პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მასწავლებლის პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა.მსოფლიო გამოცდილება. (მეოთხე ნაწილი)

პედაგოგთა პროფესიული ზრდა, მათი დახმარება, კარიერა  და შრომის პირობები
განათლება, როგორც პროფესიული მოღვაწეობის სფერო, ჯერ კიდევ ვერ გადაიქცა ცოდნის ინდუსტრიად, რომელშიც საგანმანათლებლო ხერხები და მეთოდები მათ ეფექტურობაზე დაგროვილი ინფორმაციის შესაბამისად შეიცვლებოდა. სწავლების შესაცვლელად საკმარისი არ არის საუკეთესო კადრების შერჩევა და მათთვის კარგი საწყისი განათლების მიცემა, საჭიროა პედაგოგებმა მოახდინონ ადაპტაცია განათლების სისტემის მუდმივად ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად. იმისათვის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი განვითარდეს და გაიზარდოს, მას სჭირდება  დრო და კარიერული ზრდის მრავალფეროვანი  გზები. ძალიან ხშირად პედაგოგთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს ვერანაირ ცვლილებებამდე ვერ მივყავართ. როდესაც მასწავლებლებს სთავაზობენ პროფესიული განვითარების მართლა ეფექტურ ფორმებს, ისინი სიამოვნებით ხარჯავენ მასზე დროს და ფინანსებსაც კი. საოცრად ეფექტურია ერთობლივი სწავლება, იდეების გაზიარება და  ურთიერთთანამშრომლობა, რაც იშვიათად ხდება.  
მოქმედი პედაგოგებისთვის ეფექტური დახმარება შეიძლება პროფესიული განვითარებისადმი და შრომის პირობებისადმი მოქნილი მიდგომა იყოს. იმის გამო, რომ თანამედროვე ადამიანები თავის ცხოვრებას ერთ პროფესიას იშვიათად უძღვნიან, განათლების სპეციალისტებისთვის საშუალების მიცემა იმუშაონ სკოლებში შეთავსებით და გაიკვალონ გზა ახალი კარიერული ზრდისთვის, მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესის ამაღლების საშუალებას იძლევა.

სისტემის სრულყოფა უკვე მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლების მუშაობის მეთოდების  ცვლილებების გზით უნდა ხდებოდეს. მათ უნდა ჰქონდეთ პროფესიული კარიერის მანძილზე ახალი პედაგოგიურ მოთხოვნებთან ადაპტაციის უნარი. 
მნიშვნელოვანია პერსპექტიული კურსდამთავრებულების რეკრუტინგი და შერჩევა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი ელემენტია განათლების ადამიანური რესურსების მართვაში. თუ განათლების სისტემას წარმატებული რეფორმა უნდა, მაშინ ის ვერ დაელოდება პედაგოგთა ახალ თაობას. აუცილებელია განათლების რესურსების პრაქტიკოს მასწავლებლებში ინვესტირება, მათთვის ხარისხიანი პროფესიული განვითარების და  კარიერული ზრდის დაგეგმვა, განვითარების გზების გამრავალფეროვნება და  რეფორმებისადმი ინტერესის გაღვიძება. მოხსენებაში ნათქვამია:  „მასწავლებლებისთვის  კარიერული ზრდის  გზები იმისათვის იცვლება, რომ წახალისდეს სწავლების საუკეთესო  გამოცდილებები და მიეცეთ მათ  პროფესიაში დარჩენის სტიმული. კიდევ ბევრია გასაკეთებელი  იმისათვის, რომ გაერთიანდეს პედაგოგიური განათლება და პროფესიული განვითარება, ატესტაცია და კარიერული ზრდა. საერთაშორისო მიმოხილვები ადასტურებს, რომ შეუძლებელია ისეთი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, რომელიც მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოთხოვნებთანაა ადაპტირებული”.
პედაგოგთა პროფესიული განვითარების პროცესში მათი რეალური მოთხოვნილებების გათვალისწინება

პედაგოგებისადმი მოთხოვნები მუდმივად იცვლება, ამიტომ თეორიული მომზადება საკმარისი არ არის.

საზოგადოების მოლოდინი მასწავლებლებთან მიმართებაში იცვლება. ყოველდღიურად იზრდება მოთხოვნები მათ მიმართ. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს კლასის გაერთიანებას  და განსაკუთრებული ნიჭის მქონე ბავშვების გაკვეთილის პროცესში ჩართულობას. მათ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენონ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, და აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ ატესტაციისა და ანგარიშვალდებულების დაგეგმვაში. ასევე უნდა იაქტიურონ სკოლის ცხოვრებაში მშობლების ჩასართავად. იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგი თეორიული მომზადება აქვს გავლილი პედაგოგს, არ უნდა ველოდოთ, რომ  ის საკმარისი იქნება იმ სირთულეების გადასალახად, რომელსაც ისინი პროფესიული მოღვაწეობის დროს ეჯახებიან. 

      ცოდნის და უნარების განახლება შეუძლებელია მუდმივი პროფესიული განვითარების გარეშე.

პედაგოგთა პროფესიული განვითარება მათ საწყის განათლებასთან ერთად შეიძლება ემსახურებოდეს რიგ მიზნებს, მათ შორის:

·თითოეული პედაგოგის ცოდნის განახლებას და შესაბამის საგანში უახლესი აღმოჩენების გამოყენებას;
·მასწავლებლის ინდივიდუალური უნარების განვითარებას და მეთოდების განახლებას, რათა აითვისონ ახალი პედაგოგიური ტექნიკა, განაახლონ მიზნები, გაითვალისწინონ ახალი გარემოებები და ახალი კვლევები განათლების სფეროში;
·თითოეული პედაგოგის მიერ ახალი სასწავლო გეგმის  გამოყენებას ან ცვლილებებს პედაგოგიური პრაქტიკის სხვა ასპექტებში. 
·სასწავლო გეგმით მუშაობის და პედაგოგიური პრაქტიკის სხვა ასპექტების ახალი სტრატეგიების  განვითარებას  და სკოლის დონეზე მათ გამოყენებას;
·პედაგოგთა და სხვა სპეციალისტებს შორის ინფორმაციისა და სპეციალური ცოდნის გაცვლა–გამოცვლას, მაგ. უნივერსიტეტებისა და სხვა სასწავლებლების თანამშრომლებს შორის;
·სუსტი პედაგოგების მუშაობის შედეგების გაუმჯობესებას.

ზოგიერთი ასპექტი, როგორც კვლევებმა გვიჩვენა,  წარმატებული პროფესიული განვითარების განმსაზღვრელია.
პროფესიულ განვითარებაში მასწავლებელთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პოლიტიკოსებმა და განათლების სფეროს მენეჯერებმა უნდა იცოდნენ, როგორ დაეხმარონ და წაახალისონ მათი მონაწილეობა სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ მოიყვანონ შესაბამისობაში მათი მოთხოვნები და შესაძლებლობები. ამასთან ერთად აუცილებელია გათვალისწინებული იყოს პედაგოგთა  პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული დანახარჯები – როგორც ფინანსური, ასევე დროის. კვლევებმა გვიჩვენა: არსებობს  გარკვეული საშუალებები, რომ პროფესიული განვითარების ყოველდღიური პრაქტიკა გარკვეულწილად მაინც მიუახლოვდეს იმ პრაქტიკას, რომლებიც ჩვენ სასწავლო პროცესში იდეალურად მიგვაჩნია.

·კარგად მოფიქრებული და რესურსებით უზრუნველყოფილი დამწყები მასწავლებლის დამხმარე პროგრამები ხელს შეუწყობენ სკოლაში ახალგაზრდა მასწავლებლის ინტეგრაციას. ზოგ ქვეყანაში მასწავლებელი, რომელსაც გავლილი აქვს თეორიული მომზადება და მუშაობს მასწავლებლად, ერთი ან ორი წელი საქმიანობას კურატორის მუდმივი კონტროლის ქვეშ ახორციელებს. დამწყებ  მასწავლებელს  ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც წესი, არასრული დატვირთვა აქვს, მუდმივად იღებს უფროსი პედაგოგებისგან რჩევებს და პარალელურად აგრძელებს სწავლას.
·ეფექტური პროფესიული განვითარება უნდა იყოს  უწყვეტი, მოიცავდეს სწავლას, პრაქტიკას და უკუკავშირს, მას თან უნდა ახლდეს სათანადო თანმდევი დახმარება, რომელსაც საკმაო დრო უნდა დაეთმოს. 
·პედაგოგთა პროფესიული განვითარება აუცილებელია თანხმობაში მოდიოდეს სკოლების და განათლების სისტემების განვითარების უფრო ფართო მიზნებთან, ასევე შეფასებასთან, უკუკავშირის უზრუნველყოფასთან  და სკოლის მუშაობის ანალიზთან.
·ხშირად მასწავლებლის პროფესიული ზრდის უზრუნველსაყოფად საჭირო ხდება იმ დამკვიდრებული სტრუქტურების და პრაქტიკის გადახედვა, რომელიც ხელისშემშლელია მისთვის. პედაგოგს საშუალება უნდა მიეცეს, მეტი დრო დაუთმოს თვითგანვითარებას. მან უფრო ფართოდ უნდა გამოიყენოს ჯგუფებში მუშაობა და გამოკითხვა, განსაკუთრებით  სასწავლო გეგმის და შეფასების საკვანძო საკითხების გადაწყვეტისას.

პედაგოგის სამუშაო ადგილზე პროფესიული სწავლების გაგრძელების მსოფლიოში გავრცელებული სისტემები.

 

ზოგიერთ ქვეყანაში პედაგოგთა პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია. TALIS გამოკითხვის შედეგები გვიჩვენებს, რომ  სხვადასხვა ქვეყანაში პედაგოგთა 90%–ს მონაწილეობა აქვს მიღებული რომელიმე პროფესიული განვითარების პროექტში. ოღონდ არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება  მისი გავლენის და  მასწავლებელთა მონაწილეობის ინტენსივობის მაჩვენებლებში როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ერთი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში; ახალგაზრდა პედაგოგები მეტად აქტიურები არიან პროფესიული განვითარების მიღებაში, ვიდრე ასაკოვანები. ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმ ღონისძიებებით, რომლებშიც მასწავლებლები მონაწილეობენ: იმ ქვეყნებში, სადაც კვალიფიკაციის ამაღლების ან ინდივიდუალური თუ კოლექტიური კვლევების პროგრამებში პედაგოგთა მაღალი პროცენტი იღებს მონაწილეობას, პროფესიულ განვითარებაზე  მეტი დღეები იხარჯება, მაგრამ მათში მასწავლებელთა მცირე ნაწილი იღებს მონაწილეობას. 

პედაგოგები ხარისხიან და მიზანმიმართულ პროფესიულ განვითარებას სწავლების სრულყოფილების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევენ. TALIS მონაცემები გვიჩვენებს: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა კლასში მუშაობის სტრატეგიების ფართო სპექტრის ათვისებას უკავშირდება, თუმცა გაუგებარია, პროფესიული განვითარება ახდენს კი ახალი ტექნოლოგიების წახალისებას თუ, პირიქით, თვითონ წარმოადგენს ახალი მეთოდების გამოყენების შედეგს. კვლევებში აგრეთვე ლაპარაკია, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან პროფესიული განვითარების კავშირი და სკოლებში კეთილგანწყობილი კლიმატი; როგორ უნდა გაიმყაროს პედაგოგმა საკუთარი თავის რწმენა; როგორ განმტკიცდეს პედაგოგებს შორის ურთიერთთანამშრომლობა და როგორ მიიღოს პედაგოგმა შესრულებული სამუშაოსგან კმაყოფილება.   

უმრავლეს ქვეყნებში  პედაგოგთა შედარებით მცირე რაოდენობა მონაწილეობს პროფესიული განვითარების (კერძოდ კვალიფიკაციის ამაღლების და ინდივიდუალური და ერთობლივი კვლევების პროგრამებში) იმ ღონისძიებებში, რომლებსაც ისინი თვითონ  მიიჩნევენ უფრო ეფექტურად. ისინიც კი, ვინც ამ საქმიანობას  დიდ დროს უთმობენ და მასში მნიშვნელოვან რესურსებსაც დებენ, აღნიშნავენ მათი ეფექტურობის შესახებ. და პირიქით, იმ ღონისძიებებში, რომლებსაც პედაგოგები ნაკლებ ეფექტურად მიიჩნევენ (კერძოდ მოკლევადიანი საგანმანათლებლო კონფერენციები და სემინარები), მასწავლებელთა გაცილებით  დიდი პროცენტი მონაწილეობს. ნაკლებ შესწავლილი რჩება, თუ რა გავლენას ახდენს პროფესიული განვითარების სხვადასხვა ფორმები სწავლების შედეგებზე. 

პედაგოგთა მოთხოვნა პროფესიულ განვითარებაზე დაუკმაყოფილებელი რჩება ხან დროის უქონლობის, ხანაც საშუალებების არქონის მიზეზით…

განმავითარებელ ღონისძიებებში პედაგოგთა მონაწილეობის მაღალი მაჩვენებელის მიუხედავად, პროფესიული განვითარების მოთხოვნა მათი მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ დაუკმაყოფილებელი  რჩება. TALIS კვლევები გვიჩვენებს:
·გამოკითხვაში მონაწილე  პედაგოგთა 55%  ამბობს, რომ  პროფესიულ განვითარებასთან მიმართებაში 18 თვის განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა გამოკითხვას, იმაზე ნაკლები ცოდნა მიიღეს, ვიდრე მოელოდნენ. უკმაყოფილოთა დონე მაღალია ყველა ქვეყანაში. ის ვარირებს  31 დან 80%–მდე;
·პროფესიულ განვითარებით შესაძლო დახმარებით უკმაყოფილო არიან  პედაგოგები, რომლებიც სახელმწიფო სკოლებში მუშაობენ. ესენი არიან ძირითადად 40 წლამდე პედაგოგები და  ქალი მასწავლებლები.   
·სხვადასხვა ქვეყნებში არსებობს პედაგოგების პროფესიული უნარებისა და ცოდნის  განვითარების და სრულყოფის განსაკუთრებული მოთხოვნა, რომელიც მათ  ყოველდღიურ პრაქტიკაში შემდეგი პრობლემების გადაჭრაში დაეხმარება: განსაკუთრებული მოთხოვნილებების მოსწავლეებთან მუშაობაში; მუშაობისას საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების  გამოყენებაში; მოსწავლეთა დისციპლინისა  და  ქცევის გამომუშავებაში.

რა უშლის მასწავლებელს ხელს დაუთმოს პროფესიულ განვითარებას იმდენი დრო, რამდენიც უნდათ? განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული მიზეზი, რომელიც გამოკითხულთა  თითქმის ნახევარმა დაასახელა არის ის, რომ  პროფესიულ განვითარებაზე მიმართული ღონისძიებები რთულად შესათავსებელია სამუშაო გრაფიკთან. ამავე რაოდენობამ მიზეზად პროფესიულ განვითარებაში მათთვის შესაფერისი საშუალებების მიუწვდომლობა დაასახელა. ეს მასწავლებლები საერთო ჯამში სხვებზე ნაკლებად მონაწილეობდნენ განმავითარებელ ღონისძიებებში.

…ეს ასუსტებს საგანმანათლებლო სისტემის შესაძლებლობას ადაპტირდეს  ცვალებად მოთხოვნილებებთან, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და სხვადასხვა სოციალური ფენების  მოსწავლეებთან მუშაობა.

პრობლემა არ ამოიწურება მათთვის პროფესიული განვითარების ფართო მოცულობის საშუალებებით  უზრუნველყოფით. პედაგოგები სოლიდარულები არიან იმაში, რომ არის სფეროები, რომელშიც პროფესიული განვითარება მასწავლებლებისთვის განსაკუთრებით აქტუალურ მოთხოვნას წარმოადგენს: ესაა ისეთ ბავშვებთან მუშაობის ცოდნა, რომლებიც  ინფორმაციის შეთვისების სტილით განსხვავდებიან, ან რომლებიც განსხვავებული სოციალურ ფენას განეკუთვნებიან. ამგვარად, გამოკითხვის შედეგები გვაძლევენ წარმოდგენას, თუ რა მიმართულებითაა საჭირო ძალისხმევის კონცენტრირება. მათ თანახმად, ძალიან მნიშვნელოვანია შესაძლებლობების გონიერი შეფასება და პროფესიულ განვითარებაში ხელის შეწყობა.

რასაკვირველია გარკვეული უკმაყოფილება მოსალოდნელი იყო; გასაკვირი არ არის, რომ  მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი რაღაც მომენტში ეფექტური სამუშაოს ჩასატარებლად თავს არასათანადოდ მომზადებულად მიიჩნევს. უკმაყოფილოთა რაოდენობა ძალიან მაღალია. ზოგ ქვეყანაში უმრავლესობა ამბობს, რომ პროფესიული განვითარების შესაძლებლობების ნაკლებობას განიცდის. ძნელი სათქმელია, რამდენად აისახება ეს პედაგოგიური მუშაობის ეფექტურობაზე,; ასევე რთულია წარმოსადგენია, რომ ეს სიტუაცია არ აისახებოდეს სწავლა სწავლების ეფექტურობაზე. პედაგოგთა დამატებით პროფესიულ განვითარებაზე დანახარჯების  მიზანშეწონილობის შეფასებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს მისი ვერუზრუნველყოფის ღირებულებაც, ბავშვების სწავლებისთვის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. 

პროფესიული განვითარებისთვის ღონისძიებები ძირითადად უფასოა; მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში  პედაგოგები  საკუთარ თავზე იღებენ  ამ ღონისძიებების ორგანიზების გარკვეულ ხარჯებს, და  ამ შემთხვევაში ისინი უფრო აქტიურად მონაწილეობენ  განმავითარებელ საქმიანობაში და შესაბამისად მეტ სარგებელსაც იღებენ.

არც ერთ ქვეყანაში  მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარება არ არის სრულიად უფასო და  მათი უმრავლესობისთვის  მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც იღებენ ფინანსური კუთხით თუ  მეცადინეობების დაგეგმვით. გამოკითხულ ქვეყნებში, პედაგოგთა 2/3 არ ანაზღაურებს განმავითარებელ საქმიანობას და ამდენივე განსაკუთრებული გრაფიკით მუშაობს. სკოლები და სახელისუფლებო ორგანოები მნიშვნელოვან ინვესტიციას  დებენ პედაგოგთა პროფესიული განვითარების საქმეში.

პედაგოგთა არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ხარჯებს საკუთარ თავზე იღებს, ანუ მატერიალურად მონაწილეობენ კარიერულ წინსვლაში, როცა მათ ხარისხობრივად ვერ აკმაყოფილებს უფასო პროგრამები. პედაგოგები, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ  დაფინანსებას, უფრო მეტ ღონისძიებებში მონაწილეობენ, ვიდრე ისინი, რომლებსაც სკოლები აფინანსებენ. ეს ფაქტი ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ  ფასიანი  კურსები უფრო ხანგრძლივია და მათ უფრო სწრაფად მივყავართ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებამდე. ამგვარად, უფასო კურსები – არაა განმავითარებელი მუშაობის სტიმულირების  ერთადერთი საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელი ისწრაფვის კარიერული პერსპექტივის გაუმჯობესებისკენ, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივისკენ და როდესაც ისინი ემზადებიან უფროსი პედაგოგის, ინსპექტორის ან უფრო მაღალი დონის პედაგოგის პოზიციის დასაკავებლად.

სტატია მომზადდა – „Building a high-quality teaching profession. Lessons from around the world”–ის მიერ. მოხსენების საფუძველზე ტექსტი მოამზადა კახა ჟღენტმა.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.Building a High-Quality Teaching Profession Lessons from around THe worLd – https://asiasociety.org/files/lwtw-teachersummit.pdf
2.https://www.oecd.org/education/school/programmeforinternationalstudentassessmentpisa/47506177.pdf
3.«Учитель как специалист высокой квалификации: построение профессии.Уроки со всего мира» – Вопросы образования.2011

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი