პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მწვანე ქალაქი და ტრანსპორტი

ნოემბრის სუსხიან საღამოს თბილისის ძველ უბანში გიორგი ბაბუნაშვილის ლექციას მოვუსმინე. გიორგი წლებია სხვადასხვა ტიპის რაოდენობრივი კვლევების ჩატარებას ხელმძღვანელობს. მიუხედავად უამრავი სამსახურეობრივი მოვალეობისა, ახალგაზრდა კაცი მაინც პოულობს დროს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის შესასრულებლად. დედაქალაქის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი ურბანული ტრანსპორტის პრობლემების შესწავლითა და წარმოჩენით არის გატაცებული. მან თბილისის მეტროს ყველა გამოსასვლელის ისტორია იცის, მონდომებით აკვირდება ავტობუსის ახალი ხაზების შერჩევის პროცესს და ყურადღების მიღმა არ ტოვებს მიკროავტობუსების მონოპოლისტ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესატანი ცვილელებების ნუსხას. ამასთანავე, არ ავიწყდება მსოფლიოს იმ მოწინავე ქალაქების გამოცდილების შესწავლა, რომლებმაც სახელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტული ქსელების შექმნით გაითქვეს.

„ურბანული ლაბორატორიის“ დირექტორის მოსხსენებამ უამრავი ადამიანი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ეკოლოგიურად მდგრადი ქალაქის შექმნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების გარეშე შეუძლებელია. ინდივიუალური ავტოტრანსპორტის სიმრავლე, არაკომფორტული მეტროსა და მუდმივად გადატვირთული ავტობუსების არსებობა თბილისის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ იქცევა ხოლმე. გავეცნოთ რამდენიმე შემაშფოთებელ სტატისტიკურ მაჩვენებელს.

საქართველოში 1,1 მილიონი ავტომობილია რეგისტირებული. რეგისტირებულ ავტომობილთა 37% დედაქალაქზე მოდის. ავტომანქანების დაახლოებით ნახევარი ოც წელზე ძველია. ავტოპარკის 91% კი 2007 წელზე ადრეა გამოშვებული. ავტომობილთა რაოდენობის ზრდის ტემპი ყოველწლიურად 9.1%-ს უტოლდება. ზრდა ძირითადად გადაადგილების მეორადი საშუალებების ხარჯზე ხდება. ფრანგული კომპანია „Systra”-ს მონაცემებით 2011 წელს თბილისში მოქალაქეთა გადაადგილების 51% საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოდიოდა, ხოლო 19% ინდივიდუალურ ავტოტრანსპორტზე (გადაადგილების მოდალური განაწილება). 2016 წელს კი სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი. მხოლოდ 39% გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, პირადი მანქანებით მიმოსვლის წილი კი 19%-დან 30%-მდეა გაზრდილი.

ნუ შეგაშფოთებთ ამდენი რიცხვის, პროცენტისა და ტენდენციის დანახვა, რადგან მონაცემები ძალიან მარტივ და ადვილად შესამჩნევ გარემოებაზე მიანიშნებენ. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა აღარავის სურს. ყველა, ვისაც კი უმცირესი ფინანსური შესაძლებლობა უჩნდება, დაუყოვნებლივ ყიდულობს ავტომობილს. გაჭირვებული ადამიანების საბანკო კრედიტები, როგორც წესი, მხოლოდ ძველი და ჩამოწერილი მანქანების შეძენისთვის არის საკმარისი. შედეგად, ქალაქი სავსეა ამორტიზებული, მოშლილი შიდაწვის ძრავის მქონე გადაადგილების მოძველებული საშუალებებით, რომლებიც ჩვენს დასახლებაში არც ნორმალურად მოძრაობის და არც ნორმალურად სუნთქვის შანსს არ გვიტოვებენ. საქართველოში ევროპასთან შედარებით სამჯერ მეტი ადამიანი იღუპება ჰაერის დაბიძნურებისა და ავტოსაგზაო შემთხვევების მიზეზით.

ქალაქის მკვლევრის მოხსენებაში ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა უმნიშვნელოვანესმა დაკვირვებამ დაიმსახურა. თუ დავუშვებთ, რომ ერთი ინდივიდუალური ავტომობილით ქალაქში მხოლოდ ერთი ან ორი მოქალაქე გადაადგილდება ინტენსიურად, მაშინ ერთ მიკროავტობუსს ათი პირადი მანქანის ჩანაცვლება შეუძლია. დიდი ავტობუსი ორმოცდაჩვიდმეტ ავტომანქანას ანაცვლებს,  45 მეტრიანი ტრამვაი ორასზე მეტს, მეტროს დიდი შემადგენლობა კი დაახლოებით ოთხასს. მაშასადამე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ელემენტარული კომფორტის უზრუნველყოფა, ინტერვალების შემცირება და დაფარვის ზონის გაფართოვება ათასობით ადამიანს უბიძგებდა მეტროსა თუ ავტობუსის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთებისკენ. შედეგად, ქალაქის უამრავი ქუჩის ფართობი დაიზოგებოდა და ჩვენს სასუნთქ გზებს ოდნავი შვება მიეცემოდა.

ჩვენს ქალაქში კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეფექტიანობის გაზრდის მცდელობები საერთო სურათს ვერ ცვლის. ევროპული მსხვილი დასახლებების აბსოლუტურ უმრავლესობაში მიკროავტობუსების საშუალებით გადაყვანის რაოდენობა 0%-ს უტოლდება. საქართველოში კი ყველაზე დაბალი დონის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის წილი 42%-ია. მთავრობამ მიკროავტობუსებს მეტროსა და ავტობუსის ხაზების დუბლირების შესაძლებლობაც მისცა. ისინი უმძაფრეს კონკურენციას უწევენ ეკოლოგიურად გაცილებით უფრო სუფთა, ტრადიციულ ტრანსპორტს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – ვინ დააყენებს საკუთარ ავტომობილს ფარეხში, რათა საშინელი, გადატვირთული, დახუთული „მარშრუტკით“ იმგზავროს?

იმედია, ოდესმე ვიცხოვრებთ ქალაქში, სადაც ხალისით ვიმგზავრებთ მეტროთი, ტრამვაით, პირადი ავტომობილებით კი მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში ვისარგებლებთ. შორეულ ოცნებებში კი ხშირად მიფიქრია ქალაქზე, სადაც მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი