შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მარცვლოვან-რიტმული „ფანდი“ მუსიკაში

ჯაზისთვის მუდამ უმნიშვნელოვანესი იყო ვოკალური საშემსრულებლო მხარე. ახლაც დიდ ინტერესს იწვევენ ბლუზის, როგორც პირველი, ასევე მომდევნო ათწლეულების შემსრულებლები. გამორჩეული ნიჭის ვოკალისტი-იმპროვიზატორები მუსიკალური ტექსტის პარალელურად მელოდიურ-რიტმულ ხაზს განსაკუთრებული ხერხის – სკეტის საშუალებით გადმოსცემენ.

ახლა კი თვალი გადავავლოთ გასაოცრად უცნაური სკეტის დაბადებასა და განვითარებას. სკეტი ჯაზის ვოკალისტის, ეგრეთ წოდებული, „მარცვლოვანი“ მელოდიურ-რიტმული იმპროვიზაციაა. ჯაზის ხელოვნებაში ამგვარი სახეობის ვოკალის შექმნა და განვითარება ლუი არმსტრონგის სახელთანაა დაკავშირებული. სინამდვილეში, სკეტის გამობრწყინების პირველი ნიშნები XX საუკუნის პირველი ათწლეულის ბოლოს ბლუზის შემსრულებლების ჩანაწერებში შეიმჩნევა. ეს ცალკეული მარცვლოვანი წამოძახილები, ასევე ფალცეტური მარცვლოვანი პასუხ-წამოძახილები, დუეტი ტუჩის ჰარმონიკით და სხვა, სოლისტების გამხნევებისკენ იყო მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ბლუზის შემსრულებლებს ვოკალში მარცვლების გამოყენების გამოცდილება ჰქონდათ, ამან ფართო გავრცელება მაინც ვერ ჰპოვა. ძირითადი სათქმელის წარმოსაჩენად მომღერლები თავიანთ საშემსრულებლო ემოციებს იმდენად ფართოდ ხარჯავდნენ, რომ მარცვლოვანი იმპროვიზაციისთვის დამატებითი ენერგიის ამოფრქვევა ზედმეტად მიაჩნდათ.

ვოკალური იმპროვიზაციის მომწიფების პირველ ეტაპზე ბლუზის შავკანიან შემსრულებლებს გვერდს უმშვენებდნენ შესანიშნავი ინსტრუმენტალისტ-მოკარნახეები ახალ ორლეანული ტიპური შემადგენლობით: საყვირი, კლარნეტი, ტრომბონი და რიტმ-სექცია. სასულე საკრავების შემსრულებლები თავიანთ აკომპანიმენტში თემის მელოდიურ ხაზს იმპროვიზაციული პასუხებით აგრძელებდნენ, ხოლო უფრო მეტი და მეტი ვარირებით მელოდიას საკუთარი თავნება ინტერპრეტაციებით ცვლიდნენ.

 

თეთრკანიანი მომღერლების უმეტესობა ესტრადის სცენაზე შოუებსა და ვარიეტეს ნომრებში თამამად იწყებდა მარტივი მარცვლოვანი სიმღერების გამოყენებას, სვინგისა და ყოველგვარი რიტმული სირთულეების გარეშე.

 

კინო-ეკრანებზე 1927 წელს გამოსული პირველი მუსიკალური ფილმის („ჯაზის მომღერალი“) გმირი თეთრი მსახიობი ელ ჯოლსონი თავის ვოკალურ ნომრებში სიტუაციის დრამატიზებისთვის ერთგვარ წამოძახილებსა და დაზეპირებული მარცვლების თანმიმდევრობას იყენებს. „მარცვლოვანი“, ანუ სკეტური სიმღერა წარმატებული „დანამატი“ გახდა ესტრადისთვის, მიუზიკლებისთვის, შოუებისთვის, კინო-სცენისთვის.

 

მნიშვნელოვანი ძვრა მაშინ მოხდა, როდესაც საყოველთაოდ მიღებული სიმღერის „სწორ“, „მიღებულ“ საშემსრულებლო მანერაში რიტმული „მარცვლოვანი ჩანართი“ შეიჭრა. ეს „ფანდი“ ინსტრუმენტალისტებთან იყო შემჩნეული; შემდეგ კი ის აითვისეს ვოკალისტებმაც, რომლებიც შინაგანად შეიგრძნობდა ანსამბლის, ორკესტრის ჟღერადობასა და საკრავების სუნთქვას; და იმპროვიზაციის უნარს, სვინგის გრძნობას, მანერებსა თუ სტილს ბუნებით ფლობდა. ამგვარი საოცარი უნარის დემონსტრირება 1935 წელს ჩიკა უებას ბიგ-ბენდში პირველმა ახალგაზრდა ელა ფიცჯერალდმა მოახდინა. მოგვიანებით გამოჩნდა თეთრკანიანი ვოკალისტი ანიტა ო’დეი. 1940-იან წლებში სკეტი საგრძნობლად გაართულა კებ კელოუეიმ და ბი-ბოპის გავლენით მას ახალი მნიშვნელობა შესძინა.

 

ელა ფიცჯერალდის პირველი იმპროვიზაციები 30-იანი წლებით თარიღდება. ის გარემოცული იყო ძალზე ნიჭიერი ინსტრუმენტალისტებით, რამაც მომავალი იმპროვიზატორის კარგ ალღოზე უდავოდ დიდი გავლენა მოახდინა. ჯაზის ამომავალი „ვარსკვლავი“ სწორედ ბრწყინვალე ორკესტრის შიგნით დაიბადა.

 

40-იან წლებში ელა ფიცჯერალდი სკეტის ხელოვნებას უკვე სრულყოფილად ფლობს, 50-60-იან წლებში კი წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. იგი ჯაზური საკრავების იმიტირების დიდი შესაძლებლობებით იყო ცნობილი.

ელა ფიცჯერალდის მთლიანი სკეტის ნიმუშებად შეიძლება ჩაითვალოს სიმღერა „ატლასის თოჯინა“ და კუპლეტები სიმღერიდან „მეკი-დანა“, სადაც ის დამატებით არმსტრონგის მანერასა და ხმას აკოპირებს. ამ სკეტურ ნიმუშებს ზედმიწევნით სწავლობს და თავის თავზე ირგებს მსოფლიო ჯაზის ვოკალისტების თაობები. ელა ფიცჯერალდის სკეტური ვოკალი ენათესავება ჩ. პარკერის, ჯ. კოლტრეინის (საქსოფონისტები), ო. პიტერსონის, ბ. ტეილორის (პიანისტები) იმპროვიზაციებს. ეს არის ჯაზის დიდებული სკოლა, უმაღლესი რანგის ტრენინგი ვოკალისტებისთვის.

 

ჯაზურმა ვოკალურმა სტილმა ევოლუცია განიცადა უმარტივესი მარცვლოვანი სიმღერიდან იმპროვიზებულ რთულ ჯაზურ სკეტამდე. ფოლკლორულ-პრიმიტიული სკეტი გვხვდება სხვადასხვა ქვეყნის ხალხურ საგალობლებში (ინგლისურ ხალხურ ბალადებში, ტიროლის სიმღერებში, აფრიკული ტომების საგალობლებში). მელოდია აგებულია ერთ ან რამდენიმე მარცვალზე, ხან რამდენიმე ხმოვან ასოზე („ლა-ლა-ლა“, „ო-ოო-ო“, „ნა-ნა-ნა“, „ე-ე-ეი“).

 

ბი-ბოპის გამოჩენამ შეცვალა სკეტის ფრაზირება, გართულდა მისი რიტმული კონსტრუქცია, წარმოიშვა მარცვალთა ახლებური შეხამება: „შუ-ბი-დუ-ბი“, „დე-ბუ-დუ-ბა“, „ბა-უ-ბაპ“, „სტუ-კი-ტუკი“ – დან „ბოპ-ბიბოპ“, „რი-ბოპ“და ა.შ. მაგალითად, 60-იანი წლების დასაწყისში სენსაციად იქცა ცნობილი ვოკალური ტრიოს „ლამბერტ, ჰენდრიქს და როსის“ გამოჩენა. ბი-ბოპის ერთგული მიმდევრები პირველები აღმოჩნდნენ ჯაზური ვოკალის მანამდე გაუხსნელი სფეროების წარმომჩენებს შორის.

ამ ტრიოს ფენომენალურ მიღწევად მიიჩნევა ანსამბლის შავკანიანი მონაწილის ჯონ ჰენდრიკსის შესრულება. ის ლიტერატურულ-პოეტური ნიჭის წყალობით ვოკალური იმპროვიზაციის მოქნილ მელოდიურ ხაზზე ადებდა ლიტერატურულ ტექსტს, უფრო ხშირად რითმულს. ლიტერატურულ-ვოკალური ფრაგმენტების მაღალ დონეზე შესრულებით სამივე ვოკალისტი აბსოლუტურად სპონტანურად, ბრწყინვალედ გადმოსცემდა მარცვლოვან იმპროვიზაციას. ტრიოს მიერ იმპროვიზაციული ვოკალის ხელოვნებაში შეტანილი წვლილი ფასდაუდებელია.

 

 

უნდა ითქვას, ვირტუოზული სკეტის, უმაღლესი საშემსრულებლო დონის მიღწევა არცთუ ბევრმა ვოკალისტ-იმპროვიზატორმა შეძლო. მაგალითად, თანამედროვე არტისტის ბობ მაკ ფერინის შემოქმედებაში არსებული ვოკალური ტექნიკის ყველა შესაძლებლობაა თავმოყრილი, და ჯაზის ამ სახეობის ხელოვნების განვითარებაში კიდევ არაერთი ხერხი მიიჩნევა მის პირად დამსახურებად.

აქვე შეიძლება აღვნიშნოთ სკეტის ახალი ხერხების ექსპერიმენტატორი და გამომგონებელი თეთრკანიანი ვოკალისტი ჯ. დ. უოლტერი, რომელიც აგრეთვე დამატებით მუშაობს ელექტრონული, კომპიუტერული პროგრამებით და მნიშვნელოვანწილად აფართოებს შემსრულებლის ვოკალურ შესაძლებლობებს.

 

 

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად (ლეგენდები ჯაზის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ნახევარი სიმართლითა და ნახევრად გამოგონილი ამბით ბევრზე ბევრი იყო. უნდა ითქვას, ისინი ჯაზის ისტორიას უთუოდ ალამაზებდნენ) 1924 წელს სიმღერაზე Hebbie Jebbies მუშაობის დროს ახალგაზრდა ლუი არმსტრონგს სანოტო ჩანაწერი პიუპიტრიდან ჩაუცურდა. იმ დროს სტუდიური დრო ძალზე ძვირად ფასობდა, რის გამოც ჩაწერის შეწყვეტა და ახალი დუბლის შექმნა პრაქტიკაში მიღებული არ იყო. ამიტომ ლუიმ ტექსტის სანაცვლოდ სპონტანურად მუსიკალური ფრაგმენტის ისეთი მარცვლებით იმიტირება დაიწყო, თითქოს საყვირი დამარცვლით აამღერა.

ფაქტობრივად მან ნოვატორული ნომერი შექმნა, სიმღერისას ისეთ სახმო იმპროვიზაციებს გამოსცემდა, როგორიც ცოტა ვინმეს თუ მოუსმენია ახალი ორლეანის საზღვრებს გარეთ.

რა თქმა უნდა, იმ მომენტში ლუისთვის აღფრთოვანებით არავის დაუყვირია – „ო, შენ ახლა სკეტი იმღერეო“. მოგვიანებით, როდესაც მარცვლოვანი იმპროვიზაცია ვოკალისტებისთვის სტანდარტულ ხერხად იქცა, სიმღერის ამ მანერას სკეტი ეწოდა.

 

არმსტრონგი იხსენებდა: „ჩვენ „Hebbie Jebbies“ ვწერდით, როცა ნოტები ხელიდან გამიცურდა. მე კაბინისკენ ვიხედები, ხმის ჩამწერი სტუდიის პრეზიდენტი კი ხელს მიქნევს – „ჩუმად ნუ ხარო!“ და ამ დროს გამახსენდა, ჩვენ ხომ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ამ მანერაში ვმღეროდით. უბრალოდ უსიტყვოდ ვმღეროდით და საკრავის ბგერების ჟღერადობას ვამსგავსებდით, მხოლოდ ასეთ სიმღერას სკეტს არ ვუწოდებდით“.

ჩანაწერი გამოშვებულია 1926 წელს, რომელიც უმალ გახდა შავი კვარტლების ჰიტი და რაც მთავარია, კომპოზიციამ სკეტი უპოპულარულესი გახადა.   

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი