პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ამერიკული დემოკრატიის უცნობი საფუძვლები

2014 წელს გამომცემლობა „რადარამმა“ ცნობილი ამერიკელი ანთროპოლოგის დევიდ გრებერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნი „დემოკრატიის პროექტი“ ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. „რადარამი“ არაკომერციულ საქმიანობას ეწეოდა, ამიტომ ანთროპოლოგის ნაშრომი საჯარო ღონისძიებებზე საჩუქრად გაიცემოდა ან წიგნის მაღაზიებში განსაკუთრებით დაბალ ფასად იყიდებოდა. მიუხედავად ამისა, წიგნის თაობაზე საგულისხმო გამოხმაურება არავის დაუწერია. თითქოს დემოკრატიის გამოწვევების შესახებ დაწერილი პუბლიკაცია უკვალოდ ჩაიკარგა. გრებერის ნაშრომში უამრავი საკამათო მოსაზრებაა განხილული. ავტორის არატრადიციულმა იდეებმა ბევრის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ ვერავინ უარყოფს „დემოკრატიის პროექტში“ გამჟღავნებულ მეცნიერის მდიდარ ცოდნასა და თავისუფალ აზროვნებას. თქვენი ყურადღება ამერიკული დემოკრატიის გრებერის მიერ თავმოყრილ უცნობ წინაპირობებს მინდა მივაპყრო.

სოციალურ მეცნიერებათა ძველი სკოლების წარმომადგენლები დემოკრატიის შესახებ ძალიან სწორხაზოვან მსჯელობას გვთავაზობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დემოკრატია ძველ საბერძნეთში გაჩნდა. მმართველობის დასახელებულმა ფორმამ განვითარების შემდგომ ეტაპს რომში მიაღწია. დემოკრატიის იდეის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მეთვრამეტე საუკუნის ინგლისსა და რენესანსის ეპოქის იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებში მიმდინარე მოვლენებს. საბოლოოდ კი, თავისი ყველაზე მყარი და ჩამოყალიბებული ფორმით დასავლური ცივილიზაციის შუაგულში – ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ სანაპიროებზე დამკვიდრდა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში მხოლოდ იმას გვასწავლიან, რომ ამერიკული კონსტიტუციის საფუძვლები სწორედ ძველი სამყაროს, რენესანსისა და რევოლუციური ბრიტანეთის გამოცდილებიდან მომდინარეობს. ძნელად ამოსაცნობი, რთულად მისახვედრი მიზეზების გამო, ხშირად ყველას ავიწყდება აბორიგენი მოსახლეობის ადათ-წესების, „სოციალურ ყაჩაღებად“ წოდებული ჯგუფების მიერ დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილის აღნიშვნა.

XVI საუკუნეში ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებმა ადგილობრივმა ტომებმა, ინდიელებმა კავშირი დააარსეს. კავშირი თავდაპირველად ხუთ იროკეზულ ტომს აერთიანებდა. მოგვიანებით ჯგუფს მეექვსე თემიც შეუერთდა. საბოლოოდ, ჩამოყალიბდა ექვსი ერის ლიგა, რომელიც საწყისს ეტაპზე მხოლოდ ტბა ონტარიოს მიმდებარე მხარეებს აკონტროლებდა. მოგვიანებით კონფედერაციის გავლენა სამხრეთ ტერიტორიებზეც გავრცელდა. ინგლისურ წყაროებში ინდიელთა ტომების გაერთიანებას „ჰოდენოშაუნის ექვსი ერის ლიგად“ მოიხსენიებენ. ლიგამ თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში იარსება. „ჰოდენოშაუნის“ მართვის სისტემა კონფედერალიზმისა და დეცენტრალიზაციის პრინციპებს ეფუძნებოდა. ყველა გვარს ტომის საბჭოში ჰყავდა წარდგენილი თავისი ბელადი. ყველა ტომი კი თავის წარმომადგენელს ირჩევდა ლიგის მმართველ ორგანიზაციაში. საბოლოოდ, „ჰოდენოშაუნს“ ორმოცდაათი ბელადისგან შემდგარი სტრუქტურა განაგებდა. განსხვავებული სოციალური თუ კულტურული მახასიათებლების მიუხედავად, ინდიელთა ექვსი ტომი ერთიან სისტემად ფუნქციონირებას მაინც ახერხებდა. ინგლისელ კოლონისტებს ხშირად უწევდათ ხოლმე „ჰოდენოშაუნის“ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების გაფორმება ტერიტორიებისა და რესურსების გადანაწილების საკითხზე. ინდიელებთან მოლაპარაკებებში ინტენსიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის მომავალი დამფუძნებლები. დამფუძნებელი მამები შესანიშნავად იცნობდნენ ინდიელთა კონფედერაციული მართვის სტილსა და მთავარ წესებს. მათ „ფედერალისტურ წერილებში“ არასდროს უხსენებიათ აბორიგენთა ტომებში გავრცელებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური სტანდარტი. თუმცა, ფაქტია, რომ დევიდ გრებერის მსგავს მოაზროვნეებს არ უჭირთ ამერიკულ ფედერალიზმსა და იროკეზთა ერთიანი მოქმედების სტრატეგიას შორის კავშირის აღმოჩენა. გრებერი ამტკიცებს, რომ ამერიკული ფედერალიზმის შთაგონების წყარო „ჰოდენოშაუნის“ ექვსი ერის ერთობასა და ორმოცდაათი ბელადის საქმიანობაში უნდა ვეძებოთ.

დემოკრატიული ტრადიციის მიხედვით, ლიდერისა თუ პასუხისმგებელი პირის გამორჩევა მხოლოდ ზემდგომი ორგანოებისა და ზებუნებრივი ძალების პრეროგატივა არ არის. საერო ძალაუფლების წყაროს მხოლოდ ღმერთი და წოდებრივი კუთვნილება არ უნდა წარმოადგენდეს. წინამძღოლობა ადამიანთა საყოველთაო თანხმობის საფუძველზეც შეიძლება მიენიჭოს კონკრეტულ მოღვაწეს. როგორ დამკვიდრდა მსგავსი სულისკვეთება რიგით ამერიკელებში? ყველა ანტიკური ხანისა და რენესანსის სპეციალისტი რომ არ იქნებოდა, ამაზე არავინ ვდავობთ. დევიდ გრებერის კოლეგა ჯონ მარკოფი ამტკიცებდა, რომ რიგით ამერიკელებში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრება მეკობრეთა საქმიანობას უკავშირდება. ატლანტის ოკეანის ადრეული ხანის მეკობრეები გემის კაპიტანს თავად ირჩევდნენ. კაპიტნის მმართველობა შეუზღუდავი არ გახლავთ. გემის მართვაში მონაწილეობას იღებდა საერთო კრებაც. მეკობრეთა საერთო კრება უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა კაპიტნის გადაწყვეტილება. კაპიტნის ძალაუფლება შეზღუდული იყო წინასწარ გაფორმებული შეთანხმებებითაც. ეკიპაჟის წევრები წინასწარ თანხმდებოდნენ ნადავლის განაწილებისა და ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში გათვალისწინებული კომპენსაციის განაწილების წესზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ამერიკულ საზოგადოებას მეკობრეები მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო წესებითა და ხელშეკრულებით განაწილებული ძალაუფლებით არ ჰგავდნენ. მეკობრეთა გემების მნიშვნელოვან ნაწილს მულტიკულტურული შემადგენლობის მეზღვაურთა კოლექტივი ჰყავდა. მეკობრეთა შორის ადვილი შესამჩნევი იყო რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნება. თუმცა, განსხვავებულობა იშვიათად მოიაზრებოდა ჩაგვრის უმთავრეს და ერთადერთ წინაპირობად.

ამერიკელი ანთროპოლოგი თავის წიგნში კიდევ არაერთი უცნაური წინაპირობის შესახებ საუბრობს. ყველა ჯგუფის მახასიათებლების განხილვა ჩვენი მიზანი არ არის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც იმის განსაზღვრა გახლავთ, თუ რის დასაბუთებას ცდილობს ავტორი ისტორიული მაგალითების განხილვის საფუძველზე. ავტორი ერთ მნიშვნელოვან და ყველასთვის ყურადსაღებ დასკვნამდე მიდის:

„დემოკრატია არ გამოუგონიათ ანტიკურ საბერძნეთში… სინამდვილეში დემოკრატია არც არასდროს „გამოუგონიათ“; ის არც რომელიმე ინტელექტუალური ტრადიციიდან წარმოშობილა. დემოკრატია რეალურად მართვის მოდელსაც კი არ წარმოადგენს. იგი, თავისი არსით, მხოლოდ რწმენაა იმის თაობაზე, რომ ადამიანები იმთავითვე თანასწორნი არიან და უნდა მიეცეთ უფლება, ნებისმიერი ხელსაყრელი საშუალების გამოყენებით, ეგალიტარიზმის პრინციპებით წარმართონ ერთობლივი საქმეები… ამ გაგებით, დემოკრატია ისეთივე ძველია. როგორც ისტორია და ადამიანის აზროვნების უნარი“.

მაშასადამე, დემოკრატიული ტრადიცია არსებობდა და არსებობს ყველგან, სადაც კი ადამიანებს მშვიდობიან და თავისუფალ თანაცხოვრებაზე უფიქრიათ. მისი ელემენტების აღმოჩენა ყველა ხალხისა და სოციალური ფენის თავგადასავალშია შესაძლებელი. დემოკრატია მხოლოდ „მაღალგანვითარებულ“ საზოგადოებათა ხვედრი არ არის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი