პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მშობლისა და დამრიგებლის თანამშრომლობის სიკეთეები

თუ პირველკლასელის მშობელი ხართ, რომელიც ჯერ არც სკოლიდან გარბის, არც გაკვეთილების გაცდენისკენ მიუწევს გული და არც სკოლის ფანჯრიდან გადაძვრომას ცდილობს, გეტყვით, რომ სიმშვიდის საფუძველი ჯერ კიდევ არ გაქვთ და ასეც უნდა იყოს. მსგავსი შეტყობინებებით გულს ჯერ არავინ გიხეთქავთ და არც გულამოვარდნილს გიწევთ სკოლაში მიქანება, მაგრამ მაინც იცოდეთ, რომ თავიდანვე საჭირო ხართ იქ და მშობლის ჩართულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, როგორ წარიმართება მოსწავლის ცხოვრება, როგორ ინტერესს გამოიჩენს ის სწავლის მიმართ და როგორი სოციალური კავშირები ექნება სკოლაში, რაც შეიძლება ბევრი კარგი რამის წინაპირობად იქცეს.

ხშირად მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ამ ბანალურ თარგზეა მოაჭრილი. მშობელი სკოლაში მაშინ მიდის, როდესაც უკმაყოფილება იჩენს თავს და მშობლის რადიკალურ ჩარევას მოითხოვს. თავდაპირველად პრობლემა არც ისე დიდია, თუ ზედმეტად მძაფრ რეაქციას არ გამოხატავთ იმის გამო, რომ პირველკლასელს კითხვა უჭირს ან რიცხვები და ასოები ერთმანეთში ერევა. მეტიც – ეს საერთოდ არ არის პრობლემა. ბავშვებს არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, მსგავს „სირთულეებს“ მარტივად გაუმკლავდნენ.

მოდი, თავიდან დავიწყოთ!

არადა ყველაფერი საზეიმოდ, ამაღლებული განწყობით და ბედნიერი სახეებით იწყება. იმედით აღსავსე მშობლები ვარჩევთ სკოლას, სასკოლო ნივთებს, ტანისამოსს, ვფიქრობთ შვილების ნათელ მომავალზე. იწყება სკოლა და ახალ თავგადასავალში გადავეშვებით. ჩვენი შვილებიც ბედნიერები არიან – ყველაფერი ჯადოსნურია და ამაღელვებელი. ბავშვები, რომელთა თითოეული მოძრაობა, პირველი ღიმილი, პირველი სიტყვა ნათლად გვახსოვს, უკვე მოსწავლეები არიან, ახალ ცხოვრებას იწყებენ და ეს ცხოვრება მათთვისაც და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვხედავთ, ერთბაშად როგორ გაიზარდნენ, როგორ იგრძნეს პასუხისმგებლობა და შეიყვარეს იქაური გარემო.

ჩემი ექვსი წლის შვილის სასკოლო მოლოდინი არ გამართლდა – სკოლაც და მასწავლებელიც იმაზე უკეთესები აღმოჩნდნენ, ვიდრე წარმოედგინა და პირველივე დღეს დაიმსახურეს ბავშვების კეთილგანწყობა და სიყვარული. მოღიმარმა და მონდომებულმა მასწავლებელმა პირველკლასელებისთვის სკოლა მშვიდ და ბედნიერ ადგილად აქცია.

რა სჭირდება პირველკლასელს იმისთვის, რომ უცხო სივრცეში თავი ბედნიერად იგრძნოს? მშვიდი ატმოსფერო და ღიმილი, რომელიც მას უცხოობის სტრესს მოუხსნის და სითამამეს შესძენს. თუ კარგად დავფიქრდებით, აუცილებლად გაგვახსენდება ჩვენი პირველი საკლასო ოთახი, რომელიც მაშინ უზარმაზარი – მისი რეალური მასშტაბი წლების შემდეგ აღმოვაჩინეთ და გავიაზრეთ, ხოლო მიღებულმა ინფორმაციამ უფრო თამამები და გამბედავებები გაგვხადა. ისინიც ასე არიან. თუ გაუმართლათ და პირველი მასწავლებელი მეგობრული განწყობით დაუხვდათ, ე.ი. პირველკლასელების სამყაროში მთავარი მოკავშირე გაჩნდა.

ამ მოლოდინებით და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულ ჯაჭვში ასევე მნიშვნელოვანია მშობლისა და მასწავლებლის კავშირი და მათი ერთობლივი მიზანი: როგორ შეიძლება, სკოლა ბავშვისთვის უფრო საინტერესო და შემოქმედებითი გახდეს, – რადგან, მასწავლებელიც ადამიანია, რომელსაც დახმარება და კეთილგანწყობის დადასტურება სჭირდება. ეს მასაც აუმაღლებს განწყობას და უფრო მეტ სტიმულს მისცემს.

 

ვიმეგობროთ მასწავლებელთან.

სკოლაში ბევრნაირი ურთიერთობა ყალიბდება. ჩვენი შვილები ჩვენ შემოგვყურებენ და საკუთარ წარმოდგენებს ჩვენი დამოკიდებულებების მიხედვით განსაზღვრავენ. მათ სურთ დარწმუნდნენ, რომ ჩვენც ისევე მოგვწონს მათი მასწავლებელი, როგორც მათ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ თვალწინაც დავუდასტუროთ კეთილგანწყობა მასწავლებელს და ახალი ურთიერთობა უფრო საინტერესო და კეთილმეგობრული გავხადოთ.

 

რაში შეიძლება დავეხმაროთ?

მასწავლებელს, რომელიც 25 ან 26 ბავშვს იბარებს, ჩვენი დახმარება ბევრ რამეში შეიძლება დასჭირდეს, ყველა მშობელი შეიძლება სხვადასხვა რამეში გამოადგეს. მაგალითად, ერთმა შეიძლება სოციალურ ქსელში შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ კავშირს უფრო მეტად განამტკიცებს და პირვეკლასელების მშობლებსაც უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს შვილების სასკოლო ცხოვრებაზე. მეორემ დრო უფრო ადვილად გამონახოს, თუ სკოლაში მშობლის ყოფნის საჭიროება წარმოიშვა. მესამე კარგი ორგანიზატორული უნარებით გამოირჩეოდეს და ეხერხებოდეს ისეთი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა ექსკურსია გასართობ ცენტრში ან რომელიმე კულტურულ ღონისძიებაზე წასვლა. თუ ასეთ წვრილმანებს მშობლები მოაგვარებენ, მასწავლებელს უფრო მეტი დრო და ენერგია დარჩება, რათა უფრო შემოქმედებითი და საინტერესო გაკვეთილები ჩაატაროს.

 

 

 

 

 

.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი