შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ზედაშეს ტრადიცია და წესები

რას ეძახდნენ ძველ საქართველოში საეკლესიო ღვინოს და როდიდან მოდის ეკლესიისთვის ღვინის შეწირვის ტრადიცია

უაღრესად საინტერესოა სალოცავისთვის ყურძნისა და ღვინის შეწირვის წესები, რომლებიც თითქმის მთელ საქართველოში სრულდებოდა. ერთი ასეთი წესი იყო რთველის დროს საუკეთესო ყურძენმოსხმული ლერწის აჭრა და სალოცავისთვის მირთმევა. ამ რიტუალში პირველი ნაყოფის შეწირვის უძველესი ტრადიციაა არეკლილი. თუ მოსავალი არ მოვიდოდა, ვაზს ლერწებს ააჭრიდნენ, ერთ კონად შეკრავდნენ, ჭურში ჩაკიდებდნენ და დათქმულ დღესასწაულზე სალოცავის კარზე მიიტანდნენ ღვინის მაგიერ.

რაც შეეხება ღვინის ზედაშის შეწირვის ფაქტს – ესაა წარმართული ეპოქის უძველესი წესი, რომელშიც აშკარადაა გამოხატული ღვინის კულტი. ზედაშე ანუ საეკლესიო ღვინო ეკლესიასა და ხატს ეწირებოდა ავადმყოფობისგან თავის დახსნის, მფარველობის, გამრავლებისა და ბარაქიანობის მონიჭების მიზნით. სწამდათ, რომ ამგვარად შეთქმული წმინდა ღვინო ხატის კეთილგანწყობას გამოიწვევდა. საზედაშე ღვინო სხვადასხვა დღესასწაულისა და სხვადასხვა წმინდანის სახელზე იყო შენახული. ასეთ ქვევრებს სახელებიც კი ერქვა: საღმრთო, საანგელოზო, საგიორგიწმინდაო, სამარიამობო, სახატო, საპურშაო, საკალანდო, საახალწლო… ზედაშე მარნის ჭურებში ისხმებოდა, მაგრამ ზოგჯერ მისთვის აშენებდნენ ცალკე ნაგებობას, რომელიც წმინდა ადგილად იყო შერაცხული. სამეგრელოში ასეთ ნაგებობას „ოხამერი“ ერქვა.

საზედაშე ღვინო, როგორც აღინიშნა, საუკეთესო ხარისხისა უნდა ყოფილიყო, ძირითადად აყენებდნენ თეთრი ფერისას, უკვე დაწმენდილს ჩაასხამდნენ წმინდანის სახელობის ჭურში და სანამ დათქმული დღესასწაული არ მოვიდოდა, თავს არ მოხდიდნენ. საგულისხმოა, რომ ასეთი ღვინის ამოსაღებად არსებობდა საგანგებო, საზედაშე ორშიმო, რომელსაც სხვა ღვინისთვის არ იყენებდნენ.

ელდარ ნადირაძის კვლევით, ზედაშეს კულტი საქართველოს მთიანეთის იმ ნაწილშიც იყო შესული, სადაც ვაზი არ ხარობდა. ეს კარგად ჩანს კავკასიონის უძველესი ტომის, ხევსურების, მაგალითზე: ისინი ბარში ჩამოდიოდნენ და თავიანთი სალოცავების სახელზე (იახსარი, კოპალა, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი) იბევებდნენ ვენახების წლის მოსავალს. ვენახის პატრონი ვალდებული იყო, დათქმული დროისათვის გაემზადებინა საზედაშე ღვინო. მარანი და ქვევრი მათთვის წინასწარ იყო ცნობილი. დღესასწაულის დადგომისას ხევსურები თავიანთი დროშებით, სამსხვერპლო ცხოველებით ჩადიოდნენ ბარში, საზედაშე მარანს გარს შემოუვლიდნენ, სამსხვერპლო ცხოველის სისხლით განათლავდნენ, ერთმანეთს დღესასწაულს მიულოცავდნენ, ახსენებდნენ მიცვალებულებს და ხატს სიმრთელესა და გამარჯვებას შესთხოვდნენ.

საზედაშე ღვინოს აყენებდა როგორც კერძო პირი, ასევე მთელი უბანი ან მთელი სოფელი ერთად. ასეთი მარნები გამართული იყო სალოცავის გალავანში; მათში ისხმებოდა ხატის ზვრისგან მოწეული მოსავალი, რომელსაც გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი ერთობლივად ამუშავებდა. ის, რაც საზედაშედ იყო განკუთვნილი, საგანგებო ჭურში ისხმებოდა, ხოლო ზედმეტ პროდუქტს ერთმანეთში იყოფდნენ ან რაიმე საზოგადო საქმისთვის იყენებდნენ.

საზედაშე ღვინო შედიოდა ეკლესია-მონასტრებშიც იმ სააღაპე ვალდებულების აღსასრულებლად, რომლის წესი და რიგი ქრისტიანული ლიტურგიის განუყოფელი ნაწილია. საზედაშე ქვევრი სამეგრელოში საკრალურ ობიექტად იყო ქცეული და „სამგარიო“ ერქვა. ასეთი ქვევრის სახელზე იცოდნენ ძროხის, ხბოს, მამლის „დაყენება“, ე.ი. შესაწირავად არჩევა. შესაწირავს განსაკუთრებულად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ. დღესასწაულზე მსხვერპლს დაკლავდნენ. ოჯახის უფროსი ქალი სანოვაგით გააწყობდა ხონჩას და მიულოცავდნენ სამგარიო ანუ საზედაშე ქვევრს.

უფროსი მამაკაცი მოხდიდა ჭურს. ყველა დაიჩოქებდა, შემდეგ აანთებდნენ სანთლებს, ხონჩას წაღმა დაატრიალებდნენ და დაილოცებოდნენ. როგორც წესი, სარიტუალო არც ღვინო და არც სანოვაგე არავიზე გაიცემოდა, რადგან ეს მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობას ეხებოდა და უცხოს რაიმე ფორმით ამ რიტუალში ჩაზიარება ოჯახის დამიზეზებას გამოიწვევდა. თაყვანისცემის ობიექტად იქცეოდა არათუ ღვინო, არამედ ის სამეურნეო იარაღებიც კი, რომლებსაც საზედაშე ღვინისთვის იყენებდნენ.

საგულისხმოა, რომ რიტუალის აღსრულებისას ქალს მარანში შესვლა არ შეეძლო. ასევე არ ჰქონდა შენაწირავის ჭამის უფლება. სხვათა შორის, ქართულ საწესჩვეულებო რიტუალებში იშვიათია ქალის როლის ასეთი დაკნინება, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მუდამ მამაკაცის პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი