შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

რას ვმალავთ

“რა გინდა რომ კაცმა მალოს, ჭირი თავსა არ დამალავს”.

 

შესავლის გარეშე დავიწყებ.

მარტივი ამბავია.

შეცდომების  გამოსწორება მათი დანახვით და აღიარებით იწყება.

იმისათვის, რომ  რეალობის აღქმა არ დავკარგოთ, ყველაფერს თავისი სახელი უნდა ერქვას.

 

მაგალითად, თუკი დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარს ბავშვები და ყველაფერი საუკეთესო მათთვის გვინდა, დამთავრებული ამბავია.

თუ ვიტყვით, რომ ფრაზა “ჩვენ გვიყვარს ბავშვები” ფასადია, რომლის მიღმაც დიდი ბნელი ლაბირინთი იმალება და მისი ყოველი მოსახვევი საშინელ ამბავს ჰყვება სისასტიკეზე, დანაშაულებზე, დაუნდობლობასა და გარიყულობაზე, რომ იქ შესული ბევრი გვინახავს, უკან უვნებლად გამოსული კი ძნელად გვახსენდება, შესაძლოა ოდესმე რამე დავინახოთ ფასადს მიღმა, რომელიც დიდი ხანია ჩამოშლის პირასაა.

შესაძლოა, გამოჩნდეს გზა ლაბირინთში ჩაკარგული ადამიანებისთვისაც.

 

ლაბირინთი, რომელიც ფასადს მიღმა გვემალება და რომლის შემჩნევაც ძალიან არ გვინდა, ის ყოველდღიურობაა, რომელშიც ჩვენ, ჩვენი შვილები, სკოლა, მასწავლებლები, მეზობლები, ნათესავები,  გადაწყვეტილების მიმღები პირები, სამართალდამცველები ვიხარშებით – რომელიც გვკლავს, გვამცირებს და გვანადგურებს.

ზოგს – ერთი ხელის მოსმით და სწრაფად, ზოგს – ნელა და მტანჯველად.

შედეგი ერთია.

 

ჩვენ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მაღალია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობა, რომლებიც უმეტესად ნაცნობების, ახლობლების, მეზობლებისგან განიცდიან ძალადობას და ამის ნაცვლად ვიჯერებთ, რომ ჩვენთვის  საფრთხეს წარმოადგენს  რომელიმე მხატვრული ნაწარმოები, სხვა ქვეყნებში ჩატარებული გეიპარადი, რამდენიმე ასეული მიგრანტი ან სამოქალაქო განათლების გაკვეთილი. ჩვენ გვიჭირს როგორც საკუთარ ძალადობრივ გამოცდილებაზე ლაპარაკი, ასევე მოსმენა და მსხვერპლის გადარჩენა და ასეთ ქცევას, სუსტისა და მხდალისთვის დამახასიათებელს, ის გარემო გვაიძულებს, რომელიც ჩვენვე შევქმენით, ჩვენი სირცხვილის გრძნობით, უხერხულობით, გაუბედაობით, თავდაუჯერებლობით, მტრის სხვაგან ძიებით, შიშითა და მორიდებით. არადა, კარგად თუ დავფიქრდებით აუცილებლად გაგვახსენებება ჩვენი ან ჩვენი უახლოესი ადამიანების თავს გადახდენილი უსიამოვნო ამბები.

 

როცა საქმე სექსუალურ ძალადობას შეეხება, ყოველთვის დიდია ცდუნება ადამიანებისთვის, განიხილონ მსხვერპლის ქცევა, ეძებონ მასში მაპროვოცირებელი, ლოგიკური ახსნა მოუძებნონ გარყვნილ ქმედებას და ამგვარი ქმედებებით საბოლოოდ გაანადგურონ ის, ვისაც მხოლოდ მხარდაჭერა სჭირდება.

 

ორიოდე ფაქტი ნათქვამის საილუსტრაციოდ.

2018 წელი, აპრილი

ჩხოროწყუ

ქალ ფეხბურთელთა ნაკრებ “ჩხოროწყუს” სათადარიგო მოთამაშემ, 15 წლის გოგონამ 65 წლის მწვრთნელი სექსუალურ შევიწროებაში ღიად დაადანაშაულა და ძალადობის დასადასტურებლად მედიას რამდენიმე ფარული ვიდეო მიაწოდა.

 

 

 

 

2018 წელი, ივლისი

ხარაგაულის რაიონი, სოფელი ხუნევი

11 წლის ბიჭმა საკუთარი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო. ხეზე ჩამოკიდებული ბავშვი საკუთარმა და-ძმამ იპოვა.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბიჭი სექსუალურ ძალადობას განიცდიდა თანასოფლელის მამაკაცის მხრიდან, რომელიც მისივე მოგვარე და მეზობელი იყო.

 

არასრულწლოვანების წინააღმდეგ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებებზე მსჯელობას ართულებს ისიც, რომ არ გვაქვს რეალური სტატისტიკა. მსხვერპლები და ოჯახის წევრები უმეტესად დუმილს ამჯობინებენ. შედეგად დამნაშავე დაუსჯელია, პრობლემა უხილავი. ის მხოლოდ  ასეთი იშვიათად გახმაურებული შემთხვევებით იჩენს ხოლმე თავს პერიოდულად.

 

როცა პრობლემასა და ტაბუზე ვლაპარაკობთ, რთულია, მსხვერპლს მოვთხოვოთ პასუხი იმაზე, რატომ არ უნდა ღიად ლაპარაკი თავის ნეგატიურ გამოცდილებაზე. უფრო მარტივია დავფიქრდეთ იმაზე, რას ვაკეთებთ ჩვენ იმისთვის, რომ ვინმე გვენდოს და დაგვეყრდნოს, იმედით შემოგვხედოს და ჩვენც ეს იმედი არ გავუცრუოთ.

 

როცა პატარა გოგო ვიყავი, ფონად სულ ჩამესმოდა ამბები ქალებზე, რომლებმაც ქმრების გარეშე გააჩინეს ბავშვები და მერე წლების განმავლობაში უწევდათ აეტანათ ეჭვიანი დამოკიდებულებები მათი “ყოფა-ქცევის” მიმართ ნაცნობებისგან, უხამსი კომენტარები საჯარო სივრცეებში და შეგუებოდნენ განწყობას, რომ ვიღაც სხვა ბავშვი, რომელსაც მამა სახლში ჰყავს, უფრო კარგ ოჯახში იზრდება, უფრო მეტად ლეგიტიმურად არსებობს.  გოგოებზე, რომლებიც “თამამად” ან  “უხეშად” იქცეოდნენ, ვიღაცებს ხვდებოდნენ და “გამომწვევად” იცვამდნენ. სხვა საშინელი ამბები “მოტაცებებზე”, “დატოვებებზე”, აბორტებსა და ოჯახიდან გაგდებებზე, “საყვარლებსა” და ღალატზე და ამ ამბებს ისეთი ტონით ჰყვებოდნენ, არასოდეს მქონია განცდა, რომ თუკი მსგავსი ამბის გმირი ვიქნებოდი, ვინმე ჩემ გვერდით დარჩებოდა.

 

იმ ილუზიის გასაქრობად, რომ ასეთი რამეები ჩემს ბავშვობაში ხდებოდა და მას მერე განვვითარდით, როგორც საზოგადოება, კიდევ ერთი ფაქტს მოვიყვან საილუსტრაციოდ:

 

2018 წელი, აგვისტო

ოზურგეთის რაიონი, სოფელი ხუნევი

16 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო. მიზეზი შანტაჟი გახდა, რომელიც 22 წლის ახალგაზრდასთან ვირტუალური ნაცნობობით დაიწყო, რომელიც მას ინტიმური ფოტოების და ვიდეოების გადაღებას თხოვდა, შემდეგ კი ამ მასალებით აშანტაჟებდა.

 

ნაწყვეტი  სიკვდილამდე დაწერილი წერილიდან: “ეს დღეები რა გამოვიარე, ამას ვერავინ ვერ გაიგებს, დედა. შენც კი ვერ გამიგებ, დედა. ვიცი, ჩემი ხელით დავიღუპე თავი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი“.

 

ასეთი ამბები ბევრია. ამას ვაკეთებთ ჩვენ. ვქმნით გარემოს, სადაც 16 წლის გოგონას ჰგონია, რომ  ვეღარაფერს შეცვლის, სადაც არავინ აღმოჩნდება, ვინც მას გაუგებს და მხარს დაუჭერს, სადაც ერთადერთი გამოსავალი, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგისვან, ლაფში არ ამოგგანგლონ და თავი დაგანებონ, სიკვდილია.

 

იმას, რასაც ჩვენ ვმალავთ, არ იმალება.

ამ პრობლემებს დანახვა და აღიარება სჭირდება. დასაწყისისთვის მაინც.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი