ორშაბათი, აგვისტო 18, 2025
18 აგვისტო, ორშაბათი, 2025

ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება ბავშვებში

ალბათ ყველა, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, დამეთანხმება, რომ წლითიწლობით სულ უფრო იზრდება განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვების რაოდენობა. მართალია, პრობლემები აღნიშნული მიმართულებით საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ადვილი შესამჩნევია, რომ ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში თითქმის ყველა დარღვევა მეტყველებასთან არის დაკავშირებული. ამაში არც არაფერია გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ მეტყველება ფსიქიკის ცენტრალური წარმონაქმნია და დარღვევები მეტყველების განვითარებაში ზოგადად ფსიქიკურ განვითარებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, გამართლებული იქნება, თუ ბავშვის განვითარებაში პრობლემებზე საუბრისას, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოვერბალური განვითარების მიმართულებით დაფიქსირებულ დარღვევებს შევეხებით.

ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება არის არა დიაგნოზი, არამედ უფრო სიმპტომების კომპლექსი. ეს არის ბავშვის ემოციური, ინტელექტუალური და მეტყველების განვითარების დარღვევები, რომლებიც მიუთითებს ბავშვის ტვინისა და ნერვული სისტემის ფორმირების პროცესში მომხდარ არასასურველ ცვლილებებზე. ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება იყოფა ორ ჯგუფად – მეტყველების განვითარების შეფერხება და ფსიქიკური განვითარების შეფერხება. ამასთან, ხშირად ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება შესამჩნევი ხდება სწორედ მეტყველების შეფერხების გამო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. საქმე ის გახლავთ, რომ მეტყველება საკმაოდ რთული პროცესია. ის საჭიროებს ორგანოების მთელი კომპლექსის კოორდინირებულ, შეთანხმებულ მუშაობას. სწორედ მეტყველებაა ბავშვის განვითარების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. ის ეხმარება პატარას გარე სამყაროსთან ურთიერთობაში, ინფორმაციის მიღებასა და გაცემაში. მეტყველება ავითარებს პატარას აზროვნებას. ამიტომ, ბავშვის ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხებასთან დაკავშირებული „განგაშის ზარების“ დიდი წილი სწორედ მეტყველების განვითარებაში დაფიქსირებული პრობლემებით არის განპირობებული. მართალია, ფსიქოვერბალური დარღვევების კომპლექსი მოიცავს ასევე გონებრივ შეფერხებას – აზროვნების, მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის, ემოციურ-ნებელობითი სფეროს განვითარების დარღვევებს, მაგრამ მეტყველების განვითარებაში დაფიქსირებული პრობლემების დროულად დაძლევას ძალიან ბევრი სირთულის თავიდან აცილება შეუძლია. სამწუხაროდ, როგორც წესი, მეტყველების განვითარების დარღვევების დაფიქსირება საკმაოდ დიდი დაგვიანებით ხდება. უამრავი შემთხვევაა, როცა ბავშვი არა და არ იწყებს ლაპარაკს, ვერ მეტყველებს, ამასთან, უცნაურადაც იქცევა, თუმცა მშობლები ჩვეულებრივ დიდი ხნის განმავლობაში არ ტეხენ განგაშს, რადგან ნაცნობები და ახლობლები ანუგეშებენ: „არა უშავს, არაფერია საგანგაშო, ჩემიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩუმად და არ ლაპარაკობდა“; „ნუ ღელავ, ნუ განიცდი ასე, შენ თავადაც მხოლოდ ოთხი წლის ასაკში დაიწყე ლაპარაკი!“. ეს ის ფრაზებია, რომლებიც მშობელს აფიქრებინებს, რომ საგანგაშო მართლაც არაფერია და არ ღირს სპეციალისტებისთვის მიმართვა. თუმცა, მეტყველების განვითარების შეფერხება შეიძლება იყოს ტვინის მუშაობის დარღვევის საკმაოდ სახიფათო სიგნალი და, თუ დროულად არ გამოვავლენთ მიზეზს, მდგომარეობა უფრო გაღრმავდება და სიტუაცია ბევრად გაუარესდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ყველა მშობელი ერკვეოდეს ფსიქოვერბალური განვითარების, როგორც გამომწვევ მიზეზებში, ასევე იმ სიმპტომებში, რომლებიც შეიძლება განვითარებაში დარღვევებზე მიუთითებდეს.

ბევრი მშობელი თვლის, რომ ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება ცალსახად თანდაყოლილი პრობლემაა. ამიტომ, მათი აზრით თუ ბავშვს სიცოცხლის პირველ თვეებში არ აღენიშნება გადახრების ნიშნები, ყველაფერი კარგადაა და შემდგომ ამაზე ფიქრი აღარ არის საჭირო. თუმცა ეს ასე არ არის და ასეთი მტკიცებულება სიმართლეს არ შეესაბამება. მართალია, ფსიქოვერბალური შეფერხების მიზეზების ნაწილი ორსულობისა და მშობიარობის დროს დაფიქსირებული დარღვევებია, მაგრამ ბავშვის მეტყველებისა და ფსიქიკის განვითარებაზე შეიძლება სხვადასხვა სახის გარე ფაქტორებმაც მოახდინოს გავლენა უკვე მშობიარობის შემდეგ, ბავშვის ზრდასთან ერთად.

 

ბავშვის ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების ძირითადი მიზეზები:

 

  • მემკვიდრეობითობა – გენეტიკური და ქრომოსომური დაავადებები, რომლებიც არღვევენ ტვინის სტრუქტურას და ხელს უშლიან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების სრულფასოვან განვითარებას;
  • დარღვევები ორსულობის დროს – ინფექციური დაავადებები, მოწამვლა, ტრავმები, ალკოჰოლის და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება, ჟანგბადის ნაკლებობა ნაყოფისთვის მოწევის, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამო;
  • დარღვევები მშობიარობის დროს – რთული, ძალიან სწრაფი და ნაადრევი მშობიარობა; ჭიპლარის შემოხვევა კისრის გარშემო; თავის და ხერხემალში კისრის მალების დაზიანება;
  • ჩვილობის პერიოდში გადატანილი დაავადებები და ტრავმები – ბავშვის მიერ გადატანილი მწვავე ინფექციები თავის ტვინზე ზემოქმედებით, ასევე დაცემის ან ზედმეტად აქტიური თამაშის დროს მიღებული თავის ტრავმები;
  • ფსიქოლოგიური ტრავმები – ხშირად ფსიქოვერბალურ განვითარებაში შეფერხების მქონე ბავშვები დისფუნქციური ოჯახებიდან არიან. ასეთ ოჯახებში, როგორც წესი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ნორმად ითვლება – ყვირილი, ფიზიკური დასჯა, შეურაცხყოფა, ცემა. ფსიქოლოგიურ ტრავმებს მიეკუთვნება ასევე მოწმის ტრავმა, როდესაც ბავშვი მატრავმირებელი მოვლენების დამკვირვებლის როლში იმყოფება – ხშირი ჩხუბი მშობლებს შორის, ოჯახური ძალადობა. ამ კატეგორიაში შედის ასევე უბედური შემთხვევები, კატასტროფები, საომარი მოქმედებები და ა.შ.;
  • პედაგოგიური დარღვევები – ეს ის შეცდომებია, რომლებსაც აღზრდის პროცესში უშვებენ მშობლები – ჰიპერმზრუნველობა, ან პირიქით – უყურადღებობა, ემოციური სიცივე ბავშვის მიმართ, განმავითარებელი თამაშების იგნორირება, ბავშვის სოციალური იზოლაცია;
  • გაჯეტებთან და სხვადასხვა სახის კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ბავშვის საკმაოდ ადრეული ასაკიდან და ამასთან განუსაზღვრელი დროით ურთიერთობა – ეს არა მხოლოდ ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების მიზეზი, არამედ, დიდი ალბათობით, ვირტუალური აუტიზმის ჩამოყალიბების საფუძველიც შეიძლება გახდეს.

როგორც წესი, ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხება შეიძლება დაძლეულ იქნას, თუკი დროულად მივაქცევთ მას ყურადღებას. მაგრამ, სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობა „განგაშის ზარებს“ საკმაოდ გვიან შემოკრავს ხოლმე, როდესაც 4-5 წლის ასაკში პატარა ჯერ კიდევ ვერ ლაპარაკობს გარკვევით, ლექსიკური მარაგი ძალიან მწირი აქვს და ა.შ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნებისმიერი მშობელი კარგად უნდა ერკვეოდეს ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების ძირითად ნიშნებში, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს და დროულად იზრუნოს მდგომარეობის გამოსწორებაზე.

 როგორ შევამჩნიოთ დროულად შეფერხება ბავშვის ფსიქოვერბალურ განვითარებაში. შეფერხების რა სიმპტომების შემჩნევა შეგვიძლია წინასწარ ბავშვის ზრდის პროცესში თვეებისა და წლების მიხედვით:

1-2 თვე – ვერ აყოლებს მზერას მის მახლობლად მდებარე მოძრავ საგნებს, არ ათვალიერებს უძრავ ობიექტებს; არ უსმენს გარშემომყოფი ადამიანების, სათამაშოებისა და საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ხმებს; არ იღიმება მშობლებთან კონტაქტის დროს; არ ბრუნდება იმ მხარეს, საიდანაც მაღალი ბგერები ისმის; არ ცდილობს ბგერების გამოცემას.

3-4 თვე – არ იწყებს „ღუღუნს“, რაც მეტყველების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია; არ ბრუნდება მასთან მოსაუბრე ადამიანისკენ; არ რეაგირებს ახლობელი ადამიანის გამოჩენაზე მზერით, ხელების და ფეხების „ფართხალით“, ღიმილით, ბგერების გამოცემით; არ გამოხატავს სიხარულს დედასთან შეხვედრისას; არ რეაგირებს მშობლების სიტყვებსა და ჟესტებზე; არ იცინის და არც იღიმება, როცა უფროსები ეთამაშებიან.

5-6 თვე – ვერ არჩევს ახლობელ ადამიანებს უცნობებისაგან; ვერ ხედავს განსხვავებას ალერსიან და მკაცრ, უხეშ მეტყველებას შორის; არა აქვს რეაქცია საკუთარ სახელზე, არ გამოყოფს მას უფროსების სხვა სიტყვებიდან; არ ცდილობს ცალკეული მარცვლების წარმოთქმას.

7-8 თვე – არ იწყებს „ტიტინს“; არ გამოხატავს თავის სურვილებს, საჭიროებებს; არ ავლენს საგნების ცნობის და მნიშვნელობის დამახსოვრების უნარს – თუ ვკითხავთ სად არის ბურთი, დათუნია, თოჯინა, ბავშვი არ ეძებს ამ სათამაშოს მზერით; ჯერ კიდევ ვერ წარმოთქვამს მარცვლებს მკაფიოდ და ხმამაღლა; ვერ პოულობს 1-3 ნაცნობ საგანს მშობლების თხოვნით; ვერ ასრულებს თხოვნას მისთვის ნაცნობი მოქმედების განსახორციელებლად („ხელი დაუქნიე დედას“, „გადმომიგდე ბურთი“ და ა.შ.).

9-10-11 თვე ჯერ კიდევ არ იცის თავისი სახელი და არ რეაგირებს მასზე; ვერ პოულობს საგანს, თუ მას სხვა, უცნობ ადგილას გადაიტანენ; არ ავლენს ინტერესს მუსიკის მიმართ; არ ცდილობს აჰყვეს მუსიკას ხელების და ფეხების მოძრაობით; არ შეუძლია თხოვნის შემთხვევაში შეასრულოს მისთვის ნაცნობი მოქმედებები საგნებით (მაგ. „მომეცი დათუნია“, „ისროლე ბურთი“ და ა.შ.); ვერ იმეორებს უფროსის მიერ მკაფიოდ წარმოთქმულ ნაცნობ მარცვლებს; არ ცდილობს მარტივი სიტყვების მარცვლებით წარმოთქმას (მაგ. „დე-და“, „მა-მა“ და ა.შ.).

1-2 წელი – არ შეუძლია უფროსების მიერ ნათქვამი სიტყვების განმეორება, მარტივი სიტყვების და თხოვნის ფორმულირება; არ იყენებს მიმანიშნებელ ჟესტს – არ მიუთითებს სასურველი მიმართულებით ფანქრით ან თითით; არ შეუძლია მარტივად მაინც დაასახელოს საგანი, რომელიც სურს (მაგ. „აუ-აუ“ -ძაღლი, „პი-პი“ – მანქანა და ა.შ.); ვერ ახერხებს თამაშის დროს საგნებით იმ მოქმედებების კოპირებას, რომელსაც ცხოვრებაში ხედავს; არ ავლენს ინტერესს მარტივი სიუჟეტის მქონე და დასურათებული ზღაპრების მიმართ; ვერ იმახსოვრებს და ვერ იყენებს ნაცვალსახელებს (მაგ. მე, შენ) და ზედსართავ სახელებს (მაგ. ლამაზი, სწრაფი); არ ესმის სურათების გარეშე მარტივი ისტორიები იმ სიტუაციებზე, რომლებიც მისთვის უკვე ცნობილია (მაგ ჩვენ ვერ შევძლებთ მისთვის მარტივი ზღაპრის ხელახლა მოყოლას სურათებიანი წიგნის გარეშე); იცის არა უმეტეს 20 სიტყვა; უჭირს მცირე რაოდენობის სიტყვების ფრაზებად გაერთიანება; ვერ ხვდება, არ ესმის შეკითხვები „რატომ?“, „როდის?“. თავად არ სვამს შეკითხვებს;

3-4 წელი – ჯერ კიდევ ვერ ადგენს წინადადებებს დამოუკიდებლად; ლაპარაკობს ან ძალიან სწრაფად, ნაჩქარევად, „ყლაპავს“ სიტყვებს, ან ძალიან ნელა, ყველა სიტყვას „წელავს“; თუ უფროსი მიმართავს და რაიმე შეკითხვას უსვამს, ბავშვმა შეიძლება სიტყვასიტყვით გაიმეოროს მისი ნათქვამი ნაცვლად იმისა, რომ უპასუხოს შეკითხვას და შეეცადოს კომუნიკაციის დამყარებას, დიალოგის წარმართვა ვერ ხერხდება.

 ზემოაღნიშნული სიმპტომების გარდა, ბავშვთან შეიძლება გამოვლინდეს ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების დამატებითი ქცევითი ნიშნები:

  • კომუნიკაციის დარღვევები – ბავშვს უჭირს ადამიანისთვის თვალებში ყურება, წყნარი და ჩაკეტილია, გაურბის, თავს არიდებს თამაშს და ნებისმიერ სხვა ურთიერთობას როგორც ბავშვებთან, ისე უფროსებთან, მაგრამ, თუ კომუნიკაციას მაინც ითხოვენ მისგან, ის იწყებს შფოთვას და შეიძლება აგრესიული და უმართავიც კი გახდეს;
  • სტერეოტიპული ქცევა – ბავშვი გარკვეული დროის განმავლობაში მუდმივად იმეორებს ერთსა და იმავე მოქმედებებს: ქანაობს სკამზე, ტრიალებს ადგილზე, დადის წრეზე, აწყობს სათამაშოებს ერთ რიგად, ატრიალებს ერთსა და იმავე, ამოჩემებულ ნივთს ხელში;
  • უცნაური თამაშები – ბავშვი თითქოს ვერ ხვდება, არ ესმის, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის სათამაშო და იყენებს მას არადანიშნულებისამებრ, მაგ. თოჯინას ისეთ მოძრაობებს „აკეთებინებს“ თითქოს თვითმფრინავია, სათამაშო მანქანას კი ისე ისვრის, როგორც ბურთს და ა.შ.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება აუტიზმის, ან აუტისტური სპექტრის აშლილობის ადრეული ნიშნები იყოს.

დაბოლოს, რა გავაკეთოთ, თუ ბავშვთან კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე ფსიქოვერბალური განვითარების შეფერხების სიმპტომები დაფიქსირდება. ასეთ დროს აუცილებელია დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტებს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრობლემის დაძლევა მხოლოდ ერთი კონკრეტული სპეციალისტის დახმარებით ვერ მოხერხდება. საჭირო იქნება კომპლექსური მიდგომა და ისეთი სპეციალისტების ჩართვა, როგორიცაა: ნევროპათოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქონევროლოგი, ლოგოპედი, ფსიქოტერაპევტი. პრობლემის კომპლექსურად შესწავლით და საკორექციო მუშაობის სწორი მიმართულებით წარმართვით არსებობს დიდი ალბათობა, რომ პრობლემა დაძლეული იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“