ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

დებატები  ისტორიის  სამოდელო  გაკვეთილზე                                                                    

ისტორიის საგანი ზოგადად მოსწავლეებს აინტერესებთ. ხშირად ეს ინტერესი გამოწვეულია  უამრავი ისტორიული მოვლენისა და პირის შესახებ სხვადასხვა შეხედულებების არსებობით. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულმა პრობლემურმა საკითხებმა, კონკრეტულად, საბჭოთა კავშირისა და გერმანიის პოზიციებმა მეორე მსოფლიო ომის წინ დიდი დაინტერესება გამოიწვია VIII კლასში.  გადავწყვიტე, ჩამეტარებინა განსხვავებული გაკვეთილი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა თავისი მიზნებით –  პრობლემის გადაჭრასთან ერთად საშუალებას მომცემდა, მიმეღწია მოსწავლეთა ჩართულობისთვის, კიდევ უფრო გაუღრმავებდა მოსწავლეებს საგნის მიმართ ინტერესს, მოსწავლეები უკეთესად გაიაზრებდნენ მასალას და შეძლებდნენ  შეფასებების  გაკეთებას. გადავწვიტე პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის ჩატარება დებატების გამოყენებით,  რომელიც საკითხის გადაწყვეტაში მოსწავლეთა აქტიურობას  მაქსიმალურად  უზრუნველყოფდა. ცხადია, დებატების ფორმატით მაშინვე ვერ მომზადდებოდა გაკვეთილი, ამიტომ წინასწარ ვამუშავე მოსწავლეები დებატების ტექნიკის ათვისებაზე.

რადგან სამოდელო გაკვეთილი გულისხმობს სხვებისთვის პრაქტიკის გაზიარებას, გთავაზობთ ჩემს გამოცდილებას:

 

  1. კლასი -VIII კლასი
  2. საგანი – ისტორია
  3. თემა: – „მეორე მსოფლიო ომის წინაპირობები”
  4. სასწავლო მიზნები – ისტ.VIII.1.6. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ფაქტები და მოვლენები შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან; შეისწავლოს და დაახასიათოს კონფლიქტის მიზეზები, იმსჯელოს მის განვითარებაზე, შეადაროს მიზეზები ერთმანეთს და იმსჯელოს შედეგებზე;
  5. კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან – ისტ.VIII1. მოსწავლე აკავშირებს ფაქტებსა და მოვლენებს შესაბამის ისტორიულ ეპოქასთან; ისტ. VIII.6. მოსწავლეს შეისწავლის კონფლიქტის მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს.
  6. გაკვეთილის ტიპი – პრობლემაზე ორიენტირებული;
  7. 7. შეფასება – განმავითარებელი;
  8. საჭირო საგანმანათლებლო რესურსების  ჩამონათვალი:

ა) ნარატივი –  ისტორია, VIII  კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბ., 2012;

ბ) მასწავლებლის ინტერაქტიური მინი-ლექცია;

გ) დაფა, მარკერი;

დ) მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდ-შოუ – „მეორე მსოფლიო  ომის  საწყისი ეტაპი;

  1. კლასის ორგანიზების ფორმა: ინდივიდუალური; ჯგუფური;
  2. 10. გაკვეთილის დროში გაწერილი მიმდინარეობა:

აქტივობა N1  (3 წთ)  – მასწავლებელი კლასის საორგანიზაციო საკითხების შემდეგ  აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს (სქემა 1).

აქტივობა N 2  (5 წთ) – მასწავლებელი ახდენს წინარე ცოდნის გააქტიურებას კითხვა-პასუხის საშუალებით და განაწყობს მოსწავლეებს ახალი მასალის მოსასმენად.    მოსწავლეები გამოცდილებიდან და წინარე ცოდნიდან გამომდინარე გასცემენ პასუხებს, მიღებული პასუხები აისახება სქემაზე, რომელიც აიგება დაფაზე (სქემა 2):

 

კითხვები პასუხები
– რომელ წლებში მიმდინარეობდა და რა შედეგებით დასრულდა I მსოფლიო ომი?

– რომელი სამხედრო ბლოკები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს  ამ ომში?

– ჩამოთვალეთ თითოეულ ბლოკში შემავალი ქვეყნები;   – გადაიჭრა თუ არა ის პრობლემები, რის გამოც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?

– რა შეიძლება გამხდარიყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი?

 

– 1914-1918 წწ; დაიღუპა მილიონობით ადამიანი; გერმანიას დაეკისრა მნიშვნელოვანი კონტრიბუცია; ომმა ვერ გადაჭრა ის პრობლემები, რისთვისაც დაიღუპა მილიონობით ადამიანი.

 

– კონფლიქტის ბუნებიდან გამომდინარე, წინააღმდეგობები შეიძლება გადაზრდილიყო დაჯგუფებების წარმოქმნაში – მომხრე და მოწინააღმდეგე  დაჯგუფება, ასეთი კონფლიქტი  შემდეგ ეტაპზე  ადვილად გადაიზრდებოდა  ცხელ, საომარ კონფლიქტში. შესაბამისად, არსებული პრობლემების გადაჭრა აუცილებლად გამოიწვევდა საომარ სიტუაციას სხვადასხვა  დაჯგუფებებს შორის.

 

 

 

 

სქემა 2.

აქტივობა N3 –  ახალ  მასალაზე  მუშაობმასწავლებლის მინი-ლექცია სლაიდ-შოუს თანხლებით – „მეორე მსოფლიო ომი“ (7 წთ) (სურ.1): იგი მიმოიხილავს მე-20 ს.-ის 20-30-იან წლებში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ვითარებას; ყურადღებას ამახვილებს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე; საუბრობს გერმანიის მიერ განხორციელებულ ექსპანსიებზე; ქრონოლოგიური პრინციპის  გამოყენებით წარმოადგენს  ომის მიმდინარეობას 1939-1941 წლებში;  მსჯელობს  მეომარი ქვეყნების სამხედრო გეგმების შესახებ.

სურ.1.

 

აქტივობა N 4 (2 წთ) – მასწავლებლის შეკითხვა მოსწავლეებს: „როგორ ფიქრობთ, რომელმა  მოვლენამ  დაძაბა ევროპაში პოლიტიკური მდგომარეობა, რომლითაც ისარგებლეს გერმანელებმა და ახალი ომი გააჩაღეს?“

 

მოსწავლეები პასუხობენ: „ყველაზე მეტად ეს გამოიწვია მოლოტოვ-რიბენტროპის შეთანხმებამ, რადგან გზა გაუხსნა გერმანული აგრესიის გაძლიერებას“.

 

პრობლემის გამოკვეთა: „უნდა დადებულიყო თუ არა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი?!“

აქტივობა N 5  (2 წთ) მასწავლებელი  სთავაზობს  მოსწავლეებს, დაიყონ ჯგუფებად, დაასახელონ მთავარი დებატორები და მოპასუხეები და გამართონ კლასიკური დებატები  (ლინკოლნ-დუგლასის ფორმატი)  მოცემულ თემაზე,  ამავე დროს შეახსენებს  მოსწავლეებს დებატების წესებს (რომელიც გამოტანილია სქემაზე 3):

 

სქემა 3:

 

დებატების დროში  გაწერილი თანამიმდევრობა:

I აქტივობა :

მომხრე  ჯგუფის  მთავარი დებატორი  წარმოადგენს თავის არგუმენტებს:

„პაქტის დადების პირობა გახლდათ ის, რომ ჯერ კიდევ 1938 წელს მიუნხენის გარიგებაზე მიღწეული შეთანხმების შედეგად ჰიტლერმა მთელი ევროპა დაარწმუნა, რომ მეტად აღარ აპირებდა გაფართოებას, მაგრამ სულ მალე 1939 წლის მარტში  ჰიტლერმა ჩეხეთის ნაწილი ბოჰემია და  მორავია გერმანიის პროტექტორადად აქცია, ხოლო სლოვაკეთში მარიონეტული ხელისუფლება დასვა. დასავლეთის ქვეყნის ლიდერებისთვის ნათელი გახდა, რომ ჰიტლერი არ შეწყვეტდა აგრესიას.  მოსალოდნელი საშიშროების გამო საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიასა და სსრ კავშირის შორის მდებარე პოლონეთთან ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება დადეს. ისინი ცდილობდნენ საბჭოთა კავშირთანაც დაედოთ მსგავსი ხელშეკრულება, მაგრამ მხარეები ერთმანეთს არ ენდობოდნენ და მოლაპარაკება ჩაიშალა. ჰიტლერის მიზანი იყო, ხელი არ შეშლოდა ევროპის ქვეყნების მომავალ დაუფლებაში. ის ფიქრობდა, რომ სსრ კავშირს შეეძლო, ზიანი მიეყენებინა მისთვის, ამიტომ წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად სსრ კავშირს თანამშრომლობა „შესთავაზა“ და დაპირდა, რომ  აღმოსავლეთ ევროპის მიერთებაში ხელს არ შეუშლიდა.

თავის მხრივ, სტალინი ხედავდა ჰიტლერის მზარდ აგრესიას და სურდა დროის მოგება, თანაც არც ისე ურიგო იქნებოდა ამ პირობების შესრულება, რადგან ტერიტორიული გაფართოების შანსი ეძლეოდა და შეეძლო, შემოერთებული ტერიტორიები ბუფერულ ზონად გადაექცია მომავალ ომში. ამავდროულად, თუ ჰიტლერი ომს წამოიწყებდა, ის აღმოჩნდებოდა ოკუპანტი მხარე, სტალინი – ის მხარე, რომელიც თავის დაცვას აპირებდა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სტალინის მიერ ამ პაქტის დადება ნიშნავდა იმას, რომ არ ენდობოდა გერმანიას და ცდილობდა დროის მოგებას.  ეს მართლაც ასე მოხდა: სტალინმა გარკვეული დრო მოიგო და უკეთ მოემზადა ომისთვის.

ჩვენი ჯგუფი ვფიქრობთ, რომ პაქტი აუცილებლად უნდა დადებულიყო, სსრ კავშირს დრო უნდა  მოეგო და ფაშისტური გერმანიის დამარცხებისთვის მომზადებულიყო“.

თემის მოწინააღმდეგის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორი): „თუ პირველ მსოფლიო ომში რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი იყვნენ ერთმანეთის მოკავშირეები და თუ  მათმა მოკავშირეობამ შედეგი გამოიღო და დაამარცხეს გერმანია და მისი მოკავშირეები, ახლა, ხელახალი ომის კარიბჭესთან, რატომ არ უნდა ნდობოდა საბჭოთა კავშირი (პრაქტიკულად – „რუსეთი“) ყოფილ მოკავშირეებს? ამასთან ერთად გერმანია ფაშისტური ქვეყანა იყო და ასეთ  ქვეყნას ისედაც რატომ უნდა გამოუცხადო  მხარდაჭერა?!“

მომხრე  ჯგუფის  პასუხი (კონტრარგუმენტატორის  მოპასუხე): „ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირმა არ გაითვალისწინა ბრიტანეთის, საფრანგეთის და პოლონეთის შემოთავაზება და არ გააღრმავა მათთან კავშირი, გამოწვეული იყო იმით, რომ ისინი არც მანამდე თანამშრომლობდნენ. საბჭოთა კავშირისთვის ისინი საიმედო პარტნიორებად არ გამოიყურებოდნენ. არც ჰიტლერი იყო საიმედო სსრ კავშირისთვის,  პირიქით, რომ არ ენდობოდა სტალინი მას, ხელშეკრულებაც იმიტომ დადო,  რათა დრო მოეგო ომის მომზადებისთვის და გერმანიისთვის საკადრისი წინააღმდეგობის გაწევისთვის“.

II აქტივობა :

მოწინააღმდეგე  ჯგუფის  მთავარი დებატორი წარმოადგენს თავის არგუმენტებს: „ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გამარჯვებულმა ქვეყნებმა გადაინაწილეს გერმანიის კოლონიები აფრიკასა და წყნარ ოკეანეში, მინიმუმამდე დაიყვანეს გერმანიის არმია, ელზასი და ლორენი დაუბრუნეს საფრანგეთს, გერმანიას ჩამოეჭრა ტერიტორიები ევროპაშიც, დააკისრეს დიდი ფულადი გადასახადები, მაშინ როდესაც სხვა მისი მოკავშირისთვის მსგავსი პირობები არ წამოუყენებიათ და როდესაც ეკონომიკურმა კრიზისმა დაძაბული ვითარება შექმნა მსოფლიოში და გერმანიაში, გერმანელებს აღეძრათ რევანშის სურვილი მათ მიმართ, ვინც ისინი ამ დღეში ჩააგდო, რადგან მათი აზრით, ისინი ამგვარ  დასჯას არ იმსახურებდნენ.

1933 წლიდან გერმანია სამხედრო თვალსაზრისით აქტიურად ემზადებოდა  რევანშისთვის და აძლიერებდა თავის ძალებს, შემდეგში ის ფაქტობრივად ღია აგრესიაზე გადავიდა, შეიერთა ავსტრია, ჩეხეთის ოლქი. საინტერესოა, რომ მის ამგვარ აგრესიას დუმილით შეხვდენენ საფრანგეთი და ბრიტანეთი, რითაც „აღიარეს“ კიდეც მიღებული შედეგი. შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის გარიგებაც ეს იყო – მათ უნდოდათ თავის მოტყუება და ასეც მოხდა. ამ  ორმა ქვეყანამ  ფაქტობრივად წააქეზა გერმანია მსოფლიო ომისკენ. ერთადერთი რაც შეძლეს, ის იყო, რომ პოლონეთთან, რომელიც გერმანია-საბჭოთა კავშირის საზღვარზე მდებარეობდა და დაუცველად გამოიყურებოდა,  ერთობლივი თავდაუსხმელობის ხელშეკრულება გააფორმეს. თუ სსრ კავშირს გერმანიასთან მოსალოდნელი საფრთხე ამოქმედებდა, სჯობდა ასეთი ხელშეკრულება საფრნაგეთთან და ბრიტანეთთან დაედო და არა – გერმანიასთან. ჰიტლერულ გერმანიასთან შეთანხმებით სსრ კავშირი თვითონაც ოკუპანტის როლში გამოდიოდა, რადგან რეალურად ევროპის გაყოფაზე უთანხმდებოდა გერმანიას, რაც ჩვენი აზრით, მიუღებელი  იყო და სსრ კავშირის გამოცხადებულ პოლიტიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდა“.

მომხრე ჯგუფის შეკითხვა (კონტრარგუმენტატორის მოპასუხე):  „თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ საბჭოთა კავშირს არათუ უნდა დაედო ხელშეკრულება გერმანიასთან, არამედ გაეღრმავებინა კავშირი საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან. გავიწყდებათ ის, რომ ამ ქვეყნებს არ სურდათ ომი  და იქაური მოსახლეობის აზრი პაციფისტური იყო (მშვიდობის შენარჩუნების მომხრე)“.

მოწინააღმდეგე ჯგუფის პასუხი (კონტრარგუმენტატორი): „საბჭოთა კავშირს გერმანიასთან შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ არ უნდა გაეფორმებინა, შეუძლებელია საბჭოთა კავშირს არ შეემჩნია, რომ გერმანიას ვერანაირი შეთანხმება ვერ შეაკავებდა. ამაზე იმდროინდელი ფაქტებიც მეტყველებენ. მაგრამ თქვენ რით დაამტკიცებთ,  რომ ამ პაქტმა ხელი არ შეუწყო ომის გაჩაღებას და რომ ღირდა მისი დადება?!  ან რით ახსნით იმ ფაქტს, რომ  გერმანიამ და სსრ კავშირმა ხელშეკრულება გამოიყენეს თავიანთი გეგმების და ტერიტორიული ზრდისთვის და მოახდინეს  პოლონეთის გაყოფა  და  კარელიის ნაწილის მიერთება?!..“

III აქტივობა:

მომხრე  ჯგუფის  პასუხი (გამბათილებელი): „თქვენ მხოლოდ შეკითხვებს სვამთ და არ უფიქრდებით, რომ სხვა ალტერნატივა არც არსებობდა,  შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რა უნდა გაეკეთებინა საბჭოთა კავშირს ამის სანაცვლოდ ისეთი, რომ  დრო  მოეგო და მომავალი ომისთვის მომზადებულიყო?!“

მოწინააღმდეგე  ჯგუფის  პასუხი (გამბათილებელი): „და რით ამტკიცებთ, რომ საბჭოთა კავშირმა რეალურად მოიგო დრო და უკეთესად მოემზადა ფაშისტებთან ბრძოლისთვის?.. უფრო ის ჩანს, რომ მასაც გერმანიასავით მხოლოდ ტერიტორიების დაკავება სურდა და ამას ომის საფრთხით ამართლებდა“.

დასკვნა/შეჯამება: ამ ეტაპზე მთავრდება დებატები. მოდერატორი/მსაჯი /მასწავლებელი კიდევ ერთხელ ასახელებს გუნდების მთავარ არგუმენტებს და გამოყოფს საუკეთესო გუნდს და დებატორს.

აქტივობა N8 (2 წთ)განმავითარებელი შეფასება – მასწავლებლის ზეპირი კომენტარი /განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები და  კრიტერიუმები:

 

სრულიად

 

ნაწილობრივ განსავითარებელია
გადმოცემის უნარი      
არავერბალური კომუნიკაცია      
მონაწილეობა      
მოსაზრების არგუმენტირება      
ფაქტებისა და მოვლენების  დაკავშირება      
  კონფლიქტის მიზეზებზე, განვითარებასა  და შედეგებზე  მსჯელობა      
ახდენს შეფასებას      

 

გაკვეთილი იყო საინტერესო, მაქსიმალურად აქტიური,  აქტივობები იყო მიზანთან შესაბამისობაში. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ ერთი საკითხი შეესწავლათ სხვადასხვა კუთხით, გაეაქტიურებინათ ძველი ცოდნა და გამოეყენებინათ ის პრაქტიკული პრობლემის გადაჭრისას. მოცემულმა აქტივობებმა და დავალებებმა ხელი შეუწყვეს მოსწავლეთა ზოგად კოგნიტურ განვითარებას და სწავლა-სწავლების პროცესის მიზნების მიღწევადობას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი