ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დემოკრატიული სისტემა ეკლესიაში

ჩემი ნათესავი უკვე მრავალი წელია საქართველოდან შორს ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან მოყოლებული ის ემიგრანტთა შორის ირიცხება და მხოლოდ წელიწადში ერთხელ ახერხებს თბილისში ჩამოსვლას. სამშობლოდან ცხრა მთისა და ცხრა ზღვის მოშორებით ცხოვრების მიუხედავად, უცხოეთში მშრომელი ადამიანი ტრადიციებისა და რელიგიის შენარჩუნებას მაინც ცდილობს. როგორც ჩანს, მისი მცდელობები წარმატებულია, რადგან მეოთხედ საუკუნეზე მეტია ქართველი ქალი ერთგულად სტუმრობს ერთ პატარა მართლმადიდებლურ ტაძარს. ტაძარში ქართველები, უკრაინელები, რუმინელები, ბერძნები, რუსები და სერბები ერთად ლოცულობენ. სამრევლო განსაკუთრებული ეთნიკური მრავალფეროვნებით ხასიათდება.

ცხადია, ჩემი მწირი ცოდნიდან გამომდინარე არ ვაპირებ განმანათლებლური ჟურნალის მკითხველთან რელიგიურ საკითხებზე სჯა-ბაასს. თქვენთვის მხოლოდ იმ ცნობების გაზიარება მინდა, რომლებმაც ჩემი გაოცება გამოიწვია. ფაქტობრივად კულტურული შოკის მდგომარეობაში აღმოვჩნდი, როდესაც სტუმრად მყოფმა ახლობელმა ეკლესიის დემოკრატიული მართვის სისტემის შესახებ მომითხრო.

ამერიკის დიდ ქალაქში მდებარე პატარა ეკლესიას 100-150-წევრიანი მრევლი ჰყავს. მრევლში ყოველწლიურად ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრის შედეგად მორწმუნეები ეკლესიის ქონებისა და ფინანსების მართვისთვის, ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების  მიღებისა და ეფექტიანად აღსრულებისთვის საბჭოს ირჩევს. საბჭოს შემადგენლობაში დაახლოებით ათი წევრი შედის. საბჭოს ეკლესიის წინამძღვარი ხელმძღვანელობს. მაშასადამე, წინამძღვარი ერთპიროვნულად არ მართავს სამრევლოს რესურსებს. იგი გადაწყვეტილებების მიღების დროს პასუხისმგებლობას საბჭოს სხვა წევრებთან ერთად იზიარებენ. საბჭოს წევრები თავიანთი შემადგენლობიდან ირჩევენ სპეციალური თანამდებობის პირებს – საქმეთა მმართველსა (მენეჯერს) და ხაზინადარს. საორგანიზაციო პრობლემების მოგვარებას მენეჯერს ავალებენ, საბუღალტრო აღრიცხვის საქმე ხაზინადარი უდგას სათავეში. სულიერ მოძღვარს კი შეუძლია თავისი დროის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ლოცვას, რელიგიური რიტუალების აღსრულებას, სახარების კითხვას, საჯარო ლექციების მომზადებას, ხალხთან პირდაპირი კავშირის დამყარებას მიუძღვნას. მას აღარ უწევს ადმინისტრატორის ეშმაკისეული, მაცდუნებელი ფუნქციის შესრულება და ფულის პირადად განკარგვა.

სამრევლო ყოველთვიურად გამოსცემს ეკლესიის მაცნეს, ბიულეტენს. მრევლის წევრები და ეკლესიის მიმდებარე უბანში მცხოვრები პირები გაზეთის საშუალებით გასული თვის განმავლობაში მორწმუნეთა მიერ ორგანიზებული ღონისძიებების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას იღებენ. აქვე ქვეყნდება ცნობები მომავალი თვის გეგმების თაობაზე. ყოველ ნომერში მრევლის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ეთნოსი სტატიას ამზადებს, რომელშიც თავისი ხალხის, ტრადიციების, ქრისტიანული კულტურის თავისებურებებს მიმოიხილავს.

ბუნებრივია, სამრევლო პერიოდულად რელიგიურ ფესტივალებს, დღესასწაულებსა და კონცერტებს გეგმავს და ახორციელებს. ამგვარი ღონისძიებებიდან შემოსული თანხა ეკლესიის ყველაზე ღარიბ წევრებსა და სამეზობლოში მცხოვრებ ყველაზე გაჭირვებულ პირებს ურიგდებათ. წლების განმავლობაში დაზოგილი შემოსავლებითა და ხაზინადარის მოხერხებულობის წყალობით მრევლს უკვე აქვს პატარა თავშესაფარი, რომელიც უპოვართათვის განკუთვნილ რამდენიმე ოთახს აერთიანებს.

სამრევლო არც სპორტთან კავშირს თაკილობს. ეკლესიის წევრებისგან შემდგარი გუნდი ხშირად მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. წინამძღვარი კი გუნდის გულშემატკივართა დასის ლიდერობას არ თაკილობს.

ყველაზე ინტენსიურად კი მორწმუნეები ერთმანეთს საკვირაო სკოლაში ხვდებიან. საკვირაო სკოლა ერთგვარ კითხვის წრეს წარმოადგენს. კითხვის წრის წევრები კვირიდან კვირამდე ბიბლიის ერთსა და იმავე მონაკვეთს კითხულობენ, შემდეგ კი მღვდელთან ერთად მსჯელობენ მის მნიშვნელობასა და შინაარსზე.

ამ ამბების მოსმენის შემდეგ ნათესავს ვკითხე, ნამდვილად ორთოდოქსი ქრისტიანები ხართ თქვენ სამრევლოში თავმოყრილი-მეთქი. ეწყინა, გააბრაზა ჩემმა ეჭვებმა. მოგვიანებით შრომატევადი საქმის გაძღოლისთვის აუცილებელი დროის შესახებ ვიკითხე. თურმე, ეკლესიის თითოეული წევრის მიერ გაღებული კვირაში რამდენიმე საათი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა სერიოზული საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად. მთავარი, დროის განაწილებაზე შეთანხმება ყოფილა.

ემიგრანტის პრაქტიკა ადგილობრივებისთვისაც ნაცნობი და ნაცადი რომ ყოფილიყო, თბილისის ცენტრალური უბნების ეკლესიის მრევლთა საფეხბურთო ტურნირი საყოველთაო ცინიზმს არ გამოიწვევდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი