ტალახიანი აქვს, – ვპასუხობ.

ადამიანებს, რომლებსაც არასდროს უჩნდებოდათ პროტესტი სხვადასხვა მნიშვნელოვან  საკითხზე და  არც უცდიათ, ესწავლათ რაიმე საგნის ან მოვლენის შესაფასებლად კრიტიკული აზრის გამოხატვა და სკოლაც ვერ დაიკვეხნის იმით, რომ მოსწავლეებს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებას ასწავლის, ცოტა ხნის წინ, სწორედ ასეთ ადამიანებს გული აუჩუყა ერთმა ამბავმა, რომელიც ალბათ ყველა ტელევიზიამ გააშუქა. ქალაქის მერმა ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საკვები დაურიგა. ის, ვისაც კრიტიკული შეკითხვები არ ებადება, ალბათ ამ ერთჯერად მოწყალების აქტსაც მადლიერებით მიიღებს და არც კრიტიკულ კითხვებს დასვამს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სამომავლო ცხოვრებაზე, როგორ იზრუნებს სახელმწიფო ამ ბავშვების სრულფასოვან ცხოვრებაზე, როგორ აიღებს პასუხისმგებლობის ტვირთს, რა გეგმები აქვს…

არ ვიცი, კიდევ რომელი ერთი ამბავი გავიხსენო, სადაც ბავშვებს საშინლად ეპყრობიან, კლავენ, სცემენ, აუპატიურებენ თუ ამცირებენ. ასეთი შემზარავი ამბები ბავშვებზე ყოველდღე გვესმის და ჩვენი ყოველდღიურობაა. ეს არის ამბები ბავშვების მიმართ ფიზიკური, ფსიქიკური თუ სექსუალური ძალადობის შესახებ და ყველაზე ხშირად ძალადობრივი შინაარსის ამბები ოჯახიდან მოდის, შემდეგ სკოლიდან. ასე იკვრება, ბავშვების ირგვლივ ჯაჭვი და ისინი ამ მოჯადოებულ წრეს თავს ვერ აღწევენ. ზოგჯერ, კი ყველაფერი ასე ტრაგიკულად მთავრდება, ვიღაცას გაუმართლა, ან ვიღაცას ვერ გაუმართლა, მშობლებში, სკოლაში, მასწავლებლებში, რეპეტიტორებში და უნივერსიტეტში.

ამ რეალური ისტორიების პარალელურად ცალკე სამყაროა, სადაც რიცხვებში დაჯამებული სტატისტიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები თანაცხოვრობენ. სიღარიბის, ძალადობის, შეუწყნარებლობის ამსახველი ერთი დიდი მონაცემთა ბაზა და სიცოცხლეც ჩვენს ქვეყანაში ერთ დიდ გამართლებად გადაიქცა.

საღამოს, სახლისკენ მიმავალ გზაზე, ალბათ ისევ მარკ ტვენს წავიკითხავთ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი