ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ზიგმუნდ ფროიდი – ჩრდილოეთის ექსპედიციისთვის   

ზიგმუნდ ფროიდის ახლად გამოცემული „რჩეული შრომების“ მკითხველი ყველა შეიძლება იყოს: ფსიქოანალიზის სათავეებით დაინტერესებულიც და ისიც, ვისაც მხოლოდ ყური მოუკრავს ამ სიტყვისთვის; სტუდენტიც, რომელსაც „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში“ სავალდებულო კურსად აქვს გასავლელი და მისივე ლექტორიც, რომელიც სხვადასხვა ენაზე კითხულობს დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის ნამუშევრებს – მშობლიურ ენაზე კითხვა მაინც სხვა სიხარულია… პირველ რიგში კი, ეს წიგნი, ალბათ, მათი საკითხავია, ვისაც მოზარდებთან აქვთ საქმე – ან აღზრდის საპასუხისმგებლო ვალდებულება აუღიათ საკუთარ თავზე, ან მასწავლებლობის გზას დასდგომიან, ან საყმაწვილო ლიტერატურის წერა გადაუწყვეტიათ და ნაკლებად გამოცდილი, ნაკლებად გათვითცნობიერებული უმცროსი თაობისთვის ადამიანისა და სამყაროს მამოძრავებელი მექანიზმების ახსნას ცდილობენ.

„ტოტემი და ტაბუ“, „ერთი ილუზიის მომავალი“, „კულტურით უკმაყოფილება“, „ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“, – ეს ის ხუთი ნაშრომია, რომლებსაც ზიგმუნდ ფროდის ეს მოზრდილი წიგნი აერთიანებს.

როცა მოულოდნელ კითხვას გვისვამენ, რას აღარ ვიგონებთ თავის დასაძვრენად. ასეთი კითხვები კი არა და არ ილევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენ გარშემო ბავშვები არიან. ცხადია, ბავშვებს არც ზიგმუნდ ფროიდისა და არც მელანი კლაინის ენით არ უნდა ელაპარაკო, მაგრამ რა დაშავდება, თუ უფრო მეტი გეცოდინება სიზმრებზე, მოზარდთა ნევროზებზე, ინცესტისადმი ზიზღის წარმოშობაზე, დანაშაულის გრძნობაზე, როგორც კულტურული პროგრესის საფასურზე და კიდევ ბევრ სხვა ისეთ რამეზე, რაც ისედაც ყოველთვის გაინტერესებდა?

წლების შემდეგ გადაკითხვასაც თავისი ხიბლი აქვს: რაღაც ისეთი მოგხვდება თვალში, რისი შემჩნევის შესაძლებლობასაც მხოლოდ და მხოლოდ ახლანდელი გამოცდილება თუ მოგცემდა. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ შეგიძლია ავტორს უსასრულოდ ეკამათო, ავტორიტეტები მოიხმო მისი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების გასაცამტვერებლად, ლიტერატურული პერსონაჟები თუ კინო-გმირები დაუპირისპირო, ან სულაც შენი მეზობელი ზინა გაიხსენო, რომელიც სიზმრებს სულ სხვანაირად ხსნიდა.

მთავარი ისაა, რომ მზად ვიყოთ. რისთვის და მოსალოდნელი მოულოდნელობისთვის.

„კულტურით უკმაყოფილების“ ბოლო გადაკითხვისას სქოლიოში ჩამოტანილი ერთი შესანიშნავი შედარება მომხვდა თვალში (ალბათ სწორედ იმიტომ, მასწავლებლების გაზეთისთვის რომ ვწერ): „ის, რომ ახალგაზრდებს უმალავენ, რა როლს ასრულებს ადამიანის ცხოვრებაში სექსუალობა, ერთადერთი არ არის, რასაც თანამედროვე აღზრდის მეთოდებს ვსაყვედურობთ. ის იმაშიც სცოდავს, რომ არ ამზადებს ახალგაზრდებს აგრესიისთვის, რომლის მსხვერპლნიც ისინი ხდებიან. ასეთი არასწორი ფსიქოლოგიური ორიენტაციით ახალგაზრდის გაშვება ცხოვრების გზაზე იგივეა, რომ ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის წევრები საზაფხულო ტანსაცმლითა და ზემო იტალიის ტბების რუკებით აღჭურვო. ამასთან, აშკარაა ეთიკური მოთხოვნების ბოროტად გამოყენების ფაქტი. მისი სიმკაცრე იმდენად მავნებლური არ იქნებოდა, აღმზრდელი რომ ამბობდეს: „ასეთი უნდა იყოს ადამიანი, რათა თვითონაც ბედნიერი იყოს და სხვაც ბედნიერი გახადოს; მაგრამ უნდა გაითვალისწინო, რომ ისინი ასეთები არ არიან“. ამის ნაცვლად კი ახალგაზრდას არწმუნებენ, რომ ეთიკურ ნორმებს არავინ არღვევს და ყველა სათნო და ზნეობრივია. ასე უსაბუთებენ ახალგაზრდას მოთხოვნას, რომ თვითონაც ასეთი იყოს“.

ჩრდილოეთ პოლუსის ექსპედიციის წევრები – საზაფხულო ტანსაცმლითა და ზემო იტალიის რუკებითო…. ფროიდი ამ ნაშრომს 1930 წელს წერს, რასაც საუკუნეზე ცოტა ნაკლები გვაშორებს. ამ შესანიშნავი შედარების გამეორება კი დღესაც შეიძლება – შეუცვლელად, პირვანდელი ფორმით. არასწორი ფსიქოლოგიური ორიენტაციით ცხოვრების გზაზე ახალგაზრდების გაშვება 21-ე საუკუნის ქართული სინამდვილის ჩვეულებრივი ნაწილიცაა.

სქოლიოში ჩამოტანილი, ზემოთ მოყვანილი ტექსტი კი შექსპირის ფრაზით იწყება, რომელსაც შეუდარებელი ივანე მაჩაბელი ამგვარად თარგმნის: „აი, ასე გვხდის ლაჩრად ჩვენივ ცნობიერება…“ („ჰამლეტი“).

ალბათ, სწორედ სიმხდალეა იმის მიზეზი, რომ ბავშვების მოულოდნელ კითხვებს, შესაშური გულწრფელობით დასმულსა და მარტივად საპასუხოს, მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკით რაღაც სხვად ვაქცევთ ხოლმე. არც მოზარდებს ვეხმარებით მათივე ახლად აღმოჩენილი სექსუალობის გააზრებასა და განსაზღვრაში. უმთავრესად – არც საკუთარ თუ სხვის აგრესიასთან გამკლავებაში. და არასდროს, არასდროს ვართ მზად იმაზე სასაუბროდ, რაც ყველაზე არსებითია, რისი შეტყობაც ყველაზე მეტად სურთ ჩრდილოეთის ექსპედიციის მომავალ წევრებს. „ცხოვრება ასწავლის“, – ვამბობთ და მეზობლის კარისკენ ვიხედებით. ზინას შვილები. ზინას შვილიშვილები.

იქნებ მაინც ზიგმუნდი?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი