ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კრიტიკული აზროვნების  გამომუშავების  მეთოდები ლიტერატურის გაკვეთილზე  

თანამედროვე სკოლაში მასწავლებლების ერთ-ერთ გამოწვევას დღესაც წარმოადგენს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავება.  განათლების  ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში (შესაბამისად, ჩვენს საზოგადოებაშიც) სასკოლო სწავლების საგანმანათლებლო ტრადიცია და მეთოდოლოგია უფრო ამ უნარების დათრგუნვისკენ იყო მიმართული, ვიდრე განვითარებისკენ. ამას ადასტურებს ჩვენს წარსულ გამოცდილებაში  დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ  ტექსტების  და სხვა სასწავლო  ინფორმაციის  ზეპირად დასწავლასა და დამახსოვრებაზე.   შეფასების  სქემა  მოსწავლისთვის სიღრმისა და გააზრების, ინტერპრეტირებისა და პრაქტიკაში  მისი გამოყენების  უნარების გამომუშავებას ვერ უზრუნველყოფდა.  არც მოსწავლეს და არც მასწავლებელს არ ჰქონდა შესაძლებლობა, გადაემუშავებინა, გაეკრიტიკებინა და ეჭვქვეშ დაეყენებინა მოცემული ინფორმაცია, და  ამგვარი გზებით მისულიყო მისთვის მისაღებ თეზისამდე.

სწავლებაში  კრიტიკულ/ანალიტიკური მეთოდების გამოყენება თავისთავად ხელს უწყობს ღია, თავისუფალი, ტოლერანტული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას, რისი ტრადიციაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასა და სკოლებს მწირი აქვს. შესაბამისად, დღესაც მასწავლებლისთვის (განსაკუთრებით ქართული ლიტერატურის მასწავლებლებისათვის) რთულია  მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.

ამ სტატიით მსურს, გაგიზიაროთ  ჩემი გამოცდილება,  როგორ ვამუშავებ მხატვრულ ტექსტებს კრიტიკული კითხვის სტრატეგიით და კრიტიკულ/ანალიტიკური კითხვების დასმის მეთოდით, სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურზე.

ჩვენ განხილული გვაქვს ისეთი ტექსტების დამუშავების ზოგადი მოდელი, რომელიც ეხება იდენტობას, ღირებულებებსა და კულტურას. ეს ზოგადი მოდელი მსურველს შეუძლია, გამოიყენოს მსგავსი პრობლემატიკის ნებისმიერი ტექსტის ანალიზისას. მოცემული მეთოდი მოიცავს როგორც ტექსტის დეკონსტრუქციას და რეკონსტრუქციას, ასევე, გვთავაზობს გზას, როგორ მოახდინოს მოსწავლემ სოციალური კულტურისა და ქცევის შეფასება. ეს პროცესი  მოიცავს ორ ეტაპს:

  1. ტექსტების ინტერპრეტირება-ანალიზს;
  2. კონტექსტუალიზებას.

   პროცესის პირველ ეტაპზე აუცილებელია მოსწავლეს მოცემული ტექსტი (ტექსტის ფრაგმენტი) წავაკითხოთ სამჯერ მაინც. პირველი წაკითხვის შემდეგ ერთობლივი მუშაობით ვსაზღვრავთ  ტექსტის თემას, ძირითად გზავნილს და ვაფასებთ ჩვენს  პირად დამოკიდებულებას ტექსტის ძირითად თეზისთან. მეორედ მოსწავლეები უფრო გამიზნულად კითხულობენ ტექსტს იმისათვის, რომ ტექსტში იპოვონ და გამოყონ ავტორის მიერ წარმოდგენილი საკვანძო სიტყვები, რომელთა მეშვეობითაც ტექსტში იშლება თემა. ამისათვის მოსწავლეებს უნდა მივცეთ მითითება, წაიკითხონ კონკრეტული ნაწილი ანალიტიკური კითხვის მეთოდით, რომლის დროსაც მოსწავლეებმა ფანქრით უნდა ჩაინიშნონ კითხვის პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი კითხვა, მოსაზრება, პოზიცია და აღნიშნონ ტექსტში. ეს შენიშვნები შეიძლება იყოს  წაკითხულზე მათი რეაქციები, კითხვები,  წაკითხულის თაობაზე წარმოშობილი არგუმენტები და დასკვნები. და მესამე წაკითხვისას, უნდა შეფასდეს რამდენად ღირებული ინფორმაცია მივიღეთ ამ ტექსტიდან.

ვინაიდან ტექსტის კითხვის ასეთი მეთოდი გულისხმობს  ერთ საგაკვეთილო საათს, აუცილებელია გავითვალისწინოთ წასაკითხი მასალის მოცულობა. უნდა შეირჩეს ნოველა, ჩანახატი, იგავ-არაკი ან დიდი ნაწარმოების რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწყვეტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება საკვანძო პრობლემა. ამავე მეთოდით შეიძლება  ვიმუშაოთ ლირიკულ ლექსზეც.

ტექსტში ორიენტირების  შემდეგ მოდის ინტერპრეტირება/რეკონსტრუქციის და კონტექსტუალიზების ეტაპი. ცხადია, იმისათვის, რომ მოსწავლეს დავანახოთ ტექსტის მნიშვნელოვნება, ღირებულება და აქტუალობა, მან უნდა მოახდინოს ტექსტის კონტექსტუალიზება, ტექსტში მოცემული ამბავი უნდა დააკავშიროს საკუთარ ცხოვრებასთან გარემოსთან, ამისთვის კი მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესში მივყვეთ მოსწავლეთა მიერ ტექსტში გაკეთებული კომენტარების ანალიზს და დავსვათ ანალიტიკური მაპროვოცირებელი შეკითხვები. საწყის ეტაპზე, ცხადია, კითხვები იქნება ზოგადი სახის. მაგალითად:

  • რატომ მოიპოვა აღიარება ამ ტექსტმა მოცემულ კონკრეტულ საზოგადოებაში, გნებავთ, მსოფლიო მასშტაბით?
  • ვინ შექმნა ტექსტი?
  • ვინ არი ავტორის სავარაუდო აუდიტორი?
  • რა შეიძლება მივიჩნიოთ ტექსტის ღირებულებად?
  • რა არის საკამათო და რთულად გასაზიარებელი ჩვენთვის?

ამგვარი პროცესის წასახალისებლად, შესაძლებელია კითხვები შემდეგი სახითაც ჩამოვაყალიბოთ – მაგალითად, თუ ნაწარმოების თემა ეხება იდენტობებს (პიროვნულს, სოციალურს, კულტურულს, ნაციონალურს ან სხვას), დავსვათ შედეგი შეკითხვები:

  • რა არის იდენტობა?
  • როგორ ფორმირდება ჩვენი იდენტობები (პიროვნული, სოციალური კულტურული, ნაციონალური)?
  • რას ფიქრობენ სხვები ჩვენ შესახებ და რას ფიქრობ შენ საკუთარ თავზე?
  • როგორ და რამდენად განაპირობებს იდენტობა ურთიერთოებების ფორმებს  და გამოცდილებების  შეძენის პროცესს?
  • როდის უნდა დაუპირისპირდეს ინდივიდი  სხვა ინდივიდს, ან უფრო დიდ ჯგუფს?

შემდეგ კარგი იქნება, მოსწავლეებს ვთხოვოთ, გაიხსენონ, რაც შეიძლება მეტი ტექსტი, ფილმი, ფაქტი მსგავს პრობლემაზე/საკითხზე.  კრიტიკული კითხვისა და  ანალიზის პროცესში შემდეგი ფაზა ამ შეკითხვების გავრცობას გულისხმობს. განმავითარებელი შეკითხვები უნდა იყოს ღია ტიპის და არ უნდა შეიზღუდოს მხოლოდ ერთი სწორი პასუხით. ისინი უნდა იყოს  მაპროვოცირებელი და საკამათო. მოსწავლეებისგან პასუხების ძიების პროცესში განსახილველი ტექსტის  შინაარსი, ამ საკითხთან დაკავშირებული ცოდნა და მათი პერსონალური გამოცდილება ერთმანეთს უნდა მოიცავდეს.

მაგალითად, თუ განვიხილავთ და ვმსჯელობთ იდენტობების შესახებ, მსჯელობის პროცესში უნდა აღინიშნოს, რომ იდენტობა შეიძლება განისაზღვროს, როგორც უნიკალური ინდივიდუალური ან ჯგუფური მოცემულობა; რომ პიროვნებისა და/ან ჯგუფის იდენტობა იშვიათად არის სტატიკური და რომ ის მუდმივად იცვლება შიდა და გარე ფაქტორების გავლენით, დროის, ეპოქის  კონტექსტის შესაბამისად. იდენტობის ცვალებადი ბუნება კი თავისთავად გვაყენებს არჩევნისა და გადაწყვეტილებების პირისპირ. მნიშვნელოვანია, ბავშვებს ავუხსნათ, რომ ადამიანებმა, საზოგადოების წევრებმა, არათუ არ უნდა დაივიწყონ, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მუდამ ახსოვდეთ, რომ მათ შეუძლიათ გავლენის მოხდენა სიტუაციებსა და გარემოზე თავიანთი არჩევნითა და გადაწყვეტილებებით. ცხადია, ზოგი გადაწყვეტილება უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ზოგი – ნაკლებად,  როცა პიროვნება დგას არჩევანის წინაშე, ინდივიდმა თვითონ უნდა  შეძლოს, შეაფასოს, რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის სასურველი, დადებითი შედეგის მომტანი, პრაქტიკული და ეფექტიანი. ასეთ დროს კითხვები  შეიძლება ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  1. როგორ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება?
  2. რას გულისხმობს სწორი გადაწყვეტილება?
  3. რა ურთიერთკავშირი შეიძლება დავამყაროთ გადაწყვეტილებასა და მიღებულ შედეგს შორის?
  4. როგორ შეიძლება პიროვნების გადაწყვეტილებამ  ან ქმედებამ შეცვალოს მეორე პირის ცხოვრება?
  5. როგორ იღებენ გადაწყვეტილებას და მოქმედებენ  პერსონაჟები, როგორ ამჟღავნებენ, ავითარებენ  ან ცვლიან თავის იდენტობას?
  6. როგორ მიიღება მათ მიერ გადაწყვეტილება, როგორ მოქმედებენ და როგორ ექვემდებარებიან იმ განსხვავებულ პერსპექტივებს, რომელშიც ხალხია ჩართული?

წარმატებული გადაწყვეტილების, არჩევნის შეფასება და განსაზღვრა უმეტესად დასტურდება იმ ქმედებით, შედეგითა და გავლენით, რომელსაც კონკრეტული პირები საკუთარი მიზნების მისაღწევად სჩადიან. აქვე უნდა აღვნიშნოთ კონფლიქტისა და დაბრკოლებების  შესახებაც. დაბრკოლებები პიროვნებასა და მის ოცნებას/მიზანს შორის შეიძლება გამოხატული იყოს მრავალი გარემოებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ინდივიდმა პიროვნული სიმტკიცით უნდა დაიძლიოს. ეს პროცესი, ცხადია, გულისხმობს კონფლიქტსაც თავად პიროვნებაში, ან  პიროვნებებს შორის, ან პირსა და უფრო დიდ  სოციალურ ჯგუფს შორის. გაუგებრობები წარმოიქმნება მაშინ,  როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ სიტუაციას სხვისი პოზიციიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ და შევაფასოთ მოვლენა, პროცესი, ფაქტი სხვისი თვალსაზრისითაც. კითხვები ამგვარი კონფლიქტების ანალიზისთვის შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შემდეგი სახით:

  1. რა ტიპის კონფლიქტების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ჩვენი მიზნების ძიებისას?
  2. ვინ გახსენდებათ წარსულში ისეთი, ვინც მსგავსი ტიპის კონფლიქტებისა და სირთულეების წინაშე აღმოჩნდა?
  3. რა პიროვნული თვისებები დაეხმარა მათ მოცემული კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაში?
  4. როგორ სტიმულს აძლევს ხალხს ამგვარი ფაქტები თავიანთი მიზნების განსახორციელებლად?
  5. პრობლემის გადაჭრის რომელი სტრატეგიების გამოყენება შეუძლიათ ადამიანებს კონფლიქტის სამართავად?

ჩვენ მიერ განხილული მეთოდი მოსწავლეს უვითარებს ცოდნის მიღების, მისი რეფლექსიისა და რეალიზაციის უნარ-ჩვევას. კრიტიკული კითხვის მეთოდი იძლევა მოტივაციას, წაიკითხონ/შეიმეცნონ მეტი ჩვენი სამყაროს შესახებ. ზეგავლენა მოახდინონ მთელი რიგი ღირებულებების გადაფასებისა და რაც მთავარია, სოციალური ქცევის ცვლილების პროცესზე, რაც დღეისათვის ჩვენს საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესია, რათა მოხდეს თეორიული მასალიდან მოსწავლეთა ახალი ქცევითი მოდელების ფორმირება.

გაკვეთილის ბოლოს მიღებულ შედეგებს ვაანალიზებთ და ვაფასებთ  წყვილებში მოსაზრებების გაცვლისა და გაზიარების  მეთოდით, რაც გულისხმობს შემდეგს: ვაძლევთ მოსწავლეებს ერთ წუთს, იფიქრონ წყნარად და დამოუკიდებლად  თავიანთ კითხვებსა და პასუხებზე. დროის გასვლის შემდეგ მიუბრუნდებიან თავიანთ მეწყვილეს და განიხილავენ საკუთარ მოსაზრებებს; ნათლად აუხსნიან მეწყვილეს, რომელ მოსაზრებებზე დაყრდნობით მივიდნენ ამ პასუხებამდე; მოუსმენენ ყურადღებით მეწყვილის პასუხს და ყურადღებას მიაქცევენ იმ მსგავსებებსა და განსხვავებს, რომლებიც მათ პასუხებს შორის იქნება. თუ რაიმე ბუნდოვანი დარჩა, სთხოვენ პარტნიორს, უფრო ნათლად განმარტოს ისინი. შემდეგ ისინი კლასის წინაშე ერთობლივ პოზიციას წარმოადგენენ.

ასევე, შესაძლებელია მოსწავლეებმა სათითაოდ თორმეტი ან უფრო ნაკლები სიტყვით შეაჯამონ გაკვეთილის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტები.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორი ტიპის ტექსტებს ვასწავლით მოსწავლეებს. ჩვენს შემთხვევაში, არსებითია, თავად მეთოდისა და მიდგომების პროცესი ტექსტების წაკითხვისა და გააზრებისას.  კრიტიკული კითხვის მეთოდის გამოყენებით სწავლება ნიშნავს მოსწავლეებში ისეთი კრიტიკული აზროვნების ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა აზრის ჩამოყალიბების უნარი, მრავალფეროვანი მოსაზრებების გამოხატვის უნარი, ღირებულების  ფორმირება, წაკითხული მასალის  პირად გამოცდილებასთან და რეალობასთან შედარების, დაკავშირებისა და ყოველდღიურ პრაქტიკულ ცხოვრებაში გამოყენების უნარები.

 

იმისთვის, რომ აღვზარდოთ ტოლერანტული სამოქალაქო საზოგადოება,   მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს სკოლებში თანამედროვე მიდგომების გამოყენებით ლიტერატურის სწავლებას. ჩვენს შემთხვევაში კი, ლიტერატურის სწავლება კრიტიკული კითხვის მეთოდების გამოყენებით ასეთი განმსაზღვრელი უნარებისა და ღირებულებების ფორმირების საფუძველს წარმოადგენს.  

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ჩეპმენი, კეროლინ; კინგი, რიტა. კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები სხვადასხვა საგანში. თბილისი, 2016
  2. Gallagher, Chris W.; Peter Gray M. and Stenberg Shari Teacher Narratives as Interruptive: Toward Critical Colleagueship  symplokē, Vol. 10, No. 1/2, The Sites of Pedagogy (2002), pp. 32-51
  3. Janet W. Adams A case Study ; Using lessons study to uderstans factors that affect teaching reative and critical thinking in the elementary lassroom. Drexel University,2013
  4. James M. Wile, & Linda Ulqini Developing Critical Thinking Skills in Eastern Europe. 2003
  5. Thorpe, Vivian Cameron, A survey of methods, procedures, and materials used for

teaching critical thinking in a selected school system.The University of North Carolina at Greensboro, 1989

  1. Teaching Critical Reading Graduate student Instructor ,https://gsi.berkeley.edu/media/Reading.pdf
  2. Schoch Keith. 13 ways to Engage Students from Beginning to End: Active Lesson Openers and Closers. 2013. https://howtoteachanovel.blogspot.com/2013/02/13-ways-to-engage-students-from.html

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი