პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

სწავლის მოტივაციის შიდა ფაქტორები

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას?
ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვიხილოთ, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში.

მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა
ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.

სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის  ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი  იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.

სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.  

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური და აუდიომასალით; მოკლე ისტორიული ექსკურსით და ა.შ.

2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. წარმატების განცდა მოსწავლეს, საზოგადოდ, ადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად.

როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?

ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ. მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას. საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი პოზიტიური მხარის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში _ კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.

თვითრწმენის განმტკიცება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების საფუძვლად.
3. დამოკიდებულება

რა არის დამოკიდებულება?

დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა.შ. პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება. ის დამოკიდებულია გარე სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზე და მომდინარეობს ადამიანის ფიქრებიდან, ემოციებიდან, გრძნობებიდან და გამოცდილებიდან. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უმთავრესად ის გარემო, საზოგადოება, რელიგია, კულტურა და ტრადიცია განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოკიდებულების შეცვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემო, სადაც ღირებულებების, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმების შეფასება-გადაფასება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები და სხვ. გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ ადამიანის ფიქრები, ემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. აი, ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
ვიდრე უშუალოდ სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულების განხილვას შევუდგებოდეთ, გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს, რომელთა გააზრებაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, ადეკვატურად დაგეგმოს და გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

1. აფექტური კომპონენტი  მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან. ასეთი დამოკიდებულება ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის შინაგანი მიმართებების, გრძნობებისა და განცდების გამოხატულებაა.

2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში. ასეთი დამოკიდებულება უმეტესად საკუთარ ან სხვების ქმედებებზე დაკვირვების შედეგად ყალიბდება.

3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.  
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას? ამისათვის:

. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე; 
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი; 
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები

მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს  ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?

ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას, რომელიც სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებას ეხებოდა. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.

მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი