ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სად არის ალენ დელონი?

ერთი კვირის წინ, დედამ ფეხი მოიტეხა. 5 საათიანი ოპერაცია დასჭირდა, ძვლის ნაწილი გამოუცვალეს. დედაჩემს ფეხის მოტეხვის მას შემდეგ ეშინია, რაც ბებოს დაემართა იგივე. რუსიკო მაშინ, მგონი, სამოცდათორმეტისა იყო. იწვალა, სამი თვე გაუნძრევლად იწვა და ფეხი გირზე ეკიდა, მაგრამ მაინც ადგა. ადგა და გაიარა. მაშინ ექიმმა თქვა, ამას ახლადდაბადებული შვილიშვილი აძლევს ძალასო, თორემ ამ ასაკში იშვიათობაა ადამიანმა ეგეთი მოტეხილობა დაძლიოსო. ჰოდა, ეშინოდა დედაჩემს ფეხის მოტეხვის, სიფრთხილითა და ყურადღებით დააბიჯებდა, მაგრამ მაინც მოტყდა. რას იზამ, არის რაღაცები, რასაც ვერ აცდები, ალბათ.

მის პალატაში ვიჯექი, თავთითო, რომ ამბობენ, ისე. ჰოსპიტალი, რომელშიც მანანა იწვა, თბილისის ზღვის სიახლოვესაა, ვარკეთილისა და ვაზისუბნის საზღვარზე, აი, ჩინელების დასახლებას რომ ეძახიან – იქ. ეგ კიდევ იმას ნიშნავს, რომ იქაურობას უდაბნოს ელფერი დაკრავს – ამერიკულ ფილმებში ტეხასურ გზას რო დაადგებიან ხოლმე მანქანით და ირგვლივ რო მარტო უდაბნოა, იმათ კიდევ ბენზინის ჩამატება და ზუნზლიანი მზარეულის მომზადებული ბლინების ჭამა უნდათ, ეგეთი კიდევ ერთი დგას, სადღაც ხუთასი მილის მოშოებით, ეგეთი ადგილია ეს ჩინელების დასახლება – მზეს ისრუტავს თუ რა არის, ვერ გაიგებ. ერთი კვირის განმავლობაში იქ წოლა იმასაც ნიშნავს, რომ აეროპორტიდან აფრენილ ყველა თვითმფრინავს ხედავ. დანახვა რა სალაპარაკოა, ხედავ კი არა, გრძნობ. თავთით ვიჯექი – მეთქი, ვთქვი. მანანა იწვა და ფანჯარაში იყურებოდა, საიდანაც უდაბნოს ნაგლეჯი, მწვანე ღობე, სიცხის ფერი და ლურჯი ზეცა მოჩანდა.

  • დღეს უკვე მერვეა – თქვა დედამ.
  • რა არის მერვე?
  • თვითმფრინავი.
  • ჰო, აეროპორტი ახლოსაა აქ.
  • შეიძლება რაღაც დროს ჩამეძინა და მეტიცაა, მე რვა დავთვალე.
  • თუ უძილობა გაქვს, თვითმფრინავების თვლას, ცხვრები დათვალე, ჯობია.
  • ცხვრების დათვლა ვერასოდეს მაძინებდა.
  • არც მე. მაშინ ბუზები.
  • ბუზები არ შემიმჩნევია, კარგი საავადმყოფოა.

მანანა მოწყენილი იყო, მაგრამ ამ მოწყენის ფსკერზე, სადღაც, ძალიან შორეულ კუნჭულში რაღაც აძლევდა გაღიმების მიზეზს. ეგეთ დროს, ამ მიზეზის გამოკვლევა ვერაა შესაქები ამბავი, უნდა აცადო ადამიანს და თვითონ იტყვის, თუ სათქმელია.

  • ხო გითხარი, მერვე თვითმფრინავია – მეთქი?
  • კი, მითხარი.
  • რვავეში ვისხედით.
  • ვერ მივხვდი.
  • რვავეში ვისხედით, მე, შენ, ნინია, ნატო, ტუკი და ეკა.

ცოტა დავიძაბე. ვიფიქრე, რომ მისი ნათქვამი გამაყუჩებლების შედეგი იყო. ძლიერი ტკივილი სცოდნია მენჯის თავის მოტეხილობას და ხუთსაათიანი ოპერაციის შემდგომ პერიოდს. ბოლო-ბოლო, ხერხითა და ჩაქუჩით მუშაობენ, იოლი კი არაა. მდუმარება ვარჩიე, არაფერი მითქვამს.

  • არ გეგონოს გაგიჟდაო, უბრალოდ, რამდენჯერაც თვითმფრინავი გადაიფრენს, იმდენჯერ მგონია, რომ შიგნით ვსხედვართ და ისევ პარიზში მივფრინავთ.

ბურთი მომაწვა ყელზე. მანჩოსთვის საფრანგეთი ყველაფერია. მთელი ცხოვრება, როცა იმის თქმა უნდოდა, რომ ვინმე რამეს არ გააკეთებდა, ამბობდა, ეგ ისე იზამს მაგას, როგორც მე ხვალ პარიზში გავფრინდებიო. ერთხელაც, მე, ნინიამ და ტუკიმ ვიფიქრეთ, რა გახდა ერთი მოგზაურობაო და ბილეთები ვიყიდეთ ჩვენთვის და დედებისთვის. დიდხანს არ სჯეროდა მანანას, სანამ სასტუმროს ჯავშანი და ბილეთები არ ვაჩვენე. განა იმიტომ, რომ არ მენდობა ან არასერიოზული კაცი ვგონივარ, არა. უბრალოდ, რთულია ალბათ იმის წარმოდგენა, რომ თითქმის სამოცწლიანი ოცნება სადაცაა ახდება. რთულიც და, შეიძლება შიშის მომგვრელიც. არ ვიცი, მე ეგ არასოდეს განმიცდია.

  • ეს რომ პარიზში წასვლამდე დამმართნოდა… – თქვა მანანამ და ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია, საიდანაც, ლურჯ ცაზე თვითმფრინავის მიერ დატოვებული თეთრი ნაკვალევიღა მოჩანდა.
  • არ დაგემართებოდა.
  • რატომ, ვითომ?
  • არ ვიცი. მე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ ეგ დანამდვილებით ვიცი, რომ ეგ არ დაგემართებოდა.

მე პარიზში მეორედ ვიყავი. პირველად ყოფნისას ერთი საოცარი რამ დავამუღამე. შანზელიზედან სენასკენ ქუჩა ჩაუდის. ლამაზი ქუჩაა, ისეთი მაღაზიებით გადაძეძგილი, რომელშიც მოკვდავი ვერაფერს იყიდის, მარტო ვიტრაჟებს უნდა უყურო და იმათ ნაკვალევზე იარო, ვინც იქ იმოსება. ამ ქუჩას რო ფეხდაფეხ მილევ, მაღალი ხე დგას, რომლის ქვეშაც პატარა ტურისტული ჯიხური და ფრანგული სუვენირებით მოფენილი დახლებია. ამ ამბავში საოცარი კი ისაა, რომ ის არამზადა, ამპარტავანი, ამაყი და პატივმოყვარე რკინის გოლიათი ამ ერთი ხის უკან იმალება. ხეს გასცდები თუ არა, თავზე წამოგადგება სკოლის ყარაულივით, ტუალეტში რომ გამოგიჭერს გაკვეთილის გაცდენისას. გოგოებს შევუთანხმე, მოდი, ამ გზით წავიყვანოთ და მოულოდნელობის ეფექტი ექნება – მეთქი. ხემ თავისი როლი იდეალურად შეასრულა – მკერდით გადაეფარა ეიფელის კოშკს და დიდხანს, ძალიან დიდხანს უმალავდა მანანას თვალებს იმ ნაგებობას, რომლის ნახვაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში უნდოდა – მას შემდეგ, რაც მის უშველებელ, ფრანგული კინოსთვის განკუთვნილი ალბომების ორტომეულში ალენ დელონის პირველი ფოტო ჩააკრა. დედამ მრავალი ათწლეული იცადა, მრავალი ათასი კილომეტრი გამოიარა იმ წამამდე რომ მიეღწია. სამაგიეროდ, კოშკის წვერის დანახვისას მისმა სახემ აირეკლა ის, რაც შეუძლებელია გაითამაშო, დადგა, მოიტყუო. ამას ვერავინ შეძლებდა – ვერც მანჩოს მიერ სათაყვანებელი ჟან გაბენი, თავისი მრავლისმთქმელი დუმილით.  სენას გადაღმა, მოშორებით, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ძალიან ახლოს მდგომი ეიფელის კოშკის პირველი კადრი სამუდამოდ ჩარჩება დედაჩემის მეხსიერებაში. მე კი ვერასოდეს დავივიწყებ იმ სურათს, რომელშიც სამოცს მიტანებული ქალის ოცნების ახდენა ჩანს. როცა არცერთი ემოცია და არცერთი ნაკვთი არ გემორჩილება და შენზე აღარაა დამოკიდებული რას იზამ, გაიცინებ თუ იტირებ. იქნებ, ორივეს ერთად.

იქ გატარებული ოთხი დღის განმავლობაში, მანანამ ბევრი კილომეტრი გაიარა და კიდევ უფრო ეტი ადგილი იცნო – შენობები, რომლებიც ფილმებში ჰქონდა ნანახი. ქუჩები, რომლებზეც რობერ ოსეინი და ბელმონდო დადიოდნენ. ადგილები, სადაც ქეითის და ლიუკ დეზიეს წინააღმდეგობრივი სიყვარული იძერწებოდა. კაფეები, რომელსაც ვუდი ალენი გულუხვად აჩვენებს ფილმში „შუაღამე პარიზში”. ყოველთვის, როდესაც სხვა ადგილისკენ ავიღებდით გეზს, მანანა ჩამოგვრჩებოდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს აკვირდებოდა ამ ადგილებს. ვიმახსოვრებო, ამბობდა.

„ყურადღებით იყავი, ალენ დელონს არსად გადაეყაროს” – გამაფრთხილა მამაჩემმა წასვლის წინ. ამაზე ვიცინეთ. ცვილის ფიგურების მუზეუმში, მანანა დიდი მონდომებით იღებდა ფოტოებს თავის კუმირებთან. თან, რაღაცნაირი მოწიწებით იდგა, მორიდებით იცინოდა. ასეთია მანანა, ცვილის ფიგურისაც კი ერიდება, ლამის მადლობა გადაუხადოს. როცა იმ უშველებელი მუზეუმის ბოლოში გავედით, დედა მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა: „სად არის ალენ დელონი?”. ალენ დელონი იქ აღარ იყო. მუზეუმის თანამშრომლებმა მითხრეს, ორი ათასი ფიგურა გვაქვს და ვცვლით ხოლმეო. როცა ეს ვამცნე, მანანამ ღიმილით თქვა: „ალენ დელონის ფიგურა თუ არ აქვთ, აბა რაღა აქვთ”.

 

  • მეცხრე … – თქვა დედამ და ფანჯარას თვალი მოაშორა.
  • შიგნით ვსხედვართ? – ვკითხე.
  • კი, ყველანი – გაიცინა.
  • პირდაპირი რეისია, თუ ტრანზიტი?
  • რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი დანიშნულების ადგილია.

მანჩო უკვე დადის, ნელ-ნელა. მანჩო ძლიერია. მომავალ წელს სხვა მოგზაურობას დავგეგმავთ. იტალიური კინოც უყვარს მანანას. ფრანგულივით არა, მაგრამ უყვარს. წასვლამდე ვუთხარი, ოცნება ოხერი რამაა, ახდენა შეუძლია – მეთქი. მართლა ეგრეა. ნავსის გატეხვაა რთული, თორემ მერე საქართველოს პრემიერ მინისტრებივით მიდის და მიდის, ვეღარ დააკავებ. გვიანობამდე ვისხედით. მზე ძალას კარგავდა, რკინის კოლოფები კი არ წყვეტდნენ ჩვენს თავებზე გადაფრენას. ლურჯ ცას სიმუქე ემატებოდა. მანანა კი იმ თვითმფრინავებს ითვლიდა, რომლებშიც ვისხედით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი