ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სახლის მტვერი

 

ერთ სახლში ბებიასთან ერთად თინეიჯერი ნუცა ცხოვრობდა. წიგნი არ უყვარდა, კომპიუტერი ერჩივნა. კომპიუტერიც გასართობად უფრო უნდოდა, ვიდრე სასწავლო რესურსების მოსაძიებლად. ბოლო დროს ბებოსაც ოდნავ ენა შეაჩვია და პასუხებსაც უბრუნებდა. სახლში წესრიგი უყვარდა თუ არა, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ წესრიგისთვის შრომა არ ხიბლავდა. დიახ, სისუფთავესა და წესრიგს ხელის განძრევა სჭირდება. მაგიდა თავის თავს მტვერს ვერ გადაწმენდს, შენ უნდა მიხვიდე ნაჭრით და გადაწმინდო.

მოკლედ, ერთ დღეს ნუცას ბებიას საქმეზე ვესტუმრე და თვალი ნუცას სამეცადინო მაგიდისკენ გამექცა. მაგიდას სამეცადინო ერქვა, თორემ გოგო მეცადინეობდა, თუ ინტერნეტის ლაბირინთებში კლავდა დროს, ეგ არ ვიცი. თვალი კი იმიტომ გამექცა,   რომ მაგიდას მტვრის სქელი ფენა ედო. გულმა ვეღარ მომითმინა, მივედი და თითით დავწერე:

ნ უ ც ა…

ჰო, ის თითი მერე სველი ქაღალდით გავიწმინდე (ეს ისე, მაინც, რომ ვიცოდეთ). ბებოს გაუხარდა, იფიქრა, იქნებ ახლა მაინც შერცხვეს ჩემს შვილიშვილსო. გოგოს კი, ნურას უკაცრავად, სულაც არ შერცხვენია. თვალი თვალში გამიყარა და დუმილით მაგრძნობინა:

–         მე რა? ჩემს მაგიდაზე, რომ მტვერია, ბებიაჩემს შერცხვეს… თუ ძალიან გინდა, შენცო!..

ალბათ, ოდესმე ნუცა მიხვდება, რომ მტვერი ცუდია, სისუფთავე კი – კარგი. მე კი ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ დღეს მტვერზე მინდა დავწერო.

მტვერი ყველგანაა და გააჩნია რა თვალით შეხედავ. თუ გალაკტიონი ხარ, მაშინ დაწერ:

„ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით “…

 

გალაკტიონმა ისიც იცოდა, რომ ჩვენც მტვრად ვიქცევით და წერდა:

 

„…ის იყო მეფე, ახლაა მტვერი, რომ საუკუნეთ

რიგი გარიყოს,

არ შეუძლია იყოს პირფერი, არ შეუძლია

მტვერი არ იყოს…“.

 

მაგრამ… თუ გალაკტიონი არ ხარ და უბრალოდ „ნუცა“ ხარ, მტვერი აწმინდე, რადგან…

მეცნიერებმა სახლის მტვერში 44 საშიში ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს. აქედან, ათი მათგანი, განსაკუთრებით საშიშ ნივთიერებათა ჯგუფს მიაკუთვნეს.

მათი უმეტესობა ფტალატია.

  1. DEHP – ფტალატების წარმომადგენელია. მისი სამიზნეჰორმონები და იმუნური სისტემა გახლავთ.
  2. DEHA – კვლავ ფტალატების ჯგუფიდან არის, თირკმელებს და ღვიძლს აზიანებს.
  3. HHCB – არომატული ნახშირწყალბადების წარმოებული; იმუნური სისტემის დათრგუნვაშია შემჩნეული.
  4. BBP – კვლავ ფტალატი, ცნს-ის დათრგუნვას იწვევს.
  5. TPHP – ისევ ფტალატი, ცნს-ის და რეპროდუქციული სისტემას თრგუნავს.
  6. TDCPP – ტრის, 1,3 დიქლორ-2 – პროპილ-ფოსფატია, კიბოს მაპროვოცირებელი ბრძანდება.
  7. DBP – ფტალატი, თრგუნავს​ცნს-ის და რეპროდუქტიულ სისტემას .
  8. DIBP-ფტალატი, ცნს-ის და ჰორმონალურ ფუნქციების დამთრგუნველია.
  9. HBCD – ჰექსაბრომციკლოდოდეკანი, გამომყოფი სისტემის დამთრგუნველია.
  10. მეთილპარაბენი-ფენოლი- სისხლწარმომქმნელი ორგანოების (ღვიძლი, ელენთა, ძვლის ტვინი) დამთრგუნველი.

ფტალატები ფტალმჟავას მარილები და ესტერებია. ადამიანის ორგანიზმზე ცუდად მოქმედებს. აქვთ აკუმულირების უნარი. იწვევენ ჰორმონალური სისტემის დათრგუნვას, აზიანებენ ღვიძლს, თირკმელებს, იწვევენ ალერგიას, ასთმას, ნერვული სისტემის აშლილობას, აფერხებენ ბავშვის განვითარებას.

მათ ყველგან შეხვდებით, საღებავებში, ლაქებში, ლამინატებში, სათამაშოებში, პლასტმასის ჭურჭელში, პარფიუმერიაში და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერება სახლში გარედანაც შეიძლება მოხვდეს, განსაკუთრებით, თუ ისეთ კამკამა ჰაერიან ქალაქში ცხოვრობს ადამიანი, როგორიც თბილისია. თუმცა, უმეტესობის წყარო, სახლის ის ქიმიაა, რომელსაც სისუფთავისთვის ვიყენებთ. ასევე, კოსმეტიკური საშუალებები, დეზოდორები და ა.შ. ამიტომ, თითოეული მათგანი ყურადღებით უნდა შეირჩეს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია „მისი უდიდებულესობა“ თამბაქო. მე დღემდე ვერ გამიგია, რატომ იმჭვარტლავენ ადამიანები ფილტვებს. მწეველებს  განსაკუთრებულად ვაკვირდები და ვერ ვხვდები, ასეთი მწარე კვამლის ამოსუნთქვის წამს, რატომ აქვთ ყველას ერთნაირად ნეტარი სახე. თუმცა, ადამიანს საკუთარი შიგნეულობის განადგურებას ვერავინ აუკრძალავს, ამიტომ  მოწიეთ და ინეტარეთ, მაგრამ… სახლში თუ მოწევთ, მაშინ სახლის მტვერს თამბაქოს კვამლში შემავალი ნივთიერებებიც დაემატება. ანუ: ალდეჰიდები, კეტონები, ნიკოტინი, ორგანული მჟავები. აქვეა, პოლიარომატული ნახშირწყალბადები. მათ შორის, თირკმელებზე „მონადირე“  ალფა-ბენზო პირენი. დადგენილია, რომ ერთი უფილტრო სიგარეტი გარემოში ავრცელებს 25მგ. ალფა-ბენზო პირენს.  არ დაივიწყოთ, რომ თამბაქოს კვამლი ხელს უწყობს მტვრის ნაწილაკების უფრო სტაბილურ შეჩერებას დახურულ სივრცეში, ანუ სახლში.

ჩრდილოეთ კაროლინაში დუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სახლში 11 სახის მტვერი გამოიკვლიეს. მათ მიერ გაკეთებული დასკვნა კი ერთდროულად საინტერესოც არის და ოდნავ სიმწარენარევ სასაცილოც. აღმოჩნდა, რომ მტვერი შეიძლება ზედმეტი წონის მიზეზი გახდეს. დუკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა თაგვების ადიპოციტების (ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედები) წინამორბედებზე – 3T3-L1, სახლის 9 სახეობის მტვრით იმოქმედეს. ამ მტვერში შედიოდა ნივთიერებები, რომლებიც ენდოკრინულ სისტემაზე ზემოქმედებდნენ.  გამოკვლეული 9 სახეობიდან, 7 სახეობის მტვერი 3T3-L1-ს „აიძულებდა“ სწრაფად მომწიფებულიყო და ქსოვილში ტრიაცილგლიცეროლები დაეგროვებინა. ამ საქმეში განსაკუთრებით „თავი გამოიჩინეს“- TPHP, DBP და ფუნგიციდმა პირაკლოციტრობინმა.

ახლა ოდნავ იუმორიც მოვიშველიოთ, თუ დღეში 50-ჯერ ავიღებთ მტვერს, უეჭველი დავხარჯავთ ზედმეტ კალორიებს და გავხდებით.

მტვრის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარენი ბავშვები არიან. აღმოჩნდა, რომ მტვერში შემავალი ზოგიერთი ფტალატი თავის ტვინში ნეირონებს შორის კავშირის გართულებას იწვევს.  ინფორმაციის  აღქმა ძნელდება, ბავშვი ადვილად იღლება, უქვეითდება მეხსიერება.

თუ მტვერი, რომელიმე ელექტრო ხელსაწყოში დაგროვდება, შეიძლება მოკლე ჩართვა და ხანძარიც  მოხდეს.

განსაკუთრებული თემაა ალერგია მტვერზე. ალერგიას მიკროსკოპული ტკიპები იწვევენ. 12გ მტვერში 42000 ტკიპაა. ეს ტკიპები ყველგან არიან მიმოფანტულნი, დაწყებული ხალიჩებიდან და რბილი სათამაშოებიდან, დამთავრებული ჩვენივე საძინებელი ადგილით.

მტვრით მეცნიერები პირველად 1940 წელს დაინტერესდნენ. იმხანად საოპერაციო ოთახებში არსებული ადამიანის პათოგენებს სწავლობდნენ. 1970 წლიდან დაწყებული კი, შეამჩნიეს მტვერში არსებული კარცეროგენური ნივთიერებები, მათ შორის, ახლა უკვე აკრძალული პოლიქლორბიფენილები. მაშინ მათ ელექტრულ კაბელებსა და ხის იატაკის წებოში იყენებდნენ. სწორედ, ამ პერიოდში დაიყო მტვერში არსებული ნივთიერებები ორ კატეგორიად: მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი ნივთიერებები. ხვდებით ალბათ, რომ თუ ნივთიერება მსუბუქია, მაშინ ჰაერში მტვერთან ერთად დაფარფატებს და მისი ჩასუნთქვა გაცილებით იოლად და ხშირად ხდება. თუმცა, ნახევრად-მსუბუქ ნივთიერებებთანაც არ არის საქმე იოლად. ისინი ასევე არიან მტვერში, ოღონდ არა ჰაერში, არამედ რაიმეს ზედაპირზე (მაგ. ნუცას სამეცადინო მაგიდაზე), შეხებისას ჩვენს კანზე ხვდებიან და გვიღიზიანებენ. განსაკუთრებით ალერგიულებს კი განსაკუთრებულად გაურთულებენ ცხოვრებას.

სახლის მტვრის კომპონენტებში მოიაზრება ნივთიერებები აზოსაღებავებიდანაც, რომლებიც სახლის ავეჯის თუ კედლების საღებავებში შედიან. თუმცა, მეცნიერთა აზრით, სახიფათო უფრო ჰალოგენირებული პარაფინების შემცველი  საღებავები გახლავთ. ისინი ანტიპირენების მსგავსად მოქმედებენ. დუკის უნივერსიტეტში მათი  შესწავლისას, აღმოჩნდა, რომ სახლის მტვრის ყოველ ერთ გრამში 700მკგ. ჰალოგენირებული პარაფინები იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ცხოველები სახლში. სეირნობიდან დაბრუნებულმა ძაღლმა შესაძლოა დამატებითი ნივთიერებები შემატოს სახლის მტვერს.

 

მტვერი კოსმოსშიც არის, ვარსკვლავთშორისი მტვერიც არსებობს და თქვენ წარმოიდგინეთ, თავად პლანეტა მარსის  შიდა ნაწილის მტვერი რკინის სულფიდებით და ქლორიდებით არის გაჯერებული. პოლუსების ნაწილში კი გაყინული ნახშირორჟანგისგან წარმოქმნილი, ე.წ. ფიფქისებრი მტვერი ყოფილა მიმოფანტული.  შეიძლება, იფიქროთ, თუ ნახშირორჟანგია, შეიძლება ის ვინმემ ამოისუნთქა და …იქნებ სიცოცხლეც არისო? პოეტიც ამას კითხულობს:

„არის თუ არა სიცოცხლე მარსზე,

არის თუ არა იქ სადმე წყალი?

სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,

როდესაც მარსზე იქნება ქალი…“ (ტარიელ ჭანტურია).

 

რა თქმა უნდა… ასეთი ქალი  მარსზე, ამომშრალი ტბის პირას,  უკვე ცხოვრობს და მტვრის აწმენდაც არ ავიწყდება…

 

„მათ ჰქონდათ ბროლის სვეტებიანი სახლი პლანეტა მარსზე ამომშრალი ზღვის პირას, და ყოველ დილა შეიძლება დაგენახათ, თუ როგორ მიირთმევდა მისის კ. ოქროსფერ ნაყოფს, რომელიც ბროლის კედლებზე იზრდებოდა, ანდა როგორ ასუფთავებდა სახლს თითო მუჭა მაგნიტური მტვრის მიმობნევით, რომელიც ჭუჭყს იკრავდა და მასთან ერთან მიჰყვებოდა ცხელ ქარს“ (რეი ბრედბერი, „ილა“).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი