პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გულთგონთხართა? (წერილი პირველი)

პირველ რიგში ბოდიშს გიხდით ერთ-ერთი ბიზნესმენის მიერ გამოგონილი და მერე სერიალში მახვილგონივრულად გადატანილი ზმნის სათაურში გამოტანისთვის. მაგრამ ის, რაც სასაცილოდ მეჩვენებოდა, როდესაც პირველად გავიგე, ჩემი ლექსიკის ნაწილად იქცა. ამაში დამნაშავე კი ქართული ზმნის ბუნებაა. ქართულმა ზმნამაც მაპატიოს, თუმცა, მისი მოქნილი ბუნებიდან გამომდინარე, გულწრფელად აღმომხდება ხოლმე ეს სიტყვა ზმნის კი არა, შორისდებულის სახით, როდესაც გაუგონარ სიბრიყვეებს ვისმენ. ბოდიშს მოვუხდი ყველა იმ მასწავლებელს, რომელთაც წერილის სათაურით არ მივმართავ და დარწმუნებული ვარ, მათი რიცხვი ბევრად აღემატება იმ მასწავლებლების რიცხვს, რომელთაც წერილის სათაურში მივმართავ. მე ამ წერილით იმ მასწავლებელებს მივმართავ, რომელთაც ამ გზით მინდა გავცე პასუხი იმ გაუგონარ უპასუხიმგებლობაზე, „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების დროს რომ იჩენენ.

ვის არ მოგვდის შეცდომა?! რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხშირ შემთხვევებში სამეცნიერო მიგნებების სათავე სწორედ შეცდომებშია. რომ ვიცოდეთ, როდის ვუშვებთ შეცდომას, არც დავუშვებდით მას, მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მისგან დაზღვეული არავინაა. დაშვებული შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს წყაროების სიმცირე, ტექნოლოგიურ გამოგონებებზე წვდომის არქონა და არა მარტო… მაგრამ მაშინ, როდესაც საქმე ლიტერატურას ეხება და როდესაც პასუხი ტექსტში გვაქვს, ცოტა არ იყოს, უხერხულია შეცდომის დაშვება; ანდა, როდესაც საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებში აღწერილ ისეთ ეპოქას ეხება, ისტორიკოსებს პასუხი რომ გაცემული აქვთ, ჩვენ კი, იმიტომ, რომ მოდას ავყვეთ, სრულიად უგულებელვყოფთ სიმართლეს და გამიზნულად ვუშვებთ შეცდომას, სრულიად დაუშვებელია; ასევე, ჩემი აზრით, უადგილოა, ლიტერატურის სწავლებისას რაშემონის ეფექტით ვიმართლოთ თავი, როდესაც სისულელეს სისულელე და სიბრიყვეს სიბრიყვე უნდა დავარქვათ და არა განსხვავებული აზრი. ჭეშმარიტება ერთია!!! თუმცა იქვე უნდა ვთქვათ, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ პერსპექტივა სხვადასხვაა, ოღონდ, როდესაც პერსპექტივას წარმოვადგენთ, მას დასაბუთებული მსჯელობა უნდა მოვაყოლოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსპექტივა აკვიატებული აზრი იქნება.

ლიტერატურათმცოდნეობას, ისევე როგორც ჰუმანიტარული მეცნიერების სხვა დარგებს, ჰიპოთეზები და მეთოდოლოგია გააჩნია. როდესაც მოსწავლეებს ლიტერატურულ ტექსტს ვასწავლით, ჩვენი მიზანი, შინაარსის სწავლებასთან ერთად, გაბედული მოსაზრების წახალისებაც უნდა იყოს, მაგრამ დაუშვებელია, ყველაფერზე კვერი დავუკრათ და თავი ვუქნიოთ მოსწავლეებს. ასე მათ თავისდა უნებურად ჩამოუყალიბდებათ არასწორი შეხედულება, რომ ლიტერატურის შესწავლისას ყველაფერი მოსულა (მაპატიეთ ეს სლენგი), ხოლო მათემატიკა, საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები ბევრად უფრო თანმიმდევრულია და თითქოს არგუმენტირებული მსჯელობაც ამ დარგების განუყოფელი ნაწილია. ეჭვი მაქვს, ხანდახან მასწავლებლებს ეშინიათ ოცდამეერთე საუკუნის მოსწავლეების და მათთან კამათის, ამიტომაც თავს უქნევენ და ეთანხმებიან ყველაფერზე; ან საერთოდ არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას, აჩუმებენ, რადგან ისევ და ისევ – ეშინიათ მეცნიერული პაექრობის. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს იმ მასწავლებლებთან, რომლებიც ასე არ იქცევიან, მაგრამ სწორედ ეს მასწავლებლები მიხვდებიან, რასაც ვამბობ, რადგან დარწმუნებული ვარ, მათ არაერთხელ შეუნიშნავთ თავიანთ გვერდით ისეთები, ვისზეც მე ვსაუბრობ. თუ ეს ასე არ არის, ბედნიერი გამონაკლისი ბრძანდებით და ეს წერილი გადადეთ გვერდზე, დროს ნუ დახარჯავთ და მას ნუღარ წაიკითხავთ…

ახლა გადავიდეთ იმ შეცდომებზე, რომელთაც ზოგიერთი მასწავლებელი უშვებს „ვეფხისტყაოსნის“ სწავლების პროცესში, კონკრეტულად იმ შეცდომების დამშვებად, რომელთაც აქ ჩამოვთვლი, ცხადია, თქვენ, სანიმუშო მასწავლებლებს, არ გგულისხმობთ:

შეცდომა პირველი – ამბავი პირველი: ტექსტში ვეძებთ იმას, რაც არ არის და ავტორს ვაბრალებთ იმას, რაც არ დაუწერია

ნეტა, მართლა საკმარის დროს ვუთმობდეთ ნაწარმოებს და მართლა ვეძებდეთ ტექსტში იმას, რისი პოვნაც გვინდა, ასე ხომ დაზღვეულები ვიქნებოდით შეცდომებისგანაც და ვინძლო, იმაზე საინტერესო რამისთვისაც მიგვეგნო, ჩვენც გაოცებულები დავრჩენილიყავით და სხვებიც გაგვეოცებინა!

პირველ შეცდომაში ვგულისხმობ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ასაკს. ჩემი აზრით, ასაკი ნაწარმოებში პირობითია და მას არაფერზე არ გავყავართ. შევეცდები, დავასაბუთო ჩემი მოსაზრება. გამოტყდით, რამდენჯერ გაგიგიათ, რომ ნესტანი მთლად ბავშვი იყო, როდესაც ტარიელი მას  გაუმიჯნურდა? ბევრჯერ. არადა, მივყვეთ ტექსტს. რა ვიცით პოემის გმირების ასაკის შესახებ? ბევრი არაფერი. საჭიროა კი მათემატიკური სიზუსტით ვანგარიშობდეთ, როდის რა მოხდა? ეს რომ საჭირო ყოფილიყო, მენდეთ, რუსთველი დროს არ დაიშურებდა და ყველა მოვლენის წინ გმირის ასაკზე იტყოდა რამეს, როგორც ამას ზოგიერთ შეთხვევაში აკეთებს. ასევე ავტორი რამდენჯერმე აწვდის ინფორმაციას მკითხველს, რა დრო დასჭირდა ამა თუ იმ საქმეს (მაგ. სამი წელი ავთანდილის მიერ ტარიელის მოძებნას, ერთი წელი ავთანდილის ტარიელთან დაბრუნებას, სამი თვე ხატაეთში ომს და სხვ.) ძირითადად კი რუსთველი დუმს და არაფერს ამბობს დროის ხანგრძლივობაზე. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მოვლენები ერთმანეთს მიეწყო, არამედ იმასაც, რომ რაღაც დრო გადის და მხოლოდ შემდეგ ხდება აღწერილი მოვლენა.

ტარიელი როდესაც თავის ამბავს ავთანდილს უამბობს, ორჯერ აღნიშნავს ასაკს, ერთხელ ის ხუთი წლისაა და მეორეჯერ – თხუთმეტის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ათვლა აუცილებლად ამ ასაკიდან უნდა დავიწყოთ. გააჩნია, რისი ათვლა. თუკი გვაინტერესებს, რამდენი წელია განსხვავება ნესტან-დარეჯანსა და ტარიელს შორის, ცხადია, მაშინ ასაკი გასათვალისწინებელია. თუკი ტარიელი ხუთი წლის იყო მაშინ, როდესაც დედოფალი დაორსულდა, გამოვა, რომ ვეფხისტყაოსან გმირსა და ინდოეთის მეფის ასულს შორის განსხვავება დაახლოებით ექვს წლამდე იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ ორსულობა ცხრა თვე გრძელდება. რას გვაძლევს ეს ინფორმაცია? ბევრს არაფერს. რადგან ტარიელის მიმართ დამოკიდებულება ფარსადანს არ ეცვლება შვილის დაბადების მერე. მას ისევ ისე უყურებენ, როგორც მანამდე უყურებდნენ, ანუ შვილივით უყვართ. ცვლის რამეს ნესტანსა და ტარიელს შორის ასაკობრივი განსხვავება ტექსტში? მეტი ან ნაკლები რომ ყოფილიყო ნესტანსა და ტარიელს შორის განსხვავება, სხვანაირად წარიმართებოდა მოვლენები? ალბათ არა. თუმცა, როცა არ უნდა მოეწოდებინა ნესტან-დარეჯანს სატრფოსთვის ხატაელებთან ომის გაჩაღება, ის მაინც პოლიტიკურად უმწიფარ ადამიანად გამოჩნდებოდა. ეს მოწოდება აჩვენებს, რომ ნესტანი სახელმწიფოებრივად ვერ აზროვნებს, როდესაც ხატაეთში გალაშქრებას სთხოვს გმირს. რატომ მიმაჩნია პოლიტიკური უმწიფრობის ნიმუშად ხატაელებთან ომი? იმიტომ, რომ ამ ომში ტარიელმა კი სძლია ხატაელებს, მაგრამ მან ფარსადანს სადარდებელი გაუჩინა. მისი საქციელი რომ მეფესთან შეთანხმებული ყოფილიყო, მაშინ ფარსადანი ტარიელში ეჭვს არ შეიტანდა. ტარიელი თანხმდება ნესტანის გამოწვევას. მისი ასაკით რომ ავხსნათ ეს პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯი, დავაბრალოთ, რომ პატარა ბიჭია და ვერ განსაზღვრა თავისი საქციელის უკუშედეგები, ალბათ არ იქნება მართალი. რადგან ტარიელის ამირბარად დანიშვნა თექვსმეტი წლის ასაკში ფარსადანის პასუხისმგებლობაა. სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო სარიდანის ძისთვის ამ პოსტის მიცემა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა. შესაბამისად, ორივეს, ფარსადანის და ტარიელის პასუხისმგებლობა საკმაოდ დიდია, როდესაც ნესტანში გამიჯნურებული გმირი მეფის უკითხავად ომს წამოიწყებს (ამ თემაზე არაჩვეულებრივი სტატია აქვს ლევან გიგინეიშვილს). ფარსადანი არ უწონებს ტარიელს გადაწყვეტილებას და, დასჯის ნაცვლად, ათავისუფლებს რამაზ მეფეს. აქ მისი ტოლერანტული ბუნება კი არა ჩანს, ამ ეპიზოდით ფარსადანი ცდილობს აჩვენოს ტარიელს, რომ მას შეეშალა და მისი საქმე არ იყო რამაზის დატყვევება. აბა, სხვა როგორ უნდა აიხსნას შემდეგი სიტყვები: „რამაზ მეფე მის წინაშე შეპყრობილი მივიყვანე; ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე, ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე, ესე არის მამაცისა მეტისმეტი სიგულვანე! მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა…“ თუკი რამაზი ორგული და მოღალატეა, რატომ უალერსებს მას ფარსადანი როგორც სააკვანე შვილს? საქმე ისაა, რომ ხატაელთა მეფის შეპყრობა მხოლოდ ფარსადანის ბრძანებით უნდა აღსრულებულიყო. ფარსადანი ხვდება, ვინ შეიძლება იდგეს ამ წამოწყების უკან, გამოცდას მოუწყობს შეყვარებულებს: „იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია: „გვერდსა დაისვი (იგულისხმება ნესტანი), ორნივე სრას დამხვდით, მოვალ შვებული“. ამ გამოცდას მიჯნურები ვერ გაივლიან: „შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ ნათელთასა“. ისინი ერთმანეთს თვალს ვერ მოწყვეტენ: „მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად მეუბნებოდა; თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა“. ფარსადანი კი გადაწყვეტილებას იღებს, სასწრაფოდ გაათხოვოს ასული. მეორე გამოცდა, რომელსაც ტარიელს უწყობს, სავარაუდოდ, თათბირზე ტარიელისთვის რჩევის კითხვაა, რომელზეც ტარიელი თავს არ გაყიდის („დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია; ვთქვი: „ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!“). ამიტომაცაა საშინლად განრისხებული ინდოეთის მეფე, როდესაც სასიძოს მოკვლის ამბავს შეიტყობს. ფარსადანი მართალია, როდესაც უბრალო სისხლის დაღვრას განიცდის. არა აქვს მნიშვნელობა, რა ნახა კარავში ტარიელმა (თუმცა ვიზიარებ ლევან გიგინეიშვილის მოსაზრებას ამ სტრიქონის წაკითხვისას), როგორ იწვა ხვარაზმშას ძე („კარავსა შევე, იგი ყმა, ვითა წვა“) ან რატომ ამბობს „ზარ-მაც თქმად ენით“ ის, რაც ვიხილეო. კატეგორიულად იმის თქმა, რომ ფარსადანი ყველაფერში ტყუის, არასწორია. ფარსადანს თავისი სიმართლე აქვს და ეს სიმართლე ისაა, რომ ის ტარიელს შვილივით ზრდიდა და რომ ტარიელი, ნაცვლად იმისა, რომ ნესტანის ძმა ყოფილიყო, მასშია შეყვარებული. ეს ჩემი მოსაზრებაა და, ვფიქრობ, საკმარისი არგუმენტი წარმოვადგინე მის დასამტკიცებლად. თუმცა ტექსტში ამის შესახებ არაფერია პირდაპირ ნათქვამი, მაგრამ ის ირიბი მინიშნებები, რომლებიც ნაწარმოებშია, საკმარისია იმისთვის, რომ ეს მოსაზრება გამოვთქვა, თუმცა არაა საკმარისი განვაცხადო, რომ ჭეშმარიტებას მივაგენი. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც წერილის დასაწყისში ჭეშმარიტებასა და პერსპეტივებზე ვსაუბრობდი.

დავუბრუნდეთ გმირების ასაკს. შესაძლოა, ნესტან-დარეჯანი და ტარიელი საკმაოდ ახალგაზრდები არიან, მაგრამ ისინი არც მთლად ბავშვები არიან, როცა ერთმანეთი შეუყვარდებათ. რუსთაველი არაფერს ამბობს იმაზე, რამდენი წლისანი არიან ისინი, როცა ტარიელი დაბნდება ან როცა ნესტანი მას პირველ წერილს მისწერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნესტანი ათი წლისაა და ტარიელი თექვსმეტის. თუკი ტარიელის მამა გარდაიცვალა მაშინ, როცა ტარიელი თხუთმეტი წლის იყო, ხოლო ამის შემდეგ მან ერთი წელი იგლოვა, ეს არ გულისხმობს ავტომატურად იმას, რომ წლები არ გავიდა, სანამ ის ნესტანს არ შეეყრებოდა და სხვა თვალით არ შეხედავდა. უბრალოდ რუსთველი დროის ამ მონაკვეთზე დუმს. დუმს იმიტომ, რომ ალბათ ამ პერიოდში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ მეფეც და ამირბარიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. და რადგანაც რუსთველი (ან ამბის მთხრობელი ტარიელი) დუმს, ჩვენ არ ვიცით, რა დროა გასული – ერთი წელი, ერთი თვე თუ სამი წელი, როცა ტარიელი ფარსადანმა ნანადირევი დურაჯით გააგზავნა თავის ასულთან. „დღესა ერთსა“ – ასე იწყება მთხრობელისთვის და მსმენელისთვისაც საინტერესო ამბის ეს მონაკვეთი. რამდენი დროა გასული, სანამ ეს ერთი დღე დადგებოდა, მეცნიერული სპეკულაციის საგანია. მანამდე ტარიელი ამბობს: „აღარა ვიცი, დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია“-ო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აქ ის იმ კონკრეტულ წელიწადზე არ ყვება, როცა მას ტრაგედია გარდახდა და არა იმაზე, რომ ეს დიადი წელი პირდაპირ მიჰყვა იმ წელს, როცა ის გლოვას მორჩა.

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა, რომ არც ნესტანია პატარა ბავშვი და მით უმეტეს, არც ტარიელი, როცა მათ შორის რომანი დაიწყება. იმ პერიოდის ისტორიული ცნობები სამეფო კარის წარმომადგენლების შესახებ გვაქვს და ეს ცნობები იმას ამბობს, რომ არც თამარი და არც მისი ახლობელი დიდგვაროვანი ქალები არ იყვნენ პატარა ბავშვები, როდესაც ოჯახს ეკიდებოდნენ. თინათინი, რომელიც გამეფების ასაკში, სავარაუდოდ, თამარის ხნისაა, არ ჩქარობს დაქორწინებას, თუმცა იგი „რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია“ და მზადაა მეფობისთვის, მარტო არა, მაგრამ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მაინც. ისევ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ვვარაუდობ, რომ ნესტანიც მისი ასაკის უნდა იყოს, როცა მას ტარიელი დაინახავს. ამ ამბიდან საკმაო დრო გადის, სანამ მას მამიდა ზღვაში გადაკარგავს, მისი დაკარგვის შემდეგ გასული წლები (სამი წელი, როცა ავთანდილი ეძებდა ტარიელს, ერთიც მეორედ შეხვედრის ამბავი, და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი თვე, სანამ ნესტანი და ტარიელი, სატურნისა და იუპიტერის მსგავსად, ერთმანეთს ჩაეხუტებოდნენ და სამშობლოში დაბრუნდებოდნენ) საკმაო დრო იქნებოდა იმისთვის, რომ ისიც და მისი პარტნიორიც პოლიტიკოსობისთვის მომწიფებულიყვნენ. მათ თავს გადამხდარი უბედურებებიც კარგი გამოცდილება იქნებოდა მათთვის.

ასე რომ, არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვისაუბროთ იმაზე, რომ ნაწარმოების გმირები პატარები, უმწიფარნი არიან, ბოლობოლო, ილუსტრაცები მაინც გავიხსენოთ, მადლობა ღმერთს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრატორები მაინც კარგად იცნობდნენ ტექსტს…

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი