უფლებებისთვის დავა სკოლაში

2018-2019 სასწავლო წელი!

სწავლის დაწყებიდან მესამე დღე!

ისევ ბიჭი..

ისევ გრძელი თმა..

ისევ არადექვატური შეფასება პედაგოგისგან ..

ისევ მასწავლებლის და სკოლის წინააღმდეგ იმპულსურად აბობოქრებული საზოგადოება!

 

სინამდვილეში, ეს იმ დიაგნოზის სიმპტომია, რაც დიდი ხნის წინ დაგვიდგინდა. აი, მაშინ, საზოგადოებამ გოგოს და ბიჭის ფერები და ქცევები რომ გამიჯნა. ლურჯი ბიჭებს მიაკუთვნა, ვარდისფერი – გოგოს! ფულის შოვნა ბიჭებს მიაკუთვნა, შვილების აღზრდა გოგოს! ბრძოლა ბიჭებს მიაკუთვნა, ცეკვა -სიმღერა – გოგოს! მოკლე თმა ბიჭებს მიაკუთვნა, გრძელი თმა – გოგოს…

მართალია, ამ საუკუნეში თმის სიგრძე სქესის განმსაზღვრელი აღარ არის, მაგრამ  1900-ანებში დაბადებული ადამიანები დღემდე ეჭვით უყურებენ „კიკინიან“ ბიჭებს და ტატუებიან გოგონებს. მით უფრო, ისეთ კონსერვატიულ სისტემებში გამობრძმედილები, როგორიც საბჭოთა სკოლა იყო – ყავისფერი კაბებით, თეთრი წინსაფრებით და დიდი ბაფთებით რომ ფასდებოდა მოსწავლის დისციპლინა.

ერთი, რაც თანამედროვე ქართულ სკოლას დიდ წინაპართან აკავშირებს შინაარსის უგულვებელყოფა და ფორმებზე აქცენტირებაა. სკოლის ფორმებზე კი არა, ზოგადად ფორმებზე. ვიზუალზე, ზედაპირზე აქცენტის გაკეთება. არადა იმ კიკინიანი ბიჭების და ტატუებიანი გოგონების უკან ყველაზე ლაღი, გამბედავი ინდივიდები იმალებიან. სწორედ ისეთები, სამყაროს რომ ცვლიან. მაგრამ „ის ვინც ჩვენნაირი არ არის, ჩვენი მტერია“ პრინციპით მოქმედ დაწესებულებაში სამყაროს შეცვლის პროცესი მტკივნეულად და ხმაურით მიმდინარეობს.

ხან მოსწავლეს სტკივა, ხან მშობელს, ხან მასწავლებელს.

სტკივათ იძულება, უგულვებელყოფა, შეურაცხყოფა, დამცირება, მუქარა და სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას იწვევს.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში სკოლის მოსწავლეების 1 500-ზე მეტ მშობელს შევხვდი. შეხვედრის თემა ზოგასაგანმანათლებლო პროცესში მშობელთა ჩართულობა იყო. ყოველ საჯარო შეხვედრაზე, თითქმის ყველა რეგიონში, როგორც მშობლის ან ბავშვის უფლებების შესახებ იწყებოდა საუბარი, ჩნდებოდა ერთი ადამიანი, რომელიც სიტყვით გამოდიოდა და ამბობდა, რომ განათლების სისტემის კრახი მაშინ დაიწყო, როცა მასწავლებლებს ყველანაირი უფლება ჩამოართვეს და ბავშვებს – გაუზარდეს.

აზრის ავტორი, როგორც წესი, პროფესიით მასწავლებელი მშობელი იყო. ამ მოსაზრებას ყველგან გამოუჩნდა მიმდევრები.  უმეტესად ისინიც მასწავლებლები ან პედაგოგის ოჯახის წევრები და მეგობრები. დასმულ კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უფლება ჩამოართვეს მასწავლებლებს, რის დანაკლისს განიცდიდნენ , პასუხი ყველგან ზოგადი და ძირითადად, ერთი და იგივე იყო – „მოსწავლისთვის შენიშვნა ვერ მიგიცია. ყველას შენზე მეტი უფლება აქვს! ბავშვიდან დაწყებული, მშობელზე დამთავრებული!“. საბედნიეროდ, ასე არ ფიქრობს ყველა მასწავლებელი. კიდევ უფრო ცოტაა ისეთების რაოდენობა, რომლებიც ამ ფიქრის ხმამაღლა გაჟრერებას არ ერიდებიან. თუმცა მათ გასაგონად, დარბაზიდან ისმოდა ჩურჩულით ნათქვამი: „სახაზავი ჩამოართვეს მასწავლებელს“, „ცემის უფლების დაბრუნებას ითხოვენ“, „ბავშვისთვის დაყვირება ენატრებათ“ და ა.შ.

ფარავს თუ არა ბავშვის უფლებები მასწავლებლის უფლებებს?

რისი დანაკლისი აქვთ სინამდვილეში პედაგოგების ამ ნაწილს? რა ენატრებათ? რას ვერ ელევიან?

იქნებ, დაიღალნენ სიახლეებით?! ჯერ იყო და თავიანთი მოსწავლეების მომზადება და მათი ოჯახებიდან მატერიალური სარგებლის ნახვა აუკრძალეს. მერე უთხრეს, საჩუქარიც არ აიღოთ მოსწავლეების მშობლებისგანო. მერე ეთიკის კოდექსი შეუდგინეს, რომლითაც მასწავლებლის პროფესიული კომპეტენტურობის ხარისხი ფასდება და  რომლის დაცვა მასწავლებელს მოსწავლეების, მშობლების, კოლეგების მიმართ მოეთხოვება.

გულახდილები, რომ ვიყოთ, ბევრი მათგანი აკრძალვების მიუხედავად მოსწავლეებსაც ამზადებს და არც საჩუქრებზე ამბობს უარს. შენიშვნებსაც გასცემს, ირონიასაც მიმართავს და ყვირის კიდეც. ყველაზე თავზეხელაღებულები ფიზიკურადაც ძალადობენ ბავშვებზე. მაგრამ არ ასვენებთ შიში, რომ ეს დანაშაულია.  საზოგადოებაში ისედაც დამკვიდრებული და ნორმად აღიარებული ძალადობის დაკანონებას ითხოვენ, ქვეცნობიერად.

აზრი, რომ მასწავლებლებს უფლებები ჩამოართვეს მითია. სინამდვილეში, მასწავლებელი იგივე უფლებებით სარგებლობს, რითიც უწინ. ამჯერად ფურცელზე გაწერილი წესები აქვთ, რაც მათ ქმედებას ჩარჩოებში აქცევს. მართალია ჩარჩოს, იმდენად მყიფე გვერდები აქვს, მის გარღვევას არაფერი უნდა, მაგრამ, მაინც აწუხებთ წესები!

დღეს მასწავლებელს ყველა უფლება აქვს, რომ მოსწავლეს ცოდნა გადასცეს, მოუსმინოს, აზრის გადმოცემა ასწავლოს და სწორი ღირებულებები ჩაუნერგოს. თუ ვინმე ამ უფლებების განხორციელებაში ხელს შეუშლის, პედაგოგმა დამსაქმებელ ორგანიზაციას ან მასწავლებელთა პროფესიულ კავშირს უნდა მიმართოს.

სახაზავს აღარავინ დააბრუნებს სკოლაში!

ბავშვებს თავიანთი ღირსება თან დააქვთ!

გრძელი თმითაც ივლიან, მოდური ტანსაცმლითაც!

ასწავლეთ ისეთებს, როგორებიც მოდიან!

2018-2019 სასწავლო წელია!

 

 

კომენტარები

comments