პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი რესურსი

ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი სასარგებლო ბაზა შეემატა. უკვე წლებია, ამ თემაზე ვმუშაობთ. წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება მხოლოდ მისი დამფუძნებლები არ ყოფილა – ეს დიდი და ყოვლისმომცველი მოძრაობა გახლდათ, რომელშიც საზოგადოების ყველა ფენა უშურველად იყო ჩართული. დღემდე მიკვირს იმ ერთიანობისა, რადგან, მოგეხსენებათ, სად–სად და ამ საქმეში ძალიან გვიჭირს. მე თუ მკითხავთ, საქართველო იმ სახით და საყრდენებით, რასაც დღეს ვხედავთ და ვგულისხმობთ, სწორედ ამ მოძრაობამ განაპირობა.

 

უღრმესი მადლობა იმ დიდი გამოხმაურებისთვის, – მოწონებისთვის, შენიშვნებისა და თანამშრომლობისთვის, – რაც ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა ელექტრონული საძიებო სისტემის შექმნას მოჰყვა. აი, ბმულიც: https://www.nplg.gov.ge/ilia/ka/ . ეს პროექტი უკვე გვერდით ამოუდგა სხვა გიგანტურ პლატფორმებს, ამ წლებში რომ შევქმენით: ციფრულ ფოტომატიანეს, ელექტრონულ მუზეუმს, ელექტრონულ ბიბლიოთეკა ივერიელს, ბიბლიოვიკის, სასკოლო ლიტერატურას, ლექსიკონებსა და უდიდეს ელექტრონულ კატალოგს.

მინდა გითხრათ, ეს ძალიან რთული და მრავალმხრივი საქმეა. შესაბამისად, როგორც, მაგალითად #ციფრულიფოტომატიანეს შემთხვევაში, თქვენ შეხვდებით უამრავ დაუდგენელ ცნობას, რომლებსაც, შეძლებისამებრ, ყოველწუთიერად ვამოწმებთ. სამუშაო პროცესი იმას არ ნიშნავს, რომ სადმე მზა მონაცემები არსებობს, რომლებსაც ხელს მოვკიდებთ და უბრალოდ ინტერნეტში განვათავსებთ, თუმცა ესეც საქმე იქნებოდა. ჩვენ ცალ–ცალკე, ოჯახ–ოჯახ ვეძებთ, ვიწერთ და ვაზუსტებთ ბიოგრაფიულ ცნობებსა თუ ბიბლიოგრაფიას, მოვიპოვებთ, ვადარებთ, ვამუშავებთ და ვათავსებთ ფოტოებს, ვხვეწთ საიტის ტექნიკურ მონაცემებს. პროექტს რუსუდან სტურუა და ლევან თაქთაქიშვილი უძღვებიან. ეს სამუშაო წლებია მიმდინარეობს და ძალიან სასიხარულოა, რომ ახლა ეროვნული არქივიც აქტიურად შემოგვიერთდა. ამჟამად ბაზაში 15.232 პირია შეყვანილი. როცა ეს ნაწერი თქვენამდე მოაღწევს, შესაძლოა ნუსხა უფრო მეტადაც იყოს გაზრდილი. ამიტომაც, მოგიწოდებთ ყველას, მოძებნეთ თქვენი წინაპარი და მოგვაწოდეთ მონაცემები საიტზე მითითებულ ნომერზე. გახდით დიდი საქმის თანამონაწილე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი