ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

დიალექტის  საკითხი და  თანამედროვე ქართული ლიტერატურის უახლესი თარგმანები

ლიტერატურული თარგმანი არა მხოლოდ ტექსტის, არამედ ენობრივი კონცეფციის, კულტურული კონტექსტის, ეთნოსოციალური თვითმყოფადობის, მხატვრული რეალობის სხვა ენაზე გადატანის ცდაა, შესაბამისად, ყოველი ახალი თარგმანი ახალი ენობრივი სინამდვილის შექმნაა.

მხატვრული ნაწარმოების თარგმნისას მრავალი სირთულე იჩენს თავს, იქნება ეს მწერლის ენისა და სტილის მაქსიმალურად სრულყოფილად შენარჩუნება, ენობრივი სისტემის ცვლა, ფრაზეოლოგიზმებისა თუ სხვადასხვა ტროპული ერთეულებისათვის საუკეთესო ეკვივალენტის მოძებნა და ა.შ. ერთ-ერთი ასეთ პრობლემათაგანი ლიტერატურული ნაწარმოების თარგმნისას  დიალექტისა და სოციოლექტის სხვა ენაზე გადატანაა. როგორ ვთარგმნოთ დიალექტი? რა საშუალებები და მიდგომები არსებობს, როგორია საუკეთესო გამოსავალი რთული და თავისებული ენობრივი რეალობის სხვა კულტურულ კონტექსტში აჟღერებისას, თანაც ისე, რომ ნაწარმოების აზრი, ის კონცეფცია არ დაიკარგოს, რომელსაც ავტორი გულისხმობს ტექსტში დიალექტური რეალობის ასახვისას.

დიალექტი და სოციოლექტი ხშირად მხოლოდ პერსონაჟის იდენტიფიკაციის ან გეოგრაფიული კუთვნილების მაჩვენებელი კი არა, უმთავრესი მხატვრული საშუალებაცაა. მეტიც, დიალექტის გამოყენებამ პოეზიაში შესაძლოა ცალკე მიმართულებაც კი წარმოშვას, როგორიცაა, მაგალითად, იტალიური დიალექტური პოეზია, ავსტრიული და სხვა. ვილანდ შმიტი თავის ესეიში “პოეტი ჰ. კ. არტმანი“ წერს: „რაში მდგომარეობს არტმანის უეცარი წარმატების მიზეზი? ახალი და თვითმყოფადი მის ჟარგონულ ლექსებში ის გახლავთ, რომ იგი ახერხებს ენის მოხელთებას მისი ქმნადობის პროცესშივე, – იქ, სადაც ის ენად იქცევა, სადაც ის ყველაზე ცოცხალი და დასაბამიერია. იგი ჩასწვდა დიალექტის ფესვს, იმ წიაღს, სადაც ის ითხზება და იქსოვება, სადაც სინამდვილესთან შეხვედრისას იბადება ხატოვანი და პლასტიკური გამოთქმა, რომელშიც ეს სინამდვილე თავის სიცოცხლეს განაგრძობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი ყველა გამოგონება და აღმოჩენა სრულიად ბუნებრივ ხასიათს ატარებს: პოეტის მაგიერ ენა გვევლინება შემოქმედად, თავად მას კი მხოლოდ პირის გაღებაღა უწევს“. (@”არილი”)

ქართული თარგმანის მდიდარი და ხანგრძლივი ისტორია, რასაკვირველია, გულისხმობს დიალექტის თარგმანისადმი განსხვავებული დამოკიდებულებების არსებობას. სხვადასხვა დროს ქართულ ენაზე თუ ქართული ენიდან ითარგმნებოდა ისეთი მხატვრული ტექსტები, სადაც დიალექტური მეტყველება ავტორის სტილის, ნაწარმოების ჟანრისა თუ სტილისტიკის, პერსონაჟის თავისებურებების, ლიტერატურული ტოპოსის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ნიშანია. როგორ ვთარგმნით დიალექტს? ვპოულობთ მის მსგავს დიალექტს იმ ენაში, რომელზეც ვთარგმნით? ვთარგმნით სალიტერატურო ენაზე მცირედი სტილისტური დაკონკრეტებებით? ვქმნით ახალ, ხელოვნურ დიალექტს?

ის, რომ დიალექტის უგულებელყოფა თარგმანისას არ შეიძლება, ცალსახაა, ხშირად, დიალექტი არა უბრალოდ ლინგვისტური რეალობა, არამედ სოციოლიგვისტური ერთეულია, როგორც, მაგალითად, აშშ-ში მცხოვრებ აფროამერიკელთა ზოგიერთი მეტყველების ტიპი, რომელსაც ზოგიერთი ენათმეცნიერი ეთნოსოციალური დიალექტის ტიპსაც მიაკუთვნებს.

დიალექტის სხვა ენაში გადატანის პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, სხვა ენის ეკვივალენტის შერჩევას, ლინგვისტური ნიშნების გარდა, კულტურული კონტექსტი, ტემპერამენტი, ეთნოთავისებურება, სოციალური ხასიათი და სხვა მეტალინგვისტური ნიშნები  უნდა განაპირობებდეს. ძალიან ხშირად, დიალექტური თავისებურებები არ ითარგმნება. ამიტომ, ჩვენ, როდესაც სხვა ენაზე თარგმნილ ამა თუ იმ მხატვრულ ტექსტს ვკითხულობთ, ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ორიგინალში დიალექტური მეტყველებაა. ყველაზე მარტივი მაგალითი, ალბათ,  ასტრიდ ლინდგრენის „ლიონებერგელი ემილის თავგადასავალია“, სადაც დიალოგებში ხშირად გამოიყენება სმოლანდური დიალექტური მეტყველება, ხოლო თარგმანში მხოლოდ გარკვეული სტილისტური თავისებურებებით გამოიხატება მისი თავისებურება, ასე გაჩნდა მაგალითისთვის, ემილის „კეპუკა“, რომელიც არა კნინობითი სუფიქსით გამოხატული არსებითი, არამედ ამ არსებითი სახელის დიალექტური ვარიანტია ორიგინალში.

როგორ იქცევა მთარგმნელი, რა გზას ირჩევს? მიდგომა სხვადასხვაგვარია, მაგალითად, პიერ პაოლო პაზოლინის „ქუჩის ბიჭების“ მთარგმნელი, ხათუნა ცხადაძე დიალექტის გადმოტანას ეწინააღმდეგება: „მთარგმნელისთვის პაზოლინის ნებისმიერი ტექსტი ურთულესი სამუშაოა. მის რომანებში რამდენიმე ენობრივი შრე იკვეთება: გარდა დიალექტისა, უმნიშვნელოვანესია სოციალური გარემო, რომელიც თარგმანში ისეთივე რთული გადასატანია, როგორც დიალექტი. პაზოლინის პერსონაჟები დაბალი ფენის, ლამის წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არიან. რომ შემეძლოს, კამერით ავედევნებოდი მთელი დღის მანძილზე და თითოეულ მათ სიტყვას, ნაბიჯს გადავიღებდიო – ამბობს ერთგან. ბუნებრივია, ასეთი წიგნი თარგმანში ბევრს კარგავს. დიალექტის დიალექტით გადმოტანას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ერთი ენის ამა თუ იმ დიალექტის სხვა ენის რომელიმე დიალექტით გადმოტანა გამოუსწორებლად აფუჭებს წიგნის კულტურულ გარემოს, სრულიად წყვეტს მკითხველს ორიგინალს, რაც დაუშვებელია. რომელ ქართულ დიალექტზე შეიძლება უქცევდეს რომაელი ბიჭი თარგმანში: გურულად? იმერულად? თუ ქართლ-კახურად ან მთიულურად? ეს ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელია. დიალექტის ენობრივი შრე თარგმანში თითქმის იკარგება და მხოლოდ სოციალური შრით თუ „ითამაშებს” მთარგმნელი, ე.წ. ენის „რეგისტრით”. (@”არილი”)

როგორი მდგომარეობაა ქართული ლიტერატურის უცხოურ თარგმანებში? როგორ გადადის დიალექტური მახასიათებლები? იშვიათი გამონაკლისების გარდა, მთარგმნელები ტექსტის დიალექტური შეფერილობის სხვა ენაზე რეპრეზენტაციას ვერ ახერხებენ ან სხვა საშუალებებით ცდილობენ. მაგალითისთვის, კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენის“ რუსულ და ინგლისურ თარგმანებში თითქმის არ არის დიალექტური ლექსიკა, რომელსაც ხშირად იყენებს ავტორი ორიგინალში. ასევეა ნოდარ დუმბაძის პროზის შემთხვევაში, სადაც რუსულმა თარგმანმა არანაირი დიალექტური მახასიათებელი არ შეინარჩუნა.

2018 წლის ოქტომბერში საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნების ბაზრობის საპატიო ქვეყანაა, რაც   მრავალი კუთხითაა მნიშვნელოვანი.

ქართული ლიტერატურის შანსი, თავისი სათქმელი გააგებინოს მსოფლიოს, აბსოლუტურად გამოუყენებელი იქნება კარგი, სწორი ლიტერატურული თარგმანების ნაკლებობის ან არარსებობის შემთხვევაში. ამიტომაც, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უცხოურ გამომცემლობებთან ქართული, (განსაკუთრებით თანამედროვე) ლიტერატურის თარგმანის თაობაზე. ეს სისტემური მუშაობა კარგ შედეგებსაც იძლევა, 2018 წელს ქართული ლიტერატურა 300-მდე თარგმანით ეცდება თავი გააცნოს მსოფლიოს.

როგორია ეს თარგმანები, რა სირთულეები და პრობლემები იკვეთება თარგმანისას? როგორია თანამედროვე ქართული ლიტერატურის დიალექტური შეფერილობა? როგორ იყენებენ თანამედროვე ქართველი ავტორები ქართული ენის ამოუწურავ საშუალებებს?

თუ უახლეს ქართულ ლიტერატურას გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ ტექსტის სტილისტური გაფორმების საშუალებად, მხატვრულ ხერხად ან პერსონაჟის მეტყველების მახასიათებლად სულ უფრო და უფრო ნაკლებად გამოიყენება დიალექტი. ეს შესაძლებელია იმის ბრალიცაა, რომ ლიტერატურული პროცესი ძირითადად დედაქალაქში, ლიტერატურული ენის პირობებში მიმდინარეობს ან თანამედროვე ლიტერატურის ახალი მიმდინარეობები ნაკლებად გამოიყენებენ მრავალფეროვან ენობრივ საშუალებებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ თანამედროვე პროზაში უფრო ქალაქური მეტყველების სხვადასხვა ფორმები, ჩვეულებრივი, სალიტერატურო ენის მარტივი ვარიანტი, ე.წ. ყოველდღიური ენა გამოიყენება, თუმცა, რასაკვირევლია, არსებობს გამონაკლისები. იმისათვის, რომ თარგმანის პროცესზე, დიალექტისა და სოციოლექტის სხვა ენაზე გადატანის სპეციფიკაზე ვისაუბროთ, ავარჩიეთ რამდენიმე ტექსტი,  რომელიც სულ ახლახან ითარგმნა სხვადასხვა ენებზე

  აკა მორჩილაძე, „სანტა ესპერანსა“ ( მთარგმნელი ნათია მიქელაძე)

აკა მორჩილაძის პროზის მთავარი ხიბლი და წარმატების მიზეზი ავტორის ლინგვისტური განსწავლულობა, ენობრივი ექსპერიმენტებით თამაში, ენისა და დიალექტების ღრმა ცოდნაა, რაც მის ყველა ნაწარმოებში ვლინდება. განსაკუთრებით საინტერესო ენობრივი ექსპერიმენტია მისი რომანი „სანტა ესპერანსა“.

„სანტა ესპერანსა“ გამოგონილი ლიტერატურული ტოპოსია, გამოგონილი ქვეყანა და დიალექტიც გამოგონილი, ხელოვნური აქვს. ქართული ენის რამდენიმე დიალექტის თვისებებს ატარებს. ძალიან წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა მთარგმნელის, ნათია მიქელაძის გადაწყვეტილება: „სუნგალები ხომ არარსებულნი არიან – არც სვანები არიან, არც კახელები. კუთხური უნდა გადმოიტანო, როგორც გერმანიაშიც არ არსებობს, ფიქტიურია. მე რაღაც შვაბიური ლექსიკონი ვიყიდე და ეს შვაბურ-საქსონური სტილი შეიქმნა, რომ არ ყოფილიყო დამახასიათებელი არც შვაბებისთვის, არც საქსონელებისთვის, მაგრამ გამოსულიყო როგორც დიალექტი“

 

კოტე ჯანდიერი „გლობალიზაცია“ (მთარგმნელები ნატალია ბუკია-პიტერსი და ვიქტორია ფილდი)

 

„გლობალიზაცია“ თავიდან ბოლომდე დიალექტური ტექსტია, დეტალებამდე ზუსტი, ცოცხალი კახური დიალექტი მოთხრობას განსაკუთრებულ ელფერს ანიჭებს.

„იმ ყოფაში ვიყავით, რო ჩვენ ღობეს ეტლი მაადგა. იქიდან აცრემლებული ანიჩკა გადმოვარდა

და ჩემკენ გამეექანა გულამომჯდარი. გავიხედე -ელიჩკა ვახვახიშვილი და მაგისი ძმისწული, ელიზბარაც არ გადმოდიან?! მაგითთვინ უხიფათო არ იყო ესრეთ დროსა და ვითარებაში ჩვენ ოჯახში მოსვლა, რად უნდა ლაპარაკი! მარტოკინა მაინც არ გამოუშვეს ჩემი და… წარმაიდგინეთ, არც თელაველ

სტუმრებს გამეეგება ვანა. ერთადერთი, როცა ოთახში შემოლაგდნენ, ფეხზე წამოდგა და ხელი ჩამაართვა. დავსხედით სკამებზე. ელიჩკამ ფუთას თავი მოხსნა და იქიდან თბილი საცვლები, წინდები და ნაქსოვიხელთათმანები ამაალაგა. მერე

პაპაჩემს გახედა და თქვა: „ვანა, თბილისში უნდა წახვიდე. ბიჭს თბილები დასჭირდება;

მეტადრე თუ გააციმბირეს… ამ ქაღალდს კი ენკავედეში დასტოვებ. შეწყალების თხოვნაა. მე დაგიწერე. შენ მარტო ხელი მააწერე და კანცელარიაში მიიტანე, ოღონდაც გააკანტროლე, ჟურნალში გაატარონ და ზედ ნომერი დაასვან.“

ამავე ეპიზოდის ინგლისურ თარგმანს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დიალექტური მეტყველების კვალიც არ არის. მთარგმნელთა გადაწყვეტილებით, ტექსტი ლიტერატურულ ინგლისურზე ითარგმნა, თუმცა, სასაუბრო სტილის სიმარტივის წყალობით, თარგმანში ერთგვარი ინტიმურობა და გულწრფელობა შენარჩუნებულია.

 

დიალექტური მეტყველების თარგმნისას იკვეთება მთარგმნელთა გადაწყვეტილების ორი ძირითადი მიმართულება

  1. დიალექტი გადადის დიალექტით, თუნდაც მხოლოდ ლექსიკურ ან ფონეტიკურ დონეზე;
  2. დიალექტი ითარგმნება სალიტერატურო ენით, თუმცა მეტყველების გარკვეული მახასიათებლების საშუალებით, ინარჩუნებს მცირე განსხვავებას და სტილისტურ შეფერილობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი