პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

რატომ უნდა წავუკითხოთ მოსწავლეებს ვაჟას პოემა „გოგოთურ და აფშინა?“

ადამიანთა უმრავლესობას ზოგადად გვახასიათებს ეს თვისება: რაც სავალდებულო, პროგრამული და სხვათა მიერ საგანგებოდ მონიშნულია, ის გვამძიმებს, გვეზარება და სულ ვეძებთ სხვას, ახალს, არასავალდებულოს… ასე იციან ჩვენმა საყვარელმა მოსწავლეებმაც: სახელმძღვანელოში გამოქვეყნებულ პროგრამულ ტექსტზე მუშაობას უხალისოდ შეუდგებიან ხოლმე და მასწავლებლებს მათ დასაინტერესებლად ათასი მეთოდის გამოგონება გვჭირდება, ხოლო საკმარისია ახსენო ჯადოსნური სიტყვები – „უცხო ტექსტი“, „არასაპროგრამო“, „სიახლე“, „ნაცნობი (თუ უცნობია – მით უკეთესი) ავტორის სხვა ნაწარმოები“ და… სიხარული, ცნობისმოყვარეობა და ახლის შეცნობის ჟინი ერთდროულად აუკიაფდებათ ხოლმე თვალებში.

ესგ-ით განსაზღვრული პროგრამული ტექსტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ნამდვილად ჩვენი კლასიკური მწერლობის რჩეული მარგალიტების სალაროდანაა, მაგრამ აბა, სპეციალისტებო, დაფიქრდით: რამდენი „მარგალიტი ობოლი“ დაგოგმანებს პროგრამის მიღმა და რჩებათ ბავშვებს წაუკითხავი? თანაც არ დაგვავიწყდეს საშიში ტენდენცია: ვინაიდან ქართულ მწერლობას სასკოლო ტექსტებით ვეცნობით, მათ მიღმა ამ ავტორთა სხვა ნაწარმოებების ან არასაპროგრამო ავტორების ტექსტებს იშვიათად მოიძიებენ ხოლმე კითხვის მოყვარული ბავშვებიც კი, ყველა მსოფლიო ლიტერატურის სხვადასხვა „გემზე“ ეძებს ახალ ნაწარმოებებს. ყველას უნდა, იცნობდეს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ, იტალიურ, ამერიკულ, ლათინურამერიკულ, რუსულ, იაპონურ მწერლობას და ვართ მერე „ოკეანეში დაკარგულები“… „შინ“ ვერ ვბრუნდებით, „შინაურ მღვდლებს შენდობას არ ვეუბნებით“…

ვის ვის და, საბედნიეროდ, ჩვენს სასიქადულო ავტორებს შორის ვაჟა-ფშაველას ნამდვილად არ უვლის გვერდს ჩვენი სასკოლო პროგრამები სწავლების არცერთ საფეხურზე. მისი ლექსები, მინიატურები, პოემები და პუბლიცისტური წერილები თითქმის ყველა კლასში ისწავლება, მაგრამ გარდა ამ ტექსტებისა, ვაჟას საგანძურს რა გამოლევს? და აი, ამ საგანძურიდან ბალადის სტილის მცირეფორმიანი პოემა „გოგოთურ და აფშინა“ ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა ერთხელ ნამდვილად უნდა ამოიღოს და გააცნოს კლასს. მოდით, თავიდანვე განვსაზღვროთ, რატომ მიმაჩნია, რომ ამ პოემის სწავლება სასურველი და სასარგებლო აქტივობა იქნება ჩვენი ახალი თაობებისთვის:

  1. პოემა გვაცნობს ვაჟას გემოვნების გმირებს („კაი ყმებს“), რომლებიც უაღრესად საინტერესო იდეების რეალიზაციად გვევლინებიან და ქართული მწერლობის უკვდავ პერსონაჟთა გალერეაში საპატიო ადგილს იკავებენ;
  2. პოემა გვიმხელს ადამიანის მისიის, ცხოვრების გზისა და არჩევნის შესახებ ცივილიზებული კაცობრიობის მიერ შეთანხმებულ, აპრობირებულ, უეჭველ და სანდო ღირებულებებს, ქმნის მორალურ კოდექსს;
  3. პოემა გვასწავლის ადამიანში მომხდარ სულიერ ძვრებს, ფსიქოლოგიზმს, პერსონაჟის სულში ინტროსპექციას (ჭვრეტას), ქცევის მოტივაციების ანალიზს, ადამიანური განცდებისა და ვნებების მართვას;
  4. პოემის ტექსტი ექსპრესიული, ენერგიული, ორიგინალური, ტროპულად მდიდარი, ლაღი, სხარტი, დამაინტრიგებელი და ჩამთრევია;
  5. პოემის ენა გვეხმარება კიდევ ერთხელ კარგად ჩავწვდეთ ვაჟას დიალექტური ენის ჯადოქრობებს; ტექსტი მოსწავლეებს უბიძგებს იმის ამოცნობაში, თუ როგორ შეძლო ვაჟა-ფშაველამ დიალექტური ენისთვის მიენიჭებინა ესოდენ მაღალი სალიტერატურო სტატუსი, შეექმნა განუმეორებელი ხელწერა, თავისი „ნოუ ჰაუ“, ენა ექცია შემოქმედებით ღირებულებად;
  6. პოემა კომპოზიციური თვალსაზრისით კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ავტორისეულ მასტერკლასს, ხუთ მოკლე თავში ისე დინამიკურად არის გადმოცემული საინტერესო ფაბულა, რომ მკითხველის ყურადღება შესავლიდან ფინალამდე არ ნელდება;
  7. პოემა პერსონაჟის ბედის გადაწყვეტის თვალსაზრისით ასევე გვთავაზობს მწერლის ნოვატორულ და ორიგინალურ ხედვას;
  8. გვაცნობს ფშავ-ხევსურეთს და აღგვიძრავს ინტერესს, რომ ამ კუთხის ეთნოგრაფია, ყოფითი კულტურა, რწმენა-წარმოდგენები გავიაზროთ, ვიკვლიოთ, მოვინახულოთ, ვაჟას სამყაროს კიდევ უფრო ღრმად ჩავწვდეთ, დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი და ახალი სასწავლო პროექტები არაფორმალური განათლების მიმართულებით, მოვაწყოთ გასვლითი ღონისძიებები.

როცა ახალი მხატვრული ტექსტის სწავლებას ვიწყებთ, მოსწავლეთა რეაქციები დაკვირვებული მასწავლებლისთვის ერთგვარი ტესტი, რეფლექსია და უკუკავშირია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად „მუშა“ თუ „ვალიდური“ იქნება ეს ნაწარმოები ამ კონკრეტული ასაკის მოსწავლეთა ინტერესებისა და საჭიროებების რეალიზებისთვის.

„გოგოთურ და აფშინა“ რამდენჯერმე შემიტანია კლასებში საბაზო და საშუალო საფეხურზე და დაბეჯითებით შემიძლია ვამტკიცო, რომ ეს არის აბსოლუტურად თანამედროვე, ცოცხალი, საჭირო ტექსტი, რომელიც ცხარე დებატებს იწვევს და იმდენად ღრმა, მრავალშრიან კვლევებს, აღმოჩენებს, შეფასებებსა და დასკვნებს შთააგონებს მოსწავლეებს, რომ გაკვეთილი ამ ტექსტის თანხლებით მოსაწყენ წუთებს გამორიცხავს.

რა იზიდავთ ბავშვებს განსაკუთრებით მთავარი გმირების სახეებსა და პოემის იდეებში? ეს არის გოგოთურის, საზოგადოების გამაკეთილშობილებელი, მესია-გმირის, ლიდერის, მორალურ-ზნეობრივი ხატის შთამბეჭდავი პორტრეტი, მისი ღირებულებები:

  • სამშობლოს უანგარო მსახურება და სიმამაცე, ეროვნული მთლიანობის განცდა;
  • სამართლიანობა;
  • პასუხისმგებლობა ქვეყნის და ადამიანების წინაშე;
  • ესთეტიზმი და შემოქმედებითობა;
  • შრომისმოყვარეობა და პატიოსნება;
  • მოთმინება და შემწყნარებლობა;
  • სუსტის დაჩაგვრის დაუშვებლობა;
  • წარწყმედილ სულებზე გავლენის მოხდენისა და მათი გამოსწორების მოტივაცია.

გოგოთურმა კარგ ცხოვრებას და წითელი დარაიის კაბას დახარბებული ცოლის ვნებების საპასუხოდ მიზნად დაისახა აფშინასთან შეხვედრა და მისი გარდაქმნა, რაც წარმატებით გამოუვიდა. ერთი გზასაცდენილი სული, ბიბლიურ ალუზიას თუ მოვიშველიებთ, ეკალ-ბარდში ჩავარდნილი მარცვალი იხსნა სამუდამო წარწყმედისგან, სიტყვით და საქმით თვალი აუხილა მას, თან შეაგონა, თან ფიზიკურად დასაჯა, თან ძმად გაეფიცა, მძიმე ცოდვა შეუნდო, გამოსწორების შანსი მისცა, უერთგულა და სამუდამო ძმობა აღუთქვა. შარაგზის ყაჩაღი, დაუნდობელი, ეგოისტი, ხარბი, უსულგულო, ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას მოკლებული ძე შეცდომილი შემოაბრუნა, ახალი სული შთაბერა, ახალი სიცოცხლე აჩუქა. აფშინას სინანულს, გოგოთურისადმი მადლიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ის იმდენად შეიცვალა, რომ ხევისბერიც კი გახდა, თან არც ამის მერე შეუწყვეტია სინანული. თემმა დაიბრუნა მკვდრეთით აღმდგარი უძღები შვილი, რომელმაც უარი თქვა ყველაფერზე, რასაც თავისი ყაჩაღობის დროს  ხარბდებოდა და ხალხის წინამძღოლად იქცა. პოემის ფინალში ვხედავთ, რომ აფშინა ხახმატობაზე „ხალხს ხატს ახვეწებს ტკბილის ხმით, იწვევს მფარველად ქვეყნისა“…

ეს საკვირველი მეტამორფოზა, ბოროტების გზის დაძლევა და ადამიანის გაკეთილშობილება მოსწავლეთა განსაკუთრებულ ინტერესს იმსახურებს, ასევე გვიბიძგებს თვითრეფლექსირებისკენ, საკუთარი ადამიანური სისუსტეების ანალიზისკენ და გვმატებს მოტივაციას, რომ არასდროს არის გვიან ცოდვით დაცემისგან სულის გათავისუფლება, ფეხზე დადგომა, ახალი ცხოვრების დაწყება, მარგინალად ქცეული, იზოლირებული, გარიყული ადამიანის ჯანსაღი ინტეგრაცია საზოგადოებასთან.

ვაჟასეული ჰუმანიზმი გადამდებია. მისი გმირები უკვდავ არქეტიპებად ქცეულან და ჩვენს სულებში იბუდებენ სამუდამოდ სულიერ წინამძღოლებად, გზის მანათობლებად. გოგოთური ალუდას, მუცალის, ჯოყოლას, ზვიადაურის, კვირიას, ლელას, სანათას, ლუხუმის, ზეზვას, მინდიას თანამოსანგრე და უმაღლესი მორალური კოდექსის განმასახიერებელი პერსონაჟია.

გოგოთურის და აფშინას სახეები იმდენად ნათლად და დასამახსოვრებლად დახატა ვაჟამ, რომ ეს საუკეთესო მასალაა მოსწავლეებისთვის პერსონაჟის პორტრეტის შესაქმნელად. მათი სახეების წარმოჩენა შესაძლებელია მრავალი კოგნიტური სქემით: კორნელის გრაფით, პერსონაჟის რუკით, ფრეიერის სქემით, T-დიაგრამით, ვენური დიაგრამით, ფერწერული პორტრეტით, სხვადასხვა ტიპის ზეპირი პრეზენტაციით. ეს გმირები იძლევიან იმპულსებს უამრავ სხვა მხატვრულ სახესთან სინთეზირებისთვის არა მხოლოდ ვაჟას შემოქმედებიდან, არამედ მსოფლიო ლიტერატურიდან. თანაც, უდავოა, რომ როცა გმირის პორტრეტი ემოციების აღმძვრელი და არა სწორხაზოვანი, არამედ მრავალპლანიანია, ზრდის მოსწავლის ინტერესს ზოგადად ლიტერატურული პარადიგმებისადმი, უღვივებს ესთეტიზმს, მხატვრული ტექსტებით ტკბობის უნარების გამომუშავებაში ეხმარება.

უნიკალურია პოემის ტექსტი საკლასო როლური თამაშისთვის. სამი გმირი: გოგოთური, გოგოთურის ცოლი და აფშინა მინდოდაური თავიანთი დიალოგებითა და მონოლოგებით დაუვიწყარ სცენებს ქმნიან ჩვენ თვალწინ.

ერთადერთი უკურეაქცია და პროტესტი მოსწავლეებში გამოიწვია გოგოთურის ცოლის ოდნავ ანტიფემინისტურმა სახემ: „ძველთაგანვეა ნათქომი, რო დედაკაცი ყბედია, მიჰყვება გულის ძრახვასა – ვნებიანობით რეტია, წაიტყვის უგვანს სიტყვასა, მოუფიქრელი, ცეტია“…

 

გოგოთურის ცოლის მხატვრულმა სახემ ცხარე დებატებში ჩაგვითრია: მოსწავლეებმა დაასკვნეს, რომ ეს იყო თავისებური პლასტი, დეტალი, ინტრიგა, რომელიც ქმრის მაპროვოცირებელი, პრაგმატული ადამიანის პორტრეტის დასახატავად სჭირდებოდა ვაჟას და ეს ნაცნობი ნარატივია ქართული მწერლობიდან, თუნდაც „ვეფხისტყაოსანში“ ფატმანის სახე გავიხსენოთ. თუმცა ფატმანის ღრმა, მომხიბვლელ სახეს თავისი ღირსებებით გოგოთურის ცოლს ვერ შევადრით. მსგავსი ინტრიგა „სტუმარ-მასპინძლის“ სიუჟეტში აღაზას ზვიადაურისადმი მიმართების პასაჟშიც შემოიტანა ვაჟამ. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მწერლის მხრიდან ერთგვარი ხრიკია მკითხველის დასაინტრიგებლად, ცოცხალი, მეტყველი სიუჟეტის ასაგებად. საინტერესოა თუნდაც ის, რომ ეპიზოდური პერსონაჟი მრავალმხრივი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა მკითხველისთვის. თანაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის კონტექსტები, იმ ეპოქაში გავრცელებული სტერეოტიპები, შეხედულებები და წარმოდგენები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი