ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

აველუმ, მშვიდობით!

ეძღვნება ოთარ ჭილაძის ხსოვნას

მოცლილო მკითხველო, ვისაც შეურყვნელი ვნებით გიყვარს წიგნი და იქ ნანახ-განცდილით ცხადში ცხოვრება; ვინც ჯერაც ერთგულებ ყველა ამქვეყნიურ კანონზე აღმატებულს და, თუნდაც მსოფლიო უკანონობას – ლიტერატურას; ვისაც გინდა, რომ გადაგხდეს რამე ისეთი, რაც არ შეიძლებოდა სხვას გადახდენოდა ან, გაიგო რაღაც კიდევ მეტი, კიდევ უფრო მეტად გაოცდე – ქუჩაში შენთვის მოხეტიალე, ერთხელაც, პირველივე შემხვედრს გაუჩერდი და თბილად მიეგებე:
_ გამარჯობა, აველუმ!
პასუხად ალბათ გემრიელ ლაწანს მიიღებ, მაგრამ, ეს რაა იმასთან შედარებით, რაც შენი შემხვედრის ტვინში გასკდება. ზუსტად ისე, როგორც ბავშვების მიერ სადმე ჩაფლული ტყვია. და, იცი რატომ? იმიტომ არა, რომ სიტყვა “აველუმი” ჩაესმება უცხოდ და უცნაურად. იმიტომ, რომ სიტყვა “აველუმი” არავის ახსოვს (ან რატომ უნდა ახსოვდეს), ადამიანებს კიდევ ყველაზე მეტად მივიწყებულის შემოგებება აკრთობთ.
“აველუმი” შუმერული სიტყვაა და თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს. ერთმა მწერალმა, შესაძლოა, სულაც გამოიგონა, თუმცა გამომგონებლობა ხშირად რაღაც ძალზე დავიწყებულის გახსენებას გავს. მითუმეტეს, თუ მას გენიოსი იხსენებს.
თუ გენიოსი მწერალი სიტყვას იხსენებს და, ამ სიტყვით თავის ახლობელს მიმართავს:
_ გამარჯობა, აველუმ! _ ამ დროს სამყაროში რაღაც მართლა ხდება.


1999 წელი. შვედეთში, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიალზე, მსოფლიო გამარჯვებულთა ახალ სახელებს ელოდება. ლიტერატურის დარგში წარდგენილნი არიან: გიუნტერ გრასი, უმბერტო ეკო, ოთარ ჭილაძე(!).. ოთარ ჭილაძე რომან “აველუმით” და მთელი შემოქმედებით! ნობელს გიუნტერ გრასი იღებს. თუმცა, ოთარ ჭილაძე მთელი ევროპული ლიეტრატურული სამყაროს უდავო ფავორიტია. საქართველოში პოლიტიკურ-სოციალური გარდატეხების დრო დგას, (როდის არ დგას ასეთი დრო!), ეს ფაქტი “ნიუსების” კულტურის ბლოკის ბოლო ნაწილში, ზუსტად იმ ნაწილში ხვდება, რომელიც, რეალურად მონაცემთა ბაზაში ადგილს უფრო იკავებს, ვიდრე რაიმეს ნიშნავს.

წელს, ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან 9 წელი სრულდება.
მე კი ცხოვლად მახსოვს ის დრო და ის დღე: 2009 წელი. 4 ოქტომბერი. სამების საკათედრო ტაძრიდან პროცესია მთაწმინდისკენ მიემართება. დიდ მწერალს კრძალავენ. მწერალი – ოთარ ჭილაძეა. ზუსტად ათი წელია გასული. საიდან სადამდე? კაცმა არ იცის. (უხეშად რომ ვთქვათ – ნობელის ამბიდან მწერლის სიკვდილამდე), მაგრამ ვინ დათვალა ეს დრო, ან ვინ შეაფასა, შეაჯერა თავისთავში? საქართველომ ეს ათი წელი ისეთი ცხოვრებით იცხოვრა, ბევრ სხვა ქვეყანას, შესაძლოა, ბარე-ორი ათეული დასჭირვებოდა. და სწორედ ეს – დაღლილი, გატანჯული საქართველო მთაწმინდისკენ თავის დიდ შვილს მიაცილებს. “საქართველოში” შედის ძალიან მცირე ნაწილი ოთარ ჭილაძის თანამედროვე საზოგადოებისა, იმდენად მცირე, რომ ჩამოთვლაც შეიძლება გვარ-სახელის და პროფესიის მიხედვით, (ნეტა, ათი წლის წინ ნობელი რომ მიეღო, მაშინაც ასე ცოტანი იქნებოდნენ “ჭირისუფლები”? ადამიანური ბუნებაა – ჩინი ჩანს და, ამით უფრო აფასებს, ჩინი, ჯილდო, მედალი, ორდენი და ათასი სისულელე)… დანარჩენი “საქართველო” ალბათ, უხილავად მიჰყვება მას – წინაპართა გამჭვირვალე სულები და სევდიანი აჩრდილები..
ეს სწორედ ოთარ ჭილაძე წერდა ბედნიერ ტანჯულ ერზე, რომელსაც უამრავი პარადოქსი ახლავს თან: უკიდეგანო ქრისტიანობა შეუძლია ასევე ენითუთქმელ ფარისევლობას შეუზავოს, სიბრიყვემდე სიალალით მოყვარე მოიძულოს, მტერი კი გაახაროს. ეს მზით ნაზავი დასაფლავებაც ხომ თავიდან ბოლომდე პარადოქსი იყო: ხალხი, რომელსაც შეუძლია პრეზიდენტის ან, ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ეფექტური ოპოზიციური ლიდერის დაძახილზე ქუდზე კაცით გამოსვლა, ის ხალხი დიდი, ძალიან დიდი მწერლის დაკრძალვაზე არსად ჩანდა.
ან, რა უნიჭო სიტყვაა “ხალხი” იმასთან შედარებით, რაც არის ქართული სიტყვის საგანძურში თავად ოთარ ჭილაძე. “ხალხი” აქ ძალიან ცოტას ნიშნავს, აქ – მის შემოქმედებაში – ერთი კონკრეტული ადამიანი უფრო ბევრია.
არასროს დამავიწყდება ცა, რომელიც ოთარ ჭილაძის დაკრძალვის დღეს მთაწმინდის თავზე იდგა. ღრუბლის წყვილი ლიანდაგი იყო გადაჭიმული მთელს ცაზე, უხსოვარი დასაწყისიდან დასალიერამდე, და ისე ჩანდა, თითქოს ეს ლიანდაგი სიშორეში ვიწროვდებოდა, სადღაც სიღრმეში უხვევდა და იქ განაგრძობდა გზას. თვალს ვერ მოწყვეტდი და, თან თუ ოთარ ჭილაძის წიგნებწანაკითხი თვალი გქონდა – მით უფრო გემცნაურებოდა: ცა და მისი შესაყარი დედამიწაზე სწორედ მწერლის სამყარო იყო, მითოსურიც და რეალურიც, უცნობიც და ახლობელიც. ეს ალბათ, ძალიან იშვიათად ხდება, როცა შემოქმედი კვდება და ცოტახნით ყველაფერი მის გარშემო, მისსავე შემოქმედებას ემსგავსება.

“ვშორდებით, ყოველ წუთას ვშორდებით
და აკრძალული სევდის ტოტებით
ერთმანეთს ვუმტვრევთ სულის დარაბებს..”
ოთარ ჭილაძე ჩემი პოეტია. იშვიათად მინახავს შემოქმედი, რომელიც ასეთი “მაღალი”, განუზომლად და თანაბრად ძლიერი იყოს პროზაშიც და პოეზიაშიც. თანაც ისეთი ძლიერი, რომ ერთი მისხალითაც არ არღვევდეს არცერთი ჟანრის კანონებს და თითოეულს ერთგულებდეს მწერლური ვნებით. თუმცა, გამომრჩა! Eესეისტიკა! ოთარ ჭილაძის გენიალური ესსეები, ლიტერატურული წერილები, რომლებიც, სულაც რომ სხვა აღარაფერი დაეწერა მას, მარტო ამით დაიგდებდა ღონიერი მწერლის სახელს.
ამხელა ლიეტრატურული დიაპაზონი რჩეულობასთან ერთად ტვირთიცაა ალბათ. Aაბა, როგორი საქმეა, იარო და შენ თავში უშველებელი ტაძარი ატარო.
ჰო, ასეა – ოთარ ჭილაძე ტაძარია. უშველებელი, უმტკიცესი, ჩუქურთმებამღერებული. და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს დრო, რომელშიც ვცხოვრობთ (ეს არაა სიყვარული – შეგუების გამო დაბადებული, ეს კიდეც სხვა სიყვარულია), მაინც მგონია, რომ ოთარ ჭილაძე არაა ჩვენი დროის შემოქმედი. დროზე აღმატებულობას რომ თავი დავანებოთ, ამ თავისი უნივერსალურობით, უკიდეგანო შემოქმედებითი სიმაღლით, ღვაწლით, თავის დიდ წინაპრებს მაგონებს და, იმ საუკუნეს, რომელიც თავადაც ალბათ ძალიან უყვარდა – ფიქრის და განსჯის საუკუნე, მისი უდიდებულესობა: მეცხრამეტე!.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადკაცობრიულ ტკივილებზე წერდა, მისთვის პირველი და მთავარი მაინც ეროვნული ფიქრი და სატკივარი იყო, აქედან ხედავდა და აქედან განიცდიდა. წერდა იმაზე, რაც ჩვენს თვალწინ ელვის სისწრაფით ხდებოდა და, მაშინ როცა ყოველდღიური ჟურნალისტიკა ფაქტების დახვავებას ვერ აუდიოდა, იბადებოდნენ წიგნები, როგორც სარკეები თითოეული ჩვენგანისათვის – უნდა ჩაგეხედა და შიგ შენი თავი, შენს გარშემო სამყაროთი, – დაგენახა.
70 წელი, ვითარცა 7 წუთი.. – “ზემოდან” შესაძლოა ასეც ჩანდეს. ჩვენ კი დღემდე ამ 70-წლიანი ტყვეობის ტყავს ვიძრობთ, ეროვნულობაშიც და მოქალაქეობაშიც ბევრი რამე ამ ტყავის გამო ვერ დაგვილაგებია და, თუკი მწერალმა მაინც სხვების საფიქრალი ფიქრი და სატკივარი ტკივილი იტვირთა, ესაც ხომ წყალობაა! ოთარ ჭილაძის მთელი შემოქმედება თავისუფლებაზე ფიქრს ეძღვნება, თავისუფლება კი მისთვის – ბრძოლის უფლებას ნიშნავს.
ტაძარია-მეთქი, – ეს ფრაზა მე კი არა, პოეტმა ლია სტურუამ თქვა ოთარ ჭილაძეზე. ჩვენს სინამდვილეში ცხოვრობდა კაცი-ტაძარი, ფიქრით, აზროვნებით, მოღვაწეობის მასშტაბით, და ისე იდგა “გამჭვირვალე ესთეტიკის” ეპოქაში, რომ შორიდან ეგებ ვინმეს ქარის წისქვილადაც მოსჩვენებოდა. ტაძრებით დღეს ვიღას გააკვირვებ, მაგრამ ადამიანის სულ-ხორცით ნაგები კიდევ სხვა არის, თანაც ისეთ დროსა და ისეთ რეალობაში, სადაც “კაცთმოყვარული” მიზნებისათვის, თვით ყველაზე ბრაზიანი შენობაც კი დედამიწაზე, სადაც იარაღიანი პოლიციელები მუშაობენ, – შაბიამნისფერი შუშისგანაა აგებული, მთლად შუშებია ოთხივე კედელიც, ჭერიც და იატაკიც, ანუ ისეთი გამჭვირვვალე, ღია და სანდო, რომ გეშინია, ამდენი სინატიფე ხელში არ შეგაფშხვნეს..
და, ამ დროს – კაცი-ტაძარი, რომელიც დუმდა და ისე წერდა.
როცა გარდაიცვალა, მერეღა მოქექეს ტელევიზიებმა და აღმოაჩინეს, რომ სულაც თითზე ჩამოსათვლელი კადრები ჰქონიათ არქივში, სადაც ამ კაცის დანახვა და მისი სახის დამახსოვრება შეიძლება. Eესაც მაშინ, როცა სწორედ ტელევიზორში, პირდაპირ ეთერებში ხდება რევოლუციებიც, ტერაქტებიც.
ოთარ ჭილაძის ერთი ფოტო მიყვარს განსაკუთრებულად. გურამ თიკანაძის გადაღებულია. Aაი სწორედ ისეთი მინდა რომ დავიმახსოვრო, მეც და, ბევრმა – ძლიერი, ახალგაზრდა, შუბლშეკრული, როგორც ყველა ფარული მეამბოხე. თავისივე პერსონაჟებს გავს, დაუწერელ გმირებსაც კი.
სულ თავში, მისივე სიტყვებით დავიწყე: “მოცლილო მკითხველო”… ეს ალბათ ის მოცალეობაა, რუსთაველი რასაც გულისხმობდა შეყვარებულის (მიჯნურის) მთავარ ათ თვისებათა შორის ერთ-ერთ აუცილებლად. შეყვარებული თუ არ ხარ, ოთარ ჭილაძის ერთ ფურცელსაც ძვრას ვერ უზამ.
შეყვარებულობაც – ბრძოლის უფლებაა. გიყვარს და, გინდა შენს გარშემო სამყარო შეცვალო. ამისთვის იბრძვი. ძნელია აველუმობა. აველუმი ხომ თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს.
თვითონ ასე დაამთავრა:
“გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდით და თავს ვირთობდით,
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს
კარგად იყავით. გმადლობთ. მშვიდობით.” (2007)

და თუკი მაინც არ მოიშლი შენსას და, ისევ წიგნებით ცხოვრებას გადაწყვეტ, მოცლილო მკიხველო, ადექი და, იმ შენს პირველივე შეხვედრილ თანამგზავრს, ხანმოკლე და უცნაური დიალოგი ასე დაუმთავრე:
_ აველუმ, მშვიდობით!
შეიძლება ვერ გაიხსენოს, რას ნიშნავს ეს სიტყვა, მაგრამ ტვინში ერთი ფიქრი აუცილებლდ საშენოდ გაუსკდება. ბოლოს და ბოლოს, შენც, მეც, შენი თანამგზავრიც და კიდევ ვინ იცის რამდენი ვინმე, – ახლა ჩვენი ფიქრის აღმართ-დაღმართებზე დავხეტიალობთ და ერთ კაცზე ვლაპარაკობთ, ყველას რომ ყველაფერი დაგვავიწყდეს, იმ ერთს ემახსოვრება, რადგან დამახსოვრება, ზოგადად, მისი მოვალეობაა. ის მწერალია – მთავარი აველუმი.
და ვინ იცის, ეგებ მე და შენ კი არ ვლაპარაკობდით ამდენხანს მასზე, არამედ თვითონ ის – თავის მარტოსულ სენაკში იჯდა და ჩვენზე სევდიანი სიყვარულით წერდა. ჩვენზე – მკითხველებზე და მოქალაქეებზე.
და ბოლოს კი მიაწერა: ოთარ ჭილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი