ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლა და მასწავლებლები მეუფე ისაიას მოგონებებში

სექტემბრის  თვეში რამდენჯერმე მომიწია ცხინვალის მოსაზღვრე სოფელში, ნიქოზში ჩასვლა. ჯერ იყო და ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, სადაც ქართველი და უცხოელი რეჟისორების  ფილმები აჩვენეს, გაიმართა ვორქშოფები და ერთი კვირა სოფელი დედაქალაქელ  და უცხოელ სტუმრებს მასპინძლობდა. ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალის „ნიქოზის” დაარსების იდეა მეუფე ისაიას  (ჭანტურია) ეკუთვნის. იგი თავადაც რეჟისორია და ომამდე მონასტერში მცირე ტიპის ანიმაციური სტუდიაც ჰქონდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს ნიქოზის დაბომბვისას განადგურდა. ანიმაციის ფესტივალის შეზღუდული გრაფიკის მიუხედავად, მეუფე ისაიასთან გასაუბრება მაინც შევძელი. იგი თანმიმდევრულად იხსენებდა ამბებს თავისი ცხოვრებიდან. განსაკუთრებით  ემოციური მისთვის სკოლის წლების, სკოლის მეგობრებისა და პირველი ნახატების გახსენება იყო.

„ბავშვობა წალენჯიხაში გავატარე. დედა დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო და ხშირად დავყავდი სკოლაში, უფროსების გაკვეთილებსაც ვესწრებოდი. სკოლაში ერთი წლით ადრე შემიყვანეს. საკლასო ოთახში პარკეტი ეგო და ბავშვები ქეჩებზე შემდგარი ფეხით ვაპრიალებდით. ძალიან მოგვწონდა ეს პროცესი. სკოლაში კარგი მეგობრებიც მყავდა: დავითი, ძალიან ნიჭიერი ბიჭი საჩინოდან, და ტყუპი ძმები ალეკო და ავთანდილ ხუბუტიები, ჯვრელები. სადაც ისინი გაიზარდნენ, იქ მდინარე მაგანა ჩამოდის და ამ მდინარის პირას გაზრდილები, იყვნენ როგორც ქვა და რკინა. მე კი ვიყავი ყველაზე პატარა და სუსტი. ტყუპები, ალეკო და ავთანდილი ცოტა შარიანები იყვნენ, სამი-ოთხი წლით უფროსებსაც ერეოდნენ და მათი ყველას ეშინოდა. ამიტომ პრობლემა არ მქონია, ვინმეს დავეჩაგრე. ბავშვები სკოლა-ინტერნატში ღამითაც რჩებოდნენ, სადილის მერე კი მთელ სკოლაში მეცადინეობის დუდუნი ისმოდა. რადგან, მე და ტყუპები ვმეგობრობდით, დედას ხშირად მოჰყავდა ისინი  სახლში და შაბათ -კვირას ჩვენთან რჩებოდნენ. მამამ გვასწავლა ჭადრაკი და მერე ატარებდა ჩემპიონატებს. მამის ნაქონი სამხედრო ვარსკვლავიანი ქამარი გვქონდა, რომელიც მეც ძალიან მომწონდა და ჩემს მეგობრებსაც და ცალ-ცალკე ყველა მთხოვდა მეჩუქებინა. მერე დათოს ვაჩუქე, ტყუპებს ნამდვილად ვერ ვაჩუქებდი, რომელიმეს მაინც დასწყდებოდა გული. თავი ბავშვობის მოგონებებით მაქვს სავსე”, – ამბობს მეუფე ისაია.

დედა სკოლაში დაწყებით კლასებს  ასწავლიდა. ასევე  ასწავლიდა ხატვასაც. მეუფე ისაიას  ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. როდესაც დედის გაკვეთილებს ესწრებოდა, მაშინაც ხატავდა. სკოლაში  იქმნებოდა მისი  პირველი ნახატები,  როგორ თამაშობდნენ ბიჭები ფეხბურთს, ხან ომის თემებს ხატავდა – როგორ ეომებოდნენ ერთმანეთს გერმანელები და „ჩვენები”. რატომღაც ეს მეომრები დიდთავიანები გამოდიოდნენ. გერმანელებს მიწაზე აწვენდა, როგორც ომში დამარცხებულებს. პირველი ნახატები დაიკარგა, გული წყდება ნახატებზე, რომლებიც დაიკარგა.  ეს ის პერიოდი იყო, როცა ხატვით სულდგმულობდა.

„მგონი მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ბავშვებს „ოქტომბრელებში” იღებდნენ. მეც მიმიღეს. ძალიან ნათლად მახსოვს ის განცდები. ბავშვებს უხაროდათ, მოსწონდათ ის ვარსკვლავი და ლენინის პატარაობის ბარელიეფი, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ უხაროდათ. მეხუთე კლასიდან წალენჯიხის პირველ საშუალო სკოლაში გადამიყვანეს და სწავლა იქ გავაგრძელე. უკვე ხატვის წრეზეც დავდიოდი, პიონერთა სახლში, ქალაქის ცენტრში. ხატვის მასწავლებელს სამხატვრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული, ეს ანზორ კვარაცხელია იყო და იქ სწავლა, რაღაცნაირად საამაყო იყო ჩვენთვის. ჩემთვის ეს იყო სავსე ცხოვრება. შეიძლება ასეთი წლები მერე არც განმეორებულა”, – ამბობს და ვხვდები, რომ ინტერვიუ ემსგავსება წარსულის ლაბირინთებში მოგზაურობას და შეხვედრას იმდროინდელ ლანდებთან, წალენჯიხელ მხატვართან თავის სახელოსნოში, რომელიც ხატვის მეტს თურმე არაფერს აკეთებდა, სადაც დამწყებ მხატვარ ბავშვებს  ასწავლიდნენ, როგორ უნდა გადაეკრათ ტილო ჩარჩოზე, სადაც საღებავების სუნი იყო და მერე დახატა ნახატი, ისეთი განწყობით დახატა, როგორც თვითონ ამბობს,  სული რომ უნდა იშვას. სახლში ჩაიკეტა, რომ არავის შეეწუხებინა და სადმე არ გაეშვათ საქმეზე. ეს ნახატი ადგილობრივი მხატვრების გამოფენაზე გამოფინეს.

„ჩვენი სახლის გვერდით ბაბუას ეზო იყო, რომელთან ახლოსაც ბოსელი იდგა, საქონელი ჰყავდათ ჩვენებს. ამ ბოსლის გვერდით ტყემლის ხე იდგა, შემოდგომაზე, როცა ჩალას მოჭრიდნენ, ამ ტყემლის ხეზე ჰკიდებდნენ. ჩალაც ბავშვობას მახსენებს, ეს მოჭრილი ჩალის ღერები, რომლებიც მერე თოვლში იყო ამოშვერილი. და მე დავხატე ჩემი ბაბუის ბოსელი, ეს ტყემლის ხე და თოვლში ამოშვერილი ჩალის ღერები. ეს ნახატიც დაიკარგა”.

ხატვის და მეგობრების გარდა, პატარა ქალაქს, სადაც მეუფე ისაია დაიბადა და სიყმაწვილის წლები გაატარა,  თავისი წესებიც ჰქონდა. ამ ქალაქში  ადამიანები და მოვლენები  ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ეს მოვლენები მნიშვნელოვანი იყო თითოეული მცხოვრებისთვის. მეუფე ისაიას ცხოვრების ადრეული წლები მხატვრობის სამყაროში ვითარდება, სადაც ასევე იყო ცეკვა, იყვნენ მეგობრები და ასევე იყო მოვლენა „კომუნიზმი”, რომელიც პერსონალურ სამყაროებშიც ცდილობდა შეჭრას, თავისი საცეცების ყველგან შეხებას.

„როდესაც, კომკავშირში მიღების დრო დადგა, ნამდვილად მახსოვს, რომ იქ მიღების არანაირი სურვილი არ მქონია და როცა ეს დღე დადგა, მე დავრჩი სახლში, არ წავედი სკოლაში, რომ ავრიდებოდი ამ საქმეს. სახლში მომაკითხეს, ავად ვარ-მეთქი. არ დამიჯერეს, მე, მერვეკლასელი ვეღარ გავუწევდი წინააღმდეგობას. წამიყვანეს რაიკომში, სადაც ჩემი თანატოლები იყვნენ, რომლებიც იზეპირებდნენ, როდის რომელი ყრილობა ჩატარდა, ლენინი როდის დაიბადა, როდის გარდაიცვალა. რა შეკითხვებიც დამისვეს ვერცერთს პასუხი ვერ გავეცი, მაგრამ იქ ჩემი უფროსი დის თანამშრომელი იყო, რომელიც კომკავშირში მსახურობდა. მიცნეს და თქვეს ეს ჭადრაკს კარგად თამაშობს, ცეკვავს, ხატავს და ცუდი ბიჭი არ არისო. ასე მიმიღეს კომკავშირში…”. ეს ცოტა ადრე იყო, შემდეგ  კი სკოლის დირექტორმა კომკავშირის მდივნად დაასახელა. მეუფე ისაიამ მაშინ ითხოვა – არ მინდა კომკავშირის მდივნობაო,  მაგრამ არავინ არ დაუჯერა.

„თუ გავყოფდი ჩემი ბავშვობისა და დიდობის ხანას, შეიძლება ეს ზღვრად დავუდო ჩემს ცხოვრებას. როდესაც, „პატიოსნება” სახლში და „პატიოსნება” სკოლაში ჩემთვის ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შესვენების დროს საკლასო ოთახში ბიჭები ვიდექით და ვსაუბრობდით, მერხზე მიყუდებული ვიყავი. ამ დროს შემოიხედა დირექტორმა, წამიყვანეს და მთელი ლექცია წამიკითხეს თუ რა მაგალითს ვაძლევდი ბავშვებს. მერე ის მტანჯავდა, როცა მითხრეს, რომ კომკავშირის კრება უნდა ჩამეტარებინა. ვფიქრობდი, რა უნდა ჩავატარო, რა უნდა ვუთხრა ამ ხალხს და ისე დავამთავრე ის მერვე კლასი, კრება ვერ ჩავატარე. მერე დირექტორს ვთხოვე, მე ხატვა მიყვარს  და მინდა პროფტექნიკუმში გავაგრძელო სწავლა-მეთქი. დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, ეტყობა იფიქრეს ეს არაფრის გამკეთებელი არ არისო…”.

პატარა ქალაქიდან დედაქალაქში გადასვლას  თავისი თავგადასავლები ახლავს. ამასთან, ერთად ახალგაზრდა ზურაბ ჭანტურიასთვის საკუთარი ადგილის ძიება და ურბანულ ყოფაში საკუთარი იდენტობის განსაზღვრაც მნიშვნელოვანი იყო. პროფტექნიკუმში გადასვლასაც ახლდა მსგავსი თავგადასავლები, რომელსაც მეუფე ახლა ღიმილით იგონებს:

„ჩვენს დროს ძალიან მოდაში იყო ჯინსები. ჩემი ბავშვობის მეგობრის მამამ ჩემს მეგობარს 300 მანეთიანი ჯინსები უყიდა და ის ასე გამოცხადდა პროფტექნიკუმში. მერე იქ მას „სთხოვეს” – გვათხოვე ეს შარვალიო. ამან ათხოვა, უარს როგორ ეტყოდა, არ დაუბრუნეს ის შარვალი, მერე გალახეს კიდეც. ასეთ ამბებში ვიყავით. ეს წლები იმით იყო ყველაზე რთული, რომ მე მიწევდა მეთამაშა სხვა ვინმე, რათა იმ გარემოს შევგუებოდი. მერვე კლასიდან უცხო ქალაქში წამოსულს, როცა არანაირი საყრდენი არა გაქვს, არ იყო ადვილი ამასთან გამკლავება”.

ყველა თარიღი თანმიმდევრულად ახსოვს, ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდისაც კი.  ახსოვს, რა დაწერა თავისუფალ თემაში, რომლის სათაური ასე ჟღერდა – „რა მოგვცა ტექნიკუმმა?”. მან  თავის ლიტერატურის მასწავლებელს მისწერა წერილი, რომელიც ცოტა ადრე მის ჯგუფს გაუნაწყენდა. მეუფე ამ ისტორიასაც დაწვრილებით იხსენებს:

„პროფტექნიკუმში სწავლის პერიოდში ჩემთვის ნათელი წერტილი  ქართული ლიტერატურის გაკვეთილები იყო. ახალგაზრდა ქალი მასწავლებელი გვყავდა. მე ბოლო სკამზე ვიჯექი,  ვუსმენდი ყურადღებით და დიდი პატივისცემა მქონდა მისდამი. ერთხელაც, ისიც გააბრაზეს  და მანაც ყველა გაგვლანძღა, რომ ჩვენგან არაფერი გამოვიდოდა და ა.შ.  სხვებისგან, ასეთი რამე არ  მეწყინებოდა, მისგან კი ძალიან მეწყინა, რადგან მის მიმართ დიდი პატივისცემა  მქონდა. 1979 წელს ქართულ ლიტერატურაში გამოცდა  გვქონდა. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვენი ეს სამი წელი პროფტექნიკუმში დიდი არაფერი გვიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გამოცდებს კომკავშირის ცეკას ახალგაზრდა მდივანი ესწრებოდა, მაინც იყო  გადაწერის საშუალება. მე კი სკოლაშიც არასდროს გადამიწერია.  ასეთი თავისუფალი თემა მოვიდა – „რა მოგვცა პროფტექნიკუმმა?”. მე ბავშვური ფიქრებით გადავწყვიტე წერილი მიმეწერა ჩემი ლიტერატურის მასწავლებლისთვის,  რომელიც აუცილებლად წაიკითხავდა ჩემს ნაწერს. შინაარსი დაახლოებით  ასეთი იყო: მე წამოვედი რაიონიდან, რომ  მესწავლა. უბრალოდ, ეს აქ არ გამომივიდა. თქვენ რომ მაშინ ყველა გაგვლანძღეთ, ეს მარტო ჩვენი ბრალი არ ყოფილა-მეთქი. ადრე დავამთავრე ჩემი სათქმელი, გამოვედი  ტექნიკუმის ეზოში და  სეირნობა დავიწყე. ბავშვები კი აგრძელებდნენ გადაწერას. ამ დროს ჩემი ჯგუფელი მანჩო მოვიდა  და მითხრა – ყველა შენ გეძებსო. ვიფიქრე, ალბათ ჩემი თემა მოეწონათ-მეთქი. შევედი დირექტორის კაბინეტში. ვინც კი საშიშად გვესახებოდა მოსწავლეებს, ყველა იქ შეკრებილიყო, ის დამსწრეც კომკავშირის ცეკადან. მკითხეს, ეს რა დაგიწერიაო. ვუპასუხე – რასაც ვფიქრობდი ის დავწერე-მეთქი. შემდეგ ყველას გასაგონად წაიკითხეს ჩემი ნაწერი და ნაწერში გრამატიკული შეცდომები აღმომიჩინეს. ამაზე ძალიან ბევრი იცინეს და გამომიშვეს. მეორე დღეს რექტორმა დამიბარა და მითხრა, ეს თემა თავიდან უნდა დაწერო, თორემ ,,მოისმინა”-ს მოგცემთო. მე ვუთხარი: მე დავწერე, რასაც ვფიქრობდი. თუ ,,მოისმინას” მომცემთ, ამას შეიძლება ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ დედაჩემისთვის სულერთი არ იქნება-მეთქი. გამოვედი ოთახიდან, ძალიან მტკიოდა თავი.  თითქოს გზაგასაყარზე ვიყავი, არ ვიცოდი უფსკრულში უნდა გადავვარდნილიყავი, თუ რა მეშველა თავისთვის. რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯგუფელები, მაია და ლიკა დამიჯდნენ და მკარნახობდნენ ტექსტს, რა კარგია ჩემი ტექნიკუმი, რა გადასარევია ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი. ამ ჩემს ,,თავისუფალ თემაში” სამიანი მივიღე. თუმცა, მე მაინც ვემადლიერები ჩემს იმდროინდელ ლექტორს, რადგან იგი ჩემით დაინტერესდა. იქ თიხაზე ვმუშაობდი და ჩემი ნამუშევრები გამოფენებზეც გაჰქონდათ. რექტორმა ეს ნამუშევრები ნახა და დედაჩემი დაიბარა, იქნებ ბავშვს ყურადღება მიაქციოთ, ხატვაში მოამზადოთ, რომ სამხატვრო აკადემიაში გააგრძელოს სწავლაო. თუმცა, ეს ისტორია დღემდე გულში დამრჩა”.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი