საშინაო დავალება და პირველი კლასი (პირველი ნაწილი) 

დიდი თავსატეხია, მივცეთ თუ არა საერთოდ საშინაო დავალება, რა მოცულობის უნდა იყოს ის, როგორი ტიპის, როგორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ, რომ მოსწავლე შინ, დამოუკიდებელ მუშაობასაც მიეჩვიოს და, ამავე დროს, რუტინისგან თავმობეზრებულმა სწავლის მოტივაცია არ დაკარგოს. განსაკუთრებით რთული, საპასუხისმგებლო და ფაქიზი ეს პრობლემა პირველ კლასშია, როდესაც პატარა ადამიანებს ისედაც მრავალ სირთულესთან გამკლავება უწევთ –  ახალი სივრცე, ახალი ადამიანები, მოვალეობები, დედა შორსაა და ვერაფერს მიშველის…

საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ ერთი უმთავრესი რამ გვავიწყდება, როდესაც სასწავლო პროცესს ვგეგმავთ. სწავლის პროცესში ბავშვიც და მასწავლებელიც ბედნიერი უნდა იყოს, სწავლა სიამოვნებაა და არა რუტინა, ახლის შემეცნება ბედნიერებაა და არა დამთრგუნველი მოვალეობა. სწავლის სწავლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაციით გამოვტენოთ პატარების ტვინები. შესაბამისად, ჩვენ, მშობლებმაც უნდა შევცვალოთ პრიორიტეტები, თუ პირველკლასელი სხაპასხუპით კითხულობს, 100-ის ფარგლებში ანგარიშობს, მაგრამ სკოლაში სიარული აღარ უნდა, მოტივაცია აღარ აქვს, გადაღლილია, რაღაც რიგზე ვერაა.

დავალებაც ამ მიმართულებით შევადგინოთ, ვცადოთ, რაც შეიძლება მეტად გავახალისოთ,  ჩემი აზრით, არცთუ სრულყოფილი სახელმძღვანელოები, დავალება უფრო ფერადი და მხიარული გავხადოთ. პირველ რიგში, მოსწავლეებს ჰკითხეთ, რა ტიპის დავალების შესრულება ურჩევნიათ, თანაც დაიმახსოვრეთ, რომ პირველი კლასის მოსწავლე დავალებას ძალიან მალე უნდა ამთავრებდეს, დავალება დიდ დროის არ უნდა მოითხოვდეს მისგან. მოტივაციის გასაზრდელად მოიფიქრეთ თავსატეხები, კროსვორდები, თამაშები, მიეცით დავალებას არასტანდარტული ფორმა. იმ მასალის მიხედვით, რომელსაც ახსნით, სთხოვეთ, თავად მოიფიქრონ  საშინაო დავალება, რომელსაც თქვენ, როგორც მოსწავლეს დაგავალებდნენ. როლების გაცვლა შესანიშნავი რამაა, თქვენც ატარეთ თქვენი დავალების რვეული, რომელსაც მოსწავლეებს შეასწორებინებთ-ხოლმე.

აი, მაგალითად, დავალების სახეები პირველი კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებისთვის.

  1. ორი ტექსტის ინტეგრაცია:

ვიღებთ ორ ტექსტს, ერთს განვლილი მასალიდან, მეორეს  – ახალს. გარდა იმისა, რომ კითხვისას ვიყენებთ თანამედროვე მეთოდებს, ვსვამთ კითხვას – რა მოხდებოდა, ერთმანეთს რომ შეხვედროდა ამ ორი ტექსტის სხვადასხვა პერსონაჟი? გაკვეთილზე ვიწყებთ მსჯელობას, ვანაწილებთ როლებს, ვაკეთებთ ათასგვარ სიტუაციურ სავარჯიშოს, შინ კი დავალებად ვაძლევთ, დახატონ ეს ორი პერსონაჟი და კიდევ ერთი, მესამე, რომელსაც მათ შეახვედრებენ.  მოიფიქრონ, რა მოხდება ამ შეხვედრისას და როდესაც გაკვეთილზე მოვლენ, გვიამბონ ამის შესახებ. ამ გაკვეთილის გაგრძელება მარტივი კომიქსის შექმნა იქნება.

  1. ერთი ნივთი შენი სახლიდან:

დავალებად ვაძლევთ, დახატონ რომელიმე ნივთი, რომელიც, ვთქვათ, მათ სახლში,  ჭურჭლის კარადაში დევს და სამი ისეთი სიტყვა მოიფიქრონ, რომელიც ამ ნივთს აღწერს. (შეგვიძლია, დავალება დავაკონკრეტოთ და ვთხოვოთ, ჩაწერონ ამ ნივთის ფორმა, ფერი და დანიშნულება).

  1. გზა სკოლიდან სახლში:

მოსწავლეებს ვავალებთ, დააკვირდნენ მარშრუტს, სანამ სკოლიდან სახლში ბრუნდებიან და რვეულში ჩაიწერონ 4 უსულო საგანი, რომელიც გზად შემოხვდათ, 2 სულიერი არსება  და სამი მწვანე ფერის ნივთი. (მაგალითად, მანქანა, შუქნიშნის მწვანე ფერი და რომელიმე შემხვედრის მწვანე მაისური)

  1. მოიტანე საყვარელი წიგნი:

ვავალებთ, სკოლაში  წამოიღონ თავიანთი საყვარელი წიგნი, ხოლო რვეულში ამოწერონ მწერლისა და 2 პერსონაჟის სახელი და წიგნის დასახელება. გაკვეთილზე კი მოკლედ გვიამბონ, რატომ წამოიღეს ესა თუ ის წიგნი.

  1. ანახე შენი ნახატი მშობელს:

კლასში ვხატავთ ნახატს, რომელიც უკავშირდება პროგრამულ ტექსტს  ან რომელიმე თავისუფალ თემას. ვატანთ შინ და ვთხოვთ, ანახონ ნახატი მშობლებს და ჰკითხონ, რას ხედავენ ამ ნახატზე. მშობელს ევალება ერთი წინადადებით ჩაწეროს ის, რასაც შვილის ნახატზე დაინახავს, ხოლო მოსწავლე თავის მხრივ, ასევე ერთი წინადადებით მიაწერს მშობლის შთაბეჭდილების ქვეშ, სწორად გამოიცნო თუ არა მან ნახატი.

  1. მოვძებნოთ „უსახელო“ საგნები, ან ისეთი საგნები, რომელთა დასახელებაც არ მოგვწონს და ვცადოთ მათთვის სიტყვების მოფიქრება. დავალება ძალიან სახალისოა, არარსებული სიტყვების გამოგონებით მხიარულ ფონეტიკურ სავარჯიშოებს ვასრულებთ.
  2. მოიფიქრე რეცეპტი და მოამზადე სალათა. მოსწავლეებს ვთხოვთ, მოიფიქრონ 5 ინგრედიენტი, რომელთა საშუალებითაც სალათას მოამზადებენ. საწერი მოდული ამ ხუთი ინგრედიენტის სწორად დაწერა იქნება. შეუძლიათ ინგრედიენტები და სალათა დახატონ, გაკვეთილზე მოსვლისას მოჰყვებიან თავიანთი რეცეპტის შესახებ და თქვენ მათ რეცეპტის აწყობაში დაეხმარებით. (იგულისხმება წერა და ხატვაც).
  3. იპოვე სახლში 3 ნივთი, რომელზეც ციფრებია გამოსახული, დახატე და ჩაწერე მათი სახელები. გაკვეთილზე კი იმსჯელებთ ამ ციფრების დანიშნულებაზე. (ვთქვათ, ეს იქნება საათი, კალენდარი, სარეცხი მანქანა ან ნებისმიერი სხვა რამ).

 

ყველა მასწავლებელს თავისი მეთოდი აქვს, მთავარია, წიგნისა და რვეულის გარდა, საშინაო დავალებაში ჩართოთ გარემო, ინოვაციები, მულტფილმები, მუსიკა, კერძები და თუნდაც გუგუნა მაცივარი, ისიც საინტერესო ნივთია, თუ დავალებას სწორად მოიფიქრებთ.

 

კომენტარები

comments