პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დირექტორის წერილი და ნიშნების სტრესი

რამდენიმე დღის წინ წერილი მივიღე იმ სკოლის დირექტორისგან, სადაც ჩემი შვილი სწავლობს. პირადი მიმოწერის  გასაჯაროება უკიდურესად ცუდი საქციელია და ამ ამბავს არ მოვყვებოდი, რომ არა იმ თემის მნიშვნელოვნება, რასაც ის ეხება, და პრობლემა, რომელიც როგორც მასწავლებლებში, სხვა მშობლებსა და ბავშვებში გავიკითხე, მწვავედ დგას საგანმანათლებლო სივრცეში.

 

წერილი სემესტრის დასასრულის მოახლოებას და ნიშნებთან დაკავშირებულ ვნებათაღელვას შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მოსწავლეს ყველა საგანში ყოველთვის მაღალი ნიშანი ვერ ექნება, თითქმის ყველა მშობელს სურს, მის შვილს საუკეთესო შეფასებები ჰქონდეს.

 

დატუქსვით ვზრდით წნეხს ბავშვზე და შედეგად ვიღებთ საპირისპიროს! ზეწოლა იწვევს სტრესს, და სტრესის ქვეშ მოსწავლე უფრო ცუდად სწავლობს, ამას ტვინის მკვლევრებიც ადასტურებენ: სტრესის დროს გამოიყოფა სტრესის ჰორმონები, სინაფსები ხელს უშლიან აღგზნების მართვას და აფერხებენ ტვინის მუშაობას. ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა შეძლონ მოსწავლეებმა კარგად სწავლა და მუშაობა? ზეწოლა მოსწავლეებს უყალიბებს გრძნობას, რომ ისინი საკმარისად კარგად არ მუშაობენ, საკმარისად კონცენტრირებულნი და ბეჯითნი არ არიან, რაც საკუთარი თავის შეფასების უნარს მნიშვნელოვნად აზიანებს. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოსწავლის მომდევნო საფეხურზე გადასვლას საფრთხე ემუქრება, ხშირ შემთხვევაში აღიქმება კატასტროფად. თუმცა ცხოვრებაში კატასტროფა სულ სხვა რამ არის!

 

ჩემი რჩევაა:

  • როცა თქვენმა შვილმა სკოლაში ცუდი შეფასება მიიღო, ნუ აუკრძალავთ მას ამის გამო თავისუფალ დროს დასვენებისა და გართობის საშუალებას, როგორიც არის მაგ: სპორტი! ახალგაზრდებს სჭირდებათ სწავლის გვერდით დასვენებაც.
  • გადაამოწმეთ, რომელ კომპიუტერულ თამაშებს თამაშობს თქვენი შვილი და უპირველეს ყოვლისა ყურადღება მიაქციეთ კომპიუტერის თამაშისთვის დათმობილ დროს. ბევრი კომპიუტერული თამაში ნეგატიურ გავლენას ახდენს მათ გონებრივ პოტენციალზე.
  • აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ ის გიყვართ მიუხედავად „5“-ისა და დაეხმარეთ მას!
  • დაელაპარაკეთ მასწავლებლებს ამ შედეგის მიზეზებზე, რომ თქვენც შეძლოთ მისი მხარდაჭერა!
  • რა თქმა უნდა, მეც თქვენს სამსახურში მიგულეთ, მომმართეთ ნებისმიერ დროს, მე ხომ ამისთვის ვარ აქ!

 

და არასოდეს დაგავიწყდეთ: ისინი არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ განვითარების გზაზე დგანან და (ჯერ) არ არიან სრულყოფილნი. და ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ არც დიდები ვართ სრულყოფილნი….” – ეს არის ნაწყვეტი იმ წერილიდან, რომელმაც ჯერ ჩემი სკოლის წლები და ყველა დაუმსახურებლად შეფასების ჟურნალში ჩაწერილი მაღალი ნიშანი გამახსენა, რომელიც ძირითადად მშობლის სიმშვიდეს ემსახურებოდა; მერე ჩემი კოლეგა, რომელიც ჯავრობდა, რომ მის თინეიჯერ შვილს საერთოდ აღარ რჩება დრო არაფრისთვის, იმდენი მეცადინეობა სჭირდება, რომ მაღალი შეფასებები ჰყავდეს და თუ როდესმე შედარებით დაბალი ნიშანი მიიღო, სკოლა დამატებით მეცადინეობას სთავაზობს, რათა მათ წიაღში უზრუნველყოს მხოლოდ საუკეთესოების არსებობა; და მერე ის მასწავლებლები, რომლებსაც, გარდა სწავლებისა, ევალებათ უზრუნველყონ მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის სიმშვიდე და თავიანთი ძალისხმევა არა თითოეული ბავშვის საჭიროებას, არამედ მაღალი ნიშნების უზრუნველყოფას მოახმარონ.

 

ვიჯექი და ვფიქრობდი, რა მარტივია.

ხომ შეიძლება ასეთი წერილები სხვა სკოლების დირექტორებმაც მისწერონ ხოლმე წელიწადში ორ-სამჯერ მშობლებს. პირველივე ცდაზე თუ არა, ნელ-ნელა ხომ იქცევა ეს მიდგომა მისაღებად. ვიღაც ხომ დაიჯერებს, რომ დასჯას შედეგი არ მოაქვს და არც მაინცდამაინც მაღალი ნიშანია ბედნიერი და განვითარებული ბავშვის საზომი. როგორ გვავიწყდება ჩვენ, უფროსებს, რომ სრულყოფილი არავინაა. როგორი მარტივია, რომ  სანამ ბავშვს მოვთხოვთ ათას რამეს, ჩვენს საქმეებს გადავხედოთ: ვასწრებთ კი ყოველთვის ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ? ყველაფერში მთელ ჩვენ ენერგიას და მონდომებას ვდებთ? რა უფრო კარგად მოქმედებს ჩვენს შრომისუნარიანობაზე: ჩხუბი და საყვედური თუ ემპათია და გამხნევება?

 

სკოლა, რომელშიც ჩემი შვილი დადის, არ არის ქართული განათლების სისტემის ნაწილი და როცა სკოლას ვარჩევდი, სწორედ ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი: მინდოდა ჩემი შვილის ბედი არა რამდენიმე კარგი მასწავლებლისთვის, არამედ კარგად გამართული სისტემისთვის მიმენდო, რომელსაც ისევე, როგორც ყველა სისტემას, შესაძლებელია ჰქონდეს მინუსები, მაგრამ აქვს მყარი ფორმა და სტრუქტურა და რომელიც მის სივრცეში მყოფებს არა პირადი განწყობების მიხედვით, არამედ ამ სისტემის წესების მიხედვით მოქმედებას სთხოვს.

 

კომუნიკაციის ეს ფორმა, ტონი და მიდგომაც ამ სისტემის ნაწილია და ამ დირექტორსაც ალბათ უამრავი ასეთი წერილი დაუწერია თავისი პედაგოგიური საქმიანობის განმავლობაში.

 

ჩვენ სისტემის აშენება ჯერჯერობით ვერა და ვერ გამოგვივიდა და ჩვენი სკოლები მაინც იმით გამოირჩევა ერთმანეთისგან, რომელს აქვს შედარებით უკეთესი შენობა და სად არის მეტი მონდომებული მასწავლებელი თავმოყრილი. ამ რეალობაში ალბათ მნიშვნელოვანია თითოეული ისეთი მაგალითი, რომელიც მასწავლებელმა და სკოლამ შეიძლება ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის გამოიყენოს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი