შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლე პროვინციული სკოლის ცხოვრებაზე

კანადის პატარა ქალაქის სკოლა: რას წერს კანადელი მოსწავლე პროვინციული სკოლის ცხოვრებაზე

უინძორის უნივერსიტეტის (ონტარიო, კანადა) ინგლისური ენის ფაკულტეტის სტუდენტი და ბლოგერი მეგან ვანდერცვარტი გვიზიარებს თავის გამოცდილებას კანადის პროვინციულ სკოლაში სწავლის შესახებ.

 

მე კანადის პატარა ქალაქში დავიბადე, რომლის მოსახლეობაც 500 ადამიანს შეადგენდა. სკოლაშიც პატარა ქალაქში დავიწყე სიარული, რომელიც ჩვენი ქალაქის მახლობლად მდებარეობდა. იმ ქალაქში უკვე 5.000 მცხოვრები იყო და ჩვენს სკოლას დაახლოებით 1.200 მოსწავლის მიღება შეეძლო, თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა 800-ს არ აღემატებოდა, თანაც ამ რაოდენობის მეოთხედიც კი იშვიათად გამოჩნდებოდა ხოლმე გაკვეთილებზე.

ჩვენი სკოლა საკმაოდ დიდ ტერიტორიას ემსახურებოდა და ძირითადად სასოფლო-სამეურნეო, ფერმერული რეგიონის ბავშვებს ასწავლიდა.

როგორც პროვინციაში ხდება ხოლმე, ქალაქის მცხოვრებთა უმეტესობას იგივე სკოლა ჰქონდა დამთავრებული, რომელზეც გიყვებით. შემდეგ მათ ეყოლათ შვილები, რომლებიც იმავე სკოლაში შეიყვანეს… ქალაქის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არასდროს წასულა სხვაგან; ყოველ შემთხვევაში, თუ სადმე წასულან – არც ისე შორს.

ჩემი მშობლებიც, ჩემი კლასელების მშობლების მსგავსად, ზემოხსენებულ სკოლაში დადიოდნენ. იმ დროს, მათი მონათხრობის მიხედვით, სკოლაში ათასზე მეტი მოსწავლე იყო, რისი წარმოდგენაც, მართალი გითხრათ, გამიჭირდა. ყოველთვის მეგონა, ის რვაასი ბავშვიც კი ბევრი იყო ჩვენი სკოლისთვის.

გულახდილად გეტყვით, რომ ჩვენი სკოლა არასდროს მიყვარდა. არა, არ იფიქროთ, რომ იქ რაიმე საშინელება ხდებოდა (როგორც ეს ამერიკულ საშინელებათა ფილმებშია, ან ვინმე მჩაგრავდა… თანაც ყოველთვის კარგი ნიშნები მქონდა.

ასეთ პატარა სკოლაში სწავლას ყოველთვის თან ახლავს გარკვეული სახის შეზღუდვები. მეცხრე თუ მეათე კლასში უკვე ყველა ყველას იცნობდა. ყველამ იცოდა, ვინ ვინ იყო და ვისთან მეგობრობდა. როგორც წესი, სამეგობრო ჯგუფები, რომლებიც მეცხრე კლასში ყალიბდებოდა, ასევე რჩებოდა სწავლის დამთავრებამდე (აშშ-სა და კანადაში დამამთავრებელი (მე-9-12) კლასები, ე.წ. ჰაი-სქული, ფაქტობრივად ახალი სასკოლო ჯგუფია, რომელშიც სხვადასხვა მიდლ-სქულიდან (მე-5-8 კლასები) გადმოსული ბავშვები ერთიანდებიან, – ლ.ა). ამ წლებში, განსაკუთრებით კი მე-12 კლასში, შესანიშნავი მეგობრები გავიჩინე.

პროვინციული ცხოვრებისა და ქალაქის ფერმერული თემის გამო ყოველთვის ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ამ ჯგუფებს არ ვეკუთვნოდი. არ ვიყავი ფერმერთა ოჯახიდან, არ ვირიცხებოდი სპორტულ ჯგუფში და არ ვაპირებდი სამომავლოდ ამ პატარა ქალაქში დარჩენას. მეჩვენებოდა, თითქოს ყველას ჩემს გარშემო ძალიან ვიწრო თვალსაწიერი ჰქონდა. მეგონა, მათზე მოწიფული და მოზრდილი ვიყავი. ფაქტობრივად არასდროს ვყოფილვარ ამ პატარა ქალაქის ცხოვრებისეული დრამის მონაწილე; არასოდეს მიგრძნია, რომ ჩემს კლასელებთან ერთად გავდიოდი ჩვენს სასკოლო ცხოვრებას…

პატარა სკოლის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე ის გახლდათ, რომ აქ ჭორები ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა. თუ რომელიმე დილას სკოლაში (ან ქალაქში) რაიმე მოხდებოდა, სადილზე ამ ფაქტის შესახებ უკვე მთელი ქალაქი ლაპარაკობდა. ყველამ ყველაზე ყველაფერი იცოდა – ეს ასეთი ქალაქების ცხოვრებისეული დრამის შემადგენელი ნაწილი გახლავთ… სასკოლო ცხოვრების სპექტაკლის სიუჟეტები ერთფეროვანი იყო: შეყვარებულის ღალატი, საუკეთესო მეგობრებზე ჭორაობა… ყველამ იცოდა თქვენი ცხოვრების სპექტაკლის სცენარი და ყველა ფიქრობდა, რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონოდა ამ სპექტაკლში რაიმე როლი…

პატარა სკოლებისთვის (როგორც ალბათ, უფრო მოზრდილი სკოლებისთვისაც) დამახასიათებელი გახლდათ ყოველდღიურობა, ყოველი დღის განმეორებადობა. ჩემი დღე, მეტ-ნაკლებად, ასეთი იყო: დილით ადგომა, სასკოლო ავტობუსით მგზავრობა, ორი გაკვეთილი, ლანჩი სასადილოში, კიდევ ორი გაკვეთილი და ბოლოს ავტობუსით სახლში წასვლა. დიახ, ეს იყო ის თარგი, რომელშიც ყველა მოსწავლე ხვდებოდა სწავლის წლებში. თითქმის არასოდეს მომხდარა რამე საინტერესო და მოწყენილობა ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ნაწილი გახლდათ. თვით ის დრამაც კი, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, ხანდახან სანატრელი გვქონდა.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც სკოლის დამათავრებელი კლასები არ მიყვარდა, ალბათ ის იყო, რომ არასდროს მიგრძნია, ვინ ვიყავი სინამდვილეში. ჩემ გარშემო ყველა ყველას განსჯიდა და აკრიტიკებდა. ასევე ვერ შევიყვარე მასწავლებლები, რომლებიც მბრძანებლებივით გვექცეოდნენ. მოსწავლეებს არ გვქონდა არანაირი თავისუფლება, რადგან მასწავლებელებს ჩვენთან ურთიერთობისას მშობლების სამოსელი ჰქონდათ მორგებული.

იმ ოთხი წლიდან, რომლებიც ჩვენი ქალაქის სკოლაში გავატარე, საუკეთესო გახლდათ მე-12 წელი. მიუხედავად ჩვენი ქალაქის ამბებისა, დრამებისა და „მბრძანებელი“ მასწავლებლებისა, მყავდა საუკეთესო მეგობრები, როგორიც კი გოგომ შეიძლება ინატროს. სკოლის შემდეგ თავისუფლად შემეძლო მანქანის ტარება, სულ მალე უნდა გამართულიყო გამოსაშვები საღამო და უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვიყავით სკოლის მთავარი „გოგონები“. სულმოუთქმელად ველოდებოდი მეჯლის. ხშირად გაიგონებთ, როგორ ამბობს ხალხი: „ეს დღეები მალე მოგენატრება“, – მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, მე ასე არ ვფიქრობ. უკვე მეორე წელი გავიდა და სკოლის წლები ჯერ არ მომნატრებია.

გარდა ჩემი სამი  საუკეთესო მეგობრისა, სკოლიდან აღარავისთან მაქვს კონტაქტი და ეს ჯერჯერობით არ მაწუხებს. რა თქმა უნდა, სკოლიდან ბევრი სახალისო და კეთილად მოსაგონარი რამ მახსოვს და დიახ, ხანდახან მინდა, სკოლის მეგობრები ყოველდღე მხვდებოდნენ. თუმცა ახალ გარემოში ახალი მოგონებები ჩნდება, ხვდები ახალ ადამიანებს და ახალ ცხოვრებას მიუყვები, ახალი სიმაღლეებისკენ ვისწრაფვი. როდესაც ძველი მეგობრები ვიკრიბებით, ეს ყოველთვის განსაკუთრებული ამბავია! რაც მთავარია, დღეს მე უკვე ვიცი, რომ დავასრულე ჩემი ცხოვრების ის ნაწილი, რომელიც წარსულში დარჩა და მჯერა, რომ ეს ახალი ნაწილი უკეთესია.

თარგმნა ლევან ალფაიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი