პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სასვენი ნიშნების დღე

სასვენი ნიშნების მნიშვნელობაზე რომ ვესაუბრები ბავშვებს, ფილოლოგებში გავრცელებული  ლეგენდით ვიწყებ ხოლმე, თუ როგორ გადაარჩინა  ერთმა მძიმემ  ადამიანის სიცოცხლე. ერთ ჩინოვნიკს ბრძანების დაწერისას მძიმის ადგილი შეშლია და დასახვრეტად გამზადებული ადამიანი გაუთავისუფლებიათ. ფრაზის ,, დაიხვრიტოს, დაუშვებელია ეპატიოს!“  მაგიერ დაუწერია: ,, დაიხვრიტოს დაუშვებელია, ეპატიოს!“

ეს ლეგენდაც ძალიან მოსწონთ და სხვა პატარ- პატარა სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული სახალისო ხრიკებიც, მაგრამ სასვენი ნიშნების დასმისა რა მოგახსენოთ. იმასაც დავაკვირდი, მხოლოდ არცოდნის ბრალი არაა, ვინც იცის, იმასაც ეზარება ხოლმე სასვენი ნიშნების დასმა.

ერთხელაც გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის დამეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. მე თვითონ  ისე აღვფრთოვანდი ამ იდეით და ისეთი რიხითა და ზარზეიმით გამოვუცხადე კლასში შესულმა, რომ ისღა დარჩენოდათ, ტაშის კვრით მიეღოთ ეს ახალი წინადადება და საკუთარი დაბადების დღეების აღნიშვნაზე ნაკლებად არ გახარებოდათ. მით უმეტეს, რომ ეს დღე სხვა მნიშვნელოვანი თარიღებივით წელიწადში ერთხელ კი არ იქნებოდა, არამედ თვეში ერთხელ!

პირველი დღე ვახტანგ ჯავახაძეზე საუბრით და მისი საოცარი ლექსით დავიწყე:

ქება სასვენი ნიშნებისა

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს, ვიცი მათი ფასი

წერტილიდან წერტილამდე ძლივს მიმქონდა აზრი.

არასოდეს არ ვკარგავდი კითხვის ნიშნის იმედს

და ბოროტად არასოდეს ვიყენებდი მძიმეს.

ზოგჯერ,

როცა სიტყვის შემდეგ ვერ დავწერდი წერტილს

და მძიმესაც ვერ დავწერდი, წერტილმძიმეს ვწერდი.

როცა რითმებს ვდარაჯობდი, როგორც მონადირე,

მწევრებივით მაქეზებდნენ დეფიზი და ტირე.

ხშირად, როცა არ მწყალობდა შთაგონების ღმერთი,

ბეწვზე გადავურჩენივარ ერთგულ მრავალწერტილს,

ხოლო როცა დადგებოდა ჟამი ყიჟინისა,

ხან ორ წერტილს მოვუხმობდი,

ხანძახილის ნიშანს

ისევ ვწყალობ ნაცნობ ნიშნებს, როგორც მეცენატი,

თუმცა ზოგან სასვენ ნიშნებს აღარ სცემენ პატივს.

გრძნობის დილეგს უწოდებენ და ვნებათა კარცერს,

ზოგი ზოგჯერ გაიხსენებს, ზოგი სულაც არ წერს.

მე კი ისევ ერთგული ვარ ძველი მონაპოვრის:

სიტყვებს ვეძებ, რომ ჩავწერო სასვენ ნიშნებს შორის.

 

ვახტანგ ჯავახაძე

რადგანაც ჯავახაძე არაჩვეულებრივი პოეტია, დასაწყისი იყო უეფექტურესი და მონუსხულები ელოდნენ, როგორი იქნებოდა გაგრძელება.

გაგრძელება კი ყველა კლასისთვის სხვადასხვანაირი იყო: მერვეებს – გალაკტიონის ,,რომელი საათია“ წავუკითხე და მისი უსასვენნიშნებო ვარიანტი დავუდე წინ, მეშვიდეებს- მურმან ლებანიძის ,,შეჩერდი, მოასწარ!“. მეორეჯერ წაკითხვის პარალელურად სასვენი ნიშნები უნდა დაესვათ ორივე ლექსში. მერე ერთად შევასწორეთ ნამუშევრები და სათითაოდ ახსნეს.  რომელი სასვენი ნიშანი რატომ დასვეს. მე კი ავუხსენი, რომელიც არ დასვეს, რატომ უნდა დაესვათ.

პატარებთან ( მე-5 კლასთან) სხვაგვარად იყო. მანანა ტონიას ინტერნეტში მოძიებული ლექსი ,,სასვენი ნიშნები“ (https://www.facebook.com/SabavshvoLeksebi/photos/a.573482559369651.1073741828.554856601232247/983522685032301/?type=1&theater ) დავუდე წინ. წყვილებში სამუშაოდ დავალებებიც მივაყოლე ორ ეტაპად: 1) განვიხილოთ ლექსი და მასში ასახული სასვენ ნიშანთა გამოყენების წესები მივუწეროთ გვერდით. დავნომროთ თითოეული წესი.

2) ლექსში მოცემული თითოეული წესის გამოყენებით შევადგინოთ წინადადება.

ლექსად დაწერილი წესები მოეწონათ. დავალებები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ თავი მაინც გაართვეს.

ის დღე იყო და ის დღე, ყოველი თვის ბოლოს ყველა კლასში დიდი ამბით ელოდებიან ხოლმე ,,სასვენი ნიშნების დღეს“, წინასწარ მაფრთხილებენ, რომ თვის ბოლო ახლოვდება. ზარმაცები თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ ამ დღეს, სასვენი ნიშნების დღე მეგონა და დავალება აღარ დავწერეო. ასეა თუ ისე, გვიხარია ამ დღის აღნიშვნა. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ თითოეული ეს დღე ლიტერატურასაც მჭიდროდ უკავშირდებოდეს.

ამიტომაც შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძისა და მისი არაჩვეულებრივი,,ბებრების“ ჯერი დადგა. ჯერ წავიკითხეთ ეს მინიატურა, ვიმსჯელეთ ემოციებზე და მწერლის განსხვავებულ, ლაკონიურ სტილზე. მერე დავურიგე ტექსტი, რომელშიც მხოლოდ 6 სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული, ხოლო 4 არასწორად იყო დასმული. ნამუშევრების ანალიზის შემდეგ ორი გენიალური მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანისა და სესილია თაყაიშვილის, მონაწილეობით ,,ბებრების“ სატელევიზიო დადგმასაც ვუყურეთ და კმაყოფილები „დავიშალეთ“.

შემდეგი თვე იგავებისა აღმოჩნდა. დავყავი ჯგუფებად, დავურიგე მცირე მოცულობის იგავი- მინიატურები ( გია მურღულიას წიგნიდან ,,სიბრძნე მინიატურებში“. ბევრი მათგანი ინტერნეტშიცაა განთავსებული), რომლებშიც ბოლო ფრაზა ( იგავის მორალის განმსაზღვრელი) არ ჩანდა და თვითონ უნდა ამოეცნოთ და ტექსტი დაესრულებინათ. ძალიან საინტერესო ვერსიები გამოუვიდათ.

მაგალითისთვის აი, ეს იგავი: ყველაზე შეუცნობელი

ერთი კაცი ცოლ-შვილთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. წყურვილით გატანჯულებმა ჭა დაინახეს და მისკენ გაემართნენ, მაგრამ კაცს შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ წყალი ამ ჭაში მოწამლული იყო. მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოლ-შვილს წყალი მიაწოდა. როდესაც ის უკვე თავადაც აპირებდა დალევას, დაინახა, რომ მისი უახლოესი ადამიანები სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდნენ. კაცმა ღმერთს შესთხოვა:
– ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ოჯახი! წყურვილი იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
– დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, – უთხრა ღმერთმა, – თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?

კაცმა დიდხანს იფიქრა – ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
– ყველაზე შეუცნობელი ადამიანში ის არის, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვების სიკვდილს ხედავს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონ არასდროს მოკვდება.
და ღმერთმა მას ცოლ-შვილი დაუბრუნა.
(გია მურღულია)

ხაზგასმული ფრაზა გაშავებული იყო და თვითონ უნდა შეევსოთ ტექსტი.

თავიდანვე არ მითქვამს, რომ ტექსტში რამდენიმე მძიმე იყო გამორჩენილი, მაინტერესებდა, თვითონ თუ შეამჩნევდნენ. ზოგიერთმა შეამჩნია კიდეც, დანარჩენებს იგავის ანალიზის მერე დავავალე, რომ ეპოვათ კონკრეტული რაოდენობის გამორჩენილი მძიმე. ზოგი იპოვეს, ზოგი ჭია – მაიამ აპოვნინა, გაკვეთილის დასრულებამდე დამატებით 1-2 იგავის წაკითხვაც მოვასწარით.

შემდეგი დღეები უფრო თამაშებსა და ხატვას დავუთმეთ.

თამაში N1 – ჯგუფებში ვანაწილებ სასვენ ნიშნებს და მათი გამოყენების წესებს. კითხულობენ, განიხილავენ და უნდა ეცადონ, ყველა წესი გამოხატონ გრაფიკულად, ნახატით. სხვა ჯგუფის წევრებმა უნდა გამოიცნონ, რომელი წესია გადმოცემული ნახატით.

თამაში N2 – იყოფიან ჯგუფებად, ჯგუფიდან გამოდის ერთი, იღებს რომელიმე სასვენი ნიშნის წესს და ცდილობს, მუნჯურად აუხსნას თავისი გუნდის წევრებს, თუ მუნჯურად ვერ გამოიცნობენ, მერე დახატოს რაიმე მიმანიშნებელი, ხოლო თუ ასეც ვერ გამოიცნეს, ეძლევა 2 სიტყვის თქმის უფლება. თითოეულ გუნდს ქულა ეწერება.

ორივე შემთხვევაში, შემაჯამებლად წერენ წინადადებებს, რომლებშიც მათ მიერ შერჩეულ რამდენიმე წესს გამოიყენებენ.

შემდეგი აქტივობა ტიპური „წრეზე წერა“ იყო. ბავშვები ჯგუფში სხდებიან წრეზე, წერენ ერთ თხზულებას მასწავლებლის შერჩეულ თემაზე, 2-2 წუთიანი შუალედებით. იწყებს ჯერ ერთი, 2 წუთის მერე განაგრძობს მეორე, ჯერ სხვის ნაწერს გადაიკითხავს და მერე ლოგიკურად განაგრძობს დაწყებული თხზულების წერას. ასე იქცევა წრის თითოეული წევრი, სანამ ნაწერი დამწყებ მოთამაშეს არ დაუბრუნდება. აქ განსხვავებული მხოლოდ ის იყო, რომ შეფასების კრიტერიუმებში ყველაზე დიდი ქულა პუნქტუაციას მივანიჭეთ ( განსაკუთრებული ყურადღება სასვენი ნიშნებისთვის უნდა მიექციათ), თუმცა ქულა ეწერებოდათ იმაშიც, თუ რამდენად გამართული და საინტერესო იყო თხზულება.

სანამ წერას დავიწყებდით, განწყობის შესაქმნელად გოდერძი ჩოხელის პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი მოთხრობა ,,წერტილი და მძიმე“  წავიკითხეთ.

ერთ დღეს პატარებმა ნახატებით იქვე, ექსპრომტად, სასვენი ნიშნების გაცოცხლებაც გადაწყვიტეს, ეს აქტივობა სასვენი ნიშნების უფრო ემოციურ გააზრებას და ბავშვების გახალისებას ემსახურებოდა და არა წესების დამახსოვრებას.

ასეთი პატარ-პატარა გახალისებები ძალიან უხდება ხოლმე ჩვენი სასვენი ნიშნების დღეებს.

 

 

 

 

კიდევ ბევრი დღე გვაქვს დასაგეგმ- მოსაფიქრებელი.

აი, სკოლაში რომ დავბრუნდებით და სექტემბრის მიწურულს სასვენი ნიშნების დღეს აღვნიშნავთ, პოლ ელუარზე საუბრით დავიწყებ და მის „თავისუფლებას “ დავუდებ წინ. ჯერ ლექსზე იფიქრონ და იმაზე იმტვრიონ თავი, რატომ არ დასვა პოეტმა არც ერთი სასვენი ნიშანი და მერე საუკუნის

დანაშაული ჩაიდინონ: თვითონ დასვან!

 

სტატიას კი ამ საოცარი ლექსით დავასრულებ:

 

,, სკოლის რვეულებს

მერხებს და ხეებს

ქვიშას და თოვლს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ყველა წაკითხულ

თუ სუფთა ფურცელს

ქვით სისხლით თუ ნახშირით

მე ვაწერ შენს სახელს

 

მოოქროვილ ნახატებს

საომარ იარაღებს

მეფეთა გვირგვინებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაუვალ ტყეებს თუ უდაბნოებს

ბუდეებს ბალახებს

ექოებს ჩემი ბავშვობისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ღამის საოცრებებს

თუ დღიურ საზრუნავს

მოკაზმულ სეზონებს

მე ვაწერ შენ სახელს

 

ჩემს წილ ცის ლაჟვარდებს

ობიან მზის გუბეს

მთვარის ლივლივა ტბორს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ვრცელ მინდვრებს ჰორიზონტებს

ფრინველთა ფრთებს თუ

წისქვილთა ჩრდილებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

 შემკრთალ განთიადებს

ზღვებსა თუ ხომალდებს

და შეშლილ მწვერვალებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დახავსებულ ღრუბლებს

დაქანცულ ქარებს

წვიმის ტლანქ ფარდებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ელვარე საგნებს

ფერად-ფერად ზარებს

ყველაფერს არსებულს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაქცეულ ბილიკებს

თვალუწვდენელ გზებს

წამლეკავ სიშორეს

მე ვაწერ შენს სახელს

 

სანთელს ანთებულს

სანთელს მინავლებულს

სიმტკიცეს ერთობას

მე ვაწერ შენს სახელს

 

სარკის ზედაპირზე

გახლეჩილ ჩემს ოთახს

ჩემს საწოლს როგორც ცარიელ ნიჟარას

მე ვაწერ შენს სახელს

 

  ჩემს ძაღლს ალერსიანს

და ყურებდაცქვეტილს

მოუხერხებელ თათებზე

მე ვაწერ შენს სახელს

 

ზღურბლს ჩემი კარისას

საყვარელ საგნებს

ტალღებად დაფენილ

ღვთაებრივ ნათელს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დაწყვილებულს სხეულებს

მეგობრულს სახეებს

და ხელებს გამოწვდილს

მე ვაწერ შენს სახელს

 

  გაბრწყინებულ თვალებს

მომლოდინე ბაგეებს

და სრულ მდუმარებას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ჩემს დაღლილ სხეულს

ჩემს დაბზარულ თვალებს

კედლებს ჩემი სევდისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

უსურვილო სიცოცხლეს

შიშველ სიმარტოვეს

სიკვდილის ნაბიჯებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

აღდგენილ ძალ- ღონეს

დაკარგულ საფრთხეს თუ

უხსოვარ იმედს

მე ვაწერ შენს სახელს

 

და ერთი სიტყვის ფესვებიდან ვიწყებ სიცოცხლეს

შენი შეცნობით ვიბადები

შენი სახელით

 

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა.

პოლ ელუარი

მთარგმნელი ნათია ნაცვლიშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი