პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ სწავლობს ბავშვი მეგობრობას

წლების წინ ხელში ჩამივარდა ერთი ქალის დაწერილი წიგნი გოგონებზე (https://bit.ly/2DHToyN), სადაც ბევრ სხვა საინტერესო რამესთან ერთად აღწერილი იყო მისი როგორც დედის გამოცდილება: როგორ გადააგორა თავისი შვილების გარდატეხის წლები მშვიდად, მხოლოდ იმის წყალობით, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და როცა მისმა შვილებმა მეგობრები გაიჩინეს, თავისი სახლი შესთავაზა თავშეყრისა და გართობის ადგილად. მერე წლების განმავლობაში აკვირდებოდა მათ ურთიერთობებს, სევდებსა და სიხარულებს, მუდმივად პულსზე ედო ხელი. გემრიელ საჭმელებს უმზადებდა, მათ გართობაში დიდად არ ერეოდა და ბავშვებს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს სთავაზობდა იმ საეჭვო ადგილების სანაცვლოდ, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლის შემდეგ მოზარდები.

 

ამ წიგნის კითხვისას ვფიქრობდი: რა მშვენიერი რამ მოუფიქრებია ამ ქალს, მეც ასე მოვიქცევი, ჩვენს სახლს და დროს დაუნანებლად მოვახმარ ბავშვებს, ადამიანებზე დაკვირვება მაინც მიყვარს, ხელის გაწვდენაზე მეყოლებიან შვილები და მათი მეგობრები და ეს ყველაფერი მშვენიერი იქნება-მეთქი.

 

თავად კომუნიკაბელური ბავშვი არ ვყოფილვარ, სხვებთან ურთიერთობაში ძალისხმევის ხარჯვას ჩემთვის ყოფნა მერჩივნა და არაერთი წელი დამჭირდა, რომ ნაჭუჭიდან გამოსვლა მეიძულებინა საკუთარი თავისთვის. ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იმაზეც დავიწყე ფიქრი, როგორ ყოფილიყვნენ უფრო გახსნილები და მეტი მეგობარი ჰყოლოდათ. იმ მიზეზებზეც ვფიქრობდი, რომლებიც მე და სხვა ჩემნაირ ბავშვებს გვიშლიდა ხელს ადამიანებთან ურთიერთობისას.

 

ჩვენ ცოტა გვქონდა უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვების თავშეყრა შესაძლებელი იქნებოდა, ცოტა გვქონდა გასართობი თუ საგანმანათლებლო ადგილი და ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია უმეტესად სკოლა-სახლით შემოიფარგლებოდა. ჩვენ გარშემო იყო უამრავი სტერეოტიპი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისა და არანორმატიული ქცევის მქონე ადამიანების შესახებ და ცოტა – ემპათია განსხვავებული საჭიროების მქონეთა მიმართ. ეს ყველაფერი უნებურად გავლენას ახდენდა ჩვენს ქცევაზე. იმ დროს მოზარდი, რომელიც კარგად სწავლობდა, მოსაწყენ ადამიანად მიიჩნეოდა, ის კი, ვისაც კარგად სწავლა არ გამოსდიოდა, „ოროსნის“ სტატუსით ცხოვრობდა და საერთოდ, ყველას რაღაც სტატუსი ჰქონდა – წესისამებრ, უარყოფითი შინაარსის გამომხატველი. შინ თუ გარეთ უამრავ კედელს ვეჯახებოდით და არც არის გასაკვირი,  რომ მე და ბევრი ჩემნაირი მარტო ყოფნას ვირჩევდით.

 

ისე მოხდა, რომ ჩემს შვილებს კომუნიკაციის კარგი უნარები აღმოაჩნდათ, ადვილად უმეგობრდებიან თანატოლებს, უყვართ, როცა სტუმრად დავდივართ ან ჩვენთან მოდიან მათი და ჩვენი მეგობრები, საჯარო სივრცეში ადვილად ახერხებენ უცხო ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთს იცავენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც სამართლიან ქცევას სთხოვენ და ვფიქრობდი, რომ, წესით, მშვიდად უნდა ვყოფილიყავი – თუ არ დავიზარებდი მათი მეგობრების გამასპინძლებას, წვეულებებზე წაყვანას, გასეირნებას და სხვადასხვა აქტივობაში ჩაბმას, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ საქმე არც ისე მარტივად აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ რაც მინდოდა, არ გამომივიდა; არა – მივხვდი, რომ ურბანულ გარემოში მცხოვრები თანამედროვე ბავშვების ცხოვრება თავისთავად გულისხმობს მკაცრ ჩარჩოებს, რომლებიც ბავშვების შესაძლებლობებს ზღუდავს და მათ სურვილებს კონკრეტულ ყალიბში სვამს, რომელსაც დიდებიც და პატარებიც ვემორჩილებით. ეს ჩარჩოები კი მათ განვითარებაზე, დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალობაზე არცთუ ისე კარგ გავლენას ახდენს და როგორც არ უნდა მოინდომო შენ, მშობელმა, ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მისია შეუსრულებელი ჩანს.

 

დიდად არც ის პრობლემები მოგვარებულა, რომლებიც ჩვენ გვიშლიდა ხელს, ვყოფილიყავით ლაღები. შესაძლოა, საჯარო სივრცე დღეს უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ისევ (ან კიდევ უფრო) ცოტაა და არც იმდროინდელი განწყობები წასულა სადმე. ახლა, უბრალოდ, ვიცით, რა დავარქვათ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიუღებლობას ან სკოლაში „ოროსნის“ ძახილს, ამ ვნებებისგან კი მაინც ვერ გავთავისუფლდით და შიში იმისა, რომ ბავშვი მეგობრების არჩევისას გარემოს ან სტეროტიპების გავლენით იმოქმედებს, სამწუხაროდ, არც დღეს არის უსაფუძვლო. საკუთარი თავის, ადამიანებისა და გარე სამყაროს ნდობა ისევ გვიჭირს, ნდობის გარეშე კი როგორ შეიძლება ისწავლოს ბავშვმა მეგობრობა?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი