განათლება თურქეთში

თურქეთში ამბობენ ხოლმე: „ჩვენს განათლების სისტემას ორი პრობლემა აქვს: პირველი – სისტემა, მეორე – განათლება“. თუმცა, თუკი ბოლო საუკუნის პრიზმიდან შვაფასებთ ქვეყნის განათლების განვითარების მასშტაბს, აქ მომხდარი ცვლილებები ნამდვილად გაგვაოცებს. დღეს თურქეთში ძალიან ბევრი სკოლა, კოლეჯი და ლიცეუმია, ასევე – ორასამდე უნივერსიტეტი, სადაც 4,5 მილიონი სტუდენტი სწავლობს. სხვადასხვა რეიტინგით, სულ ცოტა, შვიდი თურქული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესოთა ასეულსაც ამშვენებს.

სავალდებულო სწავლების პერიოდი წლიდან წლამდე იზრდება, მაგალითად, 1997 წლამდე სავალდებულო სწავლება 5-წლიანი იყო, 2012 წლამდე – 8-წლიანი. ამჟამად ეს პერიოდი ევროპულ სტანდარტს მიესადაგება და 12 სასწავლო წელს მოიცავს.

5 წლის წინ თურქეთში გატარდა განათლების სისტემის რეფორმა, რომლის შედეგადაც ამოქმედდა ახალი ფორმულა 4+4+4 – ბავშვი 4 წელი დაწყებით სკოლაში სწავლობს, 4 წელი – საშუალო სკოლაში, 4 წელს კი უფროს კლასებში ატარებს. სწავლების პირველი ოთხწლიანი ეტაპის შემდეგ ბავშვს შეუძლია, სწავლა რელიგიურ სემინარიაში გააგრძელოს და სრული განათლება იქ მიიღოს. თურქეთში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

სკოლაში მისვლამდე, სამი წლიდან, ბავშვებს ორი ტიპის განათლებას სთავაზობენ – სკოლამდელს (okul öncesi) და საბაზოს (ana okulu). საბაზო სკოლაში სწავლების პროგრამას თავისი იდეური დატვირთვა აქვს. სიტყვა „Ana“ დედას ნიშნავს. ეს მოსამზადებელი კურსები იმისთვის არსებობს, რომ ბაღი ნელ-ნელა ჩაენაცვლოს დედასთან/მშობლებთან ურთიერთობას. აქ ბავშვებს ასწავლიან თურქულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას და მუსიკას. პროგრამა დამოკიდებულია იმაზე, სახელმწიფოა ბაღი თუ კერძო. კერძო ბაღების რაოდენობა დიდია და აქ სწავლაც ძვირი სიამოვნებაა.

Ilkokulu დაწყებითი სკოლაა. ის შეიძლება იყოს კერძოც და სახელმწიფოც. სახელმწიფო სკოლაში სწავლა უფასოა, უფრო სწორად, პირობითად უფასო, რადგან მშობლებს მაინც უწევთ გადახდა – სახელმძღვანელოების, ფორმის, პროექტორის, კარადის, კომპიუტერის, დამლაგებლის ფულსაც კი ისინი აგროვებენ. კლასში შეიძლება 50 მოსწავლე იჯდეს. დიდი პრობლემაა სკოლის შენობებიც, რომელთა უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია. ბევრ სკოლას არ გააჩნია სასადილო, აქვს მხოლოდ ბუფეტი, სადაც სენდვიჩების გარდა არაფერი იყიდება. მასწავლებლები თვითონ მიუთითებენ მშობლებს, რა სახის ლანჩი გამოატანონ ბავშვებს შინიდან. სახელმწიფო ასეთ სკოლებში მხოლოდ გათბობის საფასურს და მასწავლებლის ხელფასებს იხდის. თუ გაგიმართლა, შეიძლება, თანხა რემონტისთვისაც გამოიყოს, თუ არადა ფულის შეგროვება ისევ და ისევ მშობლებს მოუწევთ.

სახელმწიფო სკოლებისთვის ისიცაა დამახასიათებელი, რომ მათ არ გააჩნიათ სპორტდარბაზები. დაწყებით სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდება. ბავშვებს მხოლოდ სკოლის ეზოში ასეირნებენ. სპორტი სასკოლო ცხოვრებაში საშუალო სკოლაში შემოდის.

თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვს, შეგიძლია, ბავშვი კერძო სკოლაში – kolej-ში ატარო. ასეთი სკოლა ბევრია. მასწავლებლების უმეტესობა უცხოელია. აქა-იქ წააწყდებით ადგილობრივი უმცირესობებისთვის – ბერძნებისთვის, სომხებისთვის, ებრაელებისთვის განკუთვნილ სკოლებსაც.

თურქეთში ბევრია გარკვეული ისტორიის მქონე კოლეჯიც, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა, იტალიელებმა, გერმანელებმა და ამერიკელებმა დააარსეს. სასწავლო პროცესი სკოლის დამაარსებელთა ენაზე მიმდინარეობს.

ყველა სკოლას – კერძოს თუ სახელმწიფოს – სერვისების სისტემა აერთიანებს. გაკვეთილების დაწყებამდე ბავშვებს მინიავტობუსები ჩამოუვლის და საღამოს ისევ უკან აბრუნებს. სხვათა შორის, ასეთივე ტრანსპორტით ბევრი ზრდასრული, ოფისებში მომუშავე თურქი სარგებლობს. საქმე ის არის, რომ დიდ ქალაქებში, ვთქვათ, სტამბულში, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მიაღწევ, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გიწევს, ამიტომ ყველა სარგებლობს სერვისების სისტემით. მშობლებისთვის მინიავტობუსების მომსახურება დიდი შვებაა.

საშუალო სკოლაში – Ortaokul-ში გადასასვლელად აუცილებელია გამოცდის ჩაბარება, ისევე როგორც 4 წლის შემდეგ. თეორიულად სკოლაში მუშაობს პროგრამა „მოსწავლეზე ორიენტირება“, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ ბავშვი მშვიდობიანად გადავიდეს საშუალო სკოლაში და ამისთვის ნორმალურად ჩააბაროს გამოცდა.

მეექვსე კლასიდან ყველა მოსწავლის საშუალო წლიურ ქულას ცალ-ცალკე ითვლიან. სწორედ ამ ქულაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. გამოითვლიან საშუალო ქულას, შეაჯამებენ, მერე კი მას გამოცდაზე მიღებული ქულები ემატება. რაც უფრო მაღალია საბოლოო ქულა, მით უკეთესი lise – უმაღლესი სკოლა ელის მოსწავლეს და ფართოა არჩევანი. არსებობს ლიცეუმთა რეიტინგი, რომელშიც მითეთებულია, რამდენი ქულა გჭირდება ამა თუ იმ სასწავლებელში ჩასაბარებლად.

თურქეთში ლიცეუმებიც კერძოა ან სახელმწიფო. მაგალითად, სტამბოლში ბევრი კერძო ლიცეუმია – ულამაზესი შენობები ბოსფორის პირას ან მდიდარ რაიონებში. აქ სწავლა ძვირია, მაგრამ პრესტიჟული. ერთი წლის შემდეგ ირჩევ სპეციალიზაციას: მეცნიერებას, ლიტერატურას, სოციოლოგიას, – თუმცა ეს არჩევანი უკვე არა ქულების რაოდენობაზე, არამედ პირად სურვილზეა დამოკიდებული.

ლიცეუმის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეთა მომზადება საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისთვის. პირველი (ზოგადი) გამოცდა მარტში ტარდება, მეორე (ძირითადი) – ივნისში. სკოლის იმედი, როგორც წესი, იშვიათად თუ აქვს ვინმეს, ამიტომ მოსწავლეები მოსამზადებელ კურსებს ესწრებიან.

მისაღები გამოცდები ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია თურქი ახალგაზრდის ცხოვრებაში. უმაღლესი განათლება აქ ჯერ კიდევ ელიტურად მიიჩნევა და ფასობს. ყველას არ აქვს მისი მიღების საშუალება. გარდა ამისა, უნივერსიტეტებში არ არის საკმარისი ადგილი ყველა მსურველისთვის. იქ მოხვედრა ახალგაზრდების მხოლოდ მესამედს შეუძლია. უმაღლესი განათლების მქონე და არმქონე ადამიანებს შორის არსებული უფსკრული იმდენად დიდია, რომ გამოცდების დღეს ბევრი სტუდენტი საკმაოდ ძლიერ სტრესს იღებს.

მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა უნივერსიტეტში 18 ფაკულტეტი შეარჩიონ. გამსვლელი ქულების რაოდენობას ყველა ფაკულტეტი წინასწარ აცხადებს, მერე კი სისტემა ავტომატურად ანაწილებს მოსწავლეებს ფაკულტეტებზე მათი შედეგების მიხედვით. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ საბოლოოდ სად და რას ისწავლი, დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რამდენად გონიერი და კარგად მომზადებული ხარ, არამედ იღბალზეც.

რაც შეეხება რელიგიურ სკოლებს, აქ სწავლა შესაძლებელია რვაწლიანი განათლების შემდეგ. ნაკლებად შეძლებული ოჯახისთვის, რომელსაც ბავშვის ლიცეუმში მიბარება არ შუძლია, ასეთი სკოლები ერთადერთი გამოსავალია.

რელიგიას სახელმწიფო სკოლებშიც სწავლობენ და კერძოებშიც. შეისწავლიან მსოფლიოს რელიგიებს, მაგრამ აქცენტი ისლამზე დაისმის. რელიგიის გაკვეთილები თურქულ საზოგადოებაში ხშირად წარმოშობს დებატებს, განსაკუთრებით – თანამედროვე, ნაკლებად რელიგიურ ოჯახებში. მშობლები, რომლებსაც არ სურთ, მათმა შვილმა ბევრი დრო გაატაროს ლოცვაში, ბავშვებს კერძო სკოლაში აბარებენ, თუმცა რელიგიის კულტი იქაც არის – იქაც ლოცულობენ, მღერიან ჰიმნებს და იძლევიან ფიცს, რომ „კარგ თურქებად“ აღიზრდებიან. ისლამისტები გამუდმებით ებრძვიან ათათურქის მიმდევრებს და პირიქით. საზოგადოდ, სკოლებში ნაკლებად საუბრობენ ტოლერანტობაზე.

რელიგიის საკითხებზე ცხარე და ემოციური დისკუსიები ჩრდილავს განათლების სისტემის სხვა პრობლემებს – პედაგოგების დონეს, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობას, საგნების სისტემას. რამდენიმე წელიწადში ერთხელ განათლების სფეროში რადიკალური ცვლილებები ხდება. ისინი დაბნეულობას იწვევენ და საზოგადოებას მათ მისაღებად და გასააზრებლად გარკვეული დრო სჭირდება. იმავდროულად, თურქეთი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაა. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი 18 წლამდე ასაკისაა. თურქეთის ისტორიაში ახალი თაობა ყველაზე პროგრესულია, განათლება დიდ როლს ასრულებს მათ და ქვეყნის მომავალშიც.

 

კომენტარები

comments