შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ვაკეთებ იმას, რაც დიდ სიხარულს მანიჭებს  – ზვიად ხაფავა

,,თუ საჭიროებას ხედავ, რომ ვიღაცას სჭირდები, თუნდაც იყოს ეს ორი  ბავშვი,  მაშინ იქ უნდა იყო და ჩემს შემთხვევაში ასეა. თუმცა, თავიდან ყველას უჭირდა იმის გაგება, რა მინდოდა ახალგაზრდა ბიჭს ,,სადღაც, სოფელში”, რატომ ვრჩებოდით იქ თვეობით, მეუბნებოდნენ წამოვსულიყავი, იქნებოდნენ ეს მეგობრები, ოჯახი თუ ნათესავები. მაშინ ეს ძალიან გაუგებარი იყო ყველასთვის, შემდეგ მიეჩვივნენ”, – ამბობს ზვიად ხაფავა , ბედიანის წმინდა გიორგი მთაწმინდელის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი. ზვიადი პროფესიით პედაგოგია, იგი ბედიანის სკოლაში ისტორიას ასწავლის. იქ ოცდაერთი  წლისა, ბავშვთა სახლის აღმზრდელის სტატუსით მივიდა. დაბა ბედიანში, რომელიც  წალკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, ბავშვთა სახლის არსებობა უკვე ოც წელზე მეტს ითვლის და აქ მიუსაფარ ბავშვთა მრავალი თაობა აღიზარდა. ბავშვთა ცენტრი მცირე ზომის ოჯახური ტიპის სააღმზრდელო დაწესებულებაა და აქ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალური ზრუნვა ხორციელდება. ზვიადი და მისი თანამოაზრე აღმზრდელები ნაბიჯ-ნაბიჯ  ცვლიან პატარა დაბის  და იმ პატარა ადამიანების  ცხოვრებას, რომელთა ბედიც ბედიანის ბავშვთა ცენტრს  დაუკავშირდა.

რა ხდებოდა ბედიანის ბავშვთა ცენტრამდე? როგორ მოხვდით სააღმზრდელო  სისტემაში?

 

პირველად, ძეგვის ბავშვთა სახლში  ჩავედი. მაშინ, ჩვიდმეტი  წლის ვიყავი და სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა. ძეგვის ბავშვთა თავშესაფარი იმ პერიოდში  იქმნებოდა.  მეგობარს გავყევი, უბრალოდ მაინტერესებდა, რა ხდებოდა იქ. ძეგვში  თავიდანვე  ჩართული ვიყავი ყველა საქმიანობაში  და ბევრმა რამემ ჩემ თვალწინ ჩაიარა. დაახლოებით, ოთხი წლის შემდეგ კი გადაწყდა, რომ ძეგვი უნდა დაგვეტოვებინა და ბედიანში გადმოვსულიყავით. მაშინ, ოცდაერთი  წლის ვიყავი. ბედიანში ჩამოსულებს უამრავი სირთულე დაგვხვდა და  ძალიან დიდი პასუხისმგებლობის აღება მოგვიხდა, რისთვისაც   შეიძლება ითქვას, რომ ძალიან  ახალგაზრდები ვიყავით. აქ ბავშვებთან უფრო დამოუკიდებელი ურთიერთობა გვქონდა და ეს უფრო მეტი  სტიმულის მომცემი იყო ყველასთვის.

 

თავდაპირველად, ჩვენი ჩამოსვლა ძეგვიდან ბედიანში, ცოტათი დაზვერვას ჰგავდა. ჯერ ერთი ოჯახი წამოვიდა ძეგვიდან, შემდეგ მას მოჰყვა მეორე და ასე გაიზარდა ოჯახების რაოდენობა. თუმცა, აქ საკმაოდ არაკეთილგანწყობილი დაგვხვდა მოსახლეობა. დაბა ბედიანის იმდროინდელ თემს  მაშინ ძირითადად არაქართულენოვანი მოსახლეობა შეადგენდა   და მათი წარმოდგენით, ჩვენ სამტროდ ვიყავით მისულები. იწერებოდა განცხადებები ჩვენი გასახლების თაობაზე. იმასაც ამბობდნენ,  თითქოს ჩვენ გვსურდა, ისინი გაგვეყარა აქედან და ამ მიზნით ჩამოვედით ბედიანში. ჩვენი აქ გადმოსვლა, ქართული თემისთვისაც და ქართული საქმისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, გვსურდა დავხმარებოდით  ადგილობრივებს,  მიეღოთ უკეთესი განათლება; ბედიანს ჰქონოდა უფრო ძლიერი კავშირი  გარესამყაროსთან, ჰქონოდათ წვდომა ინფორმაციაზე.  იმ პერიოდში ბედიანში მხოლოდ ერთი სატელევიზიო არხი აჩვენებდა და ისიც რუსული იყო, თითქოს საქართველოში არც ცხოვრობდი, აქ ინფორმაცია იყო მხოლოდ რუსეთზე….  საქართველოს შესახებ ინფორმაცია  არავის ჰქონდა.  თბილისთან დაკავშირება ძალიან რთული იყო, მობილური ტელეფონები ბედიანში  არ იჭერდა, სასწრაფოს ან პოლიციის გამოძახება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ერთი სიტყვით, ბევრი პრობლემა  დაგვხვდა, იქნებოდა ეს ფინანსური პრობლემები თუ ის ხელჩართული ომები, რაც აქ თავის დასამკვიდრებლად დაგვჭირდა. ახლა ეს სირთულეები დაძლეულია და ძალიან კარგი და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მოსახლეობასთან.

 

როგორი საგანმანათლებლო გარემო  დაგხვდათ ბედიანშიიყო თუ არა პირობები სრულფასოვანი განათლების მისაღებად?

 

იმდროინდელი სკოლა იყო  რუსულენოვანი არასრული, რვა კლასი. ეს არ იყო სრულფასოვანი  საგანმანათლებლო გარემო არც გადმოსული ბავშვებისთვის და არც, ადგილობრივებისთვის.  ჩვენი ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი – აქ გადმოსული აღმზრდელების  ძალისხმევით, ჩვენი მეგობრების ჩართულობით თბილისიდან და  ძალიან დიდი აქტიურობით გაიხსნა ქართული სკოლა. ეს მოხდა აქ გადმოსვლიდან  თითქმის ერთ წელში.  2000   წლის პირველი თებერვლიდან   ბედიანში  ამოქმედდა  ქართული საშუალო სკოლა, რუსული სექტორით. ადგილობრივები  ავტომატურად აღმოჩნდნენ რუსულ სექტორზე და ცოტა ხანში ყველამ აღმოაჩინა, რომ ქართულ სექტორზე გაცილებით მაღალი დონის სწავლება იყო  და შემდეგ ყველა, თავისი ნებით, თვითონ გადმოვიდა და ყველამ ქართული სკოლა დაამთავრა. მალე რუსული სექტორის აუცილებლობის საკითხიც აღარ დამდგარა, რადგან მსურველები აღარ იყვნენ.

 

თქვენმა გადმოსვლამ პატარა დაბის ცხოვრება შეცვალა. რა იყო თქვენი მიზანი ბედიანში გადმოსვლის წინ?

 

ჩვენი აქ გადმოსვლა საგანმანათლებლო მიზნებსაც უკავშირდებოდა. გვსურდა  მარტო ლოკალურ, პატარა დაბაზე  არ ყოფილიყო გათვლა და ცოტათი შეგვეცვალა მიმდებარე სოფლების საგანმანათლებლო ცხოვრება. იმის შემდეგ, რაც სკოლა უკვე ქართული გახდა, ბედიანის სკოლაში სწავლა სხვა სოფლის ბავშვებმაც  მოინდომეს. ისინი სხვა რაიონს ეკუთვნოდნენ, თუმცა როდესაც დაინახეს, რომ მათმა თანატოლებმა უფრო კარგი განათლება მიიღეს და უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს, მათაც მოუნდათ ჩვენს სკოლაში ესწავლათ. ძეგვიდან ხუთი თუ  ექვსი მასწავლებელი ვიყავით გადმოსული. ჩვენი მეგობრებიც ჩამოდიოდნენ თბილისიდან და ლექციებს კითხულობდნენ სკოლაში და მასზე დასწრება ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. იმ პერიოდში მასწავლებლებს ძალიან დატვირთული გრაფიკები გვქონდა. კვირაში ოცდაშვიდ  საათს ვატარებდით. დღეში ექვსი და შვიდი გაკვეთილი გვქონდა,  ხან რვა გაკვეთილიც ჩაგვიტარებია. ეს პერიოდი ძალიან საინტერესოდ მახსენდება ჩვენი აქაური ცხოვრებიდან. ეს იყო ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პრაქტიკა ჩემთვის, რადგან რამდენიმე საგნის შეთავსებაც მიწევდა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და  დღემდე არის, რომ მქონდეს ბავშვებთან უწყვეტი კავშირი და სწორედ, ამიტომ არ მოვდივარ სკოლიდან. ის  ცვლილებები,  რაც ჩვენი ბედიანში გადმოსვლის შემდეგ მოხდა, მხოლოდ სკოლას არ ეხება. მაშინ ადგილობრივ  ბავშვებსაც საკმაოდ მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენ მიმართ.  მარტო მე არა, ჩემთან ერთად ყველა მასწავლებელს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მათი ეს არასწორი წარმოდგენები შეეცვალა. ძალიან მინდოდა მათ სცოდნოდათ, რომ აქ ჩამოსული ქართველები საფრთხეს არ წარმოვადგენდით მათთვის, რომ ქართველი არ ნიშნავს მათ მტერს და შეიძლებოდა ჩვენ ვყოფილიყავით ძალიან კარგი მეგობრები და ახლობლები. მიხარია, რომ დღეს ეს პრობლემები აღარ არსებობს.

 

თითქმის ოც წელზე მეტია, რაც ბედიანის სააღმზრდელო დაწესებულება არსებობს. ალბათ ბევრი სხვა სიძნელეც შეგხვდათ ამ პერიოდის განმავლობაში? როგორ ყალიბდებოდა ბედიანის ბავშვთა ცენტრი, ამ სირთულეების კვალდაკვალ?….

 

ჩვენი აქ გადმოსვლის პერიოდში დაფინანსება გვქონდა საკმაოდ კარგი, გერმანული ორგანიზაცია გვაფინანსებდა და ყველაფერს წვდებოდა მათი დაფინანსება: საკვები, ტრანსპორტი, საწვავი, მშენებელობებსაც ვახერხებდით. ორგანიზაცია პერიოდულად ატარებდა  თანხის ხარჯვისა  და ბავშვების მდგომარეობის მონიტორინგს. ერთ მშვენიერ დღესაც მათ გამოგვიცხადეს, რომ ბედიანში  კატასტროფული მდგომარეობა აღარ იყო (ორგანიზაცია კატასტროფული ადგილების კუთხით მუშაობდა)  და ბავშვები, რომლებიც მანამდე ქუჩაში ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ წერა-კითხვა, მიუხედავად იმისა, რომ სასკოლო ასაკზე დიდები იყვნენ, ცხრა-ათი წლისები იყვნენ და ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდათ, აღმოაჩინეს, რომ ჩვენთან  ძალიან მოწესრიგებულები იყვნენ – დაბანილები, დავარცხნილები, სწავლობდნენ, შეიძლება სანიმუშოდ და ძალიან კარგად  არა, მაგრამ სკოლაში დადიოდნენ, შეეძლოთ დავალების შესრულება და გაკვეთილებზე ისხდნენ. ჩვენმა დონორმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ბედიანში აღარ იყო კატასტროფული მდგომარეობა და ვეღარ დაგვაფინანსებდნენ. მაშინ,  აბსოლუტურად ნულზე დავრჩით. ელემენტარული საკვების თანხების მოძიებაც ურთულესი პრობლემა იყო. მაშინ დამირეკა მეგობარმა და მითხრა რომ უცხოელებს შეხვედრა სურდათ  ჩვენთან.  მახსოვს,  სამგზავრო „თეთრები” შევაგროვე, თბილისში რომ ჩავსულიყავი. ეს ადამიანი იყო ფრედ როკიტა, ერთ-ერთი ბიზნესკომპანიიდან,  რომელმაც გვკითხა, რა გვჭირდებოდა და რითი შეეძლო დაგვხმარებოდა. ზაფხულის დასაწყისი იყო, ბავშვების  ერთ-ერთ ნაკადს, რომლებიც ჩვენთან გაიზარდნენ,  სწავლების გაგრძელება სურდა, ზოგს – პროფესიულში, ზოგს – უმაღლესში. ჩვენ კი არანაირი საშუალება არ გვქონდა მათ დავხმარებოდით.  ამ შემოთავაზებამ ძალიან გაგვახარა და  ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდნენ  განათლების მიმართულებით. მაშინ ჩაირიცხნენ ბედიანის ბავშვთა ცენტრის  ბავშვები  პირველად თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში და შემდეგ,  ბევრი დაგვიდგა გვერდით. სტუდენტებისთვის ბინები ვიქირავეთ, გოგონებისთვის – ცალკე, ბიჭებისთვის – ცალკე.  სწავლის თანხას  გვიხდიდნენ და ნელ-ნელა ყველაფერი  საინტერესოდ აეწყო. ბავშვებმა  დაამთავრეს კოლეჯები, უმაღლესები. მე მგონია, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი  ბედიანში ცხოვრების ისტორიაში. ოც წელზე მეტია, რაც ამ  საქმეს ვაკეთებთ  და ეს წარმატება მომავალი თაობისთვისაც გახდა ხელშესახები. იმ ახალგაზრდების წარმატება, რომლებმაც უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს, სხვებისთვისაც გადამდები მუხტი აღმოჩნდა, საკუთარი თავის რწმენა განუმტკიცდათ   და ყველამ შეძლო რეალიზება. ეს ყველაზე დიდი წარმატება იყო, რაც ჩვენ, ყველამ ერთად მივაღწიეთ, ბედიანელმა აღმზრდელებმა და იმ ადამიანებმა, ვინც ყოველთვის ჩვენ გვერდით იდგა და დღემდე განათლების მიმართულებით გვეხმარებიან.

 

როგორია საგანმანათლებლო აქტივობები ბავშვთა ცენტრის ცხოვრებაში? როგორ იყენებთ პატარა დაბის მრავალფეროვან ლანდშაფტს მათი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარებისთვის?

 

მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ერთად, რომ ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელთა  ყოველდღიური ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი. ჩემთვის ძალიან გასაგებია, რომ როდესაც სააღმზრდელო დაწესებულებაში იზრდება ბავშვი, პირდაპირ  ნიშნავს, რომ მას ყოველდღიურობაში ძალიან დიდი რამ აკლია – ოჯახის სიყვარული და სითბო…  ამის ამოვსება, სავარაუდოდ,  არც არაფრით არ ხდება, მაგრამ მაინც ვცდილობთ მათი ეს დანაკლისი სხვა აქტივობებით შევავსოთ. ჩვენ ახლოს ვართ  ბუნებასთან და ადამიანებთან. ეს სიახლოვე კი  მრავალფეროვანი ცოდნის მიღების საშუალებაა ყველასთვის.  ამ წლების განმავლობაში, რომლებიც ამ ბავშვებთან ერთად გავატარე, ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე ძალიან ბევრი  აღმოჩენა გამიკეთებია ჩემს თავში. ჩვენი ცენტრის ბავშვები ხშირად დადიან ექსკურსიებზე, ლაშქრობებში, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბანაკებში. ყველა ეს აქტივობა, მათ ეხმარებათ, მიიღონ ახალი გამოცდილება, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაიმყარონ საკუთარი თავის რწმენა. ასეთი  გამოცდილება ბევრი ფაქტისა და მოვლენის სწორ აღქმასა და გააზრებაში ეხმარებათ მათ, საკუთარი შესაძლებლობების სწორ შეცნობაში… წიგნიერ ცოდნასთან ერთად, გარემოდან მიღებული ცოდნაც უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის.  ასეთ ვითარებაში ხდება მათი სხვა დაფარული ნიჭების  გამოვლენა.

 

როგორია ბედიანის ბავშვთა ცენტრის ბავშვების ყოველდღიურობა? ვფიქრობ, საინტერესო უნდა იყოს მათი მომზადება მომავალი ცხოვრებისთვის

 

ბედიანის ბავშვთა ცენტრში ცხოვრება არ ნიშნავს, რომ ბავშვები ციხეში მოხვდნენ  და აქედან ვეღარ გააღწევენ. პირიქით, თითოეული ბავშვის აქ ყოფნას განაპირობებს მათი სურვილი, უნდოდეს აქ ცხოვრება.

აქ ცხოვრება ასევე ნიშნავს იმასაც, რომ ისინი დღის განმავლობაში იყვნენ ჩართული სხვადასხვა საქმიანობაში. აქ ყველა რაღაცას აკეთებს. გვაქვს ეზოსა და ბოსტნის სამუშაოები, სახლის სამუშაოები,  გვყავს ფუტკარი. ასეთი პატარ-პატარა საქმიანობები ეხმარება მათ ყოველდღიური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და შეძენაში, რასაც აუცილებლად გამოიყენებენ  მომავალ ცხოვრებაში, როცა აქედან წავლენ. ის, რომ მათ შეძლონ სისუფთავის დაცვა, საკუთარი თავისთვის საჭმლის მომზადება, დათესვა-მოყვანა, ცხოველებზე ზრუნვა, არა თუ ლახავს მათ უფლებებს, პირიქით ამზადებს მათ მომავალი ცხოვრებისთვის.  ეს არ არის იძულებითი პროცესი, მაგრამ გვაქვს  საერთო საქმეებიც , სადაც მათ თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ და ამაში ყველა ერთად ვართ ჩართული. მაგრამ, ეს არ ხდება სწავლის ხარჯზე, ეს სხვა პროცესია, რომლის შედეგს აუცილებლად დაინახავენ მომავალში…  აქაური ლანდშაფტი კი ხელს გვიწყობს, რომ ბავშვებმა სათამაშოდ სტადიონზე, სათევზაოდ მდინარეზე იარონ; იცურაონ, ველოსიპედებით ისეირნონ, კარვებით წავიდნენ ლაშქრობებზე. ყველაფერი ეს ძალიან ეხმარებათ მათ, თავისი კუთხე ჰქონდეთ ბედიანის სივრცეში. ის რომ თავისუფლები არიან და მარწუხებით არ არიან შებორკილნი, ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება ადამიანისთვის და მე ვცდილობ, რომ თითოეულ ბავშვს ჰქონდეს სწორედ ის თავისუფლება, რომელიც მას მომავალი ცხოვრებისთვის მოამზადებს.

 

ალბათ, თქვენთვისაც  ძალიან საინტერესოა აღმზრდელობით პროცესში მონაწილეობა და  ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებდით მათზე დაკვირვებითოცწლიანი გამოცდილების საფუძველზე, მაინც რას თვლით   აღმზრდელების ყველაზე დიდი მოვალეობად?

 

პროცესი ძალიან რთულია, მაგრამ თითოეული პატარა შედეგი  ძალიან დიდ ბედნიერებას და, რაც მთავარია,  ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს.  მუდმივად ვრწმუნდები, რომ – ღირდა ეს წლები, ნათენები ღამეები, ნერვიულობა, რომ ამ შედეგისთვის მიგვეღწია. ჩვენთან, ბედიანში, ბავშვთა ცენტრის დაარსების დღიდან, რაც მგონია რომ ყველაზე კარგი იყო, ხდება ინდივიდუალური ზრუნვა თითოეულ ბავშვზე. ბავშვები და მათი აღმზრდელები სხვადასხვა კოტეჯში ცხოვრობდნენ. ეს იყო მცირე ზომის ოჯახური დაწესებულება, რაც, მგონი, პირველი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის სააღმზრდელო პრაქტიკაში. ხუთასბავშვიან დაწესებულებაში ინდივიდუალური ზრუნვა ვერ განხორციელდება. ძეგვისგან განსხვავებით, ბედიანში ხდებოდა თითოეული ბავშვის მდგომარეობაზე დაკვირვება და მათი ელემენტარული სურვილების გათვალისწინება სააღმზრდელო პრაქტიკაში. ჩვენ ვცდილობდით, ოჯახის მსგავსად, ნებისმიერი წევრის სურვილები გაგვეთვალისწინებინა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ინდივიდუალური თავისუფლება, აკეთონ ის, რაც სიამოვნებთ, უყურონ ტელევიზორს ან უსმინონ იმას, რაც სიამოვნებთ. იციან, რომ უნდა იმეცადინონ, მეორე დღისთვის გაკვეთილები მოამზადონ და  დროის დაგეგმვა თავად ისწავლონ. მთელი ცხოვრება არის ძიება, ძიება სიახლეების, ძიება აღმოჩენების და პირველ რიგში საკუთარი თავის  და ჩვენ – უფროსებმა უნდა დავეხმაროთ მათ თავიანთი თავის პოვნაში. დავეხმაროთ იმ სამყაროს კარის შეღებაში, სადაც ისინი უფრო ბედნიერად მოახერხებენ ცხოვრებას და საკუთარი შესაძლებლობების განხორციელებას.  თუმცა, საბოლოოდ მაინც  თვითონვე წყვეტენ საკუთარი ცხოვრების ბედს… ერთ თარგზე მოჭრილი და მორგებული ცხოვრება ძალიან უღიმღამოა.  ჩვენი აღზრდილები შეცდომებით თუ შეცდომების გარეშე ახერხებენ, საინტერესოდ იცხოვრონ.

 

მადლობა.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი